ტიმ სევერინი
ტიმ სევერინი (ინგლ. Tim Severin; დ. 25 სექტემბერი, 1940 — გ. 18 დეკემბერი, 2020[1]) — ინგლისელი მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი. მან სახელი გაითქვა სხვადასხვა რეალური თუ მითიური პიროვნებების მოგზაურობებათა მარშრუტების გამეორებით. როგორც წესი თავისი მოგზაურობების შესახებ იღებდა ფილმებს და აქვეყნებდა წიგნებს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდნენ. არის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ოქროს მედლის ლაურეატი.
ტიმ სევერინი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Tim Severin |
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1940 ასამის შტატი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი | 18 დეკემბერი, 2020 (80 წლის) |
ეროვნება | ინგლისელი |
პროფესია | ოკეანოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებატიმოთი სევერინი ბრიტანეთის ინდოეთში, ასამის შტატში დაიბადა. დაამთავრა ტონბრიჯის სკოლა კენტის საგრაფოში, რის შემდეგაც სწავლობდა გეოგრაფიასა და ისტორიას ოქსფორდში, კებლის კოლეჯში, კალიფორნიის (ბერკლი) და მინესტორის უნივერსიტეტებში.
სევერინი 10 სამოგზაურო ექსპერიმენტის ავტორია: მარკო პოლოს კვალდაკვალ (1961), მისისიპის აღმომჩენები (1967), ბრენდანის მოგზაურობა (1976–1977), სინდბადის მოგზაურობა (1980–1981), იასონის მოგზაურობა (1984), ულისეს მოგზაურობა (1985), ცხენებით იერუსალიმისკენ (1987-1988), ჩინგიზ ყაენის ძიებაში (1990), ჩინეთის მოგზაურობა (1993), მობი დიკის ძიებაში: თეთრი ვეშაპის კვალზე (1999).
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1976 წელს შესრულებული ექსპედიციით, როდესაც შეეცადა გადაემოწმებინა, მართლა შეძლო თუ არა, მე-9 საუკუნეში ირლანდიელმა აბატმა ბრენდანმა ტყავით შეკრული ნავით ატლანტის ოკეანის გადაცურვა ანუ ამერიკაში კოლუმბამდე ბევრად ადრე ჩასვლა. ამ ხიფათით აღსავსე მოგზაურობის ამსახველი წიგნი ბესტსელერად იქცა, ხოლო ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა.
1979 წელს ტიმ სევერინმა შუა საუკუნეების მითიური მეზღვაურის, სინდბადის „ათას ერთ ღამეში“ აღწერილი მოგზაურობები გაიმეორა. ან შუა საუკუნეები ტპიპის არაბული ნავ „სოჰარით“ გადალახა ინდოეთის ოკეანე ომანიდან ჩინეთამდე. მოგზაურობის შესახებ დაწერილი წიგნი თომას კუკის სამოგზაურო წიგნების პრემიით აღინიშნა.
1984 წელს ტიმ სევერინმა გადაწყვიტა არგონავტების მითის რეალურობის შემოწმება და ხელნაკეთი გემით საბერძნეთიდან საქართველოში მოგზაურობა[2], აღსანიშნავია, რომ მოგზაურობას დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა მაშინდელი საქართველოს სსრ ხელმძღვანელობამ და შესაბამისად ღონისძიებებმა უპრეცედენტოდ მასშტაბური სახე მიიღო, ქართული მხარიდან ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე, ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე და რუსი მოგზაური იური სენკევიჩი.[3]
2014 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, სევერინმა და იასონის ექსპედიციის მონაწილე 10 პიროვნებამ განმეორებით იმოგზაურეს საქართველოში.[4] ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ თბილისს, დმანისს, მცხეთას, პატარძეულს, სიღნაღსა და ველისციხეს, დაესწრნენ საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას „არგო 2014 – ლეგენდის გაცოცხლება“. ტიმ სევერინს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა[5]
იასონის მოგზაურობა
რედაქტირება1984 წლის 3 მაისს ახალი დროის „არგონავტებმა“ კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად სტარტი აიღეს პაგასიტიკოსის ყურედან, ქალაქ ვოლოსის (ანტიკური იოლკოსი) შემოგარენიდან, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა. „არგოს“ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები, მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან. საქართელოს სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას კი მათ დაემატებოდათ საქართველოს მენიჩბეები, ამიტომ შეარჩიეს სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში.
მაშინ როცა საქართველოში დიდი სამზადისი იყო ტიმ სევერიანის ექსპედიციის შესახვედრად, არგოს უკვე გავლილი ჰქონდა ეგეოსის ზღვა, ანტიკური „ ჰელესპონტი“ (დღევანდელი დარდანელის სრუტე), პროპონტიდა (ანუ მარმარილოს ზღვა), ბოსფორი. ანატოლიის, პაფლაგონიისა და თემისკირის სანაპიროების გასწვრივ სერავდა ევექსინის პონტოს ანუ „სტუმართმოყვარე ზღვას“ (მიკენურ ეპოქაში იგი „აქსონიის პონტო“ იყო, ე.ი. არასტუმართმოყვარე ზღვა). შავი ზღვა ოდითგანვე რთულ სანაოსნო ზღვად ითვლებოდა და შემთხვევითი არ იყო, რომ ამ ზღვაში შემოსული უცხოური გემების კაპიტნები დამატებით გასამრჯელოსაც იღებდნენ.
„არგო“ საბერძნეთის და თურქეთის ტერიტოტიულ წყლებში, ამ ქვეყნების მენიჩბეებმა გამოაცილეს, ხოლო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ქართელი მენიჩბეები ჩაენაცვლნენ. 1984 წელს „არგო“ საქართველოში შემოვიდა, მის შესახვედრად ბათუმიდან გავიდა იახტებისა და კატერების ფლოტი აფრებიანი ხომალდის „ტოვარიშჩის“ ფლაგმანობით, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ხომალდია მსოფლიოში და ხერსონის საზღვაო სასწავლებელს ეკუთვნის, მასზე პრაქტიკას გადიოდა შავი ზღვის ყველა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი. ხომალდ „ტოვარიშჩიდან“ „არგოზე“ გადავიდნენ ღონისძიების ორგანიზატორები: ნუგზარ ფოფხაძე − საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარე და სსრკ-ს ცნობილი კინორეჟისორი იური სენკევიჩი. იახტა „კოლხიდა“, რომელიც პირველი შეეგება „არგოს“, პირველი შეუძღვა ფოთის ნავსადგურში, სადაც სტუმრებს ათასობით ადამიანი ელოდებოდა, მათმა მისალმებებმა, სიმღერებმა და ტაშმა სასიამოვნოდ გააოცა ექსპედიციის მონაწილეები. ექსპედიციის შემადგენლობას საყვირებით მიესალმნენ საოკეანო გემები. საპატიო სიტყვით გამოვიდა ტიმ სევერინი, მან აღნიშნა, რომ „ეკიპაჟი თითქმის სამი თვე ღია ზღვაში ებრძოდა გრიგალსა და უამინდობას, მენიჩბეებს ძალზედ გაუჭირდათ, მაგრამ ბოლო სამი კვირის მანძილზე აღფრთოვანებული ვიყავით ფოთთან შეხვედრის მოლოდინშო.“ მან ექსპედიციის მონაწილეთა სახელით, მადლობა მოახსენა შეკრებილთ.
22 ივლისს, ხანმოკლე, გულთბილი შეხვედრის შემდეგ „არგომ“ ანტიკური ფაზისიდან მდინარე რიონის გავლით გეზი აიღო ანტიკური სურიემისკენ (თანამედროვე ქალაქი ვანი). მოგზაურებს მდინარე რიონზე მძიმე სირთულეები შეექმნათ ძაბვის, კაშხალების, ხიდების, ზოგან მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო. ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმები, უამინდობა, მდინარის ადიდება, რომელსაც დიდი ოდენობის ქვა-ღორღი და ხის მორები მოჰქონდა. ხომალდის მეჩეჩებზე გადაყვანისთვის საჭირო შეიქმნა დამხმარე ძალები.
1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდი, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია კოლხეთს. ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში სახელდახელოდ აღმართეს ქვის სტელა ქართულ-ინგლისურ-რუსული წარწერით. ჭყვიშში თავმოყრილი იყო ვანის რაიონის მოსახლეობა, დედაქალაქიდან, რესპუბლიკის ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. ტიმ სევერინს მიეგება თეთრ კაბაში გამოწყობილი თანამედროვე მედეა (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ნინო კაციტაძე), მეცნიერთა და ოფიციალურ პირთა ჯგუფი აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.
„ჭყვიშის პორტიდან“ დაიწყო ტიმ სევერინის მეცნიერული მოგზაურობა საქართველოს მიწაზე. პირველ რიგში იგი ეწვია ვანის არქეოლოგიურ გათხრებს. მან გამოთქვა იმედი რომ ვანის არქეოლოგიური მონაპოვარი მას დიდად დაეხმარება არგონავტთა მითის, ისტორიულობის საბოლოოდ დამტკიცებაშ ვანის შემდეგ მან მოინახულა ნოქალაქევი და სვანეთი სადაც ადგილობრივებმა გააცნეს თუ როგორ მოიპოვებდნენ მათი წინაპრები ცხვრის ტყავისგან ოქროს.
1984 წლის 2 აგვისტოს „არგონავტები“ გამოემშვიდობნენ ვანს და საქართველოს, გაიმართა გამოსამშვიდობებელი კონცერტი, გაისმოდა „მრავაჟამიერი“ , სულიკო“, ინგლისური მეზღვაურული სიმღერები. იმავე დღეს „არგო“ ბათუმამდე მატარებლით ჩაიტანეს, აქედან კი ღამით, ხომალდმა „ტოვარიშჩმა“ გააცილა სტამბულამდე.
რამდენიმე თვეში, „არგოს“ ასლმა გალაკტიონის სახლ-მუზეუმის გვერდით სამუდამოდ დაიდო ბინა, სწრაფადვე გადაწყდა არგონავტების მუზეუმის აგებაც და ჭყვიშში, საქვეყნოდ სახელგანთქმული გალაქტიონის და ტიციანის სახლ-მუზეუმის გვერდით ამოუდგა არგონავტების მუზეუმი, მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მისი არსებობა, იგი რამდენიმე წლის შემდეგ ხანძარმა შთანთქა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ English, Eoin (18 December 2020). „Explorer and filmmaker Tim Severin dies aged 80“. Irish Examiner (ინგლისური).
- ↑ ფოფხაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 267.
- ↑ 30 წლის შემდეგ: „ახალი არგონავტები“ საქართველოში. reportiori.ge[მკვდარი ბმული]
- ↑ ტიმ-სევერინი-თბილისშია. gnta.ge
- ↑ ტიმ სევერინი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. 1TV.GE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-02. ციტირების თარიღი: 2020-01-02.