ნემორალური მცენარეულობა

ნემორალური მცენარეულობა (< ლათ. nemoralis — „კორომებში ზრდადი“, < nemus — „კორომი“) — ზომიერი და თბილ-ზომიერი კლიმატის ფოთოლმცვენი ფართოფოთლოვანი ტყეები. არც ისე იშვიათად (კარლ ლინეს დროიდან) ნემორალურ მცენარეულობა უკავშირდება მუხის კორომებს. ფართოფოთლოვან ტყეებში ძირითადი ხეებია: მუხა, წიფელი, რცხილა, ცაცხვი, წაბლი, აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი და სხვ. თავისებურია ამ ტყეებთან დაკავშირებული ქვეტყის სახეობების (თხილი, მაჯაღვერა და სხვ.) და ბალახების შემადგენლობა. ამ უკანასკნელში შედის მრავალი გაზაფხულზე ფოთლის სრულად განვითარებამდე მოყვავილეები: თეთრყვავილა, ცისთვალა, ფრინტა, Hepatica, ჩაწყობილა, ორფერი, ბუჩქისძირა, ღანძილი, ამერიკაში — მერტენზიები და სხვ. ჩრდილის მოყვარული მცენარეებიდან დამახასიათებელია გვიან მოყვავილე, ტყის ფარდის ქვეშ მოქცეული ენდრონიკა, ქრისტესბეჭედა, მუშკოსანი ადოქსა, ბარამბო, ნესტის მოყვარული ისლი და მარცვლოვნები, ბევრია გვიმრა (ჩადუნა, Polystichum, Blechnum, გველის ენა და სხვ.). ნემორალური მცენარეულობა ფართოდ იყო გავრცელებული მესამეული პერიოდის ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მისი შემადგენლობა უფრო მდიდარი იყო, ფართოფოთლოვანი ტყეები მოიცავდა მარადმწვანე სახეობებსაც და ზოგიერთ წიწვოვანს. პლეისტოცენში მათი ფართობი ძლიერ შემცირდა, შემორჩნენ მხოლოდ სამხრეთის რეფუგიუმებში, ოკეანეების ახლოს და მთებში. ბოლო გამყინვარებათაშორის ეპოქაში და ჰოლოცენში კვლავ დაიკავეს ევროპის, აღმოსავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ფართოფოთლოვანი ტყეებისათვის (ნემორალური ელემენტებისათვის) დამახასიათებელი ზოგიერთი ბალახი შემორჩა ციმბირშიც კი (მუქწიწვოვან ტაიგაში).[1]

  1. Камелин Р. В. Неморальная растительность // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 367.