რუდაქი
რუდაქი (სპარს. رودکی; სრული სახელი: აბუ აბდულაჰ ჯაფარ იბნ მუჰამად რუდაქი, სპარს. ابوعبدالله جعفر ابن محمد رودکی; დ. 860 — გ. 941) — უსინათლო სპარსი პოეტი, სპარსული პოეზიის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელი, სპარსეთში წოდებული, როგორც „პოეტების ადამი“ (სპარს. آدم الشعر, /Ādam ul-Shoara/).
რუდაქი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 860[1] |
დაბადების ადგილი | Panjrūd, სამანიდების სახელმწიფო[2] |
გარდაცვალების თარიღი | 941[1] [3] |
გარდაცვალების ადგილი | Panjrūd, სამანიდების სახელმწიფო[2] |
ფსევდონიმი | Рудаки |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი[4] , მომღერალი და რაფსოდი |
ენა | სპარსული ენა |
მოქალაქეობა | სამანიდების სახელმწიფო[2] |
ჟანრი | რობაი, კასიდა და ghazal |
რუდაქი 858 წელს დაიბადა სამანიდების სპარსეთში, სამარყანდის მახლობლად, სოფელ ფანჯრუდში (თანამედროვე ტაჯიკეთის ტერიტორია). ჭაბუკობისას პოეტი ცოდნის გასაღრმავებლად და არაბული ენის შესასწავლად სამარყანდში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც ქვეყნის დედაქალაქ ბუხარაში გაემგზავრა მისი გენიით მოხიბლული ქვეყნის ამირას, ნასრ II-ს თხოვნით. პოეტი ფუფუნებაში ცხოვრობდა ბუხარისა და სამარყანდის კარზე. გადმოცემით, მბრძანებლის რჩეულს 200 ჭაბუკი მონა ემსახურებოდა, ხოლო მის ქონებას 400 აქლემიც კი ვერ ზიდავდა. თუ ისტორიულ მონაცემებს დავეყრდნობით, იქ, სადაც დიდების ზენიტს მიაღწია, რუდაქმა აღმოსავლელი კარის პოეტის მწარე ხვედრიც იწვნია — თავს ამირას რისხვა დაიტეხა, ზოგიერთი ვერსიით სწორედ მაშინ დასთხარეს თვალები, სატახტო ქალაქიდან გააძევეს და თავი მშობლიურ ქალაქს შეაფარა. იქვე გარდაიცვალა დაახლოებით 941 წელს.
ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტების მიხედვით, რუდაქის შემოქმედება სამ ძირითად ნაწილად შეიძლება დაიყოს: სამიჯნურო, საკარო და სასოწარკვეთის პოეზიად. უსინათლო პოეტს ისე ნათლად ჭვრეტის უნარი აქვს, მის პოეზიაში ფერების ისეთი ზეიმია, ალბათ გასაკვირი არც არის, რომ ზოგიერთი ბიოგრაფი მკვლევარი არ იზიარებს გადმოცემებს მისი სიბრმავის შესახებ. რუდაქის ერთ-ერთი მოწაფე, შაჰიდ ბალხელი თავის რობაიში ამბობს: „სხვა პოეტების პოეზია სიტყვასა ჰგავს, რუდაქის სიტყვა კი თვით ფერებით არის ნაქსოვი…“
გადმოცემით, რუდაქს მილიონ სამასი ათასი ლექსი აქვს დაწერილი. ჩვენამდე მოღწეულია ათასამდე ბეითმა, მათგან სრული სახით შემორჩენილია მხოლოდ ორი კასიდა — „ღვინის დედა“ და „სიბერის ელეგია“. რუდაქს ბრწყინვალედ აქვს გალექსილი ცნობილი არაკების კრებული „სინდბადნამე“ და „ქილილა და დამანა“. ეს თარგმანი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, მოგვიანებით აღმოაჩინეს ფრაგმენტების სახით და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უძვირფასეს მონაპოვრად ითვლება.