ნოშრევან ჯიშკარიანი
ნოშრევან (ჯამბულ) შალვას ძე ჯიშკარიანი (დ. 29 დეკემბერი, 1953, გეგეჭკორის რაიონი — გ. 9 თებერვალი, 1988) — ქართველი მეცნიერი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ნოშრევან ჯიშკარიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 დეკემბერი, 1953 |
დაბ. ადგილი | ქვემო ნაგვაზავო, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 9 თებერვალი, 1988 (34 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი და პოეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანოშრევან ჯიშკარიანი დაიბადა სოფელ ქვემო ნაგვაზავოში (ამჟამინდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი), ცნობილი ფილოლოგების ოჯახში.
1970 წელს დაამთავრა ქვემო ნაგვაზავოს საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომელიც 1975 წელს დაამთავრა წარჩინებით.
1975-1977 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის ძველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებაგამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მეცნიერთა აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბეჭვდით ორგანოებში („მაცნე“, „მოამბე“, „ლიტერატურათმცოდნეობა“) და პერიოდულ პრესაში, ძველი ქართული, სპარსული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული ლიტერატურის საკითხებზე.
1982 წელს ნოშრევან ჯიშკარიანმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „XII საუკუნის ქართული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული სახოტბო პოეზია“(ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძე), რომელმაც მაშინვე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, რადგან იგი ახალი სიტყვა იყო ქართული სახოტბო პოეზიის შესწავლის საქმეში, რაც სპარსულ ლიტერატურასთან მიმართებით იყო გამოკვლეული. ამაში მას ეხმარებოდა ენის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა.
ნოშრევან ჯიშკარიანს ქართულად თარგმნილი აქვს ჯალალედინ რუმის, რუდაქის, ხაკანის, აბუ საიდისა და ბაბა თაჰერის პოეტური ნაწარმოებები. [1]
წერდა ლექსებს სასკოლო ასაკიდან, მაგრამ მათი გამოქვეყნება არასოდეს უცდია, თუმცა მის ლექსებში საკმაოდაა მაღალმხატვრული პოეტური ნიმუშები (კრებული: „თიხასავით სული ვძერწე“ გამოიცა 1999 წელს, გამომცემლობა „ინტელექტში“).[2]
ნოშრევან ჯიშკარიანის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ ცნობილი პიროვნებები: საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი აკაკი გაწერელია, აკადემიკოსები: ალექსანდრე ბარამიძე და სარგის ცაიშვილი, პროფესორები: კორნელი დანელია და რევაზ ბარამიძე, პოეტი ჯემალ ცერცვაძე, მარტვილის მუზეუმის დამაარსებელი და მხარეთმცოდნე გივი ელიავა და სხვ.
იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ნოშრევან ჯიშკარიანი მოულოდნელად გარდაიცვალა 1988 წლის 9 თებერვალს, 34 წლის ასაკში.
2011 წლის 2 ივნისს სოფლის გამგებლისა და შემოქმედებითი ახალგაზრდების ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N99/ნ ბრძანების საფუძველზე ზემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლას მიენიჭა მეცნიერებისა და ლიტერატურის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე პირის ნოშრევან ჯიშკარიანის სახელი.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- "პირველი სხივი. - 1977. - N12. - გვ.103.რუდაქი(თარგმანი)"
- "პირველი სხივი. - 1977. - N12. - გვ.102.ჯალალ-ედ-დინ რუმი (თარგმანი)"
- "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბილისი, 1979. - N4. - გვ.23-38(ნაშრომი)".
- "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1978. - ტ.90. - გვ.753-756. - (N1, N3)(ნაშრომი").
- "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1981. - ტ.221. - გვ.21-28(ნაშრომი".)
- "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბილისი, 1978. - N2. - გვ.84-92(ნაშრომი)".