ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ივან მაზეპა (უკრაინულად: Іван Степанович Мазепа, პოლონურად: Jan Mazepa Kołodyński; 30 მარტი [ძვ. ს. 20 მარტი] 1639 – 2 ოქტომბერი [ძვ. ს. 21 სექტემბერი] 1709)[1] იყო უკრაინელი სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერი, რომელიც ატარებდა ზაპოროჟიისა და უკრაინის მარცხენა სანაპიროს ჰეტმანის წოდებას 1687–1708 წლებში. მაზეპას ცხოვრების ისტორიულმა ეპიზოდებმა გავლენა მოახდინა მრავალ სალიტერატურო, ხელოვნებისა და მუსიკალურ ნამუშევრებზე. იგი ცნობილი იყო, როგორც ხელოვნების ქომაგი.

ივან მაზეპა
მშობლიური სახელი Іван Мазепа
დაბადების თარიღი

1639 წლის 30 მარტი (ახ. ს.),

ბილა-ცერკვა, კიევის ვოივოდეშიპი, პოლონეთის სამეფოს გვირგვინი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
გარდაცვალების თარიღი

1709 წლის 2 ოქტომბერი (ახ. ს),

ბენდერი (ტიგინა), მოლდავიის სამთავრო
ეროვნება უკრაინელი
წოდება ზაპოროჟიის ჰეტმანი
მეუღლე(ები) ჰანა ჰოლოვეცი (1642–1704 წწ.)
ხელმოწერა

ივან მაზეპამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლტავის ბრძოლაში (1709 წელი). როდესაც შეიტყო, რომ იმპერატორ პეტრე I დიდს განზრახული ჰქონდა ზაპოროჟიის (კაზაკების სახელმწიფო) ჰეტმანის (სამხედრო ლიდერი) პოზიციიდან გათავისუფლება და ალექსანდრე მენშიკოვით მისი ჩანაცვლება, მაზეპამ საკუთარი ჯარი მიატოვა და მიემხრო შვედეთის მეფე კარლ XII-ს. მაზეპას მიერ კაზაკთა მიტოვების პოლიტიკურმა შედეგებმა და ინტერპრეტაციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსეთისა და უკრაინის ეროვნულ ისტორიებში.

1708 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანათემას გადასცა ივან მაზეპას სახელი და ამჟამადაც უარს ამბობს გადაწყვეტილების უკან წაღებაზე. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანათემა არ აღიარა და მას არაკანონიკური უწოდა, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მას არავითარი რელიგიური, თეოლოგიური ან კანონიკური მიზეზები არ გააჩნდა.[2]

მე-18 საუკუნიდან მოყოლებული უკრაინის დამოუკიდებლობის მოსურნე და რუსეთის მოწინააღმდეგე ყველა პიროვნებას "მაზეპინცებს" უწოდებდნენ (რუსულად: Мазепинцы), რაც საკმაოდ დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა.[3][4] უკრაინული ისტორიოგრაფიიდან ივან მაზეპას გარიყვა გაგრძელდა საბჭოთა პერიოდის განმავლობაშიც, თუმცა 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მაზეპას მიმართ შეხედულების თანდათანობითი რეაბილიტაცია მოჰყვა.

უკრაინულ საზღვაოსნო საბრძოლო ხომალდს ჰეტმან ივან მაზეპას სახელი უწოდეს.[5]

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ფირფიტა, რომელზეც ნაჩვენებია მაზეპას გერბი, ერთხელ განთავსებული იყო ჩერნიჰივის კოლეჯის კედელზე.

სავარაუდოდ, ივან მაზეპა დაიბადა 1639 წლის 30 მარტს დიდგვაროვანთა რუთენიულ-ლიტვურ ოჯახში, რომელიც ცხოვრობდა მაშინდელ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის (დღესდღეობით – დროზდის სასოფლო საბჭო, ბილა-ცერკვას რაიონი) შემადგენლობაში მოქვეულ ბილა-ცერკვასთან ახლოს მდებარე მაზეპინცში. დედამისი იყო მარინა მოკიევსკა (1624–1707 წლები) (1674-დან 1675 წლამდე ცნობილი, როგორც მარია მაგდალენა),[6] ხოლო მამამისი იყო სტეფან ადამ მაზეპა (?–1666). მარინა მოკიევსკა დაიბადა კაზაკი ოფიცრის ოჯახში, რომელიც ბოგდან ხმელნიცკის მხარდამხარ იბრძოდა. მარინას ორი შვილის შეეძინა – ივანი და ოლექსანდრა. სტეფან მაზეპა იკავებდა ბილა-ცერკვას ოტამანის პოზიციას (1654 წ.), რომელიც პოლონეთ-ლიტვურ რჟეჩპოსპოლიტასა და ჩერნიგოვ პოდჩაშის (ჩერნიგოვის თასის მატარებელი, 1662 წ.) მეფის კაზაკი წარმომადგენელი იყო.

თავდაპირველად, ივან მაზეპამ განათლება მიიღო კიევ-მოილას აკადემიაში, რომელიც მაშინ ვარშავას იეზუიტთა კოლეჯის რიგებში შედიოდა. უკრაინული,რუსული და პოლონური ენების გარდა, იგი თავისუფლად მეტყველებდა ლათინურ ენაზე (ფრანგი დიპლომატის, ჟან ბალუზეს მოგონებების თანახმად: "ლათინური ენის შესანიშნავი ცოდნით, მას შეეძლო ჩვენს იეზუიტთა მამებსაც კი შეჯიბრებოდა") და საუბრობდა იტალიურად და გერმანულად. ფილიპ ორლიკმა დაადასტურა, რომ მაზეპა, მრავალი კაზაკი ოსტატის მსგავსად, ძალიან კარგად ფლობდა თათრულ ენას.[7] მაზეპა საარტილერიო საქმის სასწავლებლად გააგზავნეს დევენტერში (გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა) 1656–1659 წლებში, რა დროსაც მან მოიარა მთელი დასავლეთ ევროპა.[8] 1659 წლიდან მოყოლებული, იგი მსახურობდა პოლონელთა მეფის, იან II კაზიმირ ვასას (მეფობდა 1648–1668 წლებში) კარზე და დაყვებოდა სხვადასხვა დიპლომატიურ მისიებზე უკრაინაში. პოლონეთის სამეფო კარზე სამსახურმა, მას მოუტანა კათოლიზებული "ლიახის"[9] რეპუტაცია – მოგვიანებით რუსულმა იმპერიულმა მთავრობამ ეფექტურად გამოიყენა ეს სიტყვა მაზეპას დისკრედიტაციისთვის. ამ პერიოდში წარმოიშვა მადამ ფალბოვსკასთან მისი ურთიერთობის შესახებ ლეგენდა, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა რამდენიმე ევროპულ რომანტიკოსზე, როგორებიცაა ფერენც ლისტი, ვიქტორ ჰიუგო და ბევრი სხვა.

1663 წელს მამის ავადმყოფობის გამო, ივან მაზეპა მშობლიურ სახლს დაუბრუნდა. ხოლო, დაახლოებით 1665 წელს მამის გარდაცვალების შემდგომ, მემკვიდრეობით მიიღო ჩერნიჰივის მაღალი რანგის ოფიცრის წოდება.[10] 1669-დან 1673 წლამდე პერიოდში, მაზეპა იკავებდა პეტრო დოროშენკოს (1665-დან 1672 წლამდე უკრაინის დასავლეთ სანაპიროს ჰეტმანი) ჰეტმანის მცველთა ესკადრონის მეთაურის პოზიციას, განსაკუთრებით დოროშენკოს 1672 წლის კამპანიის დროს გალიციაში. ასევე, იგი ასრულებდა კანცლერის დიპლომატიურ მისიას პოლონეთში, ყირიმსა და ოსმალთა იმპერიაში. 1674-დან 1681 წლამდე პერიოდში, მაზეპა დოროშენკოს მოწინააღმდეგე ჰეტმანის, ივან სამოილოვიჩის "მსახური" გახდა მას შემდეგ, რაც ოფიცერთა მეთაურმა (ინგლ. Kosh Otaman) ივან სირკომ შეიპყრო მაზეპა ყირიმისკენ მიმავალ გზაზე. 1677-დან 1678 წლამდე პერიოდში, მაზეპა მონაწილეობდა ჩირინის კაპმანიებში, რა დროსაც ოსმალთა იმპერიის მხარდაჭერით იური ხმელნიცკი შეეცადა ძალაუფლების დაბრუნებას უკრაინაში. ახალგაზრდა და განათლებული მაზეპა სწრაფად დაწინაურდა კაზაკთა რანგების საფეხურებზე და 1682-დან 1686 წლამდე ასრულებდა გენერლის ადიუტანტის მოვალეობას (გენერლის იასაული).

 
"ივან მაზეპა – ზაპორიჟიის კაზაკთა ომის უმაღლესი მეთაური"

1687 წელს ივან მაზეპამ დაადანაშაული სამოილოვიჩი იმის გამო, რომ რუსეთისგან გამოყოფა სურდა, თუმცა მოახერხა საკუთარი თანამდებობის შენარჩუნება და ვასილი გოლიცინის მხარდაჭერით, კოლომაკში, უკრაინის მარცხენა სანაპიროს ჰეტმანის პოზიციაზეც აირჩიეს.[11] ამავდროულად, ივან მაზეპამ ხელი მოაწერა კოლომაკის ხელშეკრულებებს, რომლებიც ეფუძნებოდა დემიან მნოგოგრიშნის გლუჰივის ხელშეკრულებებს.

ივან მაზეპამ თანდათანობით დააგროვა დიდძალი სიმდიდრე და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი გახდა. მისი მეფობის დროს უკრაინაში აშენდა ბაროკოს სტილის მრავალი ეკლესია. მაზეპამ დააარსა სკოლები, სტამბები და გააფართოვა კიევ-მოგილას აკადემია, რომელიც იმ დროს, 2 000 სტუდენტის აქტივით უკრაინის ძირითად საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენდა.

1702 წელს, ჰეტმენ სემენ პალის ლიდერობით, უკრაინის მარჯვენა სანაპიროს კაზაკებმა დაიწყეს აჯანყება პოლონეთის წინააღმდეგ. აჯანყება, თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, მარცხით დასრულდა. ივან მაზეპამ რუსეთის იმპერატორი პეტრე I დაარწმუნა იმაში, რომ შეჭრილიყო უკრაინის დასავლეთ სანაპიროზე. მაზეპამ სამხედრო ოპერაცია წარმატებით განახორციელა იმ ფონზე, რომ შვედეთის მეფე კარლ XII-ის ინტერვენციის გამო, პოლონეთი საგრძნობლად იყო დასუსტებული.

ჩრდილოეთის დიდი ომი

რედაქტირება

მე-18 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიამ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორია ჩრდილოეთის დიდ ომში, პეტრე I-მა გადაწყვიტა რუსული არმიის რეფორმირება და საკუთარ იმპერიაში კონტროლის ცენტრალიზება. ივან მაზეპას აზრით, 1654 წელს მიღებული პერეიასლავის ხელშეკრულებით, რუსეთის ცენტრალიზებული ძალაუფლების გაძლიერება რისკის ქვეშ დააყენებდა კაზაკებისთვის მინიჭებულ ფართო ავტონომიას. ზაპოროჟიელ კაზაკებზე კონტროლის დამყარების მცდელობა გულისხმობდა მოთხოვნას, რომ რეგიონული მტრების წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, კაზაკებს მონაწილეობა მიეღოთ იმპერატორის მიერ წარმოებულ ომებში, როგორც ამას წინა ხელშეკრულებები ითვალისწინებდა. იმ პერიოდში, კაზაკების ძალები იბრძოდნენ შორეულ ომებში ლივონიისა და ლიტვას წინააღმდეგ, მაშინ, როცა მათი მიწები დაუცველი იყო თათრებისა და პოლონელების შემოსევებისგან. ცუდი აღჭურვილობისა და არასაკმარისი წვრთნის გამო, კაზაკები წინ ვერ აღუდგნენ თანამედროვე ევროპული არმიების ტაქტიკებს და დაბალი სულისკვეთების თანხლებით, მძიმე დანაკარგები განიცადეს. ჰეტმანი მიხვდა, რომ რუსული არმიის ერთ-ერთი მდიდარი გენერალი ცდილობდა მისი პოზიციის დაკავებას.

მხარეთა ცვლილებები

რედაქტირება

იმპერატორ პეტრესთან გაფუჭებულ ურთიერთობებში უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ივან მაზეპას მხრიდან უკრაინის დასაცავად ძალის გამოყენებაზე უარი თქმა. ბრძოლა უნდა წარმართულიყო პოლონელი მეფის, სტანისლავ ლეშჩინსკის წინააღმდეგ, რომელიც შვედეთის მეფე კარლ XII-ის მოკავშირე იყო და იმუქრებოდა, რომ 1708 წელს კაზაკებს თავს დაესხმებოდა. პეტრე მოელოდა, რომ მას შვედების მეფე კარლი შეუტევდა და ძალას არ დაიშურებდა. მაზეპას აზრით, ეს უხეშად არღვევდა პერეიასლავის ხელშეკრულებას, რადგან რუსეთმა უარი განაცხადა უკრაინის ტერიტორიის დაცვაზე და ის საკუთარი თავის იმედად დატოვა. შვედურმა და პოლონურმა არმიებმა წინ წაიწიეს უკრაინასთან მიმართებაში და მათ 1708 წლის 28 ოქტომბერს ივან მაზეპა შეუერთდა. თუმცა, მხოლოდ 3 000 კაზაკი ამოუდგა მხარში საკუთარ ჰეტმანს, დანარჩენი კი იმპერატორის ერთგული დარჩა. ჯარის მიმართ მაზეპას მოწოდებას ასუსტებდა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მოკავშირეობა იმპერატორთან. მაზეპას ღალატის გაგების შემდეგ, რუსული არმია შეიჭრა კაზაკების დედაქალაქ ბატურინში და მცველთა გარნიზონი და მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დახოცა. რუსულ არმიას დაევალა, რომ დაღუპული კაზაკები მიებათ ჯვრებზე და დნეპრის მდინარიდან შავი ზღვის მიმართულებით გადაეტანათ.

კაზაკებმა, რომლებიც არ გადავიდნენ მაზეპას მხარეს, ჰეტმანად აირჩიეს ივან შოროპადსკი 1708 წლის 11 ნოემბერს. მომავალი არეულობებისა და შვედებთან მოკავშირეობის შიშის გამო, უკრაინის მოსახლეობა აღარ მიემხრო ივან მაზეპას. საკვირველია, რომ მხოლოდ ზაპოროჟიეს სეჩმა გამოგზავნა ერთადერთი დახმარება. მიუხედავად ჰეტმანთან წარსული უთახმოებისა, ზაპოროჟიელები მაზეპასა და მის დიდგვაროვნებს, იმპერატორთან შედარებით, უფრო ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევდნენ. სეჩ კაზაკებს ძვირად დაუჯდათ მაზეპას მხარდაჭერა, რადგან 1709 წელს იმპერატორმა პეტრე დიდმა სეჩის განადგურება ბრძანა და გამოსცა დეკრეტი, რომლითაც სიკვდილით უნდა დაესაჯათ ნებისმიერი აქტიური ზაპოროჟიელი კაზაკი.

გადამწყვეტი ბრძოლა

რედაქტირება
 
კარლ XII და მაზეპა დნეპრში, პოლტავის ბრძოლის შემდეგ.

შვედურმა და რუსულმა არმიებმა 1709 წლის პირველი ნახევარი მოსალოდნელ ომში უპირატესობის მოსაპოვებლად მანევრირებას მოანდომეს და სცადეს, შეენარჩუნებინათ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. საბოლოოდ, ივნისში გაიმართა პოლტავის ბრძოლა. რუსეთის იმპერატორმა პეტრე დიდმა ბრძოლა მოიგო და შვედეთის მიერ უკრაინის კონტროლის შესახებ მაზეპას იმედები დაასამარა. დადებული ხელშეკრულება, უკრაინას დამოუკიდებლობას ჰპირდებოდა. ივან მაზეპა გაიქცა კარლ XII-სთან ერთად და თავი ოსმალთა იმპერიის ვასალის, მოლდავიაში მდებარე ბენდერის ციხე-სიმაგრეს შეაფარა, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ივან მაზეპა დაკრძალეს გალატში (დღევანდელი რუმინეთი), თუმცა მისი საფლავი რამდენჯერმე დააზიანეს და, საბოლოოდ, 1962 წელს წმ. გიორგის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, დაიკარგა.

ტიტულატურა და წოდება

რედაქტირება

ივან მაზეპას ზაპოროჟიული წოდება, შემდეგნაირად ჟღერდა:[12]

ჰეტმანი ივანე მაზეპა, მისი უმაღლესობა მეფის ზაპოროჟიის სახელოვანი მმართველი, წმიდა მოციქული ანდრიას დიდებული ორდენის კავალერი (უკრაინულად: Гетьман Іван Мазепа Війська Його Царської Пресвітлої Величності Запорізького, Славного Чину Святого Апостола Андрія Кавалер).

ისტორიული მემკვიდრეობა

რედაქტირება

მოკავშირეობაზე უარის თქმის გამო, ივან მაზეპას გადაწყვეტილება რუსეთის იმპერიამ ღალატად და პერეიასლავის ხელშეკრულების დარღვევად ჩათვალა. თუმცა, სხვები ამტკიცებენ, რომ სწორედ იმპერიულმა რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება, რადგან არც კი დაიცვა კაზაკთა სამშობლო საზღვარგარეთ წარმოებული ბრძოლებისგან. უკრაინული გლეხობა ადგილობრივი რუსი ჯარისკაცების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ბევრი კაზაკი დაიღუპა სანქტ-პეტერბურგის მშენებლობის დროს, ხოლო იმპერატორი საკუთარი სამშობლოდან კაზაკი ჯარისკაცების რაც შეიძლება შორს გაყვანას გეგმავდა.

ივან მაზეპას უმადური მოღალატის იმიჯი მთელი პერიოდის განმავლობაში გასდევდა რუსულ და საბჭოთა ისტორიოგრაფიას. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაზეპა პოლიტიკური მიზეზების გამო ანათემას გადასცა. 1869 წელს, მისი სახელი მოღალატეთა სიაშიც კი შეიყვანეს და სახალხოდ დაწყევლეს რუსულ ეკლესიებში მართლმადიდებელთა სადღესასწაულო მსახურებაზე, პუგაჩოვთან, რაზინთან და ცრუდიმიტრი I-თან ერთად. მოგვიანებით, მაზეპას მიმართ დადებითი შეხედულება ტაბუირებული იყო საბჭოთა კავშირში და მიჩნეული, როგორც "უკრაინის ბურჟუაზიული ნაციონალიზმის" სიმბოლო. თუმცა, პერესტროიკის წლებში მაზეპას სხვა თვალით მხოლოდ რამდენიმე ისტორიული ნამუშევარი თუ განიხილავდა. 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენას, ისტორიოგრაფიასა და მასმედიის ძირითად საშუალებებში ივან მაზეპას ეროვნულ გმირად შერაცხვა მოჰყვა, რამდენადაც იგი გახდა პერეიასლავის ხელშეკრულების შემდგომი პირველი ჰეტმანი, რომელიც წინ აღუდგა იმპერატორს. მიუხედავად ამისა, რუსული ფრაქციები ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ შეხედულებას.[13][14] რუსეთმა ხელმეორედ დაგმო უკრაინის გადაწყვეტილება, ივან მაზეპასთვის პატივის მიგების გამო.[15] 2009 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინის მოსახლეობის 30% მაზეპას მიიჩნევდა "კაცად, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა", ხოლო 28% – "მოღალატედ, რომელიც მტრის რიგებს შეუერთდა".

2009 წლის 20 მარტს, ჰეტმან ივან მაზეპას დაბადებიდან 370-ე დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მოითხოვა, რომ მაზეპას მოღალატეობის შესახებ არსებული მითი დამსხვრეულიყო. იუშჩენკოს თანახმად, ჰეტმანს სურდა დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა და არქიტექტურის აყვავება საკუთარი მმართველობის პერიოდში: "უკრაინა ევროპის კულტურული ტრადიციების მატარებელი ქვეყანა გახდება". იმავე დღეს, დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა სიმფეროპოლში, მაზეპას 370-ე დაბადების აღნიშვნის გასაპროტესტებლად. 2009 წლის მაისში, პოლტავის ბრძოლიდან 300 წლის აღნიშვნისა და მაზეპას ქანდაკების აღმართვის მცდელობებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ხელოვნური, სრულფასოვანი კონფრონტაცია" უწოდა.

 
₴10 ბანკნოტი, რომელზეც გამოსახულია ივან მაზეპა.
 
₴10 მონეტა, ივან მაზეპას გამოსახულებით.

ივან მაზეპას პორტრეტი დატანილია 10 ბანკნოტზე (უკრაინული ვალუტა).

2009 წლის აგვისტოში, ჰეტმანის ქანდაკება, რომელიც იყო გენადი იერშოვის[16] ნამუშევარი, დაიდგა ჩერნიჰივში, კერძოდ, დიტინეც პარკში.[17] ქანდაკების საზეიმო გახსნა წარიმართა მაზეპას მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებით.

მას შემდეგ, რაც 2009 წელს ივან მაზეპას გენეალოგია გამოიკვლიეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ არ გამორიცხა, რომ მისი ოჯახი დაკავშირებული იყო მაზეპას ოჯახთან.[18]

2009 წლის აგვისტოში, იუშჩენკომ გამოსცა ბრძანება პოლტავაში ივან მაზეპას ძეგლის მშენებლობის განახლების შესახებ. მაზეპას ქანდაკება უნდა აღმართულიყო 2010 წელს კიევში, კერძოდ, სლავას სკვერში, ბრძანების აღსრულების მიზნით. 2010 წლის მაისში, ქალაქ კიევის სამოქალაქო მოხელეებმა განაცხადეს, რომ ქალაქი მზად იყო დაედგა ქანდაკება, როგორც კი უკრაინის მთავრობა დააფინანსებდა პროექტს. მათი განცხადების თანახმად, სიტუაცია სხვა ქანდაკებების მსგავსი იყო, როგორიცაა "ერთობის ქანდაკება" და ფილიპ ორლიკის ქანდაკება, რომლის დადგმა ჩაფიქრებული იყო 2003 წელს, თუმცა, ჯერ კიდევ არ იყო 2010 წლისთვის დამთავრებული. 2016 წლის 25 თებერვალს, ქალაქ პოლტავას საბჭომ მხარი დაუჭირა ქანდაკების დამონტაჟებას. 2016 წლის 6 მაისს, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პოლტავაში საზეიმოდ გახსნა მაზეპას ქანდაკება.

ივან მაზეპას ქუჩას, რომელიც გადის კიევ-პეჩერსკის ლავრასთან, 2010 წლის ივლისში ეწოდა ლავრსკას ქუჩა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ივან მაზეპას ხსოვნის საპატივსაცემოდ გალატში (რუმინეთი) არსებობს ორი ცენტრალური უბანი (მაზეპა I და II) და ბასარაბიეს ქუჩაზე არსებულ პარკში დგას მისი ქანდაკება.

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
თეოდორ გერიკოს ფერწერული ნახატი "მაზეპა" ეფუძნება ბაირონის პოემის ეპიზოდს, როდესაც ახალგაზრდა მაზეპა ველურ ცხენზე დაბმით ისჯება.

ივან მაზეპას ცხოვრების ისტორიულმა მონაკვეთებმა გავლენა მოახდინა მრავალ სალიტერატურო და მუსიკალურ ნაწარმოებზე:

  • ჯორჯ გორდონ ბაირონი - მაზეპა, ლექსი (1818 წ.).
  • ალექსანდრე პუშკინი - პოლტავა, ლექსი (1828-1829 წლები).
  • ვიქტორ ჰიუგო - მაზეპა, ლექსი (1829 წ.).
  • იულიუშ სლოვაცკი – მაზეპა, დრამა (1840 წ.).
  • ფერენც ლისტიმაზეპა, სიმფონიური პოემა (1851 წ.); ტრანსცენდენტული ეტიუდი No. 4.
  • მარი გრანვალი - მაზეპა , ოპერა (1892 წ.).
  • პეტრე ჩაიკოვსკი - მაზეპა, ოპერა (1881-1883 წლები).
  • მაიკლ უილიამ ბალფი – გვერდი, კანტატა (1861 წ.).
  • ტარას შევჩენკო
  • კონდრატი რალეევი
  • იური ილიენკოს უკრაინულენოვანი ფილმი, თავისუფლად დაფუძნებული ისტორიულ ფაქტებზე და სახელწოდებით Молитва за гетьмана Мазепу (Molytva za hetmana Mazepu), გამოვიდა 2002 წელს.[19]
  • იტალიელმა კომპოზიტორმა კარლო პედროტიმ 1861 წელს დაწერა ტრაგიკული ოპერა, სახელწოდებით Mazeppa, აჩილე დე ლაუზიერის ლიბრეტოთი.[საჭიროა ციტირება]

2009 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დააწესა ივან მაზეპას ჯვრის ჯილდო კულტურული მიღწევებისა და სამსახურისთვის.[20]

2020 წელს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული არმიის 54-ე მექანიზებულ ბრიგადას უბოძა "ივან მაზეპას" საპატიო ტიტული.[21] 2022 წელს ზელენსკიმ მაზეპას სახელი უკრაინის საზღვაო ძალების ადა-კლასის საბრძოლო ხომალდს მიანიჭა.

  1. (2013) Historical Dictionary of Ukraine. Lanham, Maryland: Scarecrow Press. ISBN 978-0810878457. 
  2. "Ukraine has always been the canonical territory of the Ecumenical Patriarchate" en. ციტირების თარიღი: 2 May 2022
  3. Magocsi, Paul Robert (1996) History of Ukraine: The Land and Its Peoples, 2, Toronto: University of Toronto Press. ISBN 9781442698796. „The terms mazepintsi (Mazepaites) and mazepinstvo (Mazepaism) came to be used in imperial Russian, Soviet Marxist, and even post Communist Russian discourse as synonyms of treachery toward the state and opportunistic separatism.“ 
  4. Compare: Lew, Khristina (28 January 1996). „Ukraine's Navy, despite difficulties, forges ahead with media center“ (PDF). The Ukrainian Weekly. 4. 64. Jersey City, New Jersey: Ukrainian National Association Inc. p. 2. ISSN 0273-9348. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 29 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 21 March 2017. ციტატა: „'[...] Sevastopil TV and Radio are fond of running interviews with BSF seamen calling Ukrainian Navy personnel "nationalists, Banderites and Mazepivtsi."'“
  5. Zelenskyi, Volodymyr. (2022-08-18) Про присвоєння імені гетьмана Івана Мазепи корвету класу "Ada" Військово-Морських Сил Збройних Сил України uk. ციტირების თარიღი: 2022-08-18.
  6. На Печерську знайдено могилу матері Мазепи (At Pechersk is found a burial of Mazepa's mother). Ukrayinska Pravda.
  7. Таирова-Яковлева Т. Г. Мазепа. — М.: Молодая гвардия, 2007. — p. 15—16. — (Серия: «Жизньd замечательных людей»). — ISBN 978-5-235-02966-8. (in Russian)
  8. Encyclopedia of Ukraine. Encyclopediaofukraine.com. ციტირების თარიღი: 8 May 2013
  9. Hrushevsky, M., page 382.
  10. Encyclopedia of Ukraine. Encyclopediaofukraine.com. ციტირების თარიღი: 8 May 2013
  11. Katchanovski, et al., p. 362
  12. Ihor Ostash. Oh, High Lord Ivan Mazepa, you deserved a praise of Arabs, how in Kiev was found a copy of the Mazepa's Gospel («О, високий пане, Іване Мазепо, ти заслугував на хвалу від арабів» – як у Києві знайшовся примірник Мазепинського Євангелія). Radio Liberty. ციტირების თარიღი: 9 November, 2020.
  13. Events by themes: The mass meeting as token of objecting against celebration in Ukraine of 370th anniversary from the day of birth of Ivan Mazepa. UNIAN-photo service. ციტირების თარიღი: 20 March 2009.
  14. Opponents to marking 370th birthday of Mazepa rally in Simferopol, Interfax-Ukraine (20 March, 2009).
  15. В Києві не буде пам’ятника Мазепі The city government is ready to establish a monument, but for this there is neither funding nor of the order of the government In Ukrainian. TSN.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 September, 2020. ციტირების თარიღი: 11 May, 2010.
  16. У Чернігові відкрили перший в Україні пам'ятник Мазепі დაარქივებული 7 July 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები // повідомл. за 22 August 2009 року на www.newsru.ua («Новини України і світу») დაარქივებული 9 December 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  17. Cultural Life/from 'Web site about Ukraine'. Orpheusandlyra.tripod.com. ციტირების თარიღი: 8 May 2013
  18. „Yushchenko researches his genealogy and connects it with family of Ivan Mazepa“. UNIAN. 7 December 2009.
  19. Molitva za getmana Mazepu (15 February 2002). ციტირების თარიღი: 10 May 2022.
  20. Isn't it time to establish state wartime awards in Ukraine? Ukrainian. Radio Free Europe (23 October 2022). ციტირების თარიღი: 4 October 2023
  21. Указ Президента України № 168/2020. ციტირების თარიღი: 6 May 2020.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Tatiana Tairova-Yakovleva. Ivan Mazepa and the Russian Empire. McGill-Queens University Press. 2020. ISBN 978-0-2280-0174-4
  • Hrushevsky, M. Illustrated history of Ukraine. "BAO". Donetsk, 2003. ISBN 966-548-571-7ISBN 966-548-571-7
  • Orest Subtelny, The Mazepists: Ukrainian Separatism in the Early Eighteenth Century (1981).
  • Thomas M. Prymak, "Voltaire on Mazepa and Early Eighteenth Century Ukraine," Canadian Journal of History, XLVII, 2 (2012), 259–83.
  • Thomas M. Prymak, "The Cossack Hetman: Ivan Mazepa in History and Legend from Peter to Pushkin," The Historian, LXXVI, 2 (2014), 237–77.
  • Thomas M. Prymak, “Who Betrayed Whom? Or, Who remained Loyal to What? Tsar Peter vs. Hetman Mazepa,” Eighteenth Century Studies, LV, 3 (2022), 359-76.

სასარგებლო ბმულები

რედაქტირება
წინამორბედი



ივან სამოილოვიჩი
  ზაპორიჟიის ჰეტმანი



1687–1709 წწ.
  მემკვიდრე



ივან სკოროპადსკი (ჰეტმანათში)



ფილიპ ორლიკი (გადასახლებაში)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივან_მაზეპა“-დან