ენეიდა (ვირგილიუსი)

ვერგილიუსის პოემა
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ენეიდა (ლათ. Aenēis) 一 ლათინურ ენაზე შესრულებული ლეგენდარული ეპიკური პოემა, რომლის ავტორობასაც რომაელ პოეტს, ვერგილიუსს მიაწერენ.[1] პოემა შეიცავს 9000-ზე მეტ სტრიქონს, რომლებიც დაქტილურ ჰექსამეტრშია შესრულებული.[2] ნაწარმოები ძვ.წ. 29-19 წლებში, ათი წლის განმავლობაში, იქმნებოდა.[3] პოემის თორმეტი წიგნიდან პირველი ექვსი წარმოადგენს ლეგენდარული ტროელი გმირის, ენეასის ისტორიას, როცა ის, საკუთარი ამალითურთ, ტროას დაცემის შემდეგ, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე ემიგრირდება, ხოლო დანარჩენ წიგნებში გადმოცემულია ტროელების მტრობაზე ლათინებთან, რომლებთანაც, სიუჟეტის ბოლოს, ტროელები გამარჯვებას მოიპოვებენ და მათი მარწუხებისგან გათავისუფლდებიან.

„ენეიდა“
Aenēis

1470 წლის ლათინური გამოცემა
ავტორი ვირგილიუსი
ქვეყანა რომის იმპერია
ენა ლათინური
ჟანრი ეპიკური პოემა
გამოცემის თარიღი ჩვ.წ.29-19
მედია ხელნაწერი
გვერდი 9000-ზე მეტი სტრიქონი

გმირი ენეასი იქამდე უკვე ცნობილი იყო ბერძნულ-რომაული მითოსისთვის, სახელდობრ იგი წარმოგვიდგა ჰომეროსის ილიადას პერსონაჟად. ვირგილიუსმა საკუთარი სახელმწიფოს უკეთ წარმოჩინებისთვის სწორედ ენეასის მოხეტიალე ისტორიის გადაკეთება განიზრახა, რომელსაც ბუნდოვანი კავშირი აქვს რომის დაარსებასთან და აღწერა იგი, როგორც პიროვნება, რომელსაც პატიოსანი პიეტას წოდების მეტი არაფერი გააჩნია. ვირგილიუსმა ენეიდა ნამდვილ ფაქტებზე დააფუძნა, ეროვნულ ეპოსად, რომელშიც რომი ტროას ლეგენდებთან დააკავშირა, ასახა პუნიკური ომები, განადიდა რომაული ტრადიციები და წარმოაჩინა იულიუს-კლავდიუსის დინასტია, როგორც რომისა და ტროას დამფუძნებლების, გმირებისა და ღმერთების შთამომავლად.

ენეიდა ფართოდ განიხილება, როგორც ვირგილიუსის შედევრი და ლათინური ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები.[4][5][6]

მიწაზე გმირების ეპოქა რომ იწყებოდა, ღმერთები ჩამოდიოდნენ მოკვდავ ქალებთან შესაუღლებლად, რათა მათ გოლიათები ეშვათ. სულ სხვაგვარად იქცეოდნენ ქალღმერთები. ისინი იშვიათად უახლოვდებოდნენ მოკვდავ მამაკაცებს, რათა მათგან ვაჟიშვილები გაეჩინათ. სწორედ ასე გაუჩნდა ქალღმერთს ფეტიდას „ილიადას“ გმირი აქილევსი, ხოლო აფროდიტემ „ენეიდას“ გმირი ენეასი შვა.

პოემა იწყება ენეასის მოგზაურობის აღწერით. მისი ხომალდები კუნძულ სიცილიასა და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებს შორის დასავლეთისკენ მიცურავდნენ, სწორედ იმ ადგილის გასწვრივ, სადაც ფინიკიელი დევნილები კართაგენს აშენებდნენ. აქ დაეწია მის ხომალდებს იუნონას მიერ გამოგზავნილი გრიგალი. ღმერთმა ეოლუსმა თავისი მორჩილი ყველა ქარი გაათავისუფლა:

„დღეცა და ზეცაც მიიტაცა ქუფრმა ღრუბლებმა,

ტევკრთა თვალთან, ზღვაზე გაწვა პირქუში ღამე.

ქუხდა ცის კიდე, ციმციმებდა ცეცხლით ეთერი,

ყინვამ დაშალა ენეასის მძლავრისახსრები,

ამოიგმინა, ხელაპყრობით შესძახა მთიებს:

„სამგზის და ოთხგზის ის ყოფილა უნეტარესი,

ვინც მამათ თვალწინ ილიონის მაღალ თაღებქვეშ

სიკვდილს ეღირსა!“

ენეასი ნეპტუნმა გადაარჩინა. მან ქარები მიმოფანტა და ტალღები დააწყნარა. მზემაც გამოანათა და ენეასის ბოლო შვიდი გემი უცნობ ნაპირს მიადგა. ეს აფრიკა იყო. აქ ახალგაზრდა დედოფალი დიდონა მეფობდა. ბოროტმა ძმამ იგი ფინიკიიდან განდევნა და ახლა იგი თავის ამალასთან და მეგობრებთან ერთად ახალ ქალაქს, კართაგენს აშენებდა ზღვის სანაპიროზე.

„ბედნიერია ის, ვისთვისაც შენდება ეს მტკიცე კედლები!“ 一 აღმოხდა აღტაცებულ ენეასს იუნონას მშენებარე ტაძრის დანახვაზე, რომელიც ტროას ომის ფრაგმენტებით იყო მოხატული. ამ ომის შესახებ ამბებს აფრიკამდეც მიეღწია.

დიდონამ თბილად მიიღო სტუმრები, ისეთივე ლტოლვილები, როგორიც თვითონ იყო. ენეასისა და მისი მეგობრების პატივსაცემად დიდი ნადიმი გაიმართა, რომლის დროსაც ტროელთა ბელადმა თავისი ცნობილი ამბავი მოყვა ტროას დაცემის შესახებ.

ბერძნები ათი წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ ტროას ძალით დამორჩილებას. ბოლოს ხერხს მიმართეს. ათენას დახმარებით უზარმაზარი ხის ცხენი ააგეს, მის ცარიელ მუცელში თავისი საუკეთესო მეომრები დამალეს, თვითონ კი ბანაკი დატოვეს და მთელი ფლოტით უახლოეს კუნძულს ამოეფარნენ. წასულებმა ხმები დაყარეს, ბერძნებს ღმერთებმა ზურგი შეაქციეს, რის გამოც მათ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს და ქალღმერთ მინევრას საჩუქრად ეს ცხენი შესწირესო. ამხელა ცხენი კი იმიტომ ააგეს, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს მისი კარიბჭეში შეყვანა. ამას თუ შეძლებდნენ, თვითონ ტროელები გაილაშქრებდნენ საბერძნეთზე და კიდევაც გაიმარჯვებდნენ.

ტროელები გახარებულნი იყვნენ ახალი ამბებით. გადაწყვიტეს ცხენი ქალაქში შეეტანათ. ვინაიდან კარიბჭის გავლით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ადგნენ და გალავანი ერთ ადგილას ჩამოანგრიეს. ცხენი ქალაქში შეიტანეს. ამის შემხედვარე მისანი ლაოკოონი თანამოქალაქეებს აფრთხილებდა: გეშინოდეთ მტრების, რომლებსაც საჩუქრები მოაქვთ! მაგრამ ზღვიდან ნეპტუნის ორი გველი გამოცურდა, რომლებმაც წინასწარმეტყველი და მისი შვილი მოკლეს. აღარავინ დარჩა, ვინც მცირეოდენ ეჭვს გამოთქვამდა ბერძენთა მზაკვრული საჩუქრის გამო. ღამით ლხინი დაღლილ ტროელებს ეძინათ, როდესაც ბერძნები ჩუმად გამოძვრნენ ცხენიდან. კუნძულსუკან დამალული გემებიც მოადგნენ ნაპირს. მტერი ქალაქში შევიდა. ენეასს ეძინა, როდესაც სიზმარში ჰექტორი გამოეცხადა:

„ტროა დაეცა! გაიქეცი! ზღვის გაღმა ეძებე ახალი სახლი!“

 
ვერგილიუსი უკითხავს ენეიდას ოქტავიანე ავგუსტუსს, ჟან-ჟოზეფ ტეიასონის ნახატი, 1787

ენეასმა სახლის სახურავზე აირბინა და დაინახა, ქალაქი ცეცხლის ალში იყო გახვეული, ყვირილი და კვნესა ისმოდა ყოველი მხრიდან. მან თავის მეგობრებს დაუძახა და ბრძოლისაკენ მოუწოდა:

„დამარცხებულის ხსნა მხოლოდ ერთშია 一 თავი არ მისცეს ფუჭ ოცნებებს გადარჩენაზე!“

ქალაქის ვიწრო ქუჩებში ბრძოლა გაჩაღდა. ბრძოლაში დაიღუპა მოხუცი ხელმწიფე პრიამოსი, დედოფალი კასანდრა კი ტყვედ წაიყვანეს. ენეასი თავგამოდებით იბრძოდა,  თითქოს სიკვდილს ეძებდა. ამ დროს ვენერა გამოეცხადა და გააფრთხილა:

„ტროა დაღუპულია. გადაარჩინე მამა და შვილი!“

ენეასმა დაუძლურებულ მამასთან, მოხუც ანქიზესთან და უსუსურ ვაჟიშვილთან, ასკანიუს-იულისთან ერთად დატოვა აოხრებული და დაქცეული ქალაქი. გადარჩენილი ტროელები შეკრიბა და მახლობელ მთაზე ტყეს შეაფარა თავი. მოგვიანებით შორეულ ყურეში გემები ააგო და სამშობლო დატოვა.

აქედან დაიწყო ექვსწლიანი, ხიფათით აღსავსე მოგზაურობა. თუ ერთი ნაპირი არ ღებულობდა მათ გემებს, მეორეზე შავი ჭირი მძვინვარებდა. ზღვებში კი მითიური ურჩხულები, სცილა და ქარიბდა, მტაცებელი ჰარპიები და ცალთვალა ციკლოპები თარეშობდნენ. მრავალი მწუხარე ამბის მოწმენი გახდნენ დევნილები: როგორ სდიოდა ტყვეობაში ნატანჯი ტროელი მეფისწულის საფლავზე გაზრდილ ბუჩქს სისხლი; როგორ იტანჯებოდა სამშობლოს მოწყვეტილი ტროელი მისანი; ნახეს თანამებრძოლებს ჩამორჩენილი ჯარისკაცი 一 ოდესღაც ოდისევსის მომხრე ახლა მტრებს მიჰკედლებოდა. არაერთ მისანს მიმართეს ხსნის ძიებაში 一 ერთმა ურჩია კრეტაზე გამგზავრებულიყვნენ, სხვამ იტალიაში წასვლა, ზოგმა შიმშილით სიკვდილი უწინასწარმეტყველა 一 „შიმშილი უცხო მხარეს შენ გაიძულებს სუფრაც კი შეჭამო, როცა ხორაგს ბოლოს მოუღებთ“. ტროელებს მკვდრების სამეფოში ჩასვლაც ურჩიეს მომავალი ბედის გასაგებად. სიცილიაში მოხუცი ანქიზე გარდაიცვალა. იქიდან წამოსულებს ქარიშხალი დაატყდათ თავს და კართაგენის ნაპირებს მიადგნენ. აქ მთავრდება ენეასის თხრობა.

ადამიანთა საქმეებს ღმერთები ადევნებდნენ თვალს. იუნონა და ვენერა მუდამ ქიშპობდნენ, მაგრამ ახლა ერთ აზრზე დადგნენ: ვენერას არ სურდა კვლავ განსაცდელში ეხილა თავისი შვილი, იუნონას კი იტალიაში რომის აღმასვლა არ აძლევდა ხელს. ეს მის კართაგენს ხელს შეუშლიდა. შეთანხმდნენ ქალღმერთები: დაე, დარჩეს ენეასი აფრიკაში! ტროელ გმირ ენეასსა და კართაგენელ დედოფალ დიდონას შორის სიყვარულმა გაიღვიძა. ანტიკურ პოეზიაში აღწერილ სამიჯნურო ამბებს შორის მათი ისტორია ყველაზე ნატიფია. მათ ნადირობისას ავდარმა მოუსწრო. მთის გამოქვაბულს შეაფარეს თავი. ულამაზესი და უძლიერესი გრძნობით აღვსილნი, აქ ისინი ერთმანეთს შეერწყნენ: ელვა მათი ჩირაღდნები იყო, მთის ნიმფების კვნესა კი 一 საქორწინო გალობა. ეს სიკეთეს არ მოასწავებდა. იუპიტერს სხვა ბედი ჰქონდა განზრახული ენეასისთვის. მან ტროას ბელადს ძილში მერკური მოუვლინა, რომელმაც უზენაესი ღმერთის ნება ამცნო:

„რას სჩადი, უქმად რას უდგეხარ ლიბიის მხარეს?

თუ დიად საქმეს შენი სული არ აღუგზნია,

ყრმა ასკანიუს გაიხსენე და იმედები

მემკვიდრეობის. იგი მეფედ უნდა გახდეს

იტალიას და რომის მიწას“.

ენეასი იტანჯებოდა. მას ძლიერ უჭირდა სატრფოსთან განშორება. მან დიდონას უთხრა:

„იუპიტერის მოგზავნილმა ღმერთების მაცნემ

ჩემსა და შენს თავს გეფიცები 一 მსწრაფლ ეთერიდან

გადმომცა ღმერთის განჩინება. ნათლად ვიხილე

გადმოსვლა ღვთისა და მესმოდა სიტყვები ცხადლივ.

თავს ნუ აღიგზნებ, მეც ნუ დამწვავ შენი სახმილით,

მე ჩემი ნებით როდი მივალ იტალიაში!“

მაგრამ შეყვარებული ქალისთვის ეს ცარიელი სიტყვები იყო. იგი ენეასს დარჩენას ემუდარებოდა. ცდილობდა, გადაერწმუნებინა, უხსნიდა, რომ თუკი იქნებოდა რომი და კართაგენი, მათ შთამომავლებს შორის ომიც გარდაუვალი იყო. თხოვნამ არ გაჭრა. ცოტა ხნის შემდეგ დედოფალმა მზერით გააცილა ენეასის გემები. დიდონა დადარდიანებული სასახლეში დაბრუნდა და მახვილზე დაეგო.

შეუცნობელი მომავლის გამო ენეასმა ტროა დატოვა, დატოვა კართაგენიც, მაგრამ ბედისწერა ახალ განსაცდელს უმზადებდა. მისი მეგობრები დაიღალნენ ამდენი ხეტიალით. სიცილიაზე ყოფნისას, სანამ ენეასი გარდაცვლილი ანქიზეს პატივსაცემად თამაშებს რთავდა, მისი თანამებრძოლების ცოლებმა გემებს ცეცხლი წაუკიდეს. მათ აღარ სურდათ აღარსად წასვლა. ოთხი გემი დაიწვა. ვინც დაიღალა მოგზაურობით, კუნძულზე დარჩა. დანარჩენები ენეასთან ერთად დარჩენილი სამი გემით იტალიისკენ გაემგზავრნენ.

იტალიაში, ვეზუვის მთის ძირში, მკვდართა სამეფოში ჩასასვლელი იყო. აქ ენეასს დაჩაჩანაკებული მისანი ქალი სიბილა ელოდა. ჯადოსნური ოქროს რტოთი ხელში ტროას ბელადი მიწისქვეშეთში ჩავიდა. როგორც ოდისევსმა ტირესიასიგან შეიტყო თავისი მომავლის შესახებ, ენეასსაც სურდა, მამის აჩრდილისგან გაეგი, წინ რა ელოდა. მან ჰადესის მდინარე სტიქსი გადაცურა. ჯერ არავინ დაბრუნებულა მისი მეორე ნაპირიდან. აქ იგი ბერძნების მიერ ნაწამები მეგობრის აჩრდილს ხედავს, რომელიც ტროას მოაგონებს. კართაგენიც ახსენებს თავს 一 თვალწინ წარმოუდგება გულგანგმირული დიდონას ხატი. ენეასი შეეცადა მის წინაშე თავი ემართლებინა:

„ვფიცავ, ნაპირი მე დავტოვე ჩემს უნებურად, ღმერთის ბრძანებით“

დიდონა დუმდა. ხმას არ იღებდა. ენეასის მარცხნივ ტარტარი იყო. იქ იტანჯებოდნენ ცოდვილები: ღვთის მგმობნი, მამის მკვლელები, ფიცის გამტეხნი და მოღალატეები. მარჯვნივ კი ნეტართა სამყოფელი გადაშლილიყო. აქ ელოდა მას მამის აჩრდილი, ანქიზე. შუაში თავდავიწყების მდინარე, ლეთა მიედინებოდა, რომელსაც თავზე სულები დასტრიალებდნენ. ისინი ლეთას წყალში უნდა განწმენდილიყვნენ და ისე მოვლენოდნენ ქვეყანას. ანქიზემ თავის შვილს სულებს შორის რომის მომავალი გმირები დაანახა: რომულუსი, რომის დამაარსებელი, და ავგუსტუსი, რომელმაც ააღორძინა ქალაქი; კანონმდებლები, ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლები 一 ყველა, ვინც რომის ძალაუფლება და დიდება მთელ ქვეყანაზე განავრცო. მამის აჩრდილმა აუხსნა, რომ ყოველ ხალხს თავისი ნიჭი უბოძა ღმერთმა და ვალიც დაადო შესაბამისი: ბერძნებს აზროვნება და სილამაზე მიანიჭა, რომაელებს 一 სამართლიანობა და წესრიგი.

„შენ ხარ, მაქსიმუს,

ვინც გაასწორებს წამხდარ საქმეს დაუყოვნებლივ.

ცხოველი რკინა, დაე, სხვებმა გამოჭედონ ხოლმე,

მარმარილოდან გამოკვეთონ ცოცხალი სახე;

ქმნან ხელოვნება, გამოსახონ ცის მოძრაობა,

წკირით მოხაზონ და მნათობთა მოსვლა გვაუწყონ...

შენ, რომაელო, გმართებს ხალხთა მართვა უფლებით,

ეს არის შენი ხელოვნება! 一 მშვიდობის დაცვა,

ამაყთ დათრგუნვა და მორჩილთა მოწყალება“

一 მიმართა ენეასს.

შორეული მომავლის სურათი იყო, რომლისკენაც რთული გზა გადიოდა. „გამოიარე შენ ტანჯვა ზღვაზე და გელოდება ჭმუნვა ხმელეთზეც,“ 一 მიმართა ტროას ბელადს სიბილამ. მისანმა ახალი ომი უწინასწარმეტყველა ენეასს. ისიც აუწყა, რომ უცხოტომელს მოიყვანდა ცოლად და მოუწოდა, არ დაეყარა ფარ-ხმალი, მიზნისაკენ თამამად ევლო!

სიბილას სამყოფლიდან ერთი დღის სავალზე, სადაც ტიბერისი ერთვოდა ზღვას, ლაციუმი მდებარეობდა. აქ მეფობდა ბრძენი მოხუცი ლათინუსი თავის ხალხთან, ლათინებთან ერთად. მათ გვერდზე კი რუტულების სამფლობელოები გადაშლილიყო. მათ გოლიათი ტურნუსი სარდლობდა, ბერძენი მეფეების ჩამომავალი. ენეასი გემებით მიადგა ამ მხარეს. ნაპირზე გადმოსულმა დაღლილმა მოგზაურებმა სულის მოთქმა გადაწყვიტეს. ამოალაგეს, რაც რამ საჭმელი ჰქონდათ: ბოსტნეული, რომელიც ბრტყელ კვერებზე დააწყვეს. მშივრებმა ჯერ ბოსტნეული შეჭამეს, მერე კვერები. „ვაიმე, სუფრაც კი შევჭამეთ“, 一 წამოიძახა ხუმრობით იულუსმა, ენეასის ვაჟმა. ენეასს მამის წინასწარმეტყველება გაახსენდა: „როცა შიმშილი უცხო მხარეს გაიძულებს სუფრაც შეჭამო, როცა ხორაგს ბოლოს მოუღებთ, მაშინ ჰპოვებსო იქ სავანეს მაშვრალი ხალხი და ჩაეყრება საძირკველი სახლს და გალავნებს“. იგი მიმართავს თავის ხალხს: „ბოლო მოეღო ჩვენს ხეტიალს!“. ენეასმა ელჩები გაუგზავნა ლათინუს მეფეს. სთხოვა მშვოდობა, მეგობრობა და ქალიშვილის, ლავინიას ხელი. ლათინუსი გაახარა ახალმა ამბავმა. დიდი ხანია მისნები უწინასწარმეტყველებდნენ, რომ მისი შვილი უცხოტომელზე გათხოვდებოდა და მათი შთამომავლობა მთელ მსოფლიოს დაიმორჩილებდა.

ღმერთქალი იუნონა განრისხდა. მტერმა აჯობა, თავისას მიაღწია და აპირებდა ტროას აშენებას. იუნონამ დაიქადნა, რომ ომს მოუვლენდა ადამიანებს, შუღლს ჩამოაგდებდა სიძე-სიმამრს შორის და თუ ზეციურ ღმერთებს ვერ მიიმხრობდა, ქვესკნელის ძალებს მოუწოდებდა დახმარებისთვის.

ლაციუმში ტაძარი იდგა. მშვიდობიანობისას მისი კარი ჩარაზული იყო ხოლმე, ხოლო ომის დროს 一 ღია. საკუთარი ხელით გააღო იუნონამ ომის კარი. ტროელმა მონადირეებმა ნადირობისას შემთხვევით მეფის მოშინაურებული ირემი მოკლეს. განაწყენდნენ ლათინები და გადაემტერნენ ტროელებს. სასოწარკვეთილმა ხელმწიფემ, ლათინუსმა, ტახტზე უარი თქვა. ტურნუსმა დიდძალი ლაშქარი შეკრიბა თავხედი სტუმრების წინააღმდეგ. ოდესღაც მასაც უნდოდა ლავინიაზე დაქორწინება, მაგრამ მისი შეთავაზება უარყვეს. მის გვერდით იდგნენ გოლიათი მეზენციუსი, მოუწყვლეველი მეპასუსი და ამორძალი კამილა. ენეასიც ეძებდა მოკავშირეებს. იგი ტიბერისისკენ წავიდა, სადაც მომავალში რომი ააშენა. იქ არკადიიდან გადმოსახლებული ბერძნების ხელმწიფე, ევანდერი მეფობდა. მომავალი ფორუმის ადგილას ნახირი იყო საძოვარზე გამორეკილი, ხოლო იქ, სადაც რომის დაარსების შემდეგ კაპიტოლიუმი აშენდა, კვრინჩხი იზრდებოდა. მეფემ სტუმრები თავის ღარიბულ ქოხში მიიღო, გაუმასპინძლდა და დასახმარებლად თავისი შვილის პალანტის მეთაურობით ოთხასი მეომარი მისცა. ენეასის დედა, ვენერა, თავისი ქმრის, ვულკანუსის სამჭედლოში მივიდა და თავისი შვილისთვის უმტკიცესი აბჯრის გამოჭედვა სთხოვა 一 ისეთის, როგორიც ოდესღაც აქილევსისთვის გააკეთა. აქილევსის ფარზე მთელი სამყარო იყო ამოტვიფრული, ენეასისაზე კი 一 მთელი რომი: დედა მგელი, რომულუსითა და რემუსით; საბინელი ქალების მოტაცება; გალებზე გამარჯვება; კატალინა, მამაცი კატონი და ბოლოს, ავგუსტუსის გამარჯვება ანტონიუსსა და კლეოპატრაზე.

სანამ ენეასი დახმარებისთვის იყო წასული, ტურნუსი თავისი ლაშქრით მის ბანაკს მიადგა. „როგორც დაეცა ძველი ტროა, ისევე დაეცეს ახალიც!“ 一 შესძახა იტალიელთა ლაშქრის სარდალმა. დაღამდა. ორმა ტროელმა მეგობარმა, ევრიალუსმა და ნისმა გადაწყვიტეს ღამის საფარქვეშ, ჩუმად დაეღწიათ თავი მტრის ალყისთვის და ენეასისთვის ხმა მიეწვდინათ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დილისთვის მეგობრები მოწინააღმდეგეს გადააწყდნენ. ევრიალუსი ტყყვედ ჩავარდა. ნისი დახმარებას შეეცადა. უშიშრად ეკვეთა სამას იტალიელს, მაგრამ მოკლეს. მტრებმა მეგობრებს თავები დააჭრეს, სარებზე წამოაგეს და ტროელთა ბანაკს ეკვეთნენ. ტურნუსმა გალავანს ცეცხლი წაუკიდა, თავად შეიჭრა სიმაგრეში და მუსრს ავლებდა მოწინააღმდეგეს. იუნონამ ძალა მისცა მას. მაგრამ იუპიტერმა წერტილი დაუსვა მის წარმატებას. იუნონა და ვენერა ერთმანეთს სდებდნენ ბრალს ომის დაწყებაში, ცდილობდნენ, დაეცვათ და გაემართლებინათ თავისი ფავორიტები. იუპიტერმა ხელით ანიშნა, შეეწყვიტათ კამათი და დაადგინა: ორივე მხარეს, თანაბრად, ეწვნია ომის უბედურება და ეგემა წარმატების სიხარული, ხოლო გამარჯვება ბედისწერისთვის მიენდო.

ამ დროისათვის ენეასიც დაბრუნდა დამხმარე ძალასთან ერთად. მისი შვილი, ასკანიუს-იულუსი ბანაკიდან გამოუვარდა მტერს და ეკვეთა. ტროელთა ძალები გაერთიანდა და გვერდიგვერდ იბრძოდა ყველა ისე, როგორც ოდესღაც მშობლიური ქალაქის დასაცავად. ფიცხი პალანტი წინ გაიჭრა, გმირობას გმირობაზე ჩადიოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ტურნუსამდეც მიაღწია, მაგრამ იტალიელთა სარდალმა სძლია და შუბით განგმირა. ტურნუსმა მას სალტე და ყაწიმები ჩამოგლიჯა და დაღუპულის თანამებრძოლებს კი მისცა უფლება, მისი გვამი ბრძოლის ველიდან გაეტანათ. ენეასი შურის საძიებლად გამოენთო, მაგრამ იუნონამ გადაარჩინა ტურნუსი. ტროელთა ბელადს სასტიკი მეზენციუსი გადაუდგა წინ. ენეასმა სძლია მას. მეზენციუსს შვილი, ლავსუსი გადაეფარა, მაგრამ ორივე დაიღუპა. დღე დასრულდა. ორივე მხარე დასტიროდა დაღუპულებს, მაგრამ ომი გრძელდებოდა და უწინდებურად პირველები ახალგაზრდები იღუპებოდნენ. ნისისა და ევრიალუსის, პალანტისა და ლავსუსის შემდეგ ამორძალი კამილას ჯერიც დადგა.

ტურნუსი ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ მისი მეომრები, ესმოდა მოხუცი ლათინუსისა და ნორჩი ლავინისას მოთქმა, გრძნობდა ბედისწერის მოახლოებას და აფრინა მაცნე ენეასთან. ერთი ერთზე შებრძოლება შესთავაზა და პირობა დაუდო: თუ ტურნუსი გაიმარჯვებდა, ენეასი თავის ხალხთან ერთად ახალი მიწების საძებნელად გაეშურებოდა, თუ ენეასი სძლევდა 一 ტროელებს უფლება ეძლეოდათ, ქალაქი დაეარსებინათ აქ და ლათინების გვერდით მშვიდობიანად ეცხოვრათ. ორივე მხარეს დადგეს საკურთხევლები და მსხვერპლი შესწირეს. ველის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყო მოწინააღმდეგეთა ჯარი. და უცებ, როგორც „ილიადაში“, აქაც დროებითი ზავი დაირღვა. ცაში არწივი გამოჩნდა, რომელიც გედების გუნდს დაესხა თავს. ერთი მათგანი მოიტაცა, მაგრამ დანარჩენები გამოესარჩლნენ მეგობარს, თავს დაესხნენ არწივს და გააძევეს იგი. ლათინების მჩხიბავმა ეს ამბავი მომავალი გამარჯვების ნიშნად მიიჩნია და ჯარს ბრძოლისკენ მოუწოდა. ომი განახლდა. ენეასი და ტურნუსი გამალებული ეძებდნენ ერთმანეთს.

ზეციდან იუნონა დასცქეროდა მათ. ისიც გრძნობდა მოახლოებული ბედისწერის საშინელებას და იტანჯებოდა. მან იუპიტერს ბოლო თხოვნით მიმართა:

„მხოლოდ ერთსა გთხოვ, ბედისწერის გარდაუვალ საქმეს,

გაფიცებ წმინდა ლაციუმს და ჩვენს მოდგმას დიადს:

ჰქონდეთ კავშირი, ქორწინება სვებედნიერი,

მაგრამ ერთურთში აღიაროს ადათ-წესები,

ადგილობრივნი თავის ძველ სახლს ნუ დაკარგავენ,

ენა დაკარგონ, მშობლიური სამოსი დათმონ.

ალბელთ სამეფო, ლაციუმი მარადჟამს იყოს,

იატლთა სიმხნემ რომაელთა მოდგმა ამრავლოს.

ტროა განქარდა, მაშ, სახელიც განქარდეს ტროის!“

იუპიტერი დაეთანხმა. ტროელებმა, ლათინებმა, რუტულებმა, ეტრუსკებმა და ევანდერის არკადიელებმა დასაბამი მისცეს ახალ ერს, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ენეასმა და ტურნუსმა იპოვეს ერთმანეთი და დაიწყო ბრძოლა. იუპიტერი დასცქეროდა ორი გმირის ჭიდილს და ხელთ იპყრა ბედისწერის სასწორი. ტურნუსმა ხმალი მოიქნია, მაგრამ ენეასის ფარზე გადაუტყდა. მაშინ ტროელთა ბელადმა საპასუხო დარტყმა მიაყენა. მისი შუბი ვერც ფარმა დაიჭირა და ვერც აბჯარმა. ბარძაყში დაჭრილი ტურნუსი მიწაზე დაეცა, ხელი ასწია და თქვა:

„დავიმსახურე, ვაღიარებ... ბედს არ ვემდური...

იხარე... მაგრამ თუ მოგილბობს გულს მოხუც მამის

უბედურება, 一 შენც ხომ გყავდა მოხუცი მამა, 一

გნუკევ, სიბერე შეიბრალე, გმირო, დავნუსის!

ან მე, ან გვამი, მოწყვეტილი საქვეყნო ნათელს,

დაუთმე... მძლიე, ავზონებმა იხილეს ტურნუს

ხელებგართხმული.. ლავინია გერგო ქალწული!“

ენეასი ხმალამოწვდილი გაჩერდა, მაგრამ ამ დროს მან თვალი მოჰკრა ტურნუსის სარტყელს და ყაწიმებს, რომელიც იტალიელთა სარდალმა მისი მოკლული მეგობრის, პალანტის გვამს აართვა.

„შესძახა: როგორ! ჩემს ბათქარში მყოფი გაგიშვა?

არა! პალანტი, ამ ჭრილობით გღუპავს პალანტი

და შურს იძიებს, დამნაშავის სისხლსაც აიღებს!

ეს თქვა თუ არა, მკერდში ჩასცა გმირმა მახვილი.

გაისმა კვნესა, დაეშალა სიცივით ძვლები,

გაფრინდა სული აჩრდილებთან გაოგნებული...“

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.goodreads.com/book/show/12914.The_Aeneid
  2. Gaskell, Philip (1999). Landmarks in Classical Literature. Chicago: Fitzroy Dearborn, გვ. 161. ISBN 1-57958-192-7. 
  3. Magill, Frank N. (2003). The Ancient World: Dictionary of World Biography, Volume 1. Routledge, გვ. 226. ISBN 1135457409. 
  4. Aloy, Daniel (22 May 2008). „New translation of 'Aeneid' restores Virgil's wordplay and original meter“. Cornell Chronicle. ციტირების თარიღი: 5 December 2016.
  5. Damen, Mark. (2004) Chapter 11: Vergil and The Aeneid. ციტირების თარიღი: 5 December 2016
  6. Gill, N. S.. Why Read the Aeneid in Latin?. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 5 December 2016