მტირალას ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

მტირალას ეროვნული პარკიეროვნული პარკი საქართველოში, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. განფენილია ქობულეთ-ჩაქვის ქედზე. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში მდებარეობს.[1]

მტირალას ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
უახლოესი ქალაქი ბათუმი
დაარსდა 2006
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეეების ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის, ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას, სწორედ, უხვნალექიანობის გამო შეერქვა.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებითა და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. ქვეტყე დაფარულია შქერიანით, რომელსაც წყავი, კოლხური ჭყორი, კოლხური ბზა და რამდენიმე ტიპის ლიანები ქმნიან.

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარა-ლაზეთის იშვიათი, ენდემური სახეობები და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, როგორებიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა.

ეროვნული პარკის მკვიდრები არიან: მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება შველი, უფრო იშვიათად - გარეული ღორი. ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება. აქ სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს.

მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობენ ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება