პეტრიწონის მონასტერი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
პეტრიწონის მონასტერი, აგრეთვე ცნობილი როგორც ბაჩკოვოს მონასტერი (ბულგ. Бачковски манастир) — ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტი ბულგარეთში, ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.
მონასტრის არქიტექტურა გამოირჩევა საერთო რწმენით დაკავშირებული ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურების უნიკალური კომბინაციით.
ისტორია
რედაქტირებამონასტერი 1083 წელს დააფუძნა დიდებულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე.
კომპლექსში შედის ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები,ზვრები, საძოვრები, წისქვილი, ციხე-ქალაქები, სათევზაო ტბა, საავადმყოფო, სასტუმრო და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას.აღსანიშნავია, რომ მონასტერს ეს ქონება მონასტერს თვითონ გრიგოლმა უბოძა, ასევე უშუალოდ მონასტერს მანვე შესწირა მრავალი ხატი, წიგნი, ჯვარი, მღვდელმსახურთა სამოსელი. მონასტრის ტიპიკონში ასევე ნახსენებია, რომ მასვე აუგია სამი ეკლესია საიდანაც მთავარი ტაძარი ყოფილა ღვთისმშობლის სახელობის, ხოლო დანარჩენი ორი კი წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის სახელს ატარებდა. ამავე ტიპიკონში ნახსენებია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აიგო "სამარხვო" (საძვალე,კრიპტა) ბულგარულ ენაზე მას "კოსტნიცას" უწოდებენ. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთაღნიშნული ნაგებობებიდან ჩვენს დრომდე, მხოლოდ "სამარხვომ" მოაღწია. მონასტერთან არსებობდა სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას. 1204 წელს მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს.
ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში მონასტერს მფარველობდა მეფე ივანე ალექსანდრე, რომელიც სამლოცველოს ერთ-ერთი არკის კედლის ფრესკაზეა გამოსახული. მე-11 საუკუნიდან მონასტერში სკოლა იყო განთავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი თურქების ბულგარეთში მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის საბოლოოდ მაინც გაძარცვული და განადგურებული იქნა XV საუკუნის მეორე ნახევარში, თუმცა მონასტრის ხელახალი მშენებლობა XVI საუკუნის ბოლოს დაწყებულა. უცნობი ავტორის რეფექტორიის კედლებზე შესრულებული მიურალები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, რომელიც 1601 წელს აღდგა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია, დღემდე შემორჩენილი, 1604 წელს დასრულდა.
მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა.
შემონახულია 1311 წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოოქროვილი ვერცხლით მოუჭედავთ ტაოელ ძმებს ათანასი და ოქროპირ ეგნატის შვილებს. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ XIV საუკუნის დასაწყისში ეს მონასტერი სავარაუდოდ ჯერ კიდევ ქართველების ხელშია. პარმენ ზაქარაიას მოსაზრებით ხატზე აშაკრად იკვეთება სამი დროის ფენა. 1311 წელს წელს მოჭედილი ხატი შემდგომ საუკუნეებში დაზიანებულა და ხელმეორედ 1819 წელს მოუჭედავთ. 1311 წელს ხატის მოჭედვის წელს მასზე არსებულ წარწერაში ქართლის მეფეებად ნახსენები არიან ვინმე კონსტანტინე და დიმიტრი, თუმცა ქართული ისტორიოგრაფია ამ პერიოდში ამ სახელებით, ამ კუთხეში მმართველ მეფეებს არ იცნობს. აკაკი შანიძის მოსაზრებით კონსტანტინე იმერეთის მეფე უნდა ყოფილიყო, ხოლო დიმიტრი კი ტახტის მემკვიდრე.
მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული ასომთავრული წარწერა აქვს და იკითხება, როგორც "ძლევაჲ იესუს ქრისტესი". ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრებით ეს ჯვარი XI საუკუნეში უნდა ყოფილიყო შექმნილი და ვარაუდობდა, რომ წარწერის შინაარსისა და ზომების გამო შესაძლებელია ის სამხედრო დანიშნულების ყოფილიყო. მისი ეს მოსაზრება ემყარებოდა ტიპიკონში გრიგოლ ბაკურიანის ძის შეწირულობათა ნუსხაში ნახსენებ ნივთს რომელიც მოხსენიებულია, როგორც "საზოლავროჲ ჯვარი ერთი ვერცხლისაი ოქროჲთა ცურვებული." თუმცა აკაკი შანიძე ვარაუდობდა, რომ ჯვარი უფრო მოგვიანებით უნდა ყოფილიყო შექმნილი და მისი შექმნის თრიღად XIV საუკუნეს ვარაუდობდა.
ძველი სატრაპეზოს ადგილას ახალი XVI საუკუნეში მთავარი ტაძრის სამხრეთით აგებულა. მის ფრესკებზე გამოსახულნი არიან ტაოელი ძმები გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეები რომელთა შორისაც ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენოსის გამოსახულებას ვხედავთ წარწერით "მშენებლნი მონასტრისა გრიგოლი და ასპასიოსი ძმა მისი. ალექსი კომნენოსი იმპერატორი." აქვე არის აღნიშნული ტრადიცია, რომელიც ზემოარნიშნულ ხატს ეხება. კერძოდ ეს ხატი მტრების ერთ-ერთი შემოსევის დროს კლდეში გადაუმალავთ და მას შემდეგ აღდგომის ყოველ მეორე დღეს ამ ხატს მისი გადამალვის ადგილზე მიასვენებენ.
"კოსტნიცა"
რედაქტირება"კოსტნიცა", ანუ ქართულად “საძვალე” აგებულია გეოგრაფიულად რთულად მისადგომ რელიეფზე. იგი ორსართულიანია. შენობის პირველი ნაწილი სანახევროდ მიწაშია ჩაფული რადგან მასში განთვსებული იყო საძვალე, ხოლო მეორე სართულზე კი სამლოცველოა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ საძვალე ფრესკებითაა მოხატული. შენობის მეორე სართულის კამარა ნაწილბრივაა ჩამონგრეული რამაც დააზიანა როგორც, შენობა ისე ფრესკები. უცნობია რამ გამოიწვია მისი ჩამონგრევა.
"კოსტნიცას" მხატვრობის პირველი ფენა ე.ბაკალოვას მოსაზრებით XII საუკუნის მეორე ნახევრით უნდა თარიღდებოდეს, თუმცა წინასწარ შესწავლით ის შესაძლოა XI საკუნეში ყოფილიყო შესრულებული. მეორე ფენა XII საუკუნით თარიღდება, ხოლო კედლებზე ასევე აღინიშნება მესამე ფენაც, რომელიც აშკარად XIV საუკუნის შუა ხანებს მიეკუთვნება. დაზიანებული ფრესკების მიუხედავად მასში გაირჩევა ქართული წარწერები. მათ შორის ერთ-ერთი იკითხება როგორც:"წმინდა გიორგი ქაშუეთისაი" აკაკი შანიძისა და ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრებით წარწერა XIII საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული. მეორე წარწერა ბერძნულადაა შესრულებული და იკითხება, როგორც "მოიხატა ყოვლად პატიოსანი ესე ტაძარი ზემოთ და ქვემოთ, იოანე მხატვრის ივეროპულოსის ხელით და თქვენ წამკითხველნო ილოცეთ ჩემთვის წინაშე უფლისა" ამ წარწერის მიხედვით ტაძარი ვინმე იოანე ივეროპოლუსს მოუხატავს. მეცნიერთა შორის აზრი იყოფა მისი წარმომავლობის შესახებ ზოგიერთი მას ქართველად მიიჩნევს, ზოგიერთების აზრით კი მისი სახელი შესაძლოა საერთოდ არ იყოს მის წარმომავლობასთან კავშირში. რაც შეეხება მესამე წარწერას მას 1974 წელს მიაკვლია რ.სირაძემ. წარწერა ასე იკითხება "იოანე ღვთისმეტყველი"
მონასტრის დამაარსებელი ძმების გრიგოლისა და აბაზი ბაკურიანის ძეების ფრესკა კარიბჭის პირველი სართულის ჩრდილოეთ ნიშში მდებარეობს. გრიგოლს, როგორც ქტიტორს ხელში ეკლესიის მცირე მოდელი უკავია. ორივე ძმა მდიდრულ სამოსშია გამოწყობილი, აქვეა გამოსახული ღვთისმშობელი რომელსაც ხელშ ყრმა იესო უკავია.
ზედა სართულში როგორც ავღნიშნეთ კამარა არის ჩამონგრეული, რის გამოც ფრესკები მეტადაა დაზიანებული, თუმცა გაირჩევა წმინდანთა გამოსახულებები და ბიბლიური სცენები. მეორე სართული იოანე ივეროპოლუსის მიერაა მოხატული და იქ სხვა ეკლესიის აღიარებული სწავლულების გვერდით გამოსახული არიან ილარიონ ქართველი, გიორგი და ექვთიმე ათონელ-მთაწმინდელები. საინტერესოა, რომ მათი ფრესკები ნატურალურ ზომებშია გამოსახული და არცერთი მათგანი ფერმწერის თანამედროვე არიყო, ყოველივე ეს კი მათ დიდ გავლენაზე მიუთითებს. ეკლესიის კედელზე ასევე განთავსებულია ბულგარეთის მეფე ივანე ალექსანდრე, რომელმაც XIV საუკუნეში ქვეყანა გააერთიანა, ბიზანტიელები განდევნა და პეტრიწონის მონასტერი გააერთიანა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 47.
ზაქარაია პარმენ, პეტრიწონის მონასტერი, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, თბ.,: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984. — გვ. 134-140.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში დაარქივებული 2007-03-14 საიტზე Wayback Machine.
- Gautier, P. Le typikon du sébaste Grégoire Pakourianos. - Revue des études byzantines, T. 42 (1984), pp. 5-145
- Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery in Bačkovo დაარქივებული 2009-02-26 საიტზე Wayback Machine.
- Byzantine Monastic Foundation Documents_Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery of the Mother of God Petritzonitissa in Backovo დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine.