იქს-ადამიანები
იქს-ადამიანები (ინგლ. X-Men) — სუპერგმირთა გუნდი Marvel-ის სამყაროში. ის შექმნილია მწერალ სტენ ლისა და მხატვარ ჯეკ კირბის მიერ და პირველად გამოჩნდა კომიქსში The X-Men #1 (1963 წლის სექტემბერი).
მზარდ ანტიმუტანტურ ტალღასთან გასამკლავებლად ჩარლზ ქსავიემ ვესტჩესტერის ოლქში შექმნა თავშესაფარი, რათა იქ გაეწვრთნა ახალგაზრდა მუტანტები მათი ძალის კაცობრიობის სასიკეთოდ გამოყენებაში და რათა დაემტკიცებინა, რომ მუტანტებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ გმირები. ქსავიემ შეკრიბა ციკლოპი, ყინულის კაცი, ანგელოზი, მხეცი, ჯინ გრეი და უწოდა მათ „იქს-ადამიანები“, რადგან ისინი ფლობდნენ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს „იქს-გენის“ წყალობით, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჰქონდათ. გუნდის სახელწოდებაში „იქსი“ („X“) მიანიშნებს „ექსტრა“ ძალაზე, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები არ ფლობენ. არსებობს მინიშნება იმაზე, რომ მუტაციები რადიოაქტიული გამოსხივების შედეგი უნდა იყოს. აღინიშნა ისიც, რომ ხუთი იქს-ადამიანისა და პროფესორი ქსავიეს მშობლები შეერთებული შტატებისათვის ატომური იარაღების შექმნაზე მუშაობდნენ.
კომიქსის ადრეულმა ნომრებმა მკითხველს გუნდის მთავარი მტერი მაგნეტო და მისი მუტანტთა საძმო გააცნეს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ებრძოდნენ იქს-ადამიანებს.
იქს-ადამიანების კომიქსების მიხედვით შექმნილია ანიმაციური სატელევიზიო სერიები, ვიდეო თამაშები და ფილმები.
ისტორია
რედაქტირებაგუნდის სახელწოდება კავშირშია „იქს-გენთან“, რაც მუტაციის გამომწვევია. სტენ ლიმ სერიების სახელი მას შემდეგ გამოიგონა, რაც Marvel Comics-ის გამომცემელმა მარტინ გუდმანმა უარი თქვა მისთვის „მხიარული მუტანტების“ დარქმევაზე, აღნიშნა რა, რომ მკითხველს არ ეცოდინებოდა „მუტანტის“ მნიშვნელობა. Marvel-ის სამყაროში მიჩნეულია, რომ გუნდს სახელი პროფესორმა ქსავიემ უბოძა.
1960-იანი წლები
რედაქტირებაიქს-ადამიანების ადრეული გამოცემებიდან მკითხველმა მაგნეტო და მისი მუტანტთა საძმო გაიცნო, რომელიც აერთიანებდა მასტერმაინდს, კვიკსილვერს, ალისფერ ჯადოქარსა და გომბეშოს. კომიქსი ისეთ აქტუალურ თემებს ეხებოდა, როგორიცაა რასიზმი და ნეგატიური სტერეოტიპები. მისი მთავარი ანტაგონისტი მაგნეტო ებრაელი იყო, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა, თუმცა ვერსად გაექცა ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ არსებულ სიძულვილს; კვიკსილვერი და ალისფერი ჯადოქარი კი ბოშები იყვნენ.
ამ წლებში იქს-ადამიანებს ერთადერთი ახალი წევრი - მიმიკა შეემატა, რომელმაც მალევე მიატოვა გუნდი ძალის დაკარგვის გამო.
1969 წელს მწერალმა როი თომასმა და ილუსტრატორმა ნილ ადამსმა კომიქსი გადაახალისეს და მთავარი როლები მკითხველისათვის ორ ახალგაცნობილ პერსონაჟს - ჰავოკსა და ლორნა დეინს, იგივე პოლარისს მისცეს. იქს-ადამიანების ეს ადრეული გამოცემები კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელი აღმოჩნდა და Marvel Comics-ის 66-ე ნომრით დაასრულა ახალ სიუჟეტებზე მუშაობა, თუმცა მოგვიანებით (1970-75 წწ.) მთელი რიგი ძველი კომიქსებისა ხელახლა დაიბეჭდა, როგორც ნომრები #67-93.
1970-იანი წლები
რედაქტირება1975 წელს გიგანტური ზომის იქს ადამიანების (Giant-Size X-Men #1) პირველ ნომერში მწერალმა ლენ უინმა და მხატვარმა დეივ კოკრუმმა მკითხველს ახალი გუნდი წარუდგინეს, რომელიც 94-ე ნომრიდან მოყოლებული შემზარავი იქს ადამიანების ახალ გამოცემებში მონაწილეობდა. ახალი გუნდი მეტად განსხვავდებოდა წინამორბედისგან. ის ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მისი თითოეული წევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყო განსხვავებული კულტურული და ფილოსოფიური მრწამსით. გარდა ამისა, ისინი ასაკითაც აღემატებოდნენ გუნდის 5 თავდაპირველ თინეიჯერ წევრს, თანაც შესანიშნავად იყენებდენ თავიანთ შესაძლებლობებს. ზოგიერთი მათგანი ბრძოლაშიც დახელოვნებული იყო. იქს ადამიანების სრულიად ახალი და განსხვავებული გუნდი, ციკლოპის მეთაურობით, აერთიანებდა შემდეგ მუტანტებს: კოლოსი (საბჭოთა კავშირიდან), ნაითქროლერი (დას. გერმანიიდან), შტორმი (კენიიდან), სანდერბერდი (აპაჩი ინდიელი), აგრეთვე ბანში (ირლანდიიდან), სანფაირი (იაპონია) და სამურავი (კანადიდან), რომელიც ბოლოს ყველაზე პოპულარული იქს-ადამიანი გახდა. მოგვიანებით, გუნდს ჯინ გრეი შეუერთდა, როგორც ცნობილი ფენიქსი. ამასთან ერთად კომიქსში აქტიურად მონაწილეობდნენ ანგელოზი, მხეცი, ჰავოკი და პოლარისი.
განახლებული სერიების ილუსტრატორი იყო დეივ კოკრუმი, რომელსაც მოგვიანებით ჯონ ბირნი ჩაენაცვლა, მწერალი კი - კრის კლერმონი, რომელმაც თავისი თანამდებობა ყველაზე დიდი ხნით შეინარჩუნა. კლერმონის ნამუშევრები კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და ისინი კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდში გამოიცა „Proteus Saga“ („პროტეუსის საგა“), „Dark Phoenix Saga“ („შავი ფენიქსის საგა“), რასაც ფილმი იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა დაეფუძნა, 1980-იანი წლების დასაწყისში კი Days of Future Past („მომავალი წარსულის დღეები“), რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები, აგრეთვე „X-Men: God Loves, Man Kills“ („იქს-ადამიანები: ღმერთს უყვარს, კაცი კლავს“), რაც ფილმ იქს-ადამიანები 2-ის სიუჟეტს დაედო საფუძვლად. ამავე პერიოდში მკითხველმა გაიცნო მთელი რიგი ახალი პერსონაჟებისა, მათ შორის: ამანდა სეფტონი, კიტი პრაიდი, ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი, მრავალრიცხოვანი კაცი, მისტიკა და მოირა მაკტაგერტი, რომელიც მუირის კუნძულზე გენეტიკურ კვლევა-ძიებას აწარმოებდა.
1980-იანი წლები
რედაქტირება1980-იან წლებში, შემზარავი იქს-ადამიანების მზარდი პოპულარობის გამო Marvel Comics-ის სოლო სერიების, ე.წ. „იქს-წიგნების“ გამოცემა დაიწყო. მათგან აღსანიშნავია ალფა ფლაითი, ექსკალიბური, ახალი მუტანტები, იქს-ფაქტორი და სამურავი. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი სიუჟეტები სხვადასხვა „იქს-წიგნის“ პერსონაჟთა მონაწილეობით. აღსანიშნავი ნამუშევრებია: მუტანტთა ამოხოცვა (Mutant Massacre), მუტანტთა დაცემა (Fall of the Mutants) და ინფერნო (Inferno).
ამ წლებში იქს-ადამიანებს შეუერთდნენ: დაზლერი, ფორჟი, ლონგშოთი, პსილოკი, როუგი და რეიჩელ სამერსი. ამავე პერიოდში პროფესორი ქსავიე გაემგზავრა გარე კოსმოსში ლილანდრასთან, შიარის იმპერატრიცასთან შესახვედრად, მაგნეტომ კი მისი ადგილი დაიკავა და ახალი მუტანტების ლიდერი გახდა. მკითხველმა გაიცნო იდუმალებით აღსავსე მედლინ პრიორი − ჯინ გრეის კლონი და უძლეველი აპოკალიფსი, აგრეთვე მისტერ სინისტერი და ხმალკბილა.
1990-იანი წლები
რედაქტირებაიქს-ადამიანები (ნაწ. 2)-ის პრემიერა (პირველი - შემზარავი იქს-ადამიანები იყო, რომელსაც 1981 წლამდე უბრალოდ „იქს-ადამიანები“ ერქვა) 1991 წლის ოქტომბერში შედგა. პროფესორი ქსავიე და გუნდის თავდაპირველი წევრები უბრუნდებიან იქს-ადამიანებს, რომელიც ორ შემტევ ძალად იყოფა – ციკლოპის „ლურჯ გუნდად“ და შტორმის „ოქროს გუნდად“.
პირველი გამოცემები კრის კლერმონმა დაწერა, ილუსტრატორი და სიუჟეტის თანაავტორი კი მხატვარი ჯიმ ლი იყო. კომიქსი მეტად წარმატებული აღმოჩნდა. გაიყიდა მისი 8 მილიონი ეგზემპლარი, რაც დღემდე რეკორდული რაოდენობაა. შედეგად ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი კომიქსის წიგნი გახდა. ამავე პერიოდში გამოიცა ახალი იქს-წიგნი, სახელად იქს-ძალა, რომელიც აერთიანებდა ახალი მუტანტების უკვე ზრდასრულ წევრებს, კეიბლის მეთაურობით. მალე, იქს-წიგნების შემქმნელ გუნდებს შორის შეუთანხმებლობამ განხეთქილება წარმოშვა. იქს-ადამიანების რედაქტორს – ბობ ჰარასს, ჯიმ ლისთან და მხატვარ უილიამ პორტაციოსთან ერთად, კომიქსის სიუჟეტთან დაკავშირებით დავა მოუვიდა კლერმონთან. შედეგად კრის კლერმონმა მიატოვა თანამდებობა, რაც 16 წლის მანძილზე ეკავა. ბევრი ფანი კლერმონის მოღვაწეობის პერიოდს სერიათა კლასიკურ ერად ასახელებს. მის ადგილას ჯონ ბირნი დაინიშნა. მალე ბირნი ფაბიან ნიციეზამ შეცვალა, რომელიც მოგვიანებით სკოტ ლობდელმა ჩაანაცვლა. 1992 წელს ჯიმ ლიმ, რამდენიმე ცნობილ მხატვართან ერთად, მიატოვა Marvel Comics და Image Comics-ში გადაინაცვლა, მიზეზად დაბალი ხელფასი დასახელდა. ილუსტრატორ ლის დიზაინი 90-იანი წლების მანძილზე არ შეცვლილა. ის აგრეთვე გამოყენებულია იქს-ადამიანების ანიმაციურ სერიებში, სათამაშოების ხაზსა და კაპკომის (Capcom) რამდენიმე ვიდეო თამაშში.
1990-იანი წლების აღსანიშნავი ნამუშევრებია: გადაშენების დღის წესრიგი X-Tinction Agenda (1990), მუირის კუნძულის საგა (Muir Island Saga) (1991), ჯალათის სიმღერა X-Cutioner's Song (1992), საბედისწერო მიზიდულობები (Fatal Attractions) (1993), ფალანქსის შეთანხმება (Phalanx Covenant) (1994), ლეგიონის ძიება/აპოკალიფსის ეპოქა (Legion Quest/Age of Apocalypse) (1995), ონსლოტი (1996) და ოპერაცია: არავითარი შემწყნარებლობა (Operation: Zero Tolerance) (1997). იქს-ადამიანებს შეუერთდნენ ცნობილი პერსონაჟები: კეიბლი, ბიშოფი, ჯუბილი და გამბიტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იქს-ადამიანი გახდა და ფანთა რაოდენობით მეტოქეობას თვით სამურავს უწევს. გუნდს აგრეთვე შეემატნენ მუტანტები, რომლებიც მალევე წავიდნენ: ჯოსეფი, მაგოტი, მაროუ, სესილია რეიესი და ახალი სანდერბერდი. ქსავიეს ახალი მუტანტები გაიზარდნენ და იქს-ძალად გარდაიქმნენ. თინეიჯერი მუტანტებისგან შეიქმნა ახალი გუნდი, სახელად იქს-თაობა. ახალი მუტანტებისგან განსხვავებით, მათი აღმზრდელები ჯუბილი და ყოფილი სუპერბოროტმოქმედი – ემა ფროსტი იყვნენ. 1998 წელს დასრულდა ექსკალიბური და იქს-ფაქტორი, ამ უკანასკნელს ჩაენაცვლა მუტანტი იქსი (Mutant X), ჰავოკის მონაწილეობით. Marvel-მა დაიწყო სოლო სერიების გამოცემა: დედპული, კეიბლი, ბიშოფი, სამურავი, ადამიანი იქსი და გამბიტი, თუმცა მათმა უმეტესობამ ათწლეულსაც კი ვერ გასტანა.
2000-იანი წლები
რედაქტირება2000-იანი წლების დასაწყისში კლერმონი ცოტა ხნით დაბრუნდა შემზარავი იქს-ადამიანებისა და იქს-ადამიანების მწერლად, მოგვიანებით კი მან ახალ სერიებზე – „ექსტრიმი იქს-ადამიანები“ (X-Treme X-Men) დაიწყო მუშაობა.
მალე კომიქსის სახელი („იქს-ადამიანები“) შეიცვალა და მას ეწოდა „ახალი იქს-ადამიანები“. მისი მწერალი გრანტ მორისონი იყო. ამ პერიოდს მორისონის ერასაც უწოდებენ მის მიერ განხორციელებული რადიკალური ცვლილებების გამო. მისი პირველი ნამუშევარია „გ, როგორც გადაშენება“ (E is for Extinction). სიუჟეტი ძლიერ დრამატულია: სუპერბოროტმოქმედი კასანდრა ნოვა ანადგურებს გენოშას და კლავს 16 მილიონ მუტანტს. მორისონმა მკითხველს ახალი პერსონაჟი – ქსორნი გააცნო. ამავე პერიოდში იქს-ადამიანების ფერადი კოსტუმები, რაც გუნდს ათწლეულების მანძილზე ეცვა, შავმა ტყავის ფორმებმა ჩაანაცვლა. ამასთან ერთად, Marvel-მა ახალი სერიების გამოცემა დაიწყო, სახელად „უკიდურესი იქს-ადამიანები“ (Ultimate X-Men). მის პარალელურად გამოდიოდა „შემზარავი იქს-ადამიანებიც“, ჩაკ ოსტენის ავტორობით.
იქს-ადამიანებმა შეიძინა ახალი წევრები: ჩამბერი, ემა ფროსტი, ჰუსკი, ნორსსთარი, არმორი, პიქსი და ვარპასი. გუნდს დროებით შეუერთდნენ ყოფილი ბოროტმოქმედებიც: ჯაგერნაუტი, ლედი მასტერმაინდი, მისტიკა და ხმალკბილა. 2001-2007 წწ. გამოდიოდა „განდევნილთა“ (Exiles) სერიები, 2008 წლის იანვრიდან კი „ახალი განდევნილები“, კრის კლერმონის ავტორობით. კეიბლისა და დედპულის წიგნები გაერთიანდა ერთ წიგნში, სახელად „კეიბლი და დედპული“ (Cable & Deadpool). ამასთან ერთად, გამოიცა „გამაუგნებელი იქს-ადამიანების“ (Astonishing X-Men) ახალი ნომრები, ჯოს უიდონის ავტორობით, აგრეთვე ახალი იქს-წიგნი, სახელად „ახალი იქს-ადამიანები: იქს აკადემია“ (New X-Men: Academy X), რაც მკითხველს ახალგაზრდა მუტანტების ინსტიტუტში ცხოვრებაზე მოუთხრობდა.
ამ პერიოდში გაცოცხლდნენ კოლოსი და პსილოკი, ჯინ გრეი კი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით დროებით დაბრუნდა გრაფიკულ ნოველაში ”X-Men: Phoenix – Endsong” (იქს-ადამიანები: ფენიქსის დასასრული). გრეის ემა ფროსტი ჩაენაცვლა და ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. მას შემდგომ, რაც მუტანტთა უმრავლესობამ ძალა დაკარგა, ინსტიტუტი, რომელიც ადრე სასწავლებელს წარმოადგენდა, მუტანტების თავშესაფრად იქცა.
2007 წ. შეიქმნა ახალი სიუჟეტი, სახელად მესიის კომპლექსი (X-Men: Messiah Complex): იქს-ძალა და კეიბლი დეციმაციის შემდგომ დაბადებული პირველი მუტანტის გადარჩენას ცდილობენ. 2008 წლიდან „იქს-ადამიანების“ (რომელსაც 2001 წ. „ახალი იქს-ადამიანები“ ეწოდა) სახელი კვლავ შეიცვალა და ეწოდა ”იქს-ადამიანები: მემკვიდრეობა” (X-Men: Legacy). 2009 წლის მაისში გამოვიდა „მესიის ომი“ (Messiah War), როგორც მეორე ნაწილი იმ ტრილოგიისა, რაც „მესიის კომპლექსით“ დაიწყო.
ათწლეულის აღსანიშნავი ნამუშევრებია: Revolution (რევოლუცია) (2000), Eve of Destruction (განადგურების წინადღე), E Is for Extinction (გ, როგორც გადაშენება) (2001), Planet X (პლანეტა იქსი), Here Comes Tomorrow (იწყება ხვალინდელი დღე), Gifted (დაჯილდოებულნი) (2004), X-Men: Phoenix - Endsong (იქს-ადამიანები: ფენიქსის დასასრული), House of M (ემის სახლი), Decimation (დეციმაცია) (2005), Deadly Genesis (მომაკვდინებელი გენეზისი) (2005–2006), Endangered Species (საფრთხეში მყოფი სახეობები) (2007), Messiah Complex (მესიის კომპლექსი) (2007–2008), Divided We Stand (ვიბრძვით ცალ-ცალკე) (2008), Manifest Destiny (ცხადი ბედისწერა) (2008–2009), X-Infernus (იქს-ინფერნუს), Messiah War (მესიის ომი), Utopia (უტოპია), Nation X (იქს ხალხი) და Necrosha (ნეკროშა) (2009).
იქს-ადამიანების სამყარო
რედაქტირებაიქს-ადამიანები, Marvel-ის სხვა პერსონაჟებთან ერთად, Marvel-ის სამყაროში არსებობენ, ამიტომ მკითხველის გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს მათი ხშირი შეხვედრები სხვა სერიების პერსონაჟებთან. გუნდის ბაზა ქსავიეს ინსტიტუტი ანუ ე.წ. იქს-სახლია, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. 2000-იან წლებამდე ის ყველას ჩვეულებრივ უმაღლეს სასწავლებლად მიაჩნდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქსავიეს მუტანტობა საქვეყნოდ გახდა ცნობილი, მსოფლიომ გაიგო, რომ სინამდვილეში ის მუტანტთა სკოლა-ინტერნატი ყოფილა.
იქს-ადამიანები ზეტექნოლოგიებით სარგებლობენ: მაგალითად, სერებრო ზრდის რა პროფესორი ქსავიეს შესაძლებლობებს, მას მუტანტთა მოძიებაში ეხმარება; სავარჯიშოდ გუნდი სპეციალურ ოთახს იყენებს, რაც რეალისტურ ჰოლოგრაფიულ სიმულაციებს წარმოქმნის, გადასაადგილებლად კი რეაქტიულ საჰაერო ხომალდ ბრეკბერდს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იქს-ადამიანები საიტზე Comic Book DB (არქივირებულია ორიგინალიდან)
- იქს-ადამიანები marveldirectory.com
- Marvel-ის მონაცემთა ბაზა
- იქს-ადამიანები uncannyxmen.net