ქარვა — ორგანულ ნაერთთა კლასის მინერალი. წარმოადგენს მეტწილად პალეოგენური პერიოდის წიწვოვან მცენარეთა განამარხებულ ფისს. ამორფულია. გვხვდება ნაღვენთი, წვეთისებრი და ლინზისებრი წარმონაქმნების, აგრეთვე მათი ნატეხების სახით. ზომა ჩვეულებრივ 2–30 მმ, მაქსიმალური მასა 10 კგ. ყვითელია ან მოწითალო ფერის, იშვიათად — უფერული გამჭვირვალე და თეთრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2–2,5; სიმკვრივე 1050–1120 კგ/მ³.[1]

ქარვა
საერთო
ქიმიური ფორმულაC10H16O+(H2S)
იდენტიფიკაცია
ფერიღია ყვითელი ფერიდან მოყავისფრომდე; წითელი, თითქმის უფერული, რძისფერი-თეთრი, მომწვანო
სიმაგრე მოოსის სკალით2–2,5
სიმკვრივე1050–1120 კგ/მ³
ლღვობის ტემპერატურა350–380°C

ქარვა წარმოიქმნება ფისის სპეციფიკური ფოსილიზაციის შედეგად. გაცხელებისას დნება, ადვილად იწვის. აქვს კარგი დიალექტრიკული თვისებები. ადვილად მუშავდება. უხსოვარი დროიდან იყენებენ სანახელავო ქვად. ვინაიდან რბილი სახით ყალიბდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქარვის ნატეხში სხვადასხვა მწერებს პოულობენ.[2]

ქარვის ყველაზე დიდ მომწოდებლად რუსეთი (კალინინგრადი) ითვლება. მეორე ყველაზე დიდი მომწოდებელი ბალტიისპირეთია. ქარვის მოპოვება ასევე შესაძლებელია იტალიაში, ჩინეთში, იაპონიაში, მექსიკაში, კანადაში და აშშ-ში. ასევე დომინიკელთა რესპუბლიკა განთქმულია ძალიან უცნაური და იშვიათი ცისფერი ქარვის ნაირსახეობით.[2]

დაწნეხილ ქარვას — ამბროიდს იყენებენ იზოლატორებისა და იაფფასიანი სამკაულების დასამზადებლად. დაბალი ხარისხის ქარვის მშრალად გამოხდით იღებენ ქარვის კოლოფონს, რომელსაც იყენებენ ლაქ-საღებავებისა და სხვა წარმოებაში.[1]

ამ ქვას სპარსულად ჰქვია „ქაჰრუბა“ და ნიშნავს „ჩალის მტაცებელს“, რაც ხახუნით ჩალის ფიორების მიზიდვის თვისებას გამოხატავს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ქარვა ესე არს ნივთი ყვითელი, რომელი გამოიღების ლიტოვის ზღვიდამი, ვიდრე წყალთა შინა, ლბილ არს და რა გამოიღების განიფიტების“. ძველი წარმოდგენით, ქარვა — ესაა ღვთაებრივი წარმოშობის იდუმალი, ყვითელი ფისი. საქართველოში ქარვა უცხოეთიდან შემოჰქონდათ და საინტერესოა, რომ იგი გვხვდება ბრინჯაოს ხანის მასალებში, რაც სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დადასტურების საბუთადაა მიჩნეული.[3]

რადგან მისი სამშობლო ბალტიისპირეთია, შესაძლებელია, ხმელთაშუა ზღვის გავლით იყო შემოსული საქართველოში. ქარვა საკმაოდ გავრცელებულია ანტიკურ პერიოდშიც და იგი გვხვდება მცხეთის, ურეკის და ვანის სამარხებში. XVIII საუკუნის თბილისში კრიალოსნების საკეთებელ ქარხანაში ქარვის მძივებიც უმზადებიათ.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Янтарь | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 2020-12-31.
  2. 2.0 2.1 ქარვა | KeliStones
  3. 3.0 3.1 ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.