ისაბელ პორტუგალიელი

(გადამისამართდა გვერდიდან იზაბელა პორტუგალიელი)

ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Isabel de Portugal; დ. 24 ოქტომბერი, 1503, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 1 მაისი, 1539, ტოლედო, ესპანეთი) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის უფროსი ქალიშვილი. ცოლად გაჰყვა თავისსავე დეიდაშვილს, ესპანეთის, იტალიისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს. მეუღლის გერმანიაში ყოფნის პერიოდში 1529-1532, 1535-1536 და 1538-1539 წლებში იყო ესპანეთის რეგენტი.

ისაბელ პორტუგალიელი
Isabel de Portugal

ისაბელი 1548 წელს, ნახატი შესრულებულია ტიციანის მიერ და ინახება პრადოს მუზეუმში
ესპანეთის, ნეაპოლის, სიცილიისა და სარდინიის დედოფალი, ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი
მმართ. დასაწყისი: 10 მარტი, 1526
მმართ. დასასრული: 1 მაისი, 1539
წინამორბედი: ხუანა კასტილიელი
მემკვიდრე: მერი ტიუდორი
საღვთო რომის იმპერატრიცა, რომალ-გერმანელთა და იტალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 თებერვალი, 1530
მმართ. დასასრული: 1 მაისი, 1539
წინამორბედი: ბიანკა მარია სფორცა
მემკვიდრე: მარია ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ოქტომბერი, 1503
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 1 მაისი, 1539, (35 წლის)
გარდ. ადგილი: ტოლედო, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: კარლ V, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ფილიპე II, ესპანეთის მეფე
მარია, საღვთო რომის იმპერატრიცა
ხუანა, პორტუგალიის პრინცესა
დინასტია: ავისები
მამა: მანუელ I, პორტუგალიის მეფე
დედა: მარია არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ისაბელი იყო ლეგენდარული მონარქების, ისაბელ I კასტილიელისა და ფერდინანდ II არაგონელის შვილიშვილი. ისაბელი ბევრ რამეში ჰგავდა მათ. სწორედ მათმა მოღვაწეობამ მოახდინა დიდი გავლენა მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. იგი აღიარებული იყო როგორც ძალიან ლამაზი ქალი, ასევე იყო სათნო, ღრმადმორწმუნე კათოლიკე და კარგი პოლიტიკოსი. სწორედ მისი პოლიტიკის წყალობით გადაურჩა ესპანეთი საღვთო რომის იმპერიის მარწუხებს. იგი ასევე იყო დედა ესპანეთისა და პორტუგალიის გამაერთიანებელი ფილიპე II-ისა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ისაბელი დაიბადა 1503 წლის 24 ოქტომბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, მარია არაგონელის პირველი საერთო შვილი, ვინაიდან მამამისს პირველი ცოლისგან უკვე ჰყავდა ვაჟი. 1506 წლიდან ისაბელი პორტუგალიის ტახტის მემკვიდრედ ცხადდება, ვინაიდან მისი ორივე ძმა დაიღუპა. სწორედ ამან და კიდევ იმან, რომ პორტუგალიის მეფის ასული იყო, ისაბელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პატარძალი გახდა.

ისაბელმა პორტუგალიაში დედასთან და და-ძმებთან ერთად ბედნიერი ბავშვობა გაატარა. იგი საუკეთესო განათლებას იღებდა ელვირა დე მენდოზას ზედამხედველობით. ისაბელი თანდათან ყალიბდებოდა ლამაზ და ჭკვიან ქალად. იგი სწავლობდა ლათინურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს, ქრისტიანულ დოგმებსა და რენესანსულ ხელოვნებას. გარდა ამისა მას ჰქონდა საკუთარი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, საიდანაც მას ყველა წიგნი რამდენჯერმეც კი ჰქონდა წაკითხული. მას განსაკუთრებულად სასულიერო ხასიათის წიგნები იზიდავდა. მას ასევე ძალიან უყვარდა ჯირითი.

ნიშნობა კარლ V-ზე

რედაქტირება
 
ისაბელ პორტუგალიელი

ისაბელის დედამ, დედოფალმა მარია არაგონელმა თავის ქმარს, მეფე მანუელს მკაცრად განუცხადა, რომ ისაბელი მხოლოდ მეფეზე, ან მეფის მემკვიდრეზე გათხოვდებოდა. ასეთ შემთხვევაში, ისაბელის საქმროდ ყველაზე იდეალური კანდიდატი მისი ღვიძლი დეიდაშვილი, კარლ ჰაბსბურგი იყო, რომელიც მარია არაგონელის უფროსი დის, დედოფალ ხუანა კასტილიელისა და მისი ქმრის, მეფე ფილიპე I-ის უფროსი ვაჟი იყო. კარლი ერთდროულად საღვთო რომის იმპერიის, ესპანეთისა და სხვა მრავალი სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე იყო. ეს ქორწინება იდეალური შესაძლებლობა იყო ესპანეთ-პორტუგალიის ალიანსის გასამყარებლად.

პორტუგალიასა და ესპანეთს შორის ალიანსის არსებობა აუცილებელი იყო, რადგან ამერიკის კონტინენტის კოლონიზირებისას დაპირისპირება არ მომხდარიყო. ამ პერიოდში, როდესაც კარლი უკვე საღვთო რომის იმპერატორი გახდა, ესპანეთს წყალივით სჭირდებოდა მეზობლად ძლიერი მოკავშირე, რათა იმპერიის პროვინციად არ ქცეულიყო. ასევე ესპანელებს ისიც აშინებდათ, რომ პორტუგალიელები ხშირად ფრანგების მხარეს იჭერდნენ, ეს კი ესპანეთს მტრების ალყაში აქცევდა. პორტუგალიისა და ესპანეთის მოკავშირეობა ნიშნავდა, რომ პირენეს ნახევარკუნძულზე ომის საშიშროება აღარ არსებობდა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ესპანეთისათვის პორტუგალიასთან ალიანსი ზურგის გამაგრების, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია იყო, რაც მხოლოდ ამ ქორწინებით მიიღწეოდა.

თუმცა კარლის ფლანდრიელი მრჩევლები, განსაკუთრებით კი ვილჰელმ კროი დარწმუნებული იყო, რომ პორტუგალიის ნაცვლად, ესპანეთს ინგლისთან ალიანსი უფრო წაადგებოდა. კარლისა და ისაბელის კიდევ ერთი დეიდა, დედოფალი კატალინა არაგონელი გათხოვილი იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ზე, რომელთაც ერთი ქალიშვილი და მემკვიდრე, პრინცესა მერი ტიუდორი ჰყავდათ. მრჩევლები კარლს სწორედ მერიზე ქორწინებას ურჩევდნენ, რომელიც კარლზე 16 წლით უმცროსი იყო და ამ დროს ჯერ კიდევ ჩვილი იყო. თუმცა კარლის მერიზე ქორწინებით ინგლისის საფრანგეთთან ალიანსი გაუქმდებოდა, რაც ესპანელებს დიდად დაეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, კარლმა საბოლოოდ მაინც ისაბელზე ქორწინება არჩია. ქორწინებამდე კი მისი ქანდაკება შეუკვეთა, რათა კარგად ენახა, ვისზე ქორწინდებოდა.

1525 წელს, როდესაც მერის უკვე წამოიზარდა, კვლავ დაიწყო კარლთან ქორწინების მოლაპარაკებები. თუმცა მერი უკვე აღარ ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან ჰენრის ვაჟის გაჩენა სურდა. ამრიგად თუკი ინგლისის ტახტსაც ვერ მიიღებდა, რაღაში სჭირდებოდა ჯერ კიდევ ბავშვზე დაქორწინება, რომელიც მას კიდევ რამდენიმე წელი შვილსაც ვერ გაუჩენდა კარლს. სწორედ ამიტომ და კიდევ მრავალი სხვა მიზეზის გამო გადაწყდა კარლისა და ისაბელის ქორწინება. ისაბელს მერისთან შედარებით უამრავი უპირატესობა ჰქონდა, იგი კარლის ასაკის იყო (მხოლოდ სამი წლით იყო უმცროსი), მასთან ქორწინებით დასრულდებოდა პორტუგალიასთან დავა, ისაბელმა შესანიშნავად იცოდა ესპანური ენა და ტრადიციები და ასევე მზითვში 900 000 პორტუგალიურ ოქროს მონეტას ატანდნენ. ამ მზითვით თავისუფლად გადაიჭრებოდა კარლის ეკონომიკური პრობლემა, რომელიც მას იტალიური ომების გამო შეექმნა. საბოლოოდ შედგა პორტუგალიისა და ესპანეთის სამეფო კარებს შორის ორმაგი დინასტიური ქორწინების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისაბელი ცოლად კარლს მიჰყვებოდა, ხოლო ისაბელის ძმა, უკვე პორტუგალიის მეფე ჟუან III ცოლად ირთავდა კარლის დას, პრინცესა ეკატერინე ავსტრიელს.

საღვთო რომის იმპერატრიცა და ესპანეთის დედოფალი

რედაქტირება
 
ისაბელ პორტუგალიელი და კარლ V, შესრულებულია პეტერ პაულ რუბენსის მიერ 1555 წელს

1526 წლის იანვარში ისაბელ პორტუგალიელი ესპანეთში გაემგზავრა. ესპანეთ-პორტუგალიურ საზღვარზე მისვლისთანავე მას მიეგებნენ კალაბრიის ჰერცოგი, ტოლედოს არქიეპისკოპოსი და ბეხარის ჰერცოგი, რომლებმაც მათი მომავალი დედოფალი სევილიაში წაიყვანეს, სადაც მას კარლი ელოდებოდა. ისაბელი სევილიაში მარტში ჩავიდა, ერთი კვირის შემდეგ კი იგი კარლს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინების თავდაპირველი მიზეზი წმინდა წყლის პოლიტიკა იყო, კარლს დანახვისთანავე შეუყვარდა თავისი ულამაზესი მეუღლე, ისაბელსაც მალევე გაუჩნდა ანალოგიური გრძნობა კარლის მიმართ. 11 მარტს, შუაღამისას, სევილიის ალკასარში კარლ ესპანელი და ისაბელ პორტუგალიელი დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორობის გამო კარლი ხშირად არ იყო ესპანეთში, მათი ქორწინება საკმაოდ ბედნიერი იყო, რადგან ორივე მეუღლე ერთმანეთის ერთგული და მოსიყვარულე იყო. ბედნიერმა წყვილმა თაფლობის თვე გრანადაში მდებარე ალჰამბრას სასახლეში გაატარეს, სადაც ისინი კარგ დროს ატარებდნენ და ხშირად იცინოდნენ. ამგვარი გამართლება პოლიტიკური ქორწინებებისას, ძალიან იშვიათი იყო.

ისაბელი საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტური პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რის გამოც როდესაც კარლი ესპანეთში არ იყო, 1529-32, 1535-36 და 1538-39 წლებში ესპანეთის რეგენტი ისაბელი იყო. ისაბელი მხოლოდ არაჩვეულებრივი დედოფალი კი არა, არამედ საოცარი მეუღლე და დედაც იყო. მისი დროის ჩანაწერები მეტყველებენ, რომ ისაბელი სამეფოს მართვის ღრმა მცოდნე იყო, რომელიც იცავდა სამეფო ძალაუფლებას, მონარქის უზენაეს ხელისუფლებას და განსაკუთრებულ ინტერესს საყოველთაო სიკეთეზე. ისაბელი ძალიან ღელავდა, რომ ჩრდილო აფრიკიდან და ოსმალეთიდან წამოსული მეკობრეები, ესპანურ გემებს მოსვენებას არ აძლევდნენ. რის აღმოსაფხვრელადაც მან ყველაფერი გააკეთა.

თავისი რეგენტობის პერიოდში, ისაბელი ესპანეთში მოგზაურობდა. ტოლედოსა და სევილიაში არსებული ძალიან ცხელი ამინდის გამო იგი ავილაში გადავიდა, სადაც მას მალარია შეეყარა. მალარიისაგან მალევე განიკურნა და თავისი გზა განაგრძო. იგი ესტუმრა ტოლედოს, ვალიადოლიდს, სევილიას, ბარსელონას და ბოლოს მაიოკაზეც გადავიდა. ისაბელი მნიშვნელოვან ცვლილებას კარლის გარეშე არასოდეს ახორციელებდა. ისინი ძალიან ხშირად სწერდნენ ერთმანეთს წერილებს. ერთხელად იმპერატორმა თვეების განმავლობაში არ მისწერა წერილი, რის შემდეგაც "გაღიზიანებულმა" ისაბელმა მისწრა და მოსთხოვა, მაქსიმუმ ორ დღეში ერთხელ მაინც მომწერე წეილიო. როდესაც აცნობეს, რომ წლების განშორების შემდეგ კარლი ესპანეთში დაბრუნდაო, დედოფალმა დიდი წვეულება გამართა. კარლი მალევე გაბრუნდა უკან და ისაბელი კვლავ მარტო დარჩა შვილებთან და მრჩევლებთან ერთად. ამის შემდეგ იგი ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა.

ისაბელი ასევე ცნობილია როგორც საოცარი და თავდადებული დედა. იგი თვითონ მეთვალყურეობდა შვილების უმაღლესი განათლებით უზრუნველყოფას და ღრმადმორწმუნე კათოლიკეებად აღზრდას. განსაკუთრებულად თავის ვაჟზე, მომავალში მეფე ფილიპე II-ზე, ზრუნავდა, რომელსაც თავად ისაბელმა ასწავლა პორტუგალიური ენა.

ჯანმრთელობა

რედაქტირება

ისაბელას ყოველთვის აწუხებდა ტერტიანული შეშუპებები, რომელიც შემდგომში ქრონიკულ დაავადებად ექცა. გარდა ამისა მან რამდენჯერმე გადაიტანა მალარია, რამაც მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია. გარდა ამისა მან შვიდჯერ იმშობიარა, რომელთაგან ხუთი წარმატებით დასრულდა, ხუთი ბავშვიდან კი ორი მალევე დაიღუპა. მან ასევე ორჯერ განიცადა მუცლის მოშლა. ამას ემატებოდა კარლთან მუდმივი განშორება და მარტოობა, რამაც ცუდად იმოქმედა მის ფსიქიკაზე. თუმცა ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ მარტოობამ იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე ყველაზე უფრო დამღუპველად.

გარდაცვალება და შემდეგ

რედაქტირება
 
კარლისა და ისაბელის საფლავი ესკორიალში, მათ უკან კი ჩანს კარლის დების საფლავები

1539 წელს ისაბელი მეშვიდედ დაფეხმძიმდა, მაგრამ ორსულობის მესამე თვეზე მას მუცელში გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო, რასაც მკვდარი ვაჟი გაჩენა მოჰყვა. ამ ამბიდან სულ ორ კვირაში, 1539 წლის 1 მაისს, 35 წლის ისაბელი გარდაიცვალა. იმპერატორი კარლი მეუღლის გარდაცვალებამ მთლიანად გაანადგურა. თავდაპირველად ისაბელი გრანადაში, ალჰამრას სასახლეში დაკრძალეს კარლის სურვილით, სადაც მათ თაფლობის თვე გაატარეს. დაკრძალის შემდეგ კარლი ორი თვით მონასტერში გამოიკეტა, სადაც ცოლს გლოვობდა და მისი სულისათვის ლოცულობდა. ისაბელის გარდაცვალებამ საშინლად იმოქმედა მის ახლო მეგობარზე, ფრანსისკო ბორჯიაზე, რომელმაც მისი დაკრძალვის დღეს დაიფიცა, რომ სხვა ბატონს აღარასოდეს ემსახურებოდა. 1541 წელს, მას შემდეგ რაც ფრანსისკოს ცოლიც დაიღუპა, იგი განუდგა საერო ცხოვრებას და იეზუიტთა ორდენში მღვდლად გაწევრიანდა.

 
ტიციანის "ლა გლორია", რომელიც ერთ-ერთია ისაბელის იმ პორტრეტთაგან, რომლებიც კარლმა მისი გარდაცვალების შემდეგ შეუკვეთა

ისაბელის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი კარლს არასდროს არ განელებია. იგი მთელი დანარჩენი ცხოვრება მხოლოდ შავი ფერის სამოსს ატარებდა. კარლმა ისაბელის სახელის უკვდავსაყოფად, 1540 წელს ფლანდრიელ კომპოზიტორ თომას ქრევლიონს ისაბელზე რექვიემის დაწერა დაავალა. აგრეთვე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, კარლის ბრძანებით გაკეთდა ისაბელის მემორიალი. 1545 წელს კი ასევე ფლანდრიელ კომპოზიტორ ნიკოლას პაიენს ისაბელზე კიდევ ერთი რექვიემის დაწერა უბრძანა.

1543 წელს კარლმა თავის საყვარელ მხატვარს — ტიციანს ისაბელის ძველ პორტრეტზე დაყრდნობით მისი ახალი პორტრეტების შექმნა უბრძანა. ტიციანმა პირველად შექმნა მისი ცნობილი ტილო ლა გლორია, რომელზეც ისაბელი და სხვა სამეფო ოჯახის წევრები ზეციურ მეუფეს მუხლმოყრილნი ევედრებიან შეწყალებას, ამას მოჰყვა 1548 წელს იმპერატრიცა ისაბელის პორტრეტი. 1555 წელს კი პეტერ პაულ რუბენსმა ტიციანის ტილოებზე დაყრდნობით შექმნა კარლისა და ისაბელის ერთობლივი პორტრეტი. მას შემდეგ კი რაც კარლი ტახტიდან გადადგა და მონასტერში წავიდა, თან მხოლოდ ისაბელის პორტრეტები წაიღო.

1574 წელს, მას შემდეგ რაც ისაბელის ვაჟმა ფილიპე II-მ თავისი ესკორიალის სასახლის მშენებლობა დაასრულა, ისაბელისა და კარლის ცხედრები ესკორიალში გადაასვენა და მათ ოქროს აკლდამა გაუკეთა, რომელზეც მათი ოქროს ქანდაკებებია აღმართული. ფილიპეს სურდა, რომ ესპანეთის ყველა მეფე და დედოფალი აქ დაკრძალულიყო, რაც ასეც მოხდა. მან ასევე გადმოასვენა თავისი მამიდების, ელეონორ და მარია ავსტრიელების ცხედრები, რომლებიც ისაბელისა და კარლის უკან დაკრძალა.

1580 წელს ისაბელის ძმიშვილი, პორტუგალიის მეფე სებასტიან I მოკლეს. ამით ავისების დინასტია სამუდამოდ შეწყდა. ფილიპემ კი, ვინაიდან დედის მხრიდან პორტუგალიის სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა, პორტუგალიის ტახტიც მიიღო, რითაც შეიქმნა იბერიის უძლიერესი უნია, რომელიც 1640 წელს ფილიპე IV-ის მმართველობისას დაიშალა.

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი მეუღლე წოდება
  ფილიპე II 21 მაისი, 1527 13 სექტემბერი, 1598 71 წლის
  1. მარია პორტუგალიელი
  2. მერი ტიუდორი
  3. ელიზაბეტ ვალუა
  4. ანა ავსტრიელი
ესპანეთისა და პორტუგალიის

კოლონიური იმპერიების

მეფე

  მარია 21 ივნისი, 1528 26 თებერვალი, 1608 74 წლის მაქსიმილიან II ავსტრიელი საღვთო რომის იმპერატრიცა,

გერმანიის, იტალიის,

უნგრეთის, ბოჰემიისა და

ხორვატიის დედოფალი,

ავსტრიის ერცჰერცოგინია

  ფერდინანდი 22 ნოემბერი, 1529 13 ივლისი, 1530 7 თვის
  ვაჟი 29 ივნისი, 1534 დაიბადა მკვდარი
  ხუანა 26 ივნისი, 1535 7 სექტემბერი, 1573 38 წლის ჟუან მანუელ პორტუგალიელი პორტუგალიის პრინცესა
  ხუანი 19 ოქტომბერი, 1537 29 მარტი, 1538 4 თვის
  ვაჟი 21 აპრილი, 1539 დაიბადა მკვდარი

ტიტულები

რედაქტირება
  • პორტუგალიის ინფანტა: 1503-1539;
  • ალგარვის პრინცესა: 1503-1539;
  • საღვთო რომის იმპერატრიცა: 1530-1539;
  • იტალიის დედოფალი: 1530-1539;
  • რომაელ-გერმანელთა დედოფალი: 1526-1539;
  • კასტილიის დედოფალი: 1526-1539;
  • ლეონის დედოფალი: 1526-1539;
  • არაგონის დედოფალი: 1526-1539;
  • მაიორკის დედოფალი: 1526-1539;
  • ვალენსიის დედოფალი: 1526-1539;
  • ბარსელონას გრაფინია: 1526-1539;
  • სიცილიის დედოფალი: 1526-1539;
  • სარდინიის დედოფალი: 1526-1539;
  • ნეაპოლის დედოფალი: 1526-1539;
  • ბრაბანტის ჰერცოგინია: 1526-1539;
  • ლიმბურგის ჰერცოგინია: 1526-1539;
  • ლოთერის ჰერცოგინია: 1526-1539;
  • ლუქსემბურგის ჰერცოგინია: 1526-1539;
  • ბურგუნდიის პფალცგრაფინია: 1526-1539;
  • არტუას გრაფინია: 1526-1539;
  • ფლანდრიის გრაფინია: 1526-1539;
  • ენოს გრაფინია: 1526-1539;
  • ჰოლანდიის გრაფინია: 1526-1539;
  • ნემურის გრაფინია: 1526-1539;
  • ზელანდიის გრაფინია: 1526-1539;

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • S. Jansen: The Monstrous Regiment of Women: Female Rulers in Early Modern Europe, 2002.
  • Tracy, James D. (2002). Emperor Charles V, Impresario of War : campaign strategy, international finance, and domestic politics. Cambridge Univ. Press. p. 114.
  • MacQuarrie, Kim (2007). The Last Days of the Incas. Simon and Schuster. p. 35.
  • Ford, Richard (2011). A Hand-Book for Travellers in Spain, and Readers at Home: Describing the Country and Cities, the Natives and Their Manners. Cambridge University Press. p. 258.
  • Geoffrey Parker (2014), Imprudent King: A New Life of Philip II, New Haven and London: Yale University Press, p. 12.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება