რევაზ სირაძე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|რევაზ სირაძე}} |
რევაზ სირაძე (დ. 3 ივნისი, 1936 ― გ. 4 სექტემბერი, 2012) ― ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, კრიტიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
რევაზ სირაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 ივნისი, 1936 |
დაბ. ადგილი | ოზურგეთი |
გარდ. თარიღი | 4 სექტემბერი, 2012 (76 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი, სამეცნიერო მუშაკი, უნივერსიტეტის პროფესორი და ქართველოლოგი |
მუშაობის ადგილი |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის სასულიერო აკადემია , წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | კორნელი კეკელიძე |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება |
პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი |
ჯილდოები |
ღირსების ორდენი, ფილოლოგიაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის (1998) ბოლნისის საპატიო მოქალაქე |
სამეცნიერო სფერო | ქართველოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობის წლები
რედაქტირებარევაზ სირაძე დაიბადა 1936 წლის 3 ივნისს ქ. ოზურგეთში (იმჟამინდელ მახარაძეში). მამა, გიორგი სირაძე, განათლებით ფილოლოგი, ფრიად განსწავლული კაცი იყო. კარგად ფლობდა უცხოურ ენებს (გერმანულს, რუსულს) და ოზურგეთის განათლების განყოფილების გამგედ მსახურობდა. რევაზი 3-4 წლისა იყო, როდესაც გიორგი გულის შეტევით გარდაიცვალა, როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, საბჭოთა რეპრესიების ჟამს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა... მოსალოდნელი იყო პატიმრობა და მას მღელვარებისგან გულმა უმტყუნა. მამით დაობლებული ვაჟის აღზრდა დედას, ასმათ ხომერიკს, მარტო მოუწია. ასმათი იყო ოზურგეთის იმჟამინდელი ქალთა სკოლის მასწავლებელი, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა დაწყებით კლასებში. სათნოებითა და კულტურით გამორჩეულ ასმათს დიდი სიყვარულით იგონებენ მისი მოსწავლეები თუ ნათესავები, როგორც ღირსეულ პედაგოგსა და კეთილშობილ ადამიანს.
სკოლის წლები
რედაქტირებარევაზ სირაძე სწავლობდა ოზურგეთის ვაჟთა სკოლაში (ამჟამად ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა), რომელიც 1953 წელს ოქროს მედალზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო დიდი ისტორიის მქონე სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები იყვნენ სხვადასხვა დროის ქართველი მოღვაწეები: ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ფილიმონ ქორიძე, სიკო დოლიძე და სხვა. რევაზი გამორჩული ნიჭის მქონე მოსწავლე ყოფილა. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის გარდა იგი ძალზე კარგად სწავლობდა საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დისციპლინებსაც, რის გამოც, ახლობლებისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მან სკოლის დასრულების შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. რევაზ სირაძის თანაკლასელი ლერი ჯაყელი იხსენებს: „რეზოს საბუნებისმეტყველო საგნების გარდა შინ მეცადინეობა არ სჭირდებოდა, გაკვეთილებზევე ითვისებდა მასალას. სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ პანტელეიმონ იობიშვილი, გალაკტიონ ტაბიძის ახლო მეგობარი. მან შეგვაჩვია აზროვნებას: გაკვეთილზე განვიხილავდით თითოეულ ნაწარმოებს... ზოგჯერ რეზო და პანტელეიმონი ერთად ხსნიდნენ მასალას, ზოგჯერ კი ამას სრულად რეზოს ანდობდა, თავად მერხზე ჩამოჯდებოდა და რჩეულ მოწაფეს გულდასმით უსმენდა. დარწმუნებული ვარ, რეზომ ფილოლოგიის დარგი სწორედ პანტელეიმონის დამსახურებით აირჩია“.
სტუდენტობის წლები
რედაქტირება1953 წელს რევაზ სირაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თბილისში სასწავლებლად ჩამოსული რევაზი თავის დეიდაშვილთან, მათემატიკოს ნოდარ ჯორბენაძესთან ერთად საერთო დეიდასთან, მოწია (მატრონე) ხომერიკთან და მის მეუღლესთან - სამუელ მჟავანაძესთან - ცხოვრობდნენ. ეს იყო თბილისში ცნობილი და ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი. რევაზ სირაძე და ნოდარ ჯორბენაძე, სწორედ ამ ოჯახში ეზიარნენ თბილისურ ყოფას. მათ ოჯახში ხშირად რჩებოდა ხოლმე კოტე მახარაძეც: იგი რევაზს ენათესავებოდა დედის მხრიდან და ხშირად ტოვებდნენ ხოლმე გასტროლებზე წასული მშობლები ქ-ნ მოწიასთან... ამას გარდა, რევაზ სირაძე, კოტე მახარაძის დის, გუგული მახარაძის ნათლულიც გახლდათ. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ ქალაქის კოლორიტული სახეები, ქართული ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ სამხატვრო აკადემიის იმჟამინდელი რექტორი ნოდარ ჯამბერიძე, ცნობილი მოქანდაკე ტიტე სიხარულიძე, ძმები საღარაძეები, ეროსი მანჯგალაძე და სხვები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას რევაზ სირაძეს ბევრი გამოჩენილი მეცნიერი უკითხავდა ლექციებს, მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კორნელი კეკელიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა რევაზ სირაძეს, როგოც სადიპლომო, ასევე საკანდიდატო დისერტაციებზე მუშაობისას.
რევაზ სირაძის მოგონება: „ძალზე ბევრმა პიროვნებამ იქონია ჩემზე დიდი ზეგავლენა, უპირველესად, სკოლის მასწავლებლებმა. უაღრესად კარგი მასწავლებლები მყავნენ ოზურგეთის ვაჟთა სკოლაში: პ. იობიშვილი, პ. სიხარულიძე, ქ. ჩუბინიძე, თ. ესაძე, დ. ცხომელიძე, მ, კუნჭულია. შემდგომში კი უნივერსიტეტის მასწავლებლები იყვნენ ისეთი ღვაწლმოსილი პიროვნებები, როგორებიც არიან: კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, აკაკი შანიძე, ივანე გიგინეიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, პანტელეიმონ ბერაძე, გრიგოლ კიკნაძე, ფარნაოზ ერთელიშვილი... გადამდები იყო არა მხოლოდ მათი აზროვნების წესი, არამედ წესი მათი პიროვნული ცხოვრებისა, მათი მკვეთრი ინდივიდუალობა. ახლაც საკუთარ თავს მივიჩნევ მოწაფედ ყველა ჩემი ყოფილი მასწავლებლისა, და განსაკუთრებით კი, კორნელი კეკელიძისა, რომელიც იყო მოძღვარი ყველა ჩვენი მოძღვრისა. ბ-ნი კორნელი ბრძანდებოდა ჩემი ხალმძღვანელი ასპირანტურაში სწავლისას.“
რევაზ სირაძის თანაკურსელები იყვნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები: გრივერ ფარულავა და ლაურა გრიგოლაშვილი, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მის თანამოაზრეებად დარჩნენ.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირება1959 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, რევაზ სირაძემ სწავლა ასპირანტურაში განაგრძო და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1962–1966 წწ.-ში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი, 1968–1978 წწ.-ში - დოცენტი. 1973 წელს, აკაკი შანიძის შუამდგომლობით, რევაზ სირაძე ერთი წლით მიავლინეს ბულგარეთში, ბაჩკოვოში, პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესასწავლად. პეტრიწონში ყოფნის პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა რ. სირაძის პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზე (ამ პერიოდს იგი ყოველთვის განსაკუთრებულად იგონებდა). ათეისტურ ეპოქაში ახალგაზრდა მეცნიერი მონასტერში ცხოვრობდა ტიპიკონის დაცვით. სწორედ აქ, ისიქასტურ დუმილში, იგრძნო მან, „რომ დუმილი არის არა სათქმელის უქონლობა, არამედ დიდი სათქმელის ართქმა“.
1976 წელს, რევაზ სირაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ლიტერატურულ-ესთეტიკური აზრის განვითარება ძველ ქართულ მწერლობაში ( V-XIII სს.)“. 1978 წელს კი მიიღო პროფესორის ხარისხი.
უნივერსიტეტის გარდა, რევაზ სირაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის რექტორი და მასწავლებელი...
ლაურა გრიგოლაშვილის იხსენებს: „რევაზ სირაძეს, როგორც მეცნიერს, ერთი გამორჩეული თვისება ჰქონდა. ის მეცნიერებაში ესწრაფოდა ჭეშმარიტების დადგენასა და დამკვიდრებას, მისთვის სრულიად მიუღებელი იყო კოლეგაზე თავდასხმა, ჩასაფრება, ვინმეს მეცნიერული აზროვნების დამცრობა... ის გამორჩეულად უყვარდათ სტუდენტებს, გამორჩეულად სცემდნენ მას პატივს. რითი იყო ეს განპირობებული? უპირველესად იმით, რომ რეზოს თვითონ უყვარდა ახალგაზრდობა, მათთან ურთიერთობაში იყო უაღრესად გულისხმიერი, მიმნდობი, მიმტევებელი... მას ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი, შეენიშნა და დაეფასებინა სტუდენტის ნიჭი, მის გაუბედავ საუბარსა თუ ნაშრომში რომ გამოკრთოდა, მერე ცეცხლი შეეკეთებინა ამ უმნიშვნელო მიგნებისთვის და მოწაფეს დახმარებოდა მის რეალიზებაში. ბ-ნი რეზო ყოველთვის, ყველგან ახალგაზრდის მხარეს იყო... მოხდენილად იცოდა იუმორის მომარჯვება დელიკატურ სიტუაციებში. ბ-ნი რეზო მიიჩნევდა, რომ „არსებობს სიბრძნე სიცილისა და არსებობს სერიოზულობა, რომელიც ღიმილის მომგვრელია; სერიოზულობამ იუმორს უნდა გაუძლოს“, — იტყოდა ხოლმე იგი. რეზოს ემარჯვებოდა აზრის ძალზე ლაკონიურად ჩამოყალიბება, ისე თქმა, ერთ ფრაზაში ღრმა სათქმელი რომ მოექცეოდა და მსმენელს ფიქრისკენ წაუძღვებოდა. მის რამდენიმე ასეთ ნათქვამს გავიხსენებ: „ადამიანის ღირსებად მიმაჩნია მიმტევებლობა მაშინაც, როცა ამას სისუსტედ გითვლიან“; „შვილებიც არიან მშობლების აღმზრდელნი“; „თანამდებობა პიროვნებითვის არც ღირსებაა და არც ნაკლი. ეს მოვალეობაა“; „ჩემს სამეგობროში მნიშვნელოვანია ერთმანეთის აზრი მაშინაც კი, როცა ერთმანეთს არ ვეთანხმებით“; „ამ ბოლო დროს იშვიათად ისმის სიტყვა „დარბაისლობა“, იქმნება სამწუხარო შთაბეჭდილება, თითქოსდა აღარც გვჭირდება ეს თვისება“; „ადამიანის უმთავრესი ღირსებაა სიკეთე, რომლის გარეშე ინტელექტს ბოროტება მოაქვს“.
პედაგოგიური მოღვაწეობა
რედაქტირებარევაზ სირაძის პედაგოგიური მოღვაწეობა 50 წელზე მეტხანს ითვლის: სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სასულიერო აკადემიაში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში...
მიუხედავად მრავალ სხვადასხვა ადგილას მსახურებისა, რევაზ სირაძისთვის მშობლიურ სივრცედ მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა. მისი თაოსნობით, 90-იან წლებში დაფუძვნდა „ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის კათედრა“ (მანამდე - ლაბორატორია). კათედრა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ქართული თვითმყოფადობის საკითხების კვლევას ემსახურებოდა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. კათედრაზე ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი მეცნიერები და ლექტორები: გრივერ ფარულავა, ლაურა გრიგოლაშვილი, რევაზ თვარაძე, ბაქარ გიგინეიშვილი, ედიშერ ჭელიძე, გიორგი ალიბეგაშვილი, ელისო კალანდარიშვილი, ქეთევან ელაშვილი. კათედრას უნივერსიტეტის რეორგანიზაციამდე, (2005 წელი) თავად რეზო სირაძე ხელმძღვანელობდა.
ჯილდოები და პრემიები
რედაქტირებარევაზ სირაძის თანაავტორობით, ტანძიაში დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი, რომლის ექსპოზიცია მისმა მეგობარმა, საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა, ზურაბ სამხარაძემ შექმნა. ამ დამსახურების გამო მას ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
1998 წლს ფილოლოგიის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისათვის რევაზ სირაძეს გადაეცა ღირსების ორდენი.
პრემია ,,საგურამოს“ დაარქივებული 2021-08-15 საიტზე Wayback Machine. ლაურეატი 2006 წელი.
2008 წელს რევაზ სირაძე აირჩეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადამიკოსად.
ოჯახი
რედაქტირება1966 წელს, რევაზ სირაძემ იქორწინა, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტ, თამილა გოგეშვილზე. ქორწინების შედეგად შეეძინათ ორი შვილი, გიორგი სირაძე (ეკონომისტი, გეოგრაფი) და ქეთი სირაძე (ფილოლოიგიის მეცნიერებათა დოქტორი,პედაგოგი)
მეცნიერული ხედვა
რედაქტირებარევაზ სირაძემ საფუძველი ჩაუყარა ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიისა და ქართული ქრისტიანული კულტურის ღრმა შესწავლას. საპროგრამო მნიშვნელობა ჰქონდა რევაზ სირაძის წიგნს „ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები“, რომელიც 1975 წელს გამოიცა. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის ახლებურ ხედვას. გამოიკვეთა ორი გზა, ორი ვექტორი. ვინაიდან ლიტერატურის შესწავლის საბოლოო მიზანია მისი მხატვრულ-ესთეტიკური ბუნების დადგენა, რევაზ სირაძის აზრით ძველი ქართული მწერლობის სტრუქტურის ანალიზი უნდა წარიმართოს ორმხრივ: პირველი, ეს არის თხზულებათა მხატვრული სტრუქტურის ანალიზი; მეორე - თეორიულ-ლიტერატურულ პრინციპთა გამოვლენა და მათი სისტემატიზება. 1980 წელს, რევაზ სირაძემ გამოსცა მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ცნობილი მონოგრაფია „სახისმეტყველება“. ავტორმა ამ მონოგრაფიით ახალი სიცოცხლე მიანიჭა მივიწყებულ ტერმინს „სახისმეტყველება“, რომელიც სახეებით აზროვნებას მოიაზრებს. რევაზ სირაძის განმარტებით, სახე არის მხატვრული ნაწარმოების ისეთი ელემენტი, რომელსაც ზემოქმედების ძალა აქვს. ყოველივე ხილულის მიღმა არსებობს რაღაც ფარული, იდუმალი, სულით საცნაური რამ. მკვლევრის აზრით, ის, რაც იგრძნო შემოქმედმა და ხორცი შეასხა ნაფიქრს, ჩვენამდე მოდის სიტყვით, მაგრამ მას თან ახლავს ირაციონალური გრძნობები. ეს რომ განმარტო, უნდა ჩაწვდე „სახეს“ და ეძებო, თუ რაზე „მეტყველებს“ იგი. მთელი ჩვენი ყოფიერება სახეებშია. „ყოველივე არსებული რაღაცის სახეა“... „ყოფიერების სახეობრივი კონცეფციის მიხედვით, „სახე“ არის არა მხოლოდ შემეცნების საშუალება, არამედ ყოფიერების უმთავრესი მოდუსი. „სახის“ ამგვარი გაგება აერთიანებს აზროვნების ისტორიას. ლიტერატურის ამგვარი კვლევა კი გვაგრძნობინებს შემოქმედების ზედროულობას და თანამდევობას. რევაზ სირაძის აზრით, ქართულ კულტურას მსოფლიო კულტუროლოგიურ რუკაზე, აღმოსავლეთ საქრისტიანოს ნაწილია, ქრისტიანობის ყურეა და წარმოადგენს დასავლურ-აღმოსავლურ კულტურათა შერწყმას, რომელშიც მთავარ როლს ბიბლიური და აღმოსავლური მითოსის წანამძღვრები. ქართული ესთეტიკა მრავალფეროვნების მთლიანობაა, რომელსაც განსაზღვრავს ეროვნული შინაარსი და მხატვრული განსახოვნების ზედროული ბუნება.
2021 წელს, გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა რევაზ სირაძის ახალი წიგნი „ფიქრი რომელიც მნიშვნელობს“. წიგნის შესავალ სიტყვაში, რედაქტორი ანა ლეთოდიანი აჯამებს რევაზ სირაძის სამეცნიერო კონცეფციის თავისებურებებს და წერს: „აზროვნებისა თუ კვლევის სახისმეტყველებითი (იმაგოლოგიური) მეთოდი, რომელსაც ემყარება რევაზ სირაძის ნაშრომები, თავის დროზე სიახლე იყო. სახისმეტყველებითი კვლევის მიზანია კულტურის სახეობრივი აღქმა-გააზრება, მისი დაფარული შრეების წინ წამოწევაა, რაც სხვადასხვა კონტექსტში ზოგადი სურათის გამოკვეთას უწყობს ხელს. სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე იკვლევდა რევაზ სირაძე უპირატესად ქართული ქრისტიანული მწერლობის, კულტურისათვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხს. თუმცა, არამხოლოდ მედიევალური სფერო იყო მისი სამეცნიერო ინტერესის საგანი. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობით სივრცეში კვლევის სახისმეტყველებითი მეთოდს არცთუ იშვიათად მიმართავდნენ და მიმართავენ დღესაც, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები ტექტის არაადეკვატური გააზრებისა. წინამდებარე გამოცემა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ, როგორც ბატონი რევაზი ხშირად აღნიშნავდა, ტექსტი თავად გიჩვენებს, თუ როგორ, რომელი მეთოდის დახმარებით შეიძლება გაიაზრო იგი და მხოლოდ სურვილისამებრ თავს არ მოახვიო ნებისმიერი აზრი.“
გარდაცვალება
რედაქტირებარევაზ სირაძე, 2012 წლის 4 სექტემბერს, ქალაქ ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებასტატიები
რედაქტირება- ბულგარულ-ქართულ-ბიზანტიურ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან. – ჟ. „ცისკარი“, 1974, 10, გვ, 107-120
- Изследования върху стенописите в Костницата на Бачковския монастир. «Археология». Българската Академия науките. Cop A, 1975, c 71-73. 7, გვ. 170-185.
- Грузински извори за Българската история през Средневековието и по Нова време. Исторически преглед. - АН на България, кн. 2, 1975, c. 93-94.
- Новооткритая древнегрузинская надпись из Костницы Бачковского манастира. - Всесоюзная конференция: Античные, византийские и местные традиции в странах восточного Причерномория. Тбилиси MaR, 1975, c. 103-105.
- Развитие грузинской литературно-эстетической мысли. журнал <<литературная Грузия>> 1975, #4. #7.
- Die Hauptenwicklungsetappen des altgeorgischen asthetischen Denkens (V-XVII Jh.). - Wissenschaftliche Zeitschrift "26. Jahrgang", Heft 1, 1977, Friedrich-Schiller-Universität.
- სიმბოლურ-ალეგორიული განსახოვნების საკითხისათვის. – ჟ. „მნათობი", 1977, 8, გვ. 173-182
- Предисловие и примечания. - Иакоб Цуртавели, Мученичество jjyuaHMkW, Max. «MepaH», TÕMWICM, 1978, ¢. 7-49, 75-78.
- к специфике художественного образа в «Мученичестве Шуша HMK2 — AH TCCP «MeuHwepe6a», 1978, C. 3-12.
- კორნელი კეკელიძე. – გამომც. „ცოდნა“, თბილისი, 1979, გვ. 3 30
- Вопросы изучения древнегрузинской литературно-эстетической AMb\CTM (V-XVIIIBB.), Сб. <<Русская и грузинская средневековые TiTeparyphi». 37. «Haykaw, leHMHrpa, 1979, c, 134-142,
- რუსთველის ესთეტიკისათვის. – ჟ. „ქართული ენა და ლიტერა ტურა სკოლაში“, 1983, 1, გვ. 91-107.
- გიორგი მერჩულის ლიტერატურულ-ესთეტიკური თვალთახედვანი. – ჟ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", 1983, 1, გვ 162-173.
- გიორგი მერჩულის სახისმეტყველება. – ჟ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", 1983, 1, გვ. 29-41.
- ქართული მწერლობის საზღვარგარეთული კერების ურთიერთობის ისტორიიდან. – კრ.: „ივირონი – 1000“, თსუ, 1983, გვ. - 197-218.
- კულტურულ-ისტორიული პარალელები (,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" და ჩერნორიზეც ხრაბრის „ასოთათვის"), – გაზ. „ლიტერატურული საქართველო, 1985, 29 ნოემბერი.
- ქართლის მოქცევის ისტორიიდან. – აკად. კ. კეკელიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული (საქ. მეცნ. აკადემიის რუსთაველის სახ. ქართული ლიტ. ინსტიტუტი). 1990, გვ. 103-109.
- „დავითიანი" და ბიბლია. - ჟ. „კრიტიკა“ (შ. რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინსტ.), 1991, 1, გვ. 76-98.
- The Knight in the Panters Skin" and hagiological Tradition. Symposium Precedings, University of Turku - Finnish Oriental Society, Finland-Georgia Society, Helsinki, 1991, p. 12-17.
- დემეტრე, "შენ ხარ ვენახი". – სამეცნ. კრ.: „განათლება", 1995, გვ. 26-29.
- "Sweti-Zchoweli" und das Problem der west-östlichen Synthese im Kaukasus. - The Caucasus in the context of world history, tbilisi, 1996, 5. 105-107.
- წმ. გიორგი-ძლევამოსილი, მთავარმოწამე წმინდა მხედარი ჟ. „ქართული ლიტერატურა, 1998, 2, გვ. 56-66.
- სვეტიცხოველი-აია-სოფია-სიონი. კრ.: „საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობისა და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები", 1998, გვ. 241-248.
- ტოპონიმი „გარეჯა" და მისი ეკლესიოლოგიური მნიშვნელობა – საშეც, კრ. სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში". გარეჯა და ქრისტიანული აღმოსაელეთი (საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები), თსუ, 2000 წლის სექტემბერი, 2001, გვ. 17-27
- „სული, საქმით მეტყველი — ილიას კრებული, II, თსუ, თბილი სი, 2004, გვ. 113-121.
- ღუაწლი გრიგოლ ხანძთელისა: – სამეცნიერო კრ.: „გრიგოლ ხანძთელი" 2006, გვ. 50-61.
- ენათა სულიერი ყოფიერებისათვის. – ჟ. „მნათობი", 2006, 5, ტ 111-120.
- „გზა აქაბისა და აბდიასი, ანუ ხვალინდელი დღე დღევანდელო ბაში“ — ჩინგიზ აიტმატოვი, „საქონდაქრე“, – 2005, გამომც. „ციცინათელა" თბილისი, გვ. 3-23.
- დავით გურამიშვილის სახისმეტყველება. – კრ: დავით გურამიშვილი" (შ. რუსთაველის ქართული ლიტ. ინსტიტუტი) – 300, თბ. 2005, გე 48-65.
- ბოლოსიტყვა და შენიშვნები მრავალტომეულისა, - „მწიგნობრობა ქართული“, ტ. II, გამომც. „ციცინათელა", 2007, ბოლოსიტყვა, გვ. 426-473, შენიშვნები, გვ. 474-490.
- ზოგადი შეჯამებანი. – სამეცნიერო კრებული: წმინდა ნინო. გამომც. „არტანუჯი“, გვ. 495-500,
მონოგრაფიები
რედაქტირება- ძველი ქართული ლიტერატურა IX-XII კლასებისათვის (საჯარო სკოლებისათვის), გამომცემლობა „განათლება" 2005.
ლიტერატურა
რედაქტირება- საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2012. 7-13 ივნისი, N22 (635), გვ.1-2
- მშვენიერების ძიებაში : რევაზ სირაძე - 75 / საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტი. თბ., 2012. გვ.159-168
- საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2012. 5 სექტემბერი, N169 (7045), 11 გვ.
- ბულგარულ-ქართულ-ბიზანტიურ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან. – ჟ. „ცისკარი“, 1974, 10, გვ, 107-120
- Изследования върху стенописите в Костницата на Бачковския монастир. «Археология». Българската Академия науките. Cop A, 1975, c 71-73. 7, გვ. 170-185.
- Грузински извори за Българската история през Средневековието и по Нова време. Исторически преглед. - АН на България, кн. 2, 1975, c. 93-94.
- Новооткритая древнегрузинская надпись из Костницы Бачковского манастира. - Всесоюзная конференция: Античные, византийские и местные традиции в странах восточного Причерномория. Тбилиси MaR, 1975, c. 103-105.
- Развитие грузинской литературно-эстетической мысли. журнал <<литературная Грузия>> 1975, #4. #7.
- Die Hauptenwicklungsetappen des altgeorgischen asthetischen Denkens (V-XVII Jh.). - Wissenschaftliche Zeitschrift "26. Jahrgang", Heft 1, 1977, Friedrich-Schiller-Universität.
- სიმბოლურ-ალეგორიული განსახოვნების საკითხისათვის. – ჟ. „მნათობი", 1977, 8, გვ. 173-182
- Предисловие и примечания. - Иакоб Цуртавели, Мученичество jjyuaHMkW, Max. «MepaH», TÕMWICM, 1978, ¢. 7-49, 75-78.
- к специфике художественного образа в «Мученичестве Шуша HMK2 — AH TCCP «MeuHwepe6a», 1978, C. 3-12.
- კორნელი კეკელიძე. – გამომც. „ცოდნა“, თბილისი, 1979, გვ. 3 30
- Вопросы изучения древнегрузинской литературно-эстетической AMb\CTM (V-XVIIIBB.), Сб. <<Русская и грузинская средневековые TiTeparyphi». 37. «Haykaw, leHMHrpa, 1979, c, 134-142,
რესურსები ინერნეტში
რედაქტირება- „სული, საქმით მეტყველი — ილიას კრებული, II, თსუ, თბილი სი, 2004, გვ. 113-121.
- ღუაწლი გრიგოლ ხანძთელისა: – სამეცნიერო კრ.: „გრიგოლ ხანძთელი" 2006, გვ. 50-61.
- ენათა სულიერი ყოფიერებისათვის. – ჟ. „მნათობი", 2006, 5, ტ 111-120.
- „გზა აქაბისა და აბდიასი, ანუ ხვალინდელი დღე დღევანდელო ბაში“ — ჩინგიზ აიტმატოვი, „საქონდაქრე“, – 2005, გამომც. „ციცინათელა" თბილისი, გვ. 3-23.
- დავით გურამიშვილის სახისმეტყველება. – კრ: დავით გურამიშვილი" (შ. რუსთაველის ქართული ლიტ. ინსტიტუტი) – 300, თბ. 2005, გე 48-65.
- ბოლოსიტყვა და შენიშვნები მრავალტომეულისა, - „მწიგნობრობა ქართული“, ტ. II, გამომც. „ციცინათელა", 2007, ბოლოსიტყვა, გვ. 426-473, შენიშვნები, გვ. 474-490.
- ზოგადი შეჯამებანი. – სამეცნიერო კრებული: წმინდა ნინო. გამომც. „არტანუჯი“, გვ. 495-500,