გუდასტვირი, გუდა-სტვირი[1] — ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლური და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშაური სტვირგუდა.

გუდასტვირი (ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების ეროვნული მუზეუმი)

გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. დედნები მზადდება დუდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. მარჯვნივ დედანს „მთქმელი“ ეწოდება, მარცხენას — „ბანი“. თვლების რაოდენობა დამოკიდებულია გუდასტვირის სახეობაზე, მაგ. ქართლური და რაჭული გუდასტვირების „მთქმელზე“ ამოჭრილია 6, „ბანზე“ კი 3 თვალი. აჭარულ ჭიბონზე 5 და 3, მესხურზე — 5 და 5, ფშავურ სტვირგუდაზე — 3 და 1. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938;
  • ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, წგნ. 1, თბ., 1948;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თოფურია ვ., გიგინეიშვილი ი., ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ.: „განათლება“, 1998. — გვ. 192.