პორტალი:გერმანია/მარცხნივ
რჩეული სტატია |
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" (Im Westen nichts Neues) არის ერიხ მარია რემარკის პირველი პოპულარული რომანი პირველი მსოფლიო ომის შესახებ, დაწერილი 1929 წელს. თარგმნილია 26 ენაზე და 2.5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 1930 წელს მოხდა მისი ეკრანიზაცია და ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს შეიქმნა.
რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას. რომანში კარგადაა აღწერილი მათი მჭიდრო მეგობრობა.
|
შემთხვევითი სტატია |
ვალტერ ჰაზენკლევერი (* 8 ივლისი. 1890, აახენი ― † 15 აგვისტო. 1949, ლე-მილი, საფრანგეთი), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი. აღსანიშნავია მისი ლექსების კრებული "ყრმა" (1913), დრამები "ვაჟიშვილი" (1914), "ანტიგონე" (1917), "მხსნელი" (1919), "მკვლელობა" (1926). ჰაზენკლევერის კომედია "საქმის კაცი" (1926) დაიდგა რუსთაველის თეატრში 1927. მასვე ეკუთვნის ფარსები, კინოსცენარი, ანტიფაშისტური ტრაგიკომედია "მიუნხჰაუზენი" (1933, გამოქვეყნდა 1947, დაიდგა 1948) და სხვ. |
რჩეული პიროვნება |
კარლ ფერდინანდ გუცკოვი, გუცკო (გერმ. Karl Ferdinand Gutzkow ) (დ. 17 მარტი, 1811, ბერლინი — გ. 16 დეკემბერი, 1878, ზაქსენჰაუზენი) — გერმანელი მწერალი და დრამატურგი, XIX საუკუნის შუა წლების ლიტერატურული მოძრაობის "ახალგაზრდა გერმანია" აქტიური წევრი. გუცკოვი ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა: მამამისი სამშენებლო მუშა იყო. ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, სადაც ჰეგელისა და შლაიერმახერის ლექციებს ისმენდა. მოგვიანებით ჰაიდელბერგსა და მიუნხენში სწავლობს. 1838-42 წლებში ჟურნალის "ტელეგრაფ ფიურ დოიჩლანდ" რედაქტორია, რომელშიც ასევე მონაწილებდნენ ფრიდრიხ ჰებელი, გეორგ ჰერვეგი, ფრიდრიხ ენგელსი. 1841 წელს პირველად იმოგზაურა პარიზში, სადაც ჟორჟ სანდი გაიცნო.
|
ისტორიული მოვლენა |
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია. ინგლისური სიტყვა "holocaust" გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს "სრულად დაწვას". ინგლისური ტერმინი "holocaust" დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან. |
გერმანიის გეოგრაფია |
ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე. ქალაქი რომაელებმა დააარსეს 2000 წლის წინ და ის გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მე-18 საუკუნის ბოლომდე ბონი კელნელი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი მე-19 საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.
ბონში ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ავსტრიელი არქიტექტორი გუსტავ პაიხელის მიერ აგებულ შენობაში 1992 წელს გახსნილი გერმანიის ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი (Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland - „Bundeskunsthalle“) და 1994 წ. „გაერთიანების“ კანცლერის - ჰელმუტ კოლის მიერ გახსნილი გერმანიის ისტორიის სახლი (Haus der Geschichte) დაარსების დღიდან ქვეყნის ათ ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმთა სიაში შევიდა. ყოველი მათგანი წლიურად 500 000-ზე მეტ მნახველს იზიდავს.
|
გერმანიის კულტურა |
დრეზდენის ოპერის თეატრი – ზემპერის ოპერა, ოფიციალური სახელი საქსონიის სახელმწიფო ოპერა დრეზდენში (გერმ. Semperoper, ოფიციალური სახელი Sächsische Staatsoper Dresden) – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ოპერის თეატრი, მდებარეობს დრეზდენში, გერმანია. შენობა დრეზდენის ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება; მდებარეობს თეატრის მოედანზე ცენტრალურ დრეზდენში მდ. ელბას სანაპიროზე. პორტალის თავზე პანტერებშებმული ქარიოტი დგას დიონისეს ქანდაკებით. შენობის ინტერიერზე იმ დროის განთქმული არქიტექტორი იოჰანეს შილინგი მუშაობდა. პორტალის მონუმენტებზე გამოსახულია უდიდესი ხელოვანები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, უილიამ შექსპირი, სოფოკლე, მოლიერი და ევრიპიდე. |