შოთა ნიჟარაძე
შოთა ნიჟარაძე (დ. 1915, ვაიო — გ. 1989) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, დიალექტოლოგი, ლექსიკოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
შოთა ნიჟარაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1915 |
დაბ. ადგილი | ვაიო |
გარდ. თარიღი | 1989 |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, მეცნიერი და დიალექტოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი აღმოსავლური და კავკასიური ენების განხრით.
1946 წლიდან გარდაცვალებამდე სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას (1967-1985). არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიალექტოლოგიისა და ენის ისტორიის საკოორდინაციო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებული საბჭოების წევრად. იგი ძირითადად იკვლევდა აჭარულ კილოს სხვადასხვა კუთხით. ავტორია 50-მდე ნაშრომისა, მათ შორის 4 მონოგრაფია. აჭარული დიალექტისთვის დამახასიათებელი ფონეტიკურ-გრამატიკული და ლექსიკური მოვლენები დაწვრილებით არის აღწერილი და გაანალიზებული მონოგრაფიებში „ზემო აჭარულის თავისებურებანი“ (ბათუმი, 1957), „ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი“ (ბათუმი, 1961). აჭარული მეტყველების შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარულში, ნაცვლად ორი (ზემო და ქვემო აჭარული) კილოკავისა, უნდა გამოიყოს სამი კილოკაური ერთეული: ზემოაჭარული (ხულოსა და შუახევის რაიონები), ქვემოაჭარული (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონები) და ქობულეთური (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონები). ამ კლასიფიკაციით, კილოკაური დიფერენციაცია შეესაბამება მხარის ისტორიულ-გეოგრაფიულ და ეთნიკურ დაყოფას. მისი აზრით, სპეციფიკური დიალექტური თავისებურებანი ყველაზე კოლორიტულად შემონახულია ქვემო აჭარულში, კერძოდ, ქედის რაიონის მეტყველებაში, რომელიც შედარებით დაცულია სხვა კილოთა გავლენისაგან. აღსანიშნავია მისი დამსახურება აჭარული კილოს ლექსიკის შესწავლაში, რაც აისახა მონოგრაფიაში „ქართული ენის აჭარული დიალექტი. ლექსიკა“ (ბათუმი, 1971). ავტორი გამოყოფს აჭარული ლექსიკისათვის დამახასიათებელ ძირითად პლასტებს: არქაიზმებს, ზანიზმებს, უშუალო და შუალობითი გზით შემოსულ თურქულ-არაბულ-სპარსულ ნასესხობებს. განსაკუთრებით ფასეულია მონოგრაფიის მეორე ნაწილი — ლექსიკონი, რომელიც 8000 სიტყვა-სტატიას შეიცავს. გამოირჩევა მასალის საიმედოობით, ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომატური გამოთქმების სიუხვით და დღემდე აჭარული კილოს შეუცვლელ ლექსიკონად რჩება.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა: სტატიების კრებული, კრ. 2, თბ., მეცნიერება, 1979, გვ. 96
- აჭარული დიალექტი: ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკა, ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1975, გვ. 231
- ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი: გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონებითურთ, ბათუმი, აჭარის სახელგამი, 1961, გვ. 290
- ზემოაჭარულის თავისებურებანი: გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ, ბათუმი, აჭარის ასსრ სახელგამი, 1957, გვ. 171
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენა: ენციკლოპედია, თბ. 2008, გვ. 346