ოსმალეთის ბოსნია და ჰერცეგოვინა

ოსმალეთის ბოსნია და ჰერცეგოვინა იყო სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების ნაკრები, რომლებიც დღევანდელი ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე არსებობდა ოსმალური მმართველობის პერიოდში 1463 წლიდან 1878 წლამდე.

ოსმალური სამფლობელოები ბალკანეთში, 1827 წ.

ბოსნიის სამეფო

რედაქტირება

შუა საუკუნეების ბალკანეთში საკმაოდ ძლიერი მონარქია იყო ბოსნიის სამეფო. ფორმალურად უნგრეთის სამეფოს ვასალი რეალურად ჰეგემონი იყო ბალკანეთში სერბეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. ოსმალური ექსპანსია პირდაპირ დაემუქრა მას კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ. 1459 წელს ბოსნიელებმა სერბეთის დესპოტად თავისი მეფის ვაჟი – სტეპან ტომაშევიჩი დააყენეს, მაგრამ ამ სვლით უკმაყოფილო ოსმალებმა სამ თვეში დაიკავეს ტომაშევიჩის მთელი სამფლობელო, რადგან კათოლიკე მონარქის მმართველობით უკმაყოფილო სერბებმა დიდი წინააღმდეგობა არ გაუწიეს ოსმალებს და 1459 წლის ივნისში სმედერევოს ციხესიმაგრის კარიბჭის გასაღებები მეჰმედს მიართვეს. ოსმალებმა სერბეთის დესპოტატის ანექსია მოახდინეს სმედერევოს სანჯაყის სახელით.[1] მოგვიანებით ტომაშევიჩი ბოსნიაში გამეფდა და კავშირი შეკრა უნგრეთსა და პაპთან. 1463 წელს მოკავშირეებით დაიმედებულმა ტომაშევიჩმა ოსმალებს ხარკი შეუწყვიტა. ოსმალეთის არმიამ ველი მაჰმუდ-ფაშას სარდლობით ბობოვაცს ალყა შემოარტყა 19 მაისს, მეორე დღეს კი მას თავად მეჰმედიც შეუერთდა. ბობოვაცი მალევე დაეცა და მეფემ გადაწყვიტა თავშესაფარი ეძია დალმაციაში ან ხორვატიაში. მან დედინაცვალი კატარინა რომში გაგზავნა, ცოლი მარია კი რაგუზაში. თავად ტომაშევიჩს ფეხდაფეხ მისდევდა მაჰმუდ-ფაშა და ბოლოს კლუჩში მოახერხა მისი ალყაში მოქცევა. რესურსების სიმცირის გამო ტომაშევიჩი მიხვდა, რომ ალყას ვერ გაუძლებდა და დანებდა. იგი მეჰმედის წინაშე წარადგინეს 25 მაისს, რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯეს. მისი დატყვევებული ნათესავები კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც მათმა ნაწილმა ისლამი მიიღო, მათ შორის მათ შორის სტეპან ტომაშევიჩის უმცროსმა ძმამ, სიგიზმუნდმა (ისჰაყ-ბეგ კრალოღლუმ). ბოსნიის სამეფო ოსმალეთმა შეიერთა – შეიქმნა ბოსნიის სანჯაყი რუმელიის ეიალეთის დაქვემდებარებაში.[2]

ჰერცეგოვინა

რედაქტირება

1483 წელს ოსმალებმა დაიკავეს ჰერცეგოვინა, რომელიც ვუკჩიჩ კოსაჩას გვარის სამფლობელო იყო. გვარის მემკვიდრემ,სტეპან ვუკჩიჩ კოსაჩას ვაჟმა, კატარინას ძმამ, სტეპანმა (აჰმად-ფაშა ჰერსექლიმ) ისლამი მიიღო. თუმცა ბოსნიისგან განსხვავებით, ისლამიზაცია ჰერცეგოვინაში უფრო ნელა მიმდინარეობდა, რადგან კათოლიციზმი აქ ძლიერად იყო დამკვიდრებული.

ოსმალეთის ექსპანსია დასავლეთით

რედაქტირება

1541 წელს ოსმალებმა დაიპყრეს სლავონია და უნგრეთის დიდი ნაწილი. შემდეგი საუკუნენახევრის განმავლობაში ბოსნია შიდა პროვინცია იყო და შედარებით სტაბილურ გარემოში არსებობდა. თუმცა მოგვიანებით ოსმალეთი დამარცხდა ქრისტიანულ ლიგასთან და 1697 წელს დათმო სლავონია და უნგრეთი, რითაც ბოსნია კვლავ სასაზღვრო პროვინციად იქცა. ამ ომის დროს ბოსნია გააჩანაგა ევგენი სავოიელის ლაშქარმა, რომლებმაც თითქმის მთელი სარაევო გადაწვეს.[3]
1716 წელს ავსტრიამ დაიკავა ჩრდილო ბოსნია და ჩრდილო სერბია, მაგრამ 1739 წელს ტერიტორია ისევ ოსმალეთს დაუბრუნდა. ამ საზღვრებმა კიდევ საუკუნენახევარი გასტანა, თუმცა ომები გრძელდებოდა საზღვრების გასწვრივ.
ამ ომებმა ბოსნია გააღარიბა და ხელი შეუწყო მიგრაციულ პროცესებს, თუმცა არა მხოლოდ უარყოფითი სალდოთი. სლავონიისა და უნგრეთის მუსლიმებმა ბოსნიას შეაფარეს თავი, ხოლო ბოსნიის ქრისტიანები ავსტრიაში გადასახლდნენ ავსტრიის იმპერატორის მიწვევით.
18311833 წელს ბოსნია მოიცვა აჯანყებამ ჰუსაინ გრადაშჩევიჩის ხელმძღვანელობით. სმედერევოს სანჯაყში სერბების მოქმედებების შემდეგ მრავალი ადგილობრივი მუსლიმი დაიხოცა ან იძულებული შეიქნა ბოსნიაში ეძებნა თავშესაფარი. სულთანი მაჰმუდ II შიდა რეფორმებით იყო დაკავებული და ვერ ახერხებდა მუსლიმების დაცვას სერბებისგან, ხოლო ეს ყოველივე ბოსნიაში გულგრილობად ეჩვენებოდათ. ამას დაერთო 1826 წელს იანიჩართა კორპუსის დაშლა და იანიჩრების რელიგიური საფუძვლის, ბექთაში ტარიყას წინააღმდეგ სახელმწიფოს მოქმედებები, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო ბოსნიურ სამხედრო ფენაში (მათ შორის ზოგიერთი ცნობით გრადაშჩევიჩიც ამ ტარიყას ეკუთვნოდა).[4] ბოსნიელთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყო ადრიანოპოლის ზავი. ამ ზავის მიხედვით ბალკანეთში სერბებმა მიიღეს ავტონომია, სერბული ავტონომიის ტერიტორიაზე მოექცა ექვსი რაიონი, რომელიც აქამდე ბოსნიელ ფეოდალებს ეკუთვნოდათ, სერბული ავტონომიიდან დაიძრა მუსლიმ ლტოლვილთა ახალი ტალღა.[5] სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ბოსნიელთა უკმაყოფილება.
1830 წლის ბოლოს გრადაჩაცში შეიკრიბა ბოსნიის არისტოკრატია. მათ გადაწყვიტეს მოემზადებინათ აჯანყება და ერთი თვის შემდეგ ტუზლიდან გაავრცელეს მოწოდება, რომ ყველა ბოსნიელი მზად ყოფილიყო ბოსნიის დასაცავად. ზოგიერთი ცნობით, აჯანყებულებს შემდეგი მოთხოვნები ჰქონდათ:

  • სერბეთის ავტონომიის გაუქმება ან შეკვეცა და ექვსი რაიონის დაბრუნება ბოსნიელთა მფლობელობაში.
  • ნიზამ-ი ჯადიდის (ოსმ. نظام جديد; ახალი წესრიგი; სამხედრო რეფორმების წყება) შეწყვეტა.
  • ბოსნიის ავტონომია, რომელიც დამოუკიდებელ შიდა პოლიტიკას გაატარებდა და ოსმალეთს ყოველწლიურ ხარკს გადაუხდიდა.

თავდაპირველად აჯანყება წარმატებით წარიმართა და ოსმალეთის არმია რამდენიმეჯერ დამარცხდა, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სტუპთან 4 ივნისს, სარაევო-ილიჯას გზაზე მდებარე პატარა დასახლებასთან. ბრძოლა გრადაშჩევიჩმა წარმატებით დაიწყო და ისე ჩანდა, რომ ოსმალეთის არმია ამჯერად დამარცხდებოდა, თუმცა მოულოდნელად ისმაილ აღა ჩენგიჩისა და 'ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩის ჰერცეგოვინელებმა ზურგიდან დაარტყეს გრადაშჩევიჩის ფლანგს, რამაც გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.[6] აჯანყებულთა არმია დამარცხდა და დაიფანტა. წინააღმდეგობის შემდგომი გაგრძელება უაზრო იყო. 5 ივნისს ოსმალებმა დაიკავეს სარაევო. გრადაშჩევიჩმა საგვარეულო ციხეს შეაფარა თავი გრადაჩაცში, მაგრამ როდესაც გააცნობიერა რა მოელოდა მის მშობლიურ მხარეს, გადაწყვიტა თავი ავსტრიისთვის შეეფარებინა. მიუხედავად მეთაურის გაქცევისა, ცალკეულ ადგილებში აჯანყებულები 1833 წლამდე მოქმედებდნენ.
გრადაშჩევიჩის აჯანყების პირდაპირი შედეგი იყო ჰერცეგოვინის ვილაიათის შექმნა, რომლითაც სულტანმა 'ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩი დააჯილდოვა გამოჩენილი ერთგულებისთვის, თუმცა იგი 1851 წელს, რიზვანბეგოვიჩის სიკვდილის შემდეგ გააუქმეს.[7]
ოსმალების ოთხასწლიანი მმართველობა დასრულდა 1878 წელს, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინის ოკუპაცია ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ მოახდინა. 1908 წელს კი მოხდა ბოსნიის ანექსია ავსტრიის მიერ, რამაც ბოსნიის კრიზისი და დაპირისპირების ახალი კერა გამოიწვია – მაგრამ არა ოსმალეთსა და ავსტრიას, არამედ სერბეთსა და ავსტრიას შორის.

სამოქალაქო ცხოვრება

რედაქტირება

ოსმალური მმართველობის პერიოდში ბოსნიაში მრავალი არქიტექტურული ძეგლი აიგო. დაარსდა ქალაქები, მათ შორის სარაევო და მოსტარი. ბოსნიელებს მფარველობდა სულტანი მათ შორის ისლამის გავრცელების გამო და ცდილობდა ბოსნიის განვითარებას. მრავალმა ბოსნიელმა მოიპოვა მაღალი თანამდებობა სულტნის კარზე.

ადმინისტრაცია

რედაქტირება

დღევანდელი ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორია თავდაპირველად რუმელიის ეიალეთს შეუერთდა სამი სანჯაყის – ბოსნიის (ოსმ. بوسنه), ჰერცეგოვინისა (ოსმ. هرسك) და ზვორნიკის (ოსმ. إزورنيك) – სახით. 1580 წელს ოსმალებმა შექმნეს ბოსნიის ეიალეთი და ოსმალური ფეოდალური სისტემაც შეიტანეს ბოსნიაში. მოგვიანებით, თანზიმათის რეფორმების დროს ბოსნიის ეიალეთის ნაცვლად ბოსნიის ვილაიეთი გაჩნდა, რომელმაც 1851 წელს ჰერცეგოვინის ვილაიეთიც შეიერთა. ამ ორი ვილაიეთის ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი ბოსნია და ჰერცეგოვინისა და დამატებით სანჯაყის ტერიტორიას.

ბოსნიის ეკლესიის მიმდევართა დიდმა ნაწილმა ისლამი მიიღო – ბოსნიის ეკლესიას ორივე ოფიციალური ქრისტიანული ეკლესია ერეტიკულად თვლიდა და სასტიკად სდევნიდა, მის მიმდევრებს შორის ყოფით დონეზე საკმაოდ ბევრი მსგავსება იყო, ამიტომაც ისინი მასიურად იღებდნენ ისლამს. ასევე გავრცელდა მრავალი სუფი სწავლება და სექტა.
მეთექვსმეტე საუკუნეში ბოსნიელმა დერვიშმა, ჰამზა ორლოვიჩმა დააარსა სინკრეტული სწავლება, რომელშიც ქრისტიანობის, ისლამისა და ბოგომილობის ელემენტები შეიტანა. ეს სწავლება ჰამზავიას ტარიყას სახელით გახდა ცნობილი და საკმაოდ დიდი გავრცელებაც ჰპოვა ბოსნიაში, ვიდრე ოსმალებმა არ შენიშნეს ამ სექტის არსებობა და ჰამზა სტამბოლში დაიბარეს. 1573 წლის 6 ივნისს დიდმა ვეზირმა, ბოსნიური წარმოშობის მეჰმედმა საიდუმლოდ მოაკვლევინა ჰამზა, რომელიც 1579 წლის 11 ოქტომბერს მოკლა დერვიშმა, რომელიც გადმოცემით ჰამზას მიურიდი ყოფილა. (თუმცა სხვადასხვა გადმოცემები ასევე დერვიშის ფსიქიკურ ავადმყოფობაზე, სასახლის კარის ინტრიგებზე და მსგავს ვერსიებზეც საუბრობენ)
ოსმალურმა მმართველობამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ეთნორელიგიური კომპოზიცია შეცვალა – ბევრი კათოლიკე გადასახლდა ხორვატიასა და დალმაციაში, რომლებსაც კათოლიკური ავსტრია და ვენეცია აკონტროლებდნენ. დარჩენილი კათოლიკეები თავს მეტად და მეტად აიგივებდნენ ხორვატებთან, თუმცა ამ პროცესმა მეოცე საუკუნის დასაწყისამდე გასტანა (მეცხრამეტე საუკუნის კათოლიკე მწერალი ივან ფრანო იუკიჩი, თუმცა კათოლიკე იყო, თავს ბოსნიელად თვლიდა და არა ხორვატად[8]) მართლმადიდებელი მოსახლეობა სერბული თვითიდენტიფიკაციისკენ გადაიხარა. ოსმალურ პერიოდში გაჩნდა ასევე იუდეური თემი – ევროპაში დევნილი იუდევლები თავს ოსმალეთსა და მაღრიბს აფარებდნენ, სადაც მათ დაცული პერსონის სტატუსი ჰქონდათ. სარაევოს პირველი სინაგოგა 1581 წელს აიგო.

გადასახადები

რედაქტირება

ოსმალები ქრისტიანი და იუდეველი ჯანსაღი მამაკაცებისგან აგროვებდნენ სულად გადასახადს – ჯიზიას (არაბ. جزية; ოსმ. جزيه; ბოსნ. Glavarina), რის სანაცვლოდაც მათ სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდნენ.
მეორე გადასახადი, რაც ქრისტიანებს ეკისრათ, იყო დევშირმე (ოსმ. دوشيرمه; ბოსნ. Danak u krvi) - ქრისტიანული ოჯახებიდან მიჰყავდათ ბავშვები, რომლებსაც შესაბამის სასწავლებლებში აბარებდნენ, საიდანაც ისინი იანიჩართა კორპუსში ხვდებოდნენ. თავდაპირველად ბავშვებს იძულებით აგროვებდნენ, მოგვიანებით კი ოჯახები მოხელეების მოსყიდვასაც კი მიმართავდნენ, რომ ბავშვი წაეყვანათ, რადგან იანიჩარი ოჯახის წევრი ოჯახისთვის ძალიან მომგებიანი იყო, ხოლო იანიჩრებს დიდი პერსპექტივები ჰქონდათ – მრავალი მათგანი წინაურდებოდა სულტნის კარზე.[9]

  1. Babinger, Franz (1992). Mehmed the Conqueror and His Time. USA: Princeton University Press. ISBN 0-691-01078-1. 
  2. Fine, John Van Antwerp (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4. 
  3. McKay, Derek (1977). Prince Eugene of Savoy. Thames and Hudson Ltd. ISBN 978-0-500-87007-5 OCLC 3716509
  4. Robert J. Donia, Sarajevo: A Biography, University of Michigan Press, 2006, ISBN 9780472115570.
  5. Адрианопольский мирный договор между Россией и Турцией. Под стягом России (1992).
  6. Robert J. Donia, John Van Antwerp Fine, Bosnia and Hercegovina: A Tradition Betrayed, C. Hurst & Co. Publishers, 1994, ISBN 9781850652120.
  7. (2009-01-01) Encyclopedia of the Ottoman Empire. Infobase Publishing, გვ. 91. ISBN 978-1-4381-1025-7. 
  8. Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  9. Perry Anderson (1979). Lineages of the Absolutist State. Verso. ISBN 978-0-86091-710-6.