სანდრო შანშიაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან შანშიაშვილი, სანდრო)

სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი (დ. 24 ივლისი [ ძვ. სტ. 12 ივლისი], 1888, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი — გ. 28 ოქტომბერი, 1979, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.

სანდრო შანშიაშვილი
დაბადების თარიღი 12 (24) ივლისი, 1888
დაბადების ადგილი ჯუგაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 ოქტომბერი, 1979(1979-10-28) (91 წლის) ან 20 ოქტომბერი, 1979(1979-10-20)[1] (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა დრამატურგი და პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ხალხთა მეგობრობის ორდენი და საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ გაემგზავრა ევროპაში, სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში, ხოლო 1914 წელს დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

პირველი ნაბიჯები მწერლობაში ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს გადადგა. გიმნაზიაში გამოსცა და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩანგს“, რის გამოც დააპატიმრეს და სამი თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს. პირველი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „ისარში“ 1906 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული „სევდის ბაღი“ 1909 წელს. აქედან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1914 წელს გამოსცა გაზეთი „საქართველო“, 1917 წელს ჟურნალი „ მერანი“. 1917 წელს მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. არჩეული იყო მის მთავარ კომიტეტში.

სანდრო შანშიაშვილი ორმოცი წლის მანძილზე მხარში ედგა ქართულ თეატრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში, რომელთანაც დრამატურგმა ეს კავშირი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დაამყარა, როდესაც მის სცენაზე დაიდგა მისი ორი პიესა — „უგვირგვინო მეფენი“ და „ბერდო ზმანია“. სწორედ ამ უკანასკნელი სპექტაკლის დადგმით დაიწყო ტრიუმფალური სვლა სანდრო ახმეტელმა.

სანდრო შანშიაშვილის კალამს ეკუთვნის 30-მდე სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები, მათ შორის: „სპატაკი“, „ჰერეთის გმირები“, „როდამ“, „ანზორი“, „სამნი“, „არსენა“, „ფოლადაური“, „გიორგი სააკაძე“, „კრწანისის გმირები“ და სხვა. მასვე ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „ლატავრასა“ და დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ ლიბრეტო. აღსანიშნავია აგრეთვე მწერლის მთარგმნელობითი საქმიანობა. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრი კლასიკური რეპერტუარით, ფრიდრიხ შილერის, ნიკოლოზ გოგოლის და სხვათა ნაწარმოებებით.

მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარიამ იოსების ასული კასრაძე (დ. 15 აპრილი, 1905, ცხინვალი — გ. 25 მარტი, 1964, თბილისი).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ერთტომეული, თბილისი, 1969
  • რჩეული თხზულებანი, თბილისი, 1960-1973

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  1. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.