ლიეტუვური კულტურა

ლიეტუვური კულტურალიეტუვის ძირძველი ეთნოსის, ლიეტუველების კულტურა, წარმოდგენილი უნიკალური ლიეტუვური ენით, რომელმაც შეითვისა ნორდიკული კულტურის ასპექტები (გერმანელებთან, სკანდინავიელებთან ტერიტორიული სიახლოვის გამო) და აგრეთვე ქრისტიანული ტრადიციები, რაც პოლონეთთან ისტორიული კავშირებით იქნა გაპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ლინგვისტური მსგავსებები მიუთითებს ლატვიასთან მჭიდრო კულტურულ კავშირებზე, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში ლიეტუვაზე გავლენას ახდენდნენ ნორდიკული, გერმანიკული და სლავური კულტურებიც. რთული კულტურული ცვლილებები განხორციელდა ბოლო ეპოქაშიც, როდესაც ლიეტუვა გარდაიქმნა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან დამოუკიდებელ ბალტიისპირა ქვეყნად.

ეთნიკური და ეროვნული იდენტობა

რედაქტირება
 
ყვითელი, მწვანე და წითელი ჰორიზონტალური ხაზები ქმნის ლიეტუვის დროშას

ლიეტუვა ბალტიისპირა ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰომოგენური მოსახლეობით ხასიათდება. 2001 წლის აღწერით მოსახლეობის 83,45 % თავს ეთნიკურ ლიეტუველად მიიჩნევდა, 6,74 % — პოლონელებად, 6,31 % — რუსებად, 1,23 % — ბელარუსებად და 2,27 % — სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებად.[1]

პოლონელები ლიეტუვაში კონცენტრირებულები არიან ვილნიუსის რეგიონში, რაც საშუალებას აძლევთ მათ, რომ მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ქმედებებში, ჰყავდეთ საკუთარი, ეთნიკურობაზე დაფუძნებული პარტია და მოახდინონ გარკვეული გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რუსები შედარებით თანაბრად არიან განაწილებულები ლიეტუვის ტერიტორიაზე. თვით ლიეტუველები კი ტრადიციულად იყოფიან 5 ჯგუფად: ჟმუდელები, იგივე სამოგიტები, იოცვინგიელები, იგივე სუდოვიელები, აუკშტაიტიელები, ძუკიელები და ლიეტუვინინკები (პრუსიელი ლიეტუველები),[2] თუმცა კი ბოლო ჯგუფი, ლიეტუვინიკები თითქმის აღარ არსებობს. ქალაქების მცხოვრებლებს, ჩვეულებრივ, უბრალოდ ლიეტუველებს უწოდებენ.

ლიეტუვის ეთნიკურმა შემადგენლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ისტორიის მსვლელობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ამათგან იყო ებრაელების გაჟლეტა ჰოლოკოსტის პერიოდში. მეორე მსოფლიო ომამდე ლიეტუვის მოსახლეობის დაახლოებით 7.5 % იყვნენ ებრაელები, რომლებსაც ლიეტუველ ებრაელებს ანუ ლიტვაკებს უწოდებდნენ. ვილნიუსის მოსახლეობაში ებრაელები 30 %-ს შეადგენდნენ. თითქმის ყველა ლიეტუველი ებრაელი გაჟლეტილი იქნა ნაცისტური გერმანიის მიერ, ზოგმა კი მოასწრო ემიგრირება, ისე რომ 2001 წლის აღწერით მხოლოდ 4007-მა მოსახლემ გამოაცხადა თავი ებრაელად.[1]

ლიეტუვური ენა ლიეტუვის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ლიეტუვური მიეკუთვნება ინდოევრუპულ ენებს და საკმაოდ ახლო მსგავსება ახასიათებს სანსკრიტთან. ლიეტუვური ენა ლათინურ ანბანს იყენებს. მეცნიერები თვლიან, რომ ლიეტუვურმა ენამ პროტო-ინდოევროპული ენის ელემენტები ყველაზე მცირე ცვლილებებით შემოინახა.[3] არსებობს ლიეტუვური ენის მრავალრიცხოვანი დიალექტები, როგორიცაა მაღალი ლიეტუვური (აუკშტაიტიური) და დაბალი ლიეტუვური (სამოგიტური).[4]

1864–1904 წლების ცენზურის დროს, ლიეტუვურ ენაზე საუბარი მკაცრად კონტროლდებოდა რუსების მიერ და ამ ენაზე წერა ნებადართული იყო მხოლოდ კირილიცის გამოყენებით. ისტორიულ ლიეტუვურ-ლათინურ ანბანზე დაწერილი ლიტერატურა იწვებოდა, იკრძალებოდა ამ შრიფტის გამოყენებით რაიმეს გამოქვეყნება. სკოლებს, სასამართლოებს და გაზეთებს მძიმე ჯარიმების და სასჯელების გადატანა უწევდათ, თუ მაინც სადმე გამოჟონავდა ლათინურშრიფტიანი ტექსტი. დამრღვევებს ციმბირშიც კი აგზავნიდნენ.[5]

ლიეტუვისა და სამოგიტიის გაქრისტიანების შემდეგ (შესაბამისად, საკუთრივ ლიეტუვისა, 1387 წელს და სამოგიტიისა, 1413 წელს, ლიეტუველთა უმრავლესობა გახდა რომაული კათოლიკური ეკლესიის წევრი. 2001 წლის აღწერის თანახმად, ლიეტუველთა 79 % ეკუთვნის რომაულ კათოლიკურ ეკლესიას. მოსახლეობის დაახლოებით 4,9 % ეკუთვნის აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ძირითადად, რუსული უმცირესობა.[6] ლიეტუვის კონსტუტუციის 26-ე მუხლით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმ აღმსარებლობის ქონა, რომელსაც იგი აირჩევს.[7]

კათოლიციზმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიეტუვურ ანტი-კომუნისტური წინააღმდეგობის მოძრაობაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რამდენიმე კათოლიკე მღვდელი ანტი-კომუნისტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ. ათასობით ლათინური რიტუალური ჯვარია აღმართული ჯვრების ბორცვზე შიაულიაის მახლობლად, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე სცადეს ამ მონუმენტის მიწასთან გასწორება ბულდოზერებით 1961 წელს.

განათლება

რედაქტირება
 
ვილნიუსის უნივერსიტეტის დიდი ეზო და წმ. იოანეს სახელობის ეკლესია

განათლება ლიეტუვაში ხელმისაწვდომია სკოლამდელიდან მოზრდილ ასაკამდე. ლიეტუვის კოლეჯები და უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ როგორც საშუალო, ისე უმაღლეს განათლებასაც. სკოლამდელი (ანუ ბაგა-ბაღის) აღზრდა-განათლება ეხება სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს. 7-10 წლის ბავშვები შედიან დაწყებით ანუ პირველად სკოლაში. 11 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდები იღებენ მეორად სასკოლო განათლებას. ამით მთავრდება ზოგადი განათლება და სტუდენტები შედიან კოლეჯებში ან უნივერსიტეტებში სპეციალობების ასათვისებლად.[8] სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს გამოცდა და წარმატების შემთხვევაში ისწავლონ საზღვარგარეთ.[9]

ბაკალავრის ხარისხის მიღებას ტრადიციულად 4 წელი სჭირდება. სამაგისტრო ხარისხი დამატებით ერთ ან ორ წელს მოითხოვს; სადოქტორო ხარისხი მოითხოვს ოთხი წლის მუშაობას.[10]

ლიეტუვის ყველაზე ძველი უნივერსიტეტია ვილნიუსის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსებული იქნა 1579.[11]

ლიეტუვური საკვები და ცხოვრების სტილი

რედაქტირება
 
ლიეტუვური კერძი, ცეპელინაი არაჟნით

ლიეტუვური სამზარეულო ეყრდნობა იმ პროდუქტებს, რომლებიც საუკეთესოდ ეხამება ცივსა და ტენიან ჩრდილოურ კლიმატს: ქერი, კარტოფილი, ჭვავი, ჭარხალი, ფურცლოვანი ბოსტნეული კულტურები ან მწვანილი, კენკრა და სოკო, რომლებიც ადგილობრივად იზრდება, ასევე რძის პროდუქტები ქმნიან მის განსაკუთრებულობას. რადგანაც ლიეტუვას აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან საზიარო კლიმატი და მიწათმოქმედების პრაქტიკა გააჩნია, ლიეტუვური სამზარეულოც ახლოა ზოგ სხვა აღმოსავლეთ-ევროპულ, ასევე აშკენაზის ებრაელების სამზარეულოსთანაც. მიუხედავად ამისა, ლიეტუვურ სამზარეულოს თავისი უნიკალური თვისებებიც გააჩნია, რომელიც ამ ქვეყნის ხანგრძლივი და რთული ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა. თავისი გავლენა მოახდინა გერმანულმა ტრადიციებმაც, მათ შემოიტანეს ღორის ხორცისა და კარტოფილის კერძები, როგორიცაა კარტოფილის პუდინგი („კუგელისი“) და კარტოფილის სოსისები („ვედარაი“), ისევე, როგორც ბაროკოს ხის ნამცხვარი, რომელიც ცნობილია „საკოტის“-ის სახელწოდებით. ყველაზე ეგზოტიკური ყველა სხვა შემოტანილი კერძებიდან არის აღმოსავლეთ ყირიმის კერძები „კიბინაი“ და „ჩებურეკაი“. ტორტი „ნაპოლეონი“ XIX საუკუნეში, ლიეტუვაზე ნაპოლეონის ლაშქრობის გავლის შემდეგ იქნა შემოტანილი.

ხელოვნება

რედაქტირება

მხატვრობა და მუზეუმები

რედაქტირება
 
სამხატვრო გალერეა ვილნიუსში, ჩოდკიევიჩის სასახლეში
 
მიკალოიუს კონსტანტინას ჩიურლიონისი

ლიეტუვის მხატვართა თანასაზოგადოებას სახელი გაუთქვა მიკალოიუს კონსტანტინას ჩიურლიონისმა (1875–1911). ჩიურლიონისი ლიეტუვაში ძლიერ სახელგანთქმული მუსიკოსი და მხატვარი იყო. მისი სიმფონიური კომპოზიციები, Jūra („ზღვა“) და Miške („ტყეში“), წარმოადგენენ ლიეტუველი მუსიკოსის მიერ შექმნილ პირველ სრული სიგრძის ნაწარმოებებს. ეს ორი ნაწარმოები ლიეტუვის ლანდშტაფტის და არე-მარის შთაგონებთ შეიქმნა.[12] ჩიურლიონისის სიკვდილის შემდეგ მისი სახელი მიენიჭა ასტეროიდს 2420 ჩიურლიონისი, რომელიც აღმოჩენილი იყო 1975 წელს.

დღეს ლიეტუვაში ბევრი მუზეუმი არსებობს. ლიეტუვის ხელოვნების მუზეუმი დაარსებული იქნა 1933 წელს და წარმოადგენს მხატვრობის ნიმუშების დაცვისა და გამოფენის მასშტაბების მხრივ ყველაზე უფრო დიდ მუზეუმს ლიეტუვაში.[13]

პალანგას სახელობის ქარვის მუზეუმი ლიეტუვის ხელოვნების მუზეუმის სუბსიდიურ ორგანიზაციას წარმოადგენს. მუზეუმის კოლექციების მთავარ ნაწილს წარმოადგენს ქარვის სხვადასხვა ნიმუშები. სულ გამოფენილია 28 ათასი ნატეხი, მათგან 15 ათასი შეიცავს ჩანართებად უძველეს მწერებს, ობობებს ან მცენარეთა ნაწილებს.[14] 4.500 ქარვის ნატეხი დამუშავებულია ხელოვნურად სამკაულებისათვის.[15] ვილნიუსის გუგენჰეიმის ერმიტაჟის მუზეუმი გამოფენს ახალი მედია-ხელოვნების ნიმუშებს, ნაწილობრივ, ნიუ-იორკის ფილმების არქივის ანთოლოგიას და ფლუქსუს-არტს. მუზეუმი გაიხსნა 2011 წელს.[16]

 
ვიოლეტა ურმანავიჩიუტე, ლიეტუველი მომღერალი, სოპრანო.

ლიეტუვას გააჩნია ხალხური, პოპულარული და კლასიკური მუსიკალური პრაქტიკის ხანგრძლივი ისტორია. ლიეტუვური ხალხური მუსიკა ეფუძნება უმთავრესად ფლეიტებზე, ზითერებზე (კანკლესებზე) და სხვა ინსტრუმენტებზე შესრულებულ პოლიფონიურ მუსიკას.

 
ლიეტუვური ხალხური ანსამბლი-ბენდი კულგრინდა, რომელიც უკრავს ვილნიუსში.

ლიეტუვური ხალხური მუსიკა ეფუძნება სიმღერებს, ლიეტ. daina „დაინა“, რომელთა შორის არის რომანტიკული, საქორწილო, ასევე შრომისა და უფრო არქაული საომარი სიმღერები. ტრადიციული ლიეტუვური ვოკალური მუსიკა მაღალი შეფასებით სარგებლობს მსოფლიოში: ლიეტუვური მუსიკალური ფესტივალები და სუტარტინის მრავალხმიანი სიმღერები შეტანილია იუნესკოს წარმომადგენლობით სიაში, როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრები.

ხალხური სიმღერები სრულდება ჯგუფების ან ინდივიდების მიერ, პარალელურ ხაზებად ან უნისონში. აუკსტაიტიას სუტარტინეს ტრადიციისთვის დამახასიათებელია დუოფონური სიმღერები. ლიეტუვური ხალხური მუსიკის კიდევ ერთ სტილს ჰქვია რატელიაი, რომელიც ფერხულის სახესხვაობას წარმოადგენს. ინსტრუმენტებს შორის აღსანიშნავია კანკლესი, ციტრის სახესხვაობა, რომლითაც აკომპანემენტს უკეთებენ სუტარტინებს, რატელიაის, ვალსებს, კადრილებს, პოლკებს. კანკლესი ხანდახან უკრავს წყვილში ვიოლინოსთან, ასევე ბას-ვიოლინოსთან, რომელსაც ბაზეტლე ეწოდება, სასტვენის სახესხვაობასთან, რომელსაც ლუმზდელის უწოდებენ და ხმით კი კლარნეტს ემსგავსება, ბირბინთან და ა.შ. XIX საუკუნის ბოლოს შემოვიდა იმგვარი მუსიკალური ინსტრუმენტებიც, როგორიცაა კონცერტინა, აკორდეონი და ბანდონეონი. სუტარტინეს აკომპანემენტს უწევს ხოლმე სკუდუჩიაი, სტვირის სახე, რომელსაც ადამიანთა ჯგუფი უკრავეს, ასევე ხის საყვირები (რაგაი და დანდიტესი).

კანკლესი უაღრესად მნიშვნელოვანია ხალხური ინსტრუმენტია. მისი სიმების რიცხვი და მასზე შესრულების ტექნიკა განსხვავდება რეგიონებისდა მიხედვით. სხვა ტრადიციულ ინსტრუმენტებს შორისაა სვილპასი (სასტვენი), დოლები და ტაბალა (გონგის მსგავსი პერკუსიული ინსტრუმენტი), sekminių ragelis (გუდასტვირი) და pūslinė (ხემი, რომელიც მზადდება გამხმარი ბარდით გავსებული შინაური ღორის შარდის ბუშტისგან).

კინო და თეატრი

რედაქტირება
 
ლიეტუველი ხელოვანი იონას მეკასი, რომელიც ამერიკული ავანგარდული კინოს მამამთავრად ითვლება

ლიეტუვას გააჩნია განვითარებული დრამატულ-თეატრალური ხელოვნება. ტარდება ბევრი კინოფესტივალი, როგირიცაა კინო პაბასარისი და AXX სარეკლამო როლიკების ფესტივალი-კონკურსი. ლიეტუვური კინოს ტრადიციები საფუძველს იღებს 1944 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის ოკუპაციის დროიდან.[17] პოპულარულ ლიეტუვურ კლასიკურ ფილმს წარმოადგენს Velnio Nuotaka, რომელიც ხალხური ზღაპრების მიხედვითაა გადაღებული.[18]

ტელევიზია

რედაქტირება

პირველი ლიეტუვურენოვანი არხი ჩართული იქნა 1957 წელს. ლიეტუვას ამჟამად გააჩნია 8 ძირითადი სატელევიზიო არხი, 24 რეგიონალური არხი და 2 არა-ლიეტუვური არხი, რომელზეც ძირითადი ენები დუბლირდება ლიეტუვურ ენაზე შესრულებული თარგმანით. ეროვნულ არხს წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული რადიო და ტელევიზია (Lietuvos televizija; ლიეტუვის ტელევიზია).

ლიეტუვაში ოლიმპიური და არაოლიმპიური სპორტის 80 ფედერაციაა. სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებში შედის კალათბურთი, ფეხბურთი, მძლეოსნობა და ველოსპორტი. პროფესიონალი სპორტსმენები და მწვრთნელები განათლებას იღებენ ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში.

ლიტერატურა და ჟურნალისტიკა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Population by Ethnicity. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-05. ციტირების თარიღი: 2008-09-17.
  2. Vyšniauskaitė, Angelė (2005). „LIETUVIŲ ETNINĖ KULTŪRA – AKCENTAS DAUGIALYPĖJE EUROPOS KULTŪROJE“ (Lithuanian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-22. ციტირების თარიღი: 2008-01-26.
  3. Frucht, Richard (2005). Eastern Europe: An Introduction to the People, Lands, and Culture. ABC-CLIO, გვ. 188. ISBN 1-57607-800-0. 
  4. Minahan, James. Miniature Empires: A Historical Dictionary of the Newly Independent States. Westport, CT: Greenwood Publishing Group, 1998. p. 62. ISBN 0-313-30610-9
  5. "The New York Times Current History". The New York Times. New York:The New York Times Company, 1918. p. 503.
  6. Population by Religious Confession. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania (2005). ციტირების თარიღი: 2008-09-17.
  7. Constitution of the Republic of Lithuania. Seimas of the Republic of Lithuania (2003-03-20). ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  8. Education Statistics: Lithuania დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. . Childinfo. Retrieved September 28, 2008.
  9. UK exams in Lithuania. British Council in Lithuania. Retrieved September 28, 2008.
  10. Lithuania Education System დაარქივებული 2007-08-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Mykolas Romeris University. Retrieved September 28, 2008.
  11. Welcome. Vilnius University. Retrieved September 28, 2008.
  12. Bousfield 2004, Baltic States: Estonia, Latvia & Lithuania, p. 54.
  13. History of the Lithuanian Art Museum დაარქივებული 2011-05-10 საიტზე Wayback Machine. . Lithuanian Art Museum. Retrieved on October 10, 2008.
  14. Places of interest. Palanga Amber Museum დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on March 29, 2007.
  15. Palangos gintaro muziejus. Antanas Tranyzas: The Amber Museum of Palanga დაარქივებული 2007-05-13 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on March 29, 2007.
  16. Zaha Hadid to Design Planned Museum in Lithuania. Bloomberg News. ციტირების თარიღი: 2008-05-24.
  17. Juodelyte, Karina. "Lithuanian cinema strives to find its niche". Baltic Times. September 14, 2005. Retrieved on October 17, 2008.
  18. Bousfield 2004, Baltic States: Estonia, Latvia & Lithuania, p. 55.