ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიქართული ლიტერატურისა და ლიტერატურისმცოდნეობითი პრობლემების კვლევის ცენტრი საქართველოში. მისი დანიშნულებაა, ქართული ლიტერატურის, ლიტერატურის თეორიისა და ფოლკლორის მიმართულებით ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების წარმოება და ამ კვლევების შედეგების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.

ინსტიტუტის უმთავრესი ფუნქციაა ფილოლოგიური კვლევების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო პროექტების რეალიზება, რაც საშუალებას მისცემს ქართულ ფილოლოგიურ სკოლას, ინტეგრირდეს მსოფლიო ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ პროცესებში.

1933 წლის მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში აღადგინეს საუნივერსიტეტო განათლების სისტემა. თბილისის უნივერსიტეტს სათავეში ჩაუყენეს საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ლევან აღნიაშვილი. ლ. აღნიაშვილი შეეცადა აღედგინა ძველი უნივერსიტეტის ტრადიციები და გაეჩაღებინა სამეცნიერო საკვლევაძიებო საქმიანობა. მისი თაოსნობით 1933 წლის 10 ივნისს უნივერსიტეტის წიაღში შეიქმნა ჰუმანიტარული დარგის საკვლევაძიებო ცენტრი - „ელხი“ (ენის, ლიტერატურის, ხელოვნების და ისტორიის ინსტიტუტი).

„ელხის“ მუშაობა მიმდინარეობდა სექციებში. მოქმედებდა მხოლოდ ენისა და ლიტერატურის სექციები. „ელხის“ დირექტორად დანიშნეს ჟურნალისტი, გაზეთ „კოლექტივიზაციის“ რედაქტორი აკაკი ჭყონია. ქართული ლიტერატურის სექციაში ირიცხებოდნენ კორნელი კეკელიძე, მიხეილ ზანდუკელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ჯაკობია, გერონტი ქიქოძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, სოლომონ ყუბანეიშვილი, გაიოზ იმედაშვილი, ტრიფონ რუხაძე, ბესარიონ ჟღენტი.

1934 წლის დასაწყისში მოხდა „ელხის“ რეორგანიზაცია. საქართველოს კომპარტიის (ბ) 1934 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით უნივერსიტეტში შეიქმნა „რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი“ - ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტს შოთა რუსთველის სახელი მიანიჭეს. „ელხის“ ჰქონდა თავისი საკუთარი ყოველწლიური ორგანო – „ლიტერატურული მემკვიდრეობა“ (ფაქტობრივი რედაქტორი გ. ლეონიძე), რომლის მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა (ტ. I, 1935).

1936 წელს ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი დაიშალა. ენის განყოფილება გადავიდა სკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის სისტემაში (იქ ჩამოყალიბდა ე.წ. „ენიმკი“ - ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი), ხოლო ლიტერატურის განყოფილებამ მიიღო დამოუკიდებელი ინსტიტუტის სტატუსი: ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, შეინარჩუნა რუსთველის სახელობა.

1941 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. აკადემიის ნამდვილ წერთა შორის იყო ერთი ლიტერატურათმცოდნე — კორნელი კეკელიძე. მისი შუამდგომლობით 1942 წლის 3 აგვისტოს, მეორე მსოფლიო ომის დროს, აკადემიის სისტემაში ჩაისახა „შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი“. მის დირექტორად დაინიშნა თვითონ კ. კეკელიძე. ინსტიტუტი მაშინ ძალიან პატარა იყო და სულ 13 თანამშრომელს ითვლიდა. ინსტიტუტს დაარსებისას ჰქონდა სამი განყოფილება: ძველი ქართული მწერლობის, ახალი ქართული მწერლობისა და ქართული ფოლკლორის.

ლიტერატურის ინსტიტუტმა დაიწყო დიდტანიანი სოლიდური ბეჭდვითი ორგანოს, „ლიტერატურული ძიებანის“ გამოცემა, რომელიც 1943-1964 წლების განმავლობაში გამოდიოდა. 1964 წელს, XV ტომზე შეწყდა მისი გამოსვლა. საბჭოთა მთავრობის მითითების საფუძველზე, ინსტიტუტი გადავიდა თემატიკურ-პრობლემური კრებულების გამოქვეყნებაზე. ასე გაგრძელდა 1987 წლამდე. დაიბეჭდა სამი ახალი ნომერი. 1990 წლიდან ინსტიტუტმა ამჯობინა თანამედროვე ტიპის პერიოდული ჟურნალის გამოცემაზე გადასვლა და მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტთან ერთად, ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ გამოცემა დაიწყო.

1951 წელს, საქართველოს გასაბჭოების 30-ე წლისთავზე, ინსტიტუტს დაევალა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადება. შემოწმდა წყაროები, გამოირკვა, რომ წლების განმავლობაში ტექსტი იბეჭდებოდა ორთოგრაფიული და კორექტურული შეცდომებით, საჭირო გახდა რიგი რედაქციული კორექტივების ჩატარებაც. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რედაქციული ცვლილებანი და გასწორებანია აღბეჭდილი იმავე შემადგენლობის კოლეგიის მიერ მომზადებული პოემის შემდგომი, 1957 წლის გამოცემაში.

ინსტიტუტის ამოცანას შეადგენდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსის მომზადება და გამოცემა. 1950-იანი წლების დასაწყისში ქართული მწერლობის ისტორიის სამტომეულის შედგენაზე ზრუნვას შეუდგნენ (მეოთხე ტომად განზრახული იყო ქართული ფოლკლორი). პირველი ტომის (V-XVIII სს) დაწერა დაეკისრათ კ. კეკელიძეს, ალ. ბარამიძეს. II ტომს (XIX ს) უძღვებოდა გიორგი აბზიანიძე, მესამის (საბჭოთა პერიოდის) შედგენას ხელმძღვანელობდა დიმიტრი ბენაშვილი. 1954 წელს გამოქვეყნდა ამ სამტომეულის პირველი ტომი, 1956 წელს დაიბეჭდა მესამე ტომი (მეორე და მეოთხე ტომები საერთოდ არ გამოსულა). მესამე ტომი კი დაიბეჭდა, მაგრამ გავრცელება ვერ მოასწრო, ისე აიკრძალა. ეს ტომი გამსჭვალული იყო სტალინის კულტის სულისკვეთებით. ამ კულტის აღკვეთის კამპანიამ იმსხვერპლა ეს დიდი მოცულობის წიგნი (35,5 თაბახი), მთელი მისი ტირაჟი (5000) ერთბაშად გააქრეს და მოსპეს. შემდეგ გადაწყდა ქართული ლიტერატურის ისტორიის ექვსტომეულის გამოშვება. პირველი ტომი (V-VI სს) მიანდეს კ. კეკელიძეს. ექვსტომეულის აგებას საფუძვლად ედო ისტორიულ-ქრონოლოგიური პრინციპი.

ლიტერატურის ინსტიტუტი დღეს

რედაქტირება

ინსტიტუტის ბაზაზე შემუშავდა და ამოქმედდა ციტირების ერთიანი სტილი – “ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სტილი”, რომელსაც წარმატებით იყენებს ჰუმანიტარული კვლევების სივრცე ქვეყნის მასშტაბით; ინსტიტუტის ბაზაზე, ყოველწლიურად (2007 წლიდან) ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც თავს უყრის მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მნიშვნელოვნად აფართოებს ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების არეალს. გარდა საერთაშორისო ფორუმებისა, ინსტიტუტში ყოველწლიურად ტარდება მნიშვნელოვანი ლოკალური სამეცნიერო კონფერენციები და სესიები.

ინსტიტუტის დირექტორები

რედაქტირება

ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო კორნელი კეკელიძე (1942-1949). ის დირექტორობიდან გაათავისუფლეს 1949 წლის ბოლოს, კოსმოპოლიტობის, უცხოური კულტურის წინაშე ქედის მოხრისა და ანტიპატრიოტობის ბრალდებით. ის შეცვალა კრიტიკოსმა შალვა რადიანმა (1950-1955). 1955 წლიდან შ. რადიანი სამუშაოდ გადაიყვანეს უნივერსიტეტში. ინსტიტუტის დირექტორად დანიშნეს დავით გამეზარდაშვილი. გამეზარდაშვილი დირექტორობდა 1955-1957 წლებში. 1957 წლიდან ლიტერატურის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა პოეტი და მკვლევარი გიორგი ლეონიძე, რომელსაც მოგვიანებით, „ჰონორის კაუზას“ წესით, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. გ. ლეონიძე 1966 წელს გარდაიცვალა. 1966 წლიდან 1985 წლამდე ლიტერატურის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ალ. ბარამიძე. ეს თანამდებობა მან ნებაყოფლობით დატოვა ხანდაზმულობის გამო. 1985 წლიდან 1989 წლამდე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა გიორგი ციციშვილს ეკავა. 1989 წლიდან გარდაცვალებამდე (1992 წ.) ინსტიტუტს განაგებდა სარგის ცაიშვილი. 1992 წლიდან ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა გურამ ბარნოვი. 1998-2006 წლებში ინსტიტუტის დირექტორი იყო გურამ ბენაშვილი. 2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორი არის ირმა რატიანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება