მერაბ კოსტავა

ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმც
(გადამისამართდა გვერდიდან კოსტავა, მერაბ)

მერაბ კოსტავა (დ. 26 მაისი, 1939, თბილისი ― გ. 13 ოქტომბერი, 1989, სოფელი ბორითი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 1974 წლიდან მის ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.[1]

მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა 1989 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მიტინგზე ვაკის პარკში.
დაბადების სახელი მერაბ კოსტავა
დაბადების თარიღი 26 მაისი 1939
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 13 ოქტომბერი 1989
ბორითი, საქართველოს სსრ
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონი
ეროვნება ქართველი
განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
ალმა-მატერი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
რელიგია მართლმადიდებლობა
მეუღლე(ები) რუსუდან ბერიძე
შვილ(ებ)ი ირაკლი
თამთა
მშობლები მამა: ივანე კოსტავა
დედა: ოლღა დემურია
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი
ხელმოწერა

კოსტავა უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთი ორგანიზაციის შექმნასა და ღონისძიების დაგეგმვაში. 1956 წელს რვა თანატოლთან ერთად შექმნა არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია „გორგასლიანი“, ხოლო 1974 წელს გახდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრ და აქტიურად ჩაერთო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლაში. 1987 წელს გახდა პირველი არაფორმალური გაერთიანების - „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ წევრი, მოგვიანებით მისი ინიციატივით შეიქმნა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება“, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად კოსტავა გახდა. [1]

ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის კოსტავა არაერთგზის დააპატიმრეს. 1956 წელს ის პირველად დააპატიმრეს და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მალევე პირობითი სასჯელით გაანთავისუფლეს. 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს - ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის მას 3 წელი ციხე, ხოლო 2 წელი - გადასახლება მიესაჯა, ამავე დროს, სსრკ-ში არსებული სადამსჯელო რეპრესიული ფსიქიატრიის მეთოდებით დაინიშნა მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შერაცხადობასთან დაკავშირებით. ციხეში გატარებული სასჯელის შემდეგ იძულებით გადაასახლეს ჯერ ცენტრალური რუსეთის ქალაქ პერმის პოლიტიკურ საპატიმროში, მოგვიანბით კი ციმბირში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ კვიტოკში; პროვოკაციის შედეგად დამატებით მიესაჯა 5 წელი ანგარსკის მკაცრი რეჟიმის მე-15 კოლონიაში. 1985 წელს გადაიყვანეს ტაშკენტის მე-9 კოლონიის საავადმყოფოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ქსნის კოლონიაში. 1987 წელს პატიმრობიდან განთავისუფლდა. 1989 წელს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ზვიად გამსახურდიასთან, გიორგი ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა 1989 წელს, ჯარიმის დაკისრების შემდეგ, გაანთავისუფლეს. ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას კოსტავამ ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.[1]

პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, მერაბ კოსტავა ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1953 წელს სწავლა დაიწყო ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1958 წელს ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო, ხოლო მოგვიანებით - მუსიკის თეორიის სპეციალობაზე. 1964 - 1969 წლებში მუშაბდა რუსთავის სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1966 წელს დაინიშნა ბალანიჩვაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს პედაგოგად, საიდანაც 1978 წელს გაანთავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადწყვეტილების საფუძველზე. გადასახლებაში ყოფნისას 1980 - 1981 წლებში მუშაობდა სოფელ კვიტოკში მუსიკალური სკოლის პედაგოგად. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორად, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გარდაცვალებამდე მე-8 სამუსიკო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.[1]

1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიის, ბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, წარადგინეს მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე; 1985 წელს აშშ-ის კონგრესის ევროპის „უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის“ კომისიამ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, განმეორებით წარადგინა მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე. 1979 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა მერაბ კოსტავა ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს - სინდისის პატიმრად აღიარა.[1]

მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის - 1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.[2]

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. [1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა იყვნენ. მერაბის წინაპრები მამის მხრიდან იმერეთიდან იყვნენ. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები კოსტავები ცნობილი მეღვინეები იყვნენ. მერაბის ბაბუა ქრისტეფორეც მეღვინეობას მისდევდა.

მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მისი ოჯახის წევრებმა: ბებიამ, კატო ნუცუბიძემ, და მერაბის ბაბუის ძმამ, იაკობ კოსტავამ, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ღიად გამოხატავდა ანტიკომუნისტურ განწყობას. იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. იაკობის ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე მერაბიც, რომელზეც დიდი გავლენა იქონია იაკობმა, ისევე, როგორც მერაბის მამის ძმამ - გრიგოლ კოსტავამ. გრიგოლი ცნობილი მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო, იგი პირველად 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს დააპატიმრეს, 1945 წელს კი დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მალევე განაჩენი შეუცვალეს ათწლიანი პატიმრობით. 1955 წელს გრიგოლი სამშობლოში დაბრუნდა და გააგრძელა მსახიობობა, მას 90-მდე როლი აქვს განსახიერებული. 1965 წელს სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭეს. ასევე გადასახლებაში იყო მერაბის მამა, ვანო კოსტავაც, იგი 1964 წელს სამშობლოში დაბრუნებული ინსულტით გარდაიცვალა. დედა, ოლღა დემურია, ჰიდროპროექტში დამპროექტებლად მუშაობდა 1967 წლამდე. იგი 2003 წელს გარდაიცვალა.

მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა. ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა. მერაბს და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში, შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავა — მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა — სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება
 
მერაბ კოსტავას ბიუსტი თბილისში.

1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“.

მერაბ კოსტავა 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს, მასთან ერთად დააკავეს ზვიად გამსახურდიაც, თუმცა ამ უკანასკნელმა მოინანია და საჯარო ბოდიში მოიხადა, რითაც პატიმრობას გადაურჩა.[3] მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი — 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.[4]

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მემორიალი ავტოავარიის ადგილას სოფელ ბორითში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: