ყარყატი (ლათ. Ciconia) — ფრინველების გვარი ყარყატისნაირთა რიგისა. მოცავს შვიდ სახეობას, რომელთაგანაც ექვსი აფროევრაზიის კონტინენტზე ბინადრობს, და მხოლოდ ერთია ამერიკის მკვიდრი.
ყარყატები არიან მოზრდილი ფრინველები, საშუალოდ 1 მეტრი სიმაღლის, ფრთის შლილი ხშირად 2 მეტრამდეა, აქვთ მაღალი ფეხები, გრძელი კისერი და ნისკარტი. ბუმბულის შეფერილობაში ფიგურირებს მხოლოდ ორი ფერი — თეთრი და შავი, რომელთა ინტენსივობაც სახეობებში განსხვავებულია, ნისკარტი და ფეხები წითლადაა შეფერილი. ბინადრობენ უფრო მეტად ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, ასევე ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს ტოტებისგან იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. ყარყატები ადამიანებს ძალიან ენდობიან და ახლოს მიდიან საცხოვრებელ სახლებთან. დებენ 4-5 თეთრი ფერის კვერცხს, ზომით დაახლოებით 8 სმ. მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით, ძირითად კვების რაციონს შეადგენენ თევზები, ბაყაყები, ხვლიკები, გველები, ლოკოკინები, ჭიები, მინდვრის თაგვები, მწერები. მიგრანტები ევროპაში თებერვალსა და მარტში ჩამოდიან, და ყოფილ ბუდეებს უბრუნდებიან. ყარყატებზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო.
საქართველოში გავრცელებულია თეთრი ყარყატი, იგივე ლაკლაკი (ლათ. Ciconia ciconia) და შავი ყარყატი, იგივე იშხვარი (ლათ. Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“[1].