ხაკანი შირვანი
ხაკანი შირვანი, ხაყანი შირვანი, აფზალ ალ-დინ ბადილ (დ. 1120/1126, შემახა — გ. 1199, თავრიზი) — სპარსელი პოეტი. დაიბადა ხელოსნის ოჯახში. მამამ, დურგალმა ალიმ, ადრე მიატოვა ცოლ-შვილი. ხაკანი შირვანი აღზარდა ბიძამ და იმ დროის კვალობაზე კარგი განათლება მიაღებინა (შეასწავლა ენები, ფილოსოფია, მედიცინა, ასტრონომია). ხაკანი შირვანი დედით ქრისტიანულ წრეებს უკავშირდებოდა. ჭაბუკი პოეტი დასაწყისში სუფიურმა იდეებმა გაიტაცა, აქედანაა მისი პირველი ფსევდონიმი — „ჰაყაიყი“ (ჭეშმარიტების მაძიებელი). მალე იგი შირვანის ლიტერატურული სკოლის მეთაურმა აბუ ლ-ალა განჯევიმ დაიახლოვა და შირვანშაჰთა სამეფო კარს წარუდგინა.
ხაკანი შირვანი | |
---|---|
სპარს. خاقانی | |
დაბადების თარიღი | 1121[1] |
დაბადების ადგილი | შირვანი, შირვანშაჰების სახელმწიფო[2] |
გარდაცვალების თარიღი | 1199 |
გარდაცვალების ადგილი | თავრიზი, Eldiguzid state |
დასაფლავებულია | Maqbaratoshoara |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
ენა | სპარსული ენა და არაბული ენა |
მოქალაქეობა | შირვანშაჰების სახელმწიფო |
ჟანრი | პოეზია |
აქედან იწყება ხაკანი შირვანის, როგორც მეხოტბე პოეტის, კარიერა, აქედანვე მოდის მისი საბოლოო ზედწოდება „ხაკანი“ („ხაყანისეული“) ე. ი. მბრძანებლის, შირვანშაჰის საკუთრება. ხაკანი შირვანის კასიდები გამოირჩევა ფორმის გართულებით, „ვასფის“ („აღწერა“) მრავალფეროვნებით, მუსიკალობით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ ჟანრის განვითარებაში. პოეტური ტექნიკით გატაცება იგრძნობა ლირიკულ ღაზალებშიც. ხაკანი შირვანიმ ორჯერ იმოგზაურა მექაში. პირველი მოგზაურობის შედეგად (1157) დაწერა მასნავი „ორი ერაყის საჩუქარი“ (ავტობიოგრაფიული ხასიათის პოემა). მან სამეფო კარის პოეტის მძიმე ხვედრი გაიზიარა და ერთხანს შაბურანის ციხეში ამოყო თავი. აქ შექმნა შესანიშნავი ციკლი „ციხის კასიდებისა“. გარდაეცვალა ცოლ-შვილი. სიცოცხლის ბოლო წლები თავრიზში გადახვეწილმა მარტოდმარტომ გაატარა. მძიმე განცდებიას ასახული მის ლირიკულ „ნაწყვეტებსა“ და რობაიებში. შემორჩენილია ხაკანი შირვანის წერილების კრებული. იგი კარგად იცნობდა საქართველოს. „ქრისტიანულ კასიდაში“ ასახელებს ბაგრატიონთა რეზიდენციებს — ნაჭარმაგევსა და მუხრანს. ერთ რობაიში ქართული ენის ცოდნას იჩემებს და მაჯამურ რითმად ქართულ სიტყვას იყენებს. მიმოწერა ჰქონდა ქართველ მოღვაწეებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- კობიძე დ., სპარსული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1975, გვ. 237-241;
- Марр Ю. Н., Чайкин К. И., Хакани-Незами-Руставели, т. 1-2, М.-Л.-Тб., 1935-1966;
- Рафили М., Хагани Ширвани - великий современник Низами, კრ.: Низами т.4, Баку, 1947;
- გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 416.
- ↑ Gershevitch I., Yarshater E., Frye R. N. et al. The Cambridge History of Iran — Cambridge University Press, 1968. — Vol. 5. — P. 569.
- ↑ Moin M. فرهنگ فارسی معین — Amir Kabir Publishers, 1972.