რომაული ლიტერატურა

(გადამისამართდა გვერდიდან ლათინური ლიტერატურა)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რომაული ლიტერატურა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რომაული ლიტერატურა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

რომაული ლიტერატურა წარმოადგენს ლათინურ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომის დაცემამდე. რომაულ ლიტერატურას ძველ ბერძნულ ლიტერატურასთან ერთად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ანტიკურ ლიტერატურაში. მიუხედავად სიძველისა იგი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. რომაული ლიტერატურის უძველესი ძეგლები ძვ. წ. III საუკუნეს მიეკუთვნება. მან განიცადა ბერძნული ლიტერატურის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოირჩევა ორიგინალურობით. ასევე რომაულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა ბერძნულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე.

ვერგილიუსის ხელნაწერიდან ფრაგმენტი

რომაული ლიტერატურის დაყოფა ხდება ეპოქების მიხედვით და ყოველ ეპოქას თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

უძველესი პერიოდი

მხატვრული ლიტერატურა რომში წარმოიშვა შედარებით გვიან. რომი უკვე ჩამოყალიბებული ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომელიც აკონტროლებდა თითქმის მთელ იტალიას, ხოლო ლიტერატურა კი როგორც ასეთი ჯერ ჩანასახოვან სტადიაზე იყო. ფართოდ გავრცელებული იყო ფოლკლორი, მითები და ლეგენდები, ასევე რიტუალური გიმნები, მაგრამ ლიტერატურა თანამედროვე გაგებით არ არსებობდა.

ლიტერატურის განვითარების ასეთ სურათზე ალბათ იმან იმოქმედა, რომ ბერძნულ გავლენამდე რომაელები განიცდიდნენ ეტრუსკული კულტურის გავლენას, ხოლო ამ უკანასკნელებს უმეტესად რელიგიური დანიშნულების მწერლობა ჰქონდათ და არა მხატვრული ლიტერატურა. შესაბამისად რომშიც მწერლობა რელიგიას ემსახურებოდა.

რომაული პოეზიის უძველესი ძეგლებიც სწორად რელიგიური გიმნებია. ტიტუს ლივიუსისგან ვიცით თუ რა სახით შემოვიდა ეტრუსკებისგან რელიგიური გიმნების სიმღერის ტრადიცია. ეს ძვ. წ. 364 წელს მოხდა, ეპიდემიის დროს ღმერთების გულის მოსაგებად რომაელებმა ეტრუსკი მომღერლები მოიწვიეს გიმნების შესასრულებლად.

რომაული ფოლკლორი როგორც ავღნისნეთ ძალიან მდიდარია. რომაელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ ქალაქის ისტორიას სავარაუდო დაარსების თარიღიდან ძვ. წ. 753 წლიდან საკმაოდ ზუსტად და დაწვრილებით, თუმცა ისინიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ ამ დაარსების სესახებ არსებულ გადმოცემებს. ლივიუსი გვამცნობს რომ ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს გა გადაწვეს, ამიტომ მანამდე მომხდარი მოვლენები არა დოკუმენტურად არამედ გადმოცემების სახით უფრო შემორჩა.

პირველ რომაელ მწერალად მიიჩნევენ აპიუს კლავდიუს ბრმას, რომელიც ძვ. წ. IV - III საუკუნეების პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან შექმნა სენტენციების კრებული, რომელმაც ძალიან მწირად მოაღწია ჩვენამდე, ჩაატარა ორთოგრაფიის რეფორმა, დაწერა იურიდიული ტრაქტატები და ერთი სამხედრო პოლიტიკური სიტყვა პიროსის წინააღმდეგ.

არქაული პერიოდი

დიდი საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ დაიწყო რომაული კულტურის ელინიზაცია. III საუკუნის შუა პერიოდისთვის ეტრურიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა, მათი გავლენა კი ბერძნულმა გავლენამ ჩაანაცვლა. თუ მანამდე განათლებულმა რომაელებმა მშობლიური ლათინურის გარდა იცოდნენ ეტრუსკული ენა ახლა უკვე ბერძნულს სწავლობდნენ. ამან გამოიწვია რომაელების მიერ ბერძნული ლიტერატურის გაცნობა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული იყო.

რომში ბერძნული ლიტერატურის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ლივიუს ანდრონიკუსმა, რომელიც ტყვედ იყო ჩამოყვანილი რომში. იგი ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. მან პირველად თარგმნა ჰომეროსის პოემა ოდისეა ლათინურად. ამის გარდა იგი თეატრისთვის წერდა და თარგმნიდა პიესებს. მიუხედავად იმისა რომ მის ლათინურს საკმაოდ ცუდად აფასებდნენ, მან მოახდინა რომის კულტურაში ნამდვილი რევოლუცია.

პოეზია

გნეუს ნევიუსი

პირველი რომაელი პოეტი გახდა გნეუს ნევიუსი. იგი მოღვაწერობდა პირველი პუნიკური ომის შემდეგ. ნევიუსმა გაამდიდრა პოეზია და კომედია რომაული სიუჟეტებით. კომედიებში იგი ღიად დასცინოდა რომის სახელმწიფო მოღვაწეებს, რისთვისაც მოგვიანებით სასტიკად დაისაჯა. მან დაწერა პოემა "პირველი პუნიკური ომის შესახებ" რომელიც ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო.

კვინტუს ენიუსი

მეორე განთქმული რომაელი პოეტი იყო კვინტუს ენიუსი, რომლის ეპიკურ პოემას ანალები ვერგილიუსის ენეიდამდე ბადალი არ ჰყავდა. მიუხედავად იმისა რომ იგი არ იყო ლათინი და ლათინური ენა მისთვის მსობლიური არ იყო, მან მოახდინა რომაულ პოეზიაში გადატრიალება. მან ლათინური პოეზიისთვის დამახასიათებელი ლექსის წყობა შეცვალა.

პროზა

პოეზიისგან და დრამისგან განსხვავებით პროზა რომში უფრო მოგვიანებით განვითარდა. რომაული პროზის პირველი ცნობილი წარმომადგენელია მარკუს პორციუს კატონი (უფროსი). იგი ძირითადად ისტორიასა და ორატორობაზე წერდა, რაც მოგვიანებით რომაული მხატვრული პროზის ძირითადი ჟანრები გახდა. კატონი ბერძნული გავლების დიდი მოწინააღმდეგე იყო და ცდილობდა თავისი პროზით დაემტკიცებინა რომ ბერძნული გავლენის გარეშეც შეუძლიათ რომაელებს საკუთარი ლიტერატურის შექმნა.

ისტორიოგრაფია რომაელთათვის არ იყო ახალი, მაგრამ კატონამდე რომაელი ისტოტრიკოსები (უმცროსი ანალისტები) წერდნენ ბერძნულად, რადგან რომის ისტორია წარმოადგენდა რომის სიდიადის პროპაგანდის საშუალებას ხმელთაშუაზღვისპირეთში, ამიტომ განკუთვნილი იყო არა რომაელებისთვის არამედ უმეტესად ბერძნებისთვის.

ციცერონისთვის ცნობილი იყო კატონის 150 სიტყვა. მის ნაწარმოებებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "საწყისები" (Origines), რომისა და იტალიის ისტორიის შესახებ. ჩვენამდე სრულად კატონის ვერცერთმა ნაწარმოებმა ვერ მოაღწია.

კომედია

პლავტუსი

მოცემული პერიოდის ყველაზე გამოჩენილი რომაელი კომედიოგრაფი იყო ტიტუს მაკციუს პლავტუსი. მას 130 კომედიას მიაწერდნენ, მაგრამ ძვ. წ. I საუკუნეში რომაელმა მეცნიერმა ვარონმა მხოლოდ 21 კომედია მიიჩნია ნამდვილად პლავტუსის ავტორობით. ამ კომედიებმა დღემდე მოაღწია. მათ შორის ყველაზე პოპულარულებია "განძი", "კურკულიონი", "ტყუპები", "ტრაბახა მეომარი", "მატყუარა მონა", "ტყვეები" და "ამფიტრიონი".

ტერენციუსი

პუბლიუს ტერენციუსი წარმოშვებით კართაგენელი იყო. მან დაწერა 6 კომედია, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ესენია: "ადრიანიკა" (ძვ. წ. 166), "დედამთილი" (ძვ. წ. 165), "თვითმგვემი" (ძვ. წ. 163), "საჭურისი" (ძვ. წ. 161), "ფორმიონი" (ძვ. წ. 161) და "ძმები" (ძვ. წ. 160). მისი კომედიები უკვე სუფთა რომაული იყო და მოქმედი პირები არა ბერძნები, არამედ რომაელები იყვნენ.

სხვა კომედიოგრაფები

ცეცილიუს სტაციუსი

ტრაგედია

კომედიაზე მეტად, ბერძნული გავლენა იგრძნობა რომაულ ტრაგედიაში. რომში ტრაგედიებს წერდნენ ენიუსი და სხვა დრამატურგები, მაგრამ ტრაგედიამ ვერ დაიმკვიდრა რომში თავი. რამდენადაც პოპულარული იყო კომედია, იმდენად წარუმატებელი გახდა ტრაგედია. თანაც რომაულ მითოლოგიაში ტრაგედიისთვის შესაბამისი სიუჟეტები არ არსებობდა. ამრიგად ტრაგედიამ რომის ფართო მასებში პოპულარობას ვერ მიაღწია და ვიწრო განათლებული წრის ხვედრი გახდა.

ლიტერატურის ოქროს ხანა

ლიტერატურის კლასიკური პერიოდი იწყება ძვ. წ. II საუკუნის ბოლოდან. ლიტერატურის საგანი გახდა პოლიტიკური მდგომარეობა და რომში წარმოიშვა პუბლიცისტიკა. პოლიტიკოსები თავის სიტყვებს აქვეყნებენ, წერენ ბიოგრაფიებს და ავტობიოგრაფიებს, მემუარებს და ა.შ. გაიუს გრაქხუსი თავის პოლიტიკურ პროგრამას აქვეყნებს "ეპისტოლეს" სახით. ამ პერიოდში ასევე სწრაფად განვითარდა ისტორიოგრაფია. საბოლოოდ გარომაულდა კომედიაც. ამ ჟანრმა ჩამოიშორა ბერძნული სიუჟეტების გავლენა და სუფთა რომაულ რეალიებს ასახავდა.

სატირა

რომში წარმოიშვა სრულიად ახალი ჟანრი, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბერძნულ ლიტერატურაში, ეს არის სატირა. სატირის ფუძემდებელი არის გაიუს ლუცილიუსი. სატირაში ავტორი უშიშრად აკრიტიკებდა თავის თანამედროვეობის ზნეობის ვარდნას. ამ ჟანრმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა.

პროზა

 
ციცერონი

ციცერონი

ოქროს ხანის ლათინური პროზის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია მარკუს ტულიუს ციცერონი. რომის რესპუბლიკის უდიდესი ორატორის მოღვაწეობით იწყება ლათინური ლიტერატურის ოქროს ხანა, ანუ კლასიკური ლათინური.

ციცერონის ლიტერატურული მოღვაწეობა ძალიან მდიდარია. მას ეკუთვნის სიტყვები ორატორულ ხელოვნებაზე, იურისპრუდენციაზე, რომაულ სამართალზე, სახელმწიფო წყობაზე და ა.შ. მის ორატორულ ხელოვნებაში ლათინური ენა აყვანილია ახალ სიმაღლეებზე. მას ასევე ეკუთვნის ნამუშევრები ორატორული ხელოვნების თეორიაზე, ფილოსოფიაზე და ისტორიაზე.

გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა რომაელი ლიტერატორებისთვის მისაბაძი ეტალონი.

კეისარი

გაიუს იულიუს კეისარი რომაული ლიტერატურის სრულიად განსხვავებულ სტილს გვთავაზობს. მისი ორატორობა სრულიად განსხვავდება ციცერონისეულ გამდიდრებული აზიური სტილისგან. იგი იყო მშრალი ლაკონიური ახალატიური სტილის წარმომადგენელი, თუმცა სიმშრალე მის ლიტერატურას სულაც არ ავნებს. კეისარის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია "გალური ომების შესახებ ჩანაწერებმა" და "სამოქალაქო ომის შესახებ ჩანაწერებმა". ამ ნაწარმოებების ენა ლაკონიური და მკაფიოა.

სხვა ორატორები და პროზაიკოსები

ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ორატორები გორტენზიუსი, მარკუს ბრუტუსი, მაგრამ მათმა შემოქმედებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.

პროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო მარკუს ტერენციუს ვარონი, რომელიც წერდა ფილოსოფიაზე, ფილოლოგიაზე, სიძველეებზე, ორატორობის თეორიაზე, სამართალზე, ნავიგაციაზე, სასოფლო მეურნეობაზე და ა.შ. კატონის შემდეგ იგი იყო რომაული მეცნიერული პროზის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

ისტორიოგრაფია

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ პერიოდში განვითარდა რომაული ისტორიოგრაფიაც. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ ტიტუს ლივიუსი, გაიუს სალუსტიუს კრისპუსი და კორნელიუს ნეპოსი. მათ ლიტერატურა ახალ დონეზე აიყვანეს, როდესაც მხატვრულ პროზას უკვე ორატორობასთან ჭიდილი შეეძლო.

 
ტიტუს ლივიუსი
ტიტუს ლივიუსი

ტიტუს ლივიუსმა ახალი დიდი ნაბიჯი გადადგა რომაულ ისტორიოგრაფიაში. მან დაისახა გრანდიოზული ამოცანა - აღეწერა რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან. თანამედროვე მკვლევარები ლივიუსს აბრალებენ ანალიზის არ ქონას და წყაროებისადმი ზედმეტ ნდობას, მაგრამ ლივიუს არც ჰქონდა მიზნად დასახყული მოვლენების გაანალიზება, ხოლო რაც შეეხება წყაროებს იგი თვითონ უსვავს ხაზს რომის დაარსების ლეგენდისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, შემდეგ კი გალების მიერ რომის აღებაზე იგი მიუთითებს რომ მანამდე აღწერილი მოვლენები ნახევრად ლეგენდარულია და გადმოცემებითაა ცნობილი. კრიტიკის მიუხედავად უნდა ვაღიაროთ რომ ლივიუსის ნაშრომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემულ დარგში. მისი ისტორიის მხოლოდ 1/4 მოაღწია ჩვენამდე.

ლივიუსის ლიტერატურული ნიჭი კი ყველა შეფასებით უმაღლეს დონეზეა, იგი ცოცხალი ენით აღწერს მოვლენებს, გადმოგვცემს გმირების სიტყვებს და მიისწრაფის წარსულის გმირობები ახალი თაობისთვიოს მაგალითი გახადოს. როგორც ლიტერატურული ეპოსი "რომის ისტორიას" ბადალი არ ჰყავს. ერთ-ერთმა თანამედროვე მკვლევარმა ლივიუსს რომაელი ჰომეროსი უწოდა.

 
ჰორაციუსი

პოეზია

რომაული პოეზიის ოქროს ხანა უფრო გვიან დადგა, ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოების როლის შემცირებამ და ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბებამ ორატორობას მნიშვნელობა შეუმცირა, მაგრამ პოეზიის განვითარებას მისცა ბიძგი. ამ დროს მოდაში შემოდის ნაწარმოებების საჯაროთ კითხვა და ლიტერატურული წრეების ჩამოყალიბება. ყველაზე ცნობილია მეცენატის წრე, რომელშიც შედიოდნენ ვერგილიუსი და ჰორაციუსი, რომლებიც რომაული პოეზიის უმნიშვნელოვანესს წარმომადგენლებად ითვლებიან. ვერგილიუსის ყველაზე მნიშვნელოვანი პოემაა "ენეიდა", რომელიც ლათინური ეპიკური პოეზიის შედევრს წარმოადგენს.

 
ოვიდიუსი

ჰორაციუსი წერდა ლირიკულ ლექსებს, ოდებს. მის შემოქმედებაში იგრძნობა ბერძნული პოეზიის დიდი გავლენა. ამავე პერიოდში განვითარდა ელეგია, რომელიც მაშინ არ მიეკუთვნელობა ლირიკურ პოეზიას. ელეგია როგორც წესი სასიყვარულო ჟანრი იყო. ამ ჟანრის ცნობილიწარმომადგენლები არიან ალბიუს ტიბულუსი, სექსტუს პროპერციუსი და პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი. სწორედ ამ პოეტების შემოქმედებაა რომაული პოეზიის ოქროს ხანა.

სხვა მნიშვნელოვანი მოღვაწეები

ლიტერატურის ვერცხლის ხანა

ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნე რომაულ ლიტერატურასი ვერცხლის ხანადაა ცნობილი. ლიტერატურამ შეწყვიტა აქტიური განვითარება და საცაა დაღმავლობის გზას დაადგება, მიუხედავად იმისა რომ ამ საუკუნეში ძალიან ბევრი მწერალი და პოეტი მოღვაწეობდა. პირობითად ვერცხლის ხანად აღინიშნება პერიოდი ტიბერიუსის მმართველობიდან ტრაიანეს გარდაცვალებამდე.

წინა ეპოქისგან განსხვავებით ამ პერიოდში შეიბოწა სიტყვის თავისუფლება, რაც უარყოფითად აისახა ლიტერატურაზე, მიუხედავად იმისა რომ იმპერატორები ნერონი და დომიციანე ყველანაერად ხელს უწყობდნენ მწერლობას, ლიტერატურამ დაკარგა უწინდებური მაშტაბურობა.

რიტორიკა

სიტყვის თავისუფლების მოსპობისა და საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების შებოჭვის შედეგად ორატორულმა ხელოვნებამ დაკარგა თავისი უწინდებური მნიშვნელობა. რომის იმპერიის ეპოქაში მას რიტორიკა ჩაენაცვლა, რომელიც მხოლოდ სასამართლოებში გამოიყენებოდა. რიტორიკას არ გააჩნდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა, მთავარი აქცენტი კეთდებოდა გარეგნულ ეფექტზე.

პოეზია

ახალი დროის პოეტები ბაძავდნენ ვერგილიუსს. ისინი მხოლოდ აკომპილირებდნენ ეპიკურ პოეზიას და რიტორიკულ დეკლამაციას. ნერონის დროს განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ეპიკური ჟანრის მიმდევრები: ლუკანი, ვალერიუს ფლაკუსი, სილიუს იტალიკუსი, სტაციუსი. პოეზიის გარდა დეკლამაციამ შეაღწია ტრაგედიასიც, რომელსაც შემატა პათოსი.

I საუკუნის მიწურულს მოღვაწეობდა კიდევ ერთი სატირიკოსი მარკუს ვალერიუს მარციალუსი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ეპიგრამებით.

სენეკას სტილი

 
სენეკა

დეკლამაციური ტრაგედიის წარმომადგენელი იყო ლუციუს ანეუს სენეკაც, რომლის ტრაგედიებმაც მოაღწია ჩვენამდე. ტრაგედიების გარდა იგი წერდა ფილოსოფიურ და პოეტურ ნაწარმოებებს. სენეკას დროს არისტოკრატია სრულიად ემორჩილებოდა იმპერატორს და ოპოზიციური აზრი სასტიკად ისჯებოდა, ამიტომ ლიტერატურა არ ისახავდა მიზნად აშკარად გამოეხატა ხალხის დამოკიდებულება არსებული სიტუაციისადმი, არამედ ზოგადად ეთიკურ საკითხებზე იყო მიმართული. შეიქმნა ახალი რიტორიკურ დეკლამაციური სტილი, რომელმაც შეცვალა ძველი ციცერონისეული სტილი.

სენეკას ლიტერატურული მემკვიდრეობა შედგება ფილოსოფიური და პოეტური ნაწაროებებისგან. ფილოსოფიურებს მიეკუთვნება: 1. ეპისტოლეები 2. ტრაქტატები დიალოგები ეთიკაზე ("სიბრაზეზე", "სიცოცხლის ხანმოკლეობაზე", "სიკეთეზე", "ბრძენის სიმტკიცეზე", "ბედნიერ ცხოვრებაზე", "თავისუფალ დროზე", "სულიერ სიმშვიდეზე" და ა.შ.). პოეტურ ნაწარმოებებს კი მიეკუთხვნება სატირიკონი მოკლულ იმპერატორ კლავდიუსზე და 10 ტრაგედია: "გაგიჟებული ჰერკულესი", "ტროელი ქალები", "ფინიკიელი ქალები", "მედეა", "ფედრა", "ოიდიპოსი", "აგამემნონი", "ტიესტი", "ჰერკულესი ეტაზე" და "ოქტავია".

სატირა

ნერონის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატირიკოსი არის გაიუს პეტრონიუსი. მის შესახებ არანაირი ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მას მიაწერენ ცნობილ ნაწარმოებს "სატირიკონს" (სატირის წიგნები). ამ ნაწარმოებმა ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებად მოარწია. სატირიკონი დაწერილია პროზით, მაგრამ მასში უხვადაა ჩართული ლექსები. სატირიკონში ნაჩვენებია იმ დროინდელი რომაული ყველა სოციალური ფენის ყოფა ცხოვრება. პერტონიუსის გმირები ასახავენ იმ დროინდელი ხალხის განწყობას, მათ არ აქვთ არაფრის რწმენა და პატივისცემა არ აქვთ ცხოვრების მიზანი და მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობენ.

დომიციანეს სიკვდილის შემდეგ სიტყვის თავისუფლება იმდენად აღარ იბოჭებოდა, რამაც მწერლებს მეტი თავისუფლება მისცა. ამ პერიოდში მოღვაწეობდა დეციმუს იუნიუს იუვენალისი. თავის სატირებში იგი ამხელსს უმეტესად დომიციანეს და ნერონის დროის მმაღალგვაროვანი საზოგადოების უზნეობებს, თუმცა ამაში ამოიცნობიან მისთვის თანამედროვე მოხელეებიც.

პროზა

I საუკუნის მიწურულის პროზის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია პლინიუს უმცროსი. მან შეადგინა წერილების კრებული და 9 წიგნად გამოსცა, ხოლო მისი კრებულის მეათე წიგნი სავარაუდოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, აქ არის მისი მიმოწერა იმპერატორ ტრაიანესთან. პლინიუსის წერილები მნიშვნელოვაია არა მხოლოდ როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ როგორც იმ დროინდელი ყოფაცხოვრების შესასწავლი მასალა. პლინიუსის წერილები უამრავ სხვადასხვა თემებს ეხება, ორატორობას, რიტორიკას, სასამართლო პროცესებს, მემკვიდრეობას, სიზმრებისაგმი დამოკიდებულებას, ოჯახურ ურთიერთობებს და ა.შ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს მისი წერილები ვულკან ვეზუვის ამოფრქვევაზე.

ამავე ეპოქის პროზის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი. მას ბევრი მკვლევარი ისტორიკოსობას მიაწერს, რადგან დღემდე სრულად მისმა მხოლოდ ერთმა ნაშრომმა "12 კეისარის ცხოვრებამ" მოაღწია. სვეტონიუსი, ისევე როგორც პლინიუსი არ იყო მხატვრული ლიტერატურის წარმომადგენელი, მისთვის უფრო ზუსტი განსაზღვრება იქნება ენციკლოპედისტი. 12 კეისარის გარდა მან დაწერა ცნობილი ხალხის, ცნობილი გრამატიკოსების, რიტორიკოსების, გეტერების და მეფეების ბიოგრაფია. მას ეკუთვნის წიგნების სერია რომაულ ყოფაცხოვრებაზე, ლათინურ გრამატიკაზე და ბერძნულ სალანძღავ სიტყვებზე და სხვა. ამ ყველაფერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

 
პლინიუს უფროსი

ფილოსოფია

სენეკას და ფილოსოფიური სკოლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავდებოდა I საუკუნის საბუნებისმეტყველო ფილოოფოსი პლინიუს უფროსი. იგი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი და მოახდინა იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის აკუმულირება ენციკლოპედიასი "ბუნების ისტორიაში", რომელმაც თავისი მეცნიერუ ღირებულება არ დაკარგა XVII საუკუნემდე. ეს ნაშრომი ერთადერთი და უნიკალურია კაცობრიობის ისტორიაში და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიკოსებისთვის, რადგან მასში მოცემული ცნობების ნაწილი სხვაგან არსად არ შემორჩა და გვაძლევს იმ დროინდელ მეცნიერულ აზროვნებაზე სრულ წარმოდგენას. ამ გრანდიოზული ნაშრომის გარდა მას ეკუთვნის სხვადასხვა შრომები ძირითადად სამხედრო საქმეზე.

 
ტაციტუსი

ისტორიოგრაფია

იმპერიის ისტორიოგრაფიაში ჩაისახა ახალი სტილი, რაც რესპუბლიკის დროს არ არსებობდა. ერთპიროვნული მმართველობის და სიტყვის თავისუფლების შებოჭვამ გამოიწვია ისტორიკოსების ორ მიმდინარეობად გაყოფა. ნაწილი შიშით ცდილობდა მხოლოდ კარგი დაეწერათ იმპერატორებზე, ნაწილი კი, ვინც ოპოზიციაში იყო, მხოლოდ ცუდს წერდნენ, ამან გამოიწვია მოვლენების ცალსახა და ძალიან მიკერძოვებული ასახვა. დაიწყო ისტორიკოსეის დევნა. ტიბერიუსის დროს დასაჯეს ისტორიკოსი კრემუტიუს კორდუსი, დომიციანეს დროს არუდენუს რუსტიკუსი და გერენიუს სერეციონუსი. ნერვას და ტრაიანეს მმართველობის პერიოდში ამ სიტუაციას დაუპირისპირდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, I საუკუნის მიწურულის ისტორიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

მას ეკუთვნის თავისი სიმამრის იულიუს აგრიკოლას ბიოგრაფია, სადაც იგი აღწერს მის გმირობებს ბრიტანეთში და აქებს მის ცხოვრების წესს, დომიციანესს სისხლიან მმართველობას აღწერს და განიცდის აგრიკოლას ადრეულ გარდაცვალებაზე.

ტაციტუსის "გერმანია" კი იმ დროინდელი გერმანული ტომების ყოფაზე ფასდაუდებელი წყაროა. თავის "ისტორიაში" კი ტაციტუსი აღწერს რომის ისტორიის იმ პერიოდს რომლის შესახებაც კარგად იცის, ნერონიდან დომიციანემდე, ხოლო "ანალებში" კი უფრო ადრინდელ პერიოდს, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის ისტორიას. ტაციტუსი შესავალში ამბობს რომ იგი ეცდება იყოს სრულიად ობიექტური, მაგრამ თანამედროვე მკვლევარები ბრალს დებენ რომ ობიექტურობისგან ტაციტუსი ძალიან შორს იყო, მაგრამ ამაში არ შეიძლება მისი დადანაშაულება, ობიექტურად წერა იმ მოვლენებზე რისი თვითმხილველიც იყო ადამიანი, ან რაც მის დაბადებამდე არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა შეუძლებელია.

ლიტერატურული თვალსაზრისით კი ტაციტუსის ნაწარმოებები ძალიან ძლიერია, იგი მისდევს ლივიუსის ტრადიციას და ცდილობს თავისი ისტორიული ნაშრომები ლიტერატურული თვალსაზრისითაც საინტერესო წასაკითხი იყოს. ტაციუსის ნაწარმოებებმაც ვერ მოაღწია სრულად ჩვენამდე.

გვიანდელი პერიოდი

II საუკუნის მეორე ნახევრიდან რომაულ ლიტერატურაში უკვე აშკარად გამოიკვეთა დაკნინება. ამ პერიოდის მწერლებს და პოეტებს არ ჰქონდათ ახლის შექმნის უნარი, ისინი მხოლოდ ცდილობდნენ მიებაძათ ლიტერატურის ოქროს და ვერცხლის ხანის მწერლებისთვის.

რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა, ლათინურად წერდნენ სხვადასხვა პროვინციების წარმომადგენლები, ბევრი იტალიელი კი წერდა ბერძნულად. პრაქტიკულად სვეტონიუსი იყო უკანასკნელი რომაელი მწერალი.

ამ პერიოდის მწერლები იყვნენ რიტორი კორნელიუს ფრონტონი, წარმოშვებით აფრიკელი, რომელიც ცდილობდა არქაული ლათინურის აღორძინებას და წერდა ლათინური გრამატიკის შესახებ. აპულეუსი, ასევე აფრიკელი, ცნობილია თავისი ნაწარმოებებით "მეტამორფოზები, ანუ ოქროს ვირი" და "ფლორიდები", გამოსვლების და სიტყვების კრებულით. მისი ლათინური აღარაა სუფთა კლასიკური ლათინური, მან შემოიტანა ე. წ. აფრიკული ლათინური.

ამავე ეპოქიაში ფილოლოგიური და ლიტერატურული საკითხებით დაინტერესებული იყო ავლუს ჰელიუსი, რომელმაც დაწერა "ატიკური ღამეები". ამ ნაშრომში თავმოყრილია სხვადასხვა რომაელი და ბერძენი ავტორების ციტატები.

როგორც ზემოთთქმულიდან ჩანს ლიტერატურის დონე ძალიან მკვეთრად დაეცა. უწინდებურ სიმაღლეზე მხოლოდ იურისპრუდენცია დარჩა. რომმა კი დაკარგა კულტურული ცენტრის მნიშვნელობა. გალიაში უხვად იწერებოდა პანეგრიკები, რომლებსიც რიტორები აქებდნენ იმპერატორებს.

II საუკუნეს მოყვა III საუკუნე თავისი მძიმე კრიზისით. ამ პერიოდში განათლების დონე საყოველთაოდ დაეცა რაც დამღუპველად აისახა ისედაც დაკნინებულ ლიტერატურაზე. ეს კარგად ჩანს ე. წ. Scriptores historiae Augustae - ავგუსტების ბიოგრაფიებში, რომლის ავტორები მხოლოდ ძველი ისტორიკოსების ნაწარმოებების კომპილაციას და შემოკლებას ახდენდნენ, წყაროების ანალიზის გარეშე. მათი ენა კი არა ლიტერატურული არამედ ვულგარული ლათინურია, თანაც ხსირად გრამატიკულად გაუმართავიც.

ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენს IV საუკუნის ისტორიკოსი ამიანუს მარციანუსი, ბერძენი, წარმოშობით ანტიოქიიდან. იგი განათლებით თავის თანამედროვეებზე ბევრად მაღლა იდგა. მან დაწერა რომის ისტორია ნერვას იმპერატორობიდან (96) ვალენტამდე (378). მიუხედავად კარგი განათლებისა ეტყობა რომ ლათინური მისთვის არ იყო მშობლიური, ამიტომ ენობრივი თვალსაზრისით მისი ნაშრომი საკმაოდ ცუდია.

იმპერიის დაცემამდე უმეტესად იწერებოდა გრამატიკაზე და რიტორიკაზე, მიუხედავად ლიტერატურის, კულტურის და მთლიანად სახელმწიფოს დაკნინებისა განათლებაზე მოთხოვნა მაინც რჩებოდა. ამ პერიოდში ლათინური პოეზია პრაქტიკულად აღარ არსებობდა. ერთადერთი სახის ლიტერატურა განაგრძობდა განვითარებას ლათინურ ენაზე - ეს იყო ქრისტიანული ლიტერატურა, რომელიც იწერებოდა უკვე ბარბაროსულ დამახინჯებულ ლათინურზე, რომელიც შუა საუკუნეების დროს გავრცელებული იყო ევროპაში, ხოლო ნამდვილი რომაული ლიტერატურა მოკვდა რომის იმპერიის ფორმალურ დაცემამდე.

ლიტერატურა

  • "ანტიკური ლიტერატურა" მოსკოვი 1973, სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტებისთვის.
  • ი. მ. ტროანსკი, "ანტიკური ლიტერატურის ისტორია", მოსკოვი, უმაღლესი სკოლა 1983
  • ლათინური ბიბლიოთეკა