ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იონას მეკასი (დ. 24 დეკემბერი, 1922, სემენისკიაი, ლიეტუვა — გ. 23 იანვარი, 2019, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ) — წარმოშობით ლიეტუველი, ამერიკელი კინორეჟისორი, პოეტი და მხატვარი, რომელსაც ხშირად ამერიკული ავანგარდული კინოს ნათლიას უწოდებენ.

იონას მეკასი
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1922
სემენისკიაი, ლიეტუვა
გარდაცვალების თარიღი 23 იანვარი, 2019 (96 წლის)
ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი მაინცის უნივერსიტეტი
საქმიანობა რეჟისორი, პოეტი, მხატვარი
მეუღლე(ები) ჰოლის მელტონი
შვილ(ებ)ი 2

ადრეული ცხოვრება და კინო-კარიერა

რედაქტირება

1944 წელს მეკასმა და მისმა ძმამ ლიეტუვა დატოვეს, რათა წითელ არმიას გაქცეოდნენ, მაგრამ მათი მატარებელი გერმანიაში გააჩერეს და ის და მისი ძმა, ადოლფას მეკასი ელმშორნის შრომა-გასწორების ბანაკში 9 თვით გამოამწყვდიეს. ძმებმა მოახერხეს გამოქცევა და ახლოს მდებარე ფერმაში ორი თვით თავის შეფარება, სანამ ომი დასრულდებოდა.

ომის დასრულების შემდეგ, 1946 წლიდან 1948 წლამდე ის ფილოსოფიას შეისწავლიდა მაინცის უნივერსიტეტში.[1]

ნიუ-იორკში მისი ჩამოსვლიდან მალევე მან კამერა შეიძინა და თავისი ცხოვრებიდან მომენტების გადაღება დაიწყო. ის მალევე ჩაერთო ამერიკული ავანგარდული კინოს მოძრაობაში. 1954 წელს იონას მეკასმა თავის ძმასთან ერთად ჟურნალის გამოშვება დაიწყო, სახელად Film Culture, რომელიც აშშ-ში ყველაზე მნიშვნელოვანი კინოპუბლიკაცია გახდა.

1962 წელს მან დააფუძნა კინორეჟისორების გაერთიანება[2]

ამ დროის განმავლობაში ის აგრძელებდა ლექსების წერასა და ფილმების გადაღებას. გამოცემული აქვს 20-ზე მეტი წიგნი პროზისა და პოეზიის ჟანრებში, რომლებიც ნათარგმნია ათეულობით ენაზე. მისი ლიეტუვური პოეზია ნაწილია ლიეტუვური კლასიკური ლიტერატურისა, ხოლო მისი ფილმების ნახვა შესაძლებელია მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში. [3] მეკასს ასევე უმუშავია როგორც აკადემიკოსს.

მეკასის კინოს შექმნის სტილი, როგორც მან თქვა ერთხელ, იყო მისი ძალიან დიდი ძალისხმევისა და მკაცრად გაწერილი განრიგის პირდაპირი შედეგი. ის იმდენად დაკავებული იყო, რომ ხანდახან მოკლე ფრაგმენტებს იღებდა, დღიურის ან „სკეჩბუქის“ სტილში. „მე მქონდა ძალიან ცოტა დრო, ძალიან ცოტა ფილმის გადასაღებად. ყველა ჩემი ნამუშევარი ჩანაწერს დაემსგავსა,“ - თქვა მან ნიუ იურკის უნივერსიტეტში, 1978 წელს, ლექციისას.

იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ისეთი ინსტიტუციებისა, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ხელს უწყობდნენ დამოუკიდებელ კინორეჟისორებს, მათ შორისაა ნიუ-იორკში დაარსებული ჟურნალი Film Culture, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოდიოდა 1955 წლიდან 1996 წლამდე; ასევეა Anthology Film Archives - ექსპერიმენტული კინოს წამყვანი ბიბლიოთეკა და მუზეუმი. „ჰოლივუდი გვიჩვენებს გამარტივებულ რეალობებს, გაბანალურებულ გრძნობებს, იდეას, აზრებს. ხოლო, ავანგარდული კინო კი, უფრო ფაქიზ ნიუანსებს გამოცდილებისა, ემოციებისა, იდეებისა და პერცეფციებისა, - ის შუქს ფენს მათ“ - ამბობდა მეკასი.

 
კადრი იონას მეკასის ფილმიდან


1962 წელს, მან და კიდევ ოცმა სხვა კინორეჟისორმა, კინორეჟისორების გაერთიანება, დააარსეს. მათ ამ გაერთიანების არსებობა მანიფესტით დაამოწმეს, რომელშიც მეინსტრიმულ კინოს „მორალურად გახრწნილს, ესთეტიკურად დრომოჭმულს, თემატურად ხელოვნურს, ტემპერამენტულად მოსაწყენს“ უწოდებდნენ და უარყოფდნენ ყველა სახის ცენზურას.

„1. ჩვენ გვჯერა, რომ კინო განუყოფელია პიროვნების მიერ საკუთარი თავის გამოხატვასთან. მაშასადამე, ჩვენ უარვყოფთ პროდუსერების, დისტრიბუტორებისა და ინვესტორების ჩარევას იქამდე, სანამ ჩვენი ნამუშევრები მზად არ იქნება ეკრანზე წარსადგენად.

2. ჩვენ უარვყოფთ ცენზურას. არასოდეს მოგვიწერია ხელი რაიმე სახის ხელშეკრულებაზე ცენზურასთან დაკავშირებით. ასევე, არ ვეთანხმებით ისეთ რელიქვიებსაც, როგორიცაა ლიცენზია ფილმისათვის. არცერთ წიგნს, სპექტაკლს ან პოემას, არცერთ ნაწილს მუსიკისა, არ სჭირდება ლიცენზია ვინმესგან“.

მეკასის პირველი საკუთარი ფილმი, “Guns of the Trees” (1961), ასახავდა ორი წყვილის ცხოვრებას ნიუ-იორკში, იქამდე და მას შემდეგ, რაც ქალებიდან ერთ-ერთმა თავი მოიკლა.

„ესაა ის, რაც არის ჩემთვის ავანგარდი, - ამბობდა იონასი, - კეთება განსხვავებული კონტენტის, განსხვავებული ტექნიკისა და განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით“.

„მე, უბრალოდ, ჩემს ცხოვრებას ვიღებ. არ მაქვს გეგმა, არ მაქვს სცენარი. არ ვიცი, რა ხანგრძლივობის იქნება ფილმი საბოლოოდ. რეჟისორებმა, ასე თუ ისე, იციან, თუ რა იქნება ფილმი, და რა უნდათ, რომ იყოს ის. ისინი აგროვებენ მასალას, რომ შექმნან ფილმი. ისინი კინორეჟისორები არიან, ისინი ქმნიან ფილმებს. მათ აქვთ პროგრამა, აქვთ გეგმა, იდეა. მე არ მაქვს. მე, უბრალოდ, ვიღებ“.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იონას_მეკასი“-დან