ქვეშის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდ. მაშავერის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის მახლობლად). აშენებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.

ქვეშის ციხე

ქვეშის ციხე
ჯაბა ლაბაძის ფოტო
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით
ქვეშის ციხე — საქართველო
ქვეშის ციხე

ქვეშის ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო VII ს. „სომხურ გეოგრაფიაში“ მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი, რომელმაც IX ს. დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და, შესაბამისად, ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა.

XII ს. ბოლს განძასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმატებული ლაშქრობა განახორციელა თამარ მეფის პირველმა ქმარმა, გიორგი რუსმა, რომელთან ერთად იმყოფებოდა სამეფოს მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. სწორედ ამ ლაშქრობის შემდეგ თამარ მეფემ ქვეშის ციხე და ქვემო ქართლის კიდევ ორი ციხესიმაგრე - ორბეთი და კაენი, საგანმგებლოდ გადასცა საქართველოს მსახურთუხუცესს - ვარდან დადიანს და მის შვილს. მიუხედავად იმისა, რომ ვარდან დადიანი დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი მამულების მფლობელი იყო და თავად ქვემო ქართლშიც მას ძლიერი ორბეთის ციხეც ჰქონდა, თამარ მეფის ისტორიკოსის გადმოცემით, მისი რეზიდენცია მაინც ქვეში გამხდარა, როგორც ძლიერი და მიუვალი ციხე. მაგრამ 1191 წელს ვარდან დადიანი ფაქტობრივად სათავეში ჩაუდგა თამარ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას გიორგი რუსის სასიკეთოდ და ამით განიპირობა კიდეც აღნიშნული ციხეების ისევ დაკარგვა. ნაწილი ამ ციხეებისა თამარ მეფემ მხარგრძელებს გადასცა, ქვეში ციხე კი თავის მომხრე და ერთგულ თორელთა საგვარეულოს საგამგებლოდ გამოაცხადა.

ამიერიდან ქვეშელებად იწოდებოდათორელთა ის განშტოება, რომელიც ამ ციხეს ფლობდა. ასეთები იყვნენ სწორედ ჯავახიშვილები, რომელთაც 1468 წ. მეფე ბაგრატ VI-ისაგან გამოუსყიდიათ ქვეშის ციხე. ამ გამოსყიდვის სიგელით ვიგებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეში ინარჩუნებდა თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას. ალბათ, ამას ხელს უწყობდა აქ გამავალი საბაჭრო გზებიც, რომლის გამოისობით ქვეში ერთგვარი საბაჟო პუნქტიც ყოფილა. მაგრამ ჯავახიშვილების ხელში ციხე დიდხანს არ დარჩენილა. კონსტანტინე II გამეფების შემდეგ, ქართლში დაწინაურებას იწყებს ბარათაშვილთა საგვარეულო, რომლებიც მეფესაც უმოყვრდებიან და როგორც ჩანს, ქვეშიც სწორედ ამ დროიდან ხდება მათი საგამგებლო. ყოველ შემთხვევაში, 1486 წელს იაყუბ ყაენის საქართველოში ლაშქრობის დროს სწორედ ბარათაშვილები გამოდიან დმანისისა და ქვეშის ხევების დაცვაზე პასუხისმგებლები.


ქვეში მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრედ რჩებოდა XVI ს. ბოლოსთვისაც, რაზეც მიანიშნებს მისი არჩევა ქართლის მეფის ძირითად რეზიდენციად. 1569 წ. მას შემდეგ რაც ქართლის მეფე სიმონ I ირანელებმა დაატყვევეს და დიდიხნით გამოკეტეს ალამუთის ციხეში, ქართლის მეფე მისი გამაჰმადიანებული ნახევარ-ძმა დაუდ-ხანი გახდა (1569-1578 წლებში), რომელსაც ზურგს უმაგრებდა სპარსეთის სამეფო. მაგრამ დაუდ-ხანმა ვერ შეძლო სრულიად ქართლის თავად-აზნაურთა მიმხრობა და თავის ერთგულებაზე დაფიცება, და შედეგად ვერც ქართლის დედაქალაქ თბილსში მოიკიდა ფეხი, ამიტომ მან თავის რეზიდენციად ქვემო ქართლის ის ციხე აირჩია, რომელიც მემატიანეთა გადმოცემით ძლიერი და მიუვალი იყო. ამ პერიოდში დმანისის ხევი და ქვეშის ციხეც ბარათაშვილების საგამგებლოა, რომლის პატრონი საჩინო ბარათაშვილი, მემატიანეთა აღნიშვნით, სვიმონ I ერთგული დარჩენილა და მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილისთვის იმით გადაუხდია სამაგიერო, რომ გელიყარის გზაზე კლდის ქარაფიდან გადაუჩეხავს.

XVII ს. დამდეგს მაშავერის ხეობის ციხეებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინეს. თუ აქამდე ქვემო ქართლი იყო სამხრეთიდან შემოსული მტრის მკერდი, რომელიც თავის თავზე იღებდა მომხდურთა პირველ დარტყმებს, ამ დროიდან, მას შემდეგ რაც შაჰ-აბას I-მა ქართლს მდინარე დებედას ხეობა ჩამოართვა და იქ ბორჩალოს თურქმამნული ტომი ჩაასახლა, მაშავერის ხეობის ციხეებმა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინეს.

XVII-XVIII სს. ქვეშის ციხე საორბელიანოს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე იყო. მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ მხოლოდ ქართველებით ყოფილა დასახლებული. XVIII ს. 40-იან წლებში ციხეში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა მსახურთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა.

XVIII ს. ბოლოსთვის ქვემო ქართლი აოხრდა და გაპარტახდა. შესაბამისად, ქვეშის ციხეც დაცარიელდა.

XIX ს. დასაწყისში იგი უკვე რუსების ხელშია. მაგალითად, 1812 წელს ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყების დროს ქვეშის ციხეში კავკასიის მთავარმმართებლის ტორმასოვის ჯარის ნაწილი იდგა.

ქართველი მეცნიერი ლევან მუსხელიშვილი ამ ციხის მონახულების შემდეგ წერდა:

 
„საზოგადოდ ეტყობა, რომ ციხეს არაერთგზისი შეკეთება განუცდია და არ მგონია, რომ აქ უძველესი ხანიდან იყო რაიმე შემორჩენილი, გარდა შესანიშნავი, 1,50 მ-ის სიგანის კიბისა“

.

არქიტექტურა

რედაქტირება

კლდის თხემი, რომელზეც ციხე დგას, მთლიანად შემოზღუდულია მძლავრი გალავნით.ციხე რელიეფის შესაბამისადაა ნაგები ტეხილი ქვისაგან და დუღაბად გამოყენებულია კირხსნარი. ციხის ერთადერთი შესასვლელია კლდეში გაჭრილი გვირაბი. შესასვლელი კარის თავზე არქიტრავს ჰქონია ქართული წარწერა, რომელიც ამჟამად წაშლილია. ამჟამად შემორჩენილია ციხის ციტადელში ჩატანებული კოში, და სხვა ნაგებობის კვალი. ციტადელის გარეთ კლდეშივე გაჭრილია წყლის პატარა რეზერვუარები. ციხის ეზოში შემაღლებაზე დგას პატარა დარბაზული ტიპის, კარის ეკლესია, რომელიც ზომასთან შედარებით საკმაოდ მაღალია. ნაგებია კარგად დამუშავებული კვადრებით, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ადრეული ეკლესიის უნდა ყოფილიყო, შირიმის ქვებით, რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით. დუღაბად კი გამოყენებულია კირხსნარი. ეკლესიის ერთადერთი კარი სამხრეთის მხრიდანაა. კარის თავზე ინტერიერში ჩადგმულია VI-VII სს. სტელების სტელები, რომლებზეც მოცემულია კვარცხლბეკზე აღართული ბოლნური ჯვრებისა და მცენარეების რელიეფები. როგორც ჩანს, აღნიშნული ეკლესია რამდენიმეჯერ აღუდგენიათ. იმ სახით კი როგორი სახითაც დღმედე მოვიდა XVIII ს. უნდა აეგოთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 519.
  • ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბ., 1955;
  • ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. II. თბ., 1959;
  • ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. IV. თბ., 1973;
  • ბერძენიშვილი დ. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ქვემო ქართლი, ნაკვ. 1, თბ., 1979;
  • კაკაბაძე ს. ისტორიული საბუთები. წგნ. 2, ტფ., 1913;
  • საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ. ტ. 1, ტფ., 1899;
  • მუსხელიშვილი ლ. არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში. თბ., 1986;
  • კოპალიანი ჯ. ქვეშის ციხე. თბ.,1999;
  • დიღმელაშვილი ქ. ჯვრის გამოსახულებიანი უცნობი სტელა-რელიეფები ქვეშის ციხის ეკლესიიდან. ისტორიანი. სანეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 70 წლისთავისადმი. თბ., 2009.