ინტერგლაციალი
ინტერგლაციალი, გამყინვარებათშორისი ეპოქა (ლათ. inter — შორის და glacies — ყინული) — დროის მონაკვეთი მეოთხეული პერიოდის ცივ, მყინვარულ ეპოქებს შორის. ამ დროს შედარებით თბილი ჰავა იყო და ზომიერ განედებში ყინულოვანი ფარი მთლიანად ქრებოდა. კერძოდ, დათბობას მოჰყვა მყინვართა თანდათანობითი გადნობა, შესაბამისი შემცირება, რომლებმაც გამოიწვიეს მყინვარული დანალექური საფრის გაშიშვლება. ღვივდება სითბომოყვარული ფლორისა და ფაუნის გამრავლება, ყალიბდება ნიადაგი, მყინვარული დანალექები იფარებიან კონტინენტური და ზღვიური გლაციგენებით.[1]
განარჩევენ გიუნც-მინდელის, მინდელ-რისის, რის-ვიურმისა და ვიურმის შემდგომ ინტერგლაციალებს. ახალი გამყინვარება იწვევს შემდეგი ყინულოვანი ფარის წარმოქმნას. ინტერგლაციალის ხანგრძლივობა 10–15 ათასიდან ასეულ ათასამდე წელს მოიცავს.[2]
პლეისტოცენის ინტერგლაციალისთვის დამახასიათებელი იყო: თანამედროვესთან ახლოს მდგომი კლიმატი ან უფრო თბილი; ზომიერ განედებში ყინულოვანი ფარის გაქრობა; პოლარულ და მაღალმთიან რაიონებში მყინვარების ფართობის ძლიერი შემცირება; მსოფლიო ოკეანის დონის აწევა თანამედროვემდე; კრიოლითოზონის ფართობის შემცირება; ნიადაგ-მცენარეული ზონების საზღვრების შესამჩნევი გადაადგილება პოლუსების მხარეზე.[3]
კონტინენტური და ზღვიური დანალექების ჭრილში ინტერგლაციალის კვალია სითბომოყვარული ფაუნისა და ფლორის რელიქტების ფენა. განსაკუთრებულად თბილ ინტერგლაციალს, რომლის დროსაც მსოფლიო ოკეანის დონემ თანამედროვეს 6–8 მ-ით გადააჭარბა, ზოგჯერ უწოდებენ სუპერინტერგლაციალს. სავარაუდოდ, ასეთი ხასიათი ჰქონდა მიკულინის ინტერგლაციალს, რომელიც ყოფდა დნეპრისა და ვალდაის გამყინვარებას მეოთხეული გამყინვარების პერიოდის განმავლობაში.[3]
თანამედროვე ინტერგლაციალს, რომელმაც შეცვალა აცივების პერიოდი, ეგრეთ წოდებული „გვიანდელი დრიასი“, ეწოდება გამყინვარების შემდგომი ეპოქა ანუ ჰოლოცენი, რომელიც დაიწყო დაახლოებით 12 ათასი წლის წინ.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Межледниковье // Естествознание. Энциклопедический словарь
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ 3.0 3.1 Межледниковье // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-03. ციტირების თარიღი: 2020-03-24.
- ↑ The 2009 version of the International Stratigraphic Chart