ლაკლაკი

ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი ყარყატი)

ლაკლაკი,[1][2] თეთრი ყარყატი,[3][4] ყარყატი[2] (ლათ. Ciconia ciconia) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 155–165 სმ,[3] მასა 4 კგ-მდე.[5] სხეული შეფერილია მთლიანად თეთრად, შავი მომქნევი ბუმბულები მკვეთრადაა მისგან გამიჯნული. ზრდასრულს აქვს წითელი ნისკარტი და ფეხები, წლევანდულას — მონაცრისფრო-ვარდისფერი.[3] შიშველი ადგილები თვალის გარშემო და ნიკაპზე შავია. კისერი გრძელი და მოქნილია, ნისკარტი სწორი და მახვილი, ფეხები გრძელი. დედალი მამალზე პატარაა. გავრცელებულია ევროპის ზომიერ და სამხრეთ ოლქებში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, წინა აზიაში და შუა აზიის ნაწილში. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ ერაყში, ირანსა და ინდოეთში.[5] საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას,[3][6] აგრეთვე მცირე რაოდენობით ბუდობს ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში — ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქის და გომარეთის ვაკეზე, წალკის პლატოზე, სამსრის და ჯახახეთის ქედების ფერდობებზე. ბუდეები განლაგებულია ზღვის დონიდან 1250–2400 მ-ზე. ყოველწლიურად 50–70 წყვილია შემჩნეული.[7] მიგრირებს საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, ლივლივა ფრენით, უპირატესად ხმელეთის თავზე (სადაც კონვექციური ჰაერის უფრო ძლიერი ნაკადებია), თავს არიდებს წყლის დიდ სივრცეებს.[5] ფრენის დროს კისერი და ფეხები გარეთ გამოწეულია. გაზაფხულზე გამოსცემს დამახასიათებელ ტკაცანის მსგავს ხმებს.[6] უპირატესობას ანიჭებს ღია, ცალკეულხეებიან ლანდშაფტებს,[6] ბინადრობს ტბებისა და მდინარეების წყალმარჩხ ადგილებში, ჭაობებში, ნესტიან მდელოებსა და მინდვრებში; ხშირად სახლობს ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, უხერხემლოებით, თევზით, მღრღნელებით, ფრინველთა კვერცხებითა და ბარტყებით. ცხოვრობენ წყვილებად, მიმოფრენისას გუნდებად იკრიბებიან. მონოგამური ფრინველია, განსაკუთრებით კონსერვატიული კი ბუდობის ადგილის შერჩევისას.[5] თუმცა, თუკი დედალი გამოზამთრების ადგილიდან დაბრუნებას დაიგვიანებს, მამალმა შეიძლება ახალი მეწყვილე მოიყვანოს ბუდობის ადგილზე, წინა მეწყვილის დაბრუნების შემთხვევაში კი სასტიკი ორთაბრძოლა იმართება დედლებს შორის.[8] მასიურ (1 მეტრის სიმაღლისა და 1,5 მეტრის დიამეტრის) ბუდეს ტოტებისაგან აგებს ხის ვარჯზე, კლდის საფეხურებზე, სახლის სახურავებზე, სპეციალურად განთავსებულ თვლებსა და ბაქნებზე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე.[5] აპრილში დებს 2–6 (ძირითადად 3–5) თეთრ კვერცხს;[6] კრუხობს ორივე მშობელი.[5]

ლაკლაკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ciconia ciconia (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697691
გავრცელება

  გამრავლება
  გამოზამთრება
  მიგრაციის მარშრუტები
  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.
  2. 2.0 2.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 7, 164, 192.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 30, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. საქართველოს მთავრობა. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2021.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Иваницкий В. В. БЕЛЫЙ АИСТ // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 270.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  7. თეთრი ყარყატი, ლაკლაკი (Ciconia ciconia). Georgian Biodiversity Database. biodiversity-georgia.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-23. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2020.
  8. Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 55. 432 с.