ნუცა ღოღობერიძე
ნუცა (ნინო) ღოღობერიძე (ქალიშვილობის გვარი — ხუციშვილი; დ. 25 ოქტომბერი, 1902, კახი, რუსეთის იმპერია — გ. 31 ოქტომბერი, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ)[1] — პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და პირველი ქალი რეჟისორი საბჭოთა კავშირში, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო.
ცხოვრება და მოღვაწეობა
რედაქტირებანუცა ღოღობერიძე 1902 წლის 25 ოქტომბერს, საინგილოს სოფელ კახში დაიბადა. მამისს ბართლომე ხუციშვილს გორის სამასწავლებლო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და საინგილოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1917 წელს, როცა საინგილოში არეულობა დაიწყო, ხუციშვილების დიდი ოჯახი კახეთში, ცოდნისკარში გადმოსახლდა. ბართლომე საკუთარი ქალიშვილების განათლებაზე გამორჩეულად ზრუნავდა. მისმა ექვსივე ქალიშვილმა, უმაღლესი განათლება მიიღო, რაც იმ დროის საქართველოში იშვიათობა იყო. ნუცამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია.[2]
იგი ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-25 წლებში, იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. იენიდან დაბრუნებული ნუცა ძმის, რაჟდენის ოჯახში შეხვდა მის ცოლისძმას — ბოლშევიკური იდეებით შთაგონებულ ახალგაზრდა კაცს, ლევან ღოღობერიძეს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ამ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინაღმდეგებოდა რაჟდენი. ორ ოჯახს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ რაჟდენი ბოლოს თავის ცოლს, ლიზასაც კი გაშორდა. ნუცას და ლევანს დიდი სიყვარული აკავშირებდათ, თუმცა, ნუცა ქმარს ბევრ არსებით იდეოლოგიურ საკითხში არ ეთანხმებოდა. უთანხმოება სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ბოლოს მათი ფაქტობრივი დაშორების მიზეზიც გახდა.
გერმანიიდან დაბრუნებული, 25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი დოკუმენტური ფილმი მან გადაიღო მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად, სახელწოდებით „მათი სამეფო“, რომელშიც გამოყენებული იყო იმდროინდელი ნოვატორული „კონტრასტული მონტაჟის“ სტილი. ნუცას მეორე ფილმი იყო „ბუბა“. ფილმის მხატვარი იყო დავით კაკაბაძე. ეს იყო იმ დროისათვის გავრცელებული დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ფილმი ნათამაშები სცენებით, რასაც მაშინ „კულტურფილმს“ უწოდებდნენ და რაც თავისი სააგიტაციო და საგანმანათლებლო ფუნქციის გამო, მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე საოცრად პოპულარული ჟანრი იყო კინოში.
1928 წლის ივნისში შედგენილ სახკინმრეწვის თანამშრომელთა სიაში, ნუცა ღოღობერიძე ერთადერთი ქალია. მას თანარეჟისორის შტატი ჰქონდა და 160 მანეთი ხელფასი, მაშინ როდესაც მიხეილ კალატოზიშვილს ოპერატორის შტატი და 350 მანეთი ხელფასი, ალექსანდრე დიღმელოვს კი, როგორც დამსახურებულ და უძველეს თანამშრომელს — 600 მანეთი. მხოლოდ ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს, რომ საბჭოთა კავშირის 20-იან წლებშიც კი, ქალის შრომა უფრო დაბალანაზღაურებადი იყო, ვიდრე მამაკაცის, შესაბამისად, თანასწორობის იდეა უკვე დასაწყისშივე ეფემერული რჩებოდა.
1932–33 წლებში, ნუცა ღოღბერიძემ გადაიღო მხატვრული ფილმი „უჟმური“, რომლის სცენარმაც ცეკას 1933 წლის დადგენილების საფუძველზე, ინტენსიური გადაკეთება-გადმოკეთება განიცადა (სცენარზე მუშაობაში ჩართულნი იყვნენ ეიზენშტეინი, დოვჟენკო და შკლოვსკი). საქმე ის არის, რომ 1932 წლის 23 აპრილს, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ, მიიღო დადგენილება „ლიტერატურული სამხატვრო ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ“. დადგენილებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია ხელოვანთა წრეებში. მხოლოდ 1934 წელს მოხერხდა მწერალთა პირველი საკავშირო ყრილობის მოწყობა, სადაც „სოციალისტური რეალიზმი“ ოფიციალურ დოქტრინად იქნა გამოცხადებული (ტერმინი „სოციალისტური რეალიზმი“ პირველად ზემოთ ნახსენები 1932 წლის დადგენილების შესაბამისად, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის შექმნის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ივან კრონსკის ეკუთვნის და პირველად 1932 წლის მაისში ჩნდება). მომხდარი სტალინის უშუალო დაკვეთა იყო, რომელსაც ხელისუფლების კონსოლიდაციის ამ ეტაპზე აღარ სჭირდებოდა პრიმიტიული აგიტპროპი და უფრო მაღალმხატვრულ და „იდეოლოგიურად სწორ“ ხელოვნებას მოითხოვდა. 1933 წლის 7 ივნისს, პარტიის ცეკამ დაადგინა, რომ არცერთი თემა ცკ-ს წინასწარ სანქციის გარეშე არ უნდა ყოფილიყო მუშაობაში ჩაშვებული და არცერთი სურათი გაშვებული ამ დადგენილებით შექმნილი კომისიის გარეშე. 1933 წლის ბოლოს, 21 ოქტომბერს შესდგა ნუცა ღოღობერიძის მხატვრული ფილმის „უჟმურის“ განხილვა, რომლის სხდომაზეც ითქვა, რომ:
აგიტპროპის სიტყვიერი გმობის მიუხედავად, კომისია, რომლის თავმჯდომარეც ჩეკისტი მერკულოვი იყო, ფაქტობრივად კვლავაც სააგიტაციო ფილმს ითხოვდა. ამაზე თავად ნუცა ღოღობერიძემაც გაამახვილა ყურადღება თავის სიტყვაში:
„უჟმური“ 1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე, რომელიც პირველი ქართული და ამავე დროს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი გახდა, გადაღებული რეჟისორი ქალის მიერ.
30-იანი წლების შუა ხანებიდან, იწყება ნუცას შევიწროვება ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის ფაქტორის გამო, რომელიც 1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს, რადგან იგი ბერიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ნუცა კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს. კეთილდღეობისას, ღოღობერიძეთა ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, პეტრე ოცხელი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და გერონტი ქიქოძე.
1936 წელს, როდესაც ნუცა უმუშევარი და ყოვლად უსახსროდ იყო, გერონტი ქიქოძემ, შარლ პეროს ზღაპრების თარგმანზე დაუდო ხელშეკრულება გამომცემლობას, ტექსტი კი ნუცა ღოღობერიძეს ათარგმნინა და ჰონორარიც მას გადასცა. წიგნი, გერონტი ქიქოძის სახელით გამოიცა, თუმცა, მისი ასეთი საქციელი მაშინ გმირობის ტოლფასი იყო.
დაპატიმრებულმა ლევანმა ციხიდან მისწერა ნუცას, დაეწერა, რომ დაშორებული იყო მასთან და დაჭერას გადარჩებოდა, მაგრამ ნუცამ ასეთი საქციელი სულმდაბლობად მიიჩნია. ნუცა ღოღობერიძე, 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში „პოტმა“-ში, შემდეგ ვორკუტის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც თავშეყრილი იყო ათასობით ქალი, სახელწოდებით „ჩესეირი“ (член cемьи изменника рoдины), რომლებიც უბრალოდ მილიონობით „ხალხის მტრებად“ წოდებულთა ცოლები იყვნენ და სასამართლოს განაჩენის გარეშე ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას. საბჭოთა საკონცეტნრაციო ბანაკში ცხოვრების გამოცდილება ასახავს მოგვიანებით დაწერილი მისი სიტყვები:
„ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა, რომ ვიმყოფებით გზისგასაყარზე, საიდანაც ყველა მიმართულება სასიკვდილოა.“
|
„ალბათ ნამდვილი საფრთხის წინაშე შიშის გრძნობა მართლა ყუჩდება. (ორი მეტამორფოზა)“
|
„არქიპელაგი გულაგი ჩემი ქვეყანაა. მე იქ ათი წელი ვიცხოვრე.“
|
საკონცენტრაციო ბანაკიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ნუცას, აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას ინიციტივით, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.
ნუცა ღოღობერიძე არაა მოხსენიებული არც ქართულ საბჭოთა ენციკოპედიაში და არც რომელიმე სხვა ცნობარში, გარდა ქართული კინოს ფილმოგრაფიებისა.
2011 წელს, გამომცემლობა „ინტელექტი“-მ გამოსცა ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებული „ბედნიერების მატარებელი“, რომელსაც დართული აქვს რეჟისორის ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის წინათქმა. ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილია ქართველი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- „მათი სამეფო“ (1928) მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად
- „ბუბა“ (1930)
- „უჟმური“ (1934)
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცა ღოღობერიძე, ბედნიერების მატარებელი (ლანა ღოღობერიძის წინათქმით), გამომცემლობა ინტელექტი, თბილისი 2011
- ლაშა ბაქრაძე. ნუცა ღოღობერიძე (1902–1966) პირველი ქართველი რეჟისორი ქალი – ჟურნალი "კინო ცხელი შოკოლადი"
- ლელა ოჩიაური. კულტურფილმი "ბუბა" = საქართველოს ისტორიას + ქართული კინოს ისტორია – ჟურნალი Filmprint N4 გაზაფხული 2012