პეტრიწონის სემინარია
პეტრიწონის სემინარია — პეტრიწონის მონასტერთან არსებული სასწავლებელი, რომელიც მღვდლებს ამზადებდა. ამის შესახებ ცნობას შეიცავს გრიგოლ ბაკურიანის ძის (პეტრიწონის მონასტრის დამაარსებელი) მიერ 1084 დაწერილი ტიპიკონი. 31-ე პარაგრაფი ითვალისწინებს უწვერულვაშო მოზარდების მიღებას წმ. ნიკოლოზის მონასტერში, სადაც მათთვის მოხუცებულ მღვდელთაგანს საღვთო წერილი უნდა ესწავლებინა. მოსწავლეთა კონტინგენტი 6 ბავშვით განისაზღვრებოდა, ბავშვებს სარჩოსა და ტანსაცმელს მონასტერი აძლევდა და ისინი აქ მანამდე დაყოფდნენ, სანამ გარკვეულ ცოდნას არ მიიღებდნენ და სამღვდლო ხარისხისათვის არ მოემზადებოდნენ; ხოლო ვინც ვერ მოემზადებოდა, მას გააძევებდნენ.
პეტრიწონის სემინარიაში სწავლება ქართულ ენაზე იყო, რადგან ტიპიკონი აღნიშნულ მონასტერში მხოლოდ ქართული წერა-კითხვის მცოდნე ბერების ყოფნას ითვალისწინებდა. პეტრიწონის სემინარიაში მომზადებული ახალგაზრდები შემდგომში სამეცნიერო-შემოქმედებით მუშაობას ეწეოდნენ, ამას ადასტურებს ლიტერატურის სკოლის შექმნა, რომელიც ცნობილია „პეტრიწონულის“ სახელწოდებით და რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გამსახურდია, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 47.