ველის არწივი

ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა

ველის არწივი[1][2][3] (ლათ. Aquila nipalensis) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. ზომით ოდნავ ჩამორჩება მთის და ბეგობის არწივებს; მისი სხეულის სიგრძეა 67–86 სმ, ფრთების შლილი 175–230 სმ,[2] მასა 2,5–4,5 კგ.[4] თითქმის მთლიანად მუქი ყავისფერია, კეფა ღია ფერისაა,[2] ზოგჯერ წითური.[1] ფრთები ფართო,[5] ნისკარტი მუქი, თვალის ფერადი გარსი — ყავისფრიდან ყვითლამდე.[4] ფეხები და ცვილიანა ყვითელია. ამავე შეფერილობისაა კანი პირის ჭრილის გარშემო, რომელიც თვალს სცილდება, განსხვავებით სხვა არწივებისაგან. ღია მოყვითალო-მოყავისფრო და მომქნევ ბუმბულებზე მუქი ზოლები გასდევს. კუდის ბოლოს ფართო შავი არშიაა.[2] იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ფრინველების შეფერილობა ვარიაციულია, ინდივიდთა უმრავლესობა ფრთის დიდი მფარავი ბუმბულების წვერები მოთეთრო-ბეჟი აქვთ და ფრთის შუაში მთლიან 2 ზოლს წარმოქმნიან,[6] რომელიც ფრენის დროს კარგად შესამჩნევია.[2] ფრთის ქვედა მხარეზე გადის განიერი, ცენტრალური მოთეთრო ზოლი, კუდის კიდე ღია ფერისაა.[6] ხმა — ხრინწიანი „წკავწკავი“.[4]

ველის არწივი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  არწივი
სახეობა:  ველის არწივი
ლათინური სახელი
Aquila nipalensis (Hodgson, 1833)
სინონიმები
  • Aquila rapax nipalensis
დაცვის სტატუსი
სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???
გავრცელება

  გამრავლება
  მიგრაციის მარშრუტები
  გამოზამთრება

გავრცელებულია ევრაზიის არიდულ ზონაში. იზამთრებს აზიისა და აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. უპირატესობას ანიჭებს მშრალ ყამირიან და მთიან (ზღვის დონიდან 2300 მეტრამდე) სტეპებს, იშვიათად სახლობს აგროლანდშაფტებში. საქართველოში შემოდის მიმოფრენისას,[5] იშვიათად ზამთრობს აღმოსავლეთ საქართველოში,[7] აქ გვხვდება ზამთარში მომთაბარეობის დროსაც.[5][7]

დამოკიდებულია თრიების (მთავარი საკვების) რაოდენობის ცვალებადობაზე, მათი ნაკლებობის შემთხვევაში საკვებად იყენებს ფრინველებს.[8] ჭამს მძორსაც.[4] მღრღნელებს ხშირად მათთავე სოროსთან ყარაულობს.[8] მათი განადგურებით სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.[1]

ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთი წყვილის სიკვდილამდე).[7] ბუდობს ძირითადად ბექობებზე, ყორღანებზე, ცალკეულ ხეებზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებზე. ბუდეს აკეთებს დიდი ტოტებიდაგან, იგი დიამეტრსა და სიმაღლეში 1–2 მეტრს აღწევს, გამოიყენება მრავალი წლის მანძილზე.[4] კვერცხდების ვადები გაგრძელებულია. დებს 2–3 (5-მდე) კვერცხს. ინკუბაცია 38–45 დღე-ღამე გრძელდება.[7] კრუხობს ძირითადად დედალი. მართვეები 6–11 კვირაში ტოვებენ ბუდეს; წლევანდულები ფართოდ მომთაბარეობენ ჩრდილოეთით ტყის ზონამდე. ტყვეობაში ცუდად მრავლდება.[7]

მრავალი ფრინველი იღუპება მიგრაციის დროს (ვარაუდობენ, რომ ზამთრობის ადგილებიდან ყოველწლიურად პოპულაციის მხოლოდ მეხუთედი ბრუნდება).[4] მისი ადგილსამყოფელი მნიშვნელოვნად შეიცვალა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გამო (მავნე მღრღნელებთან ბრძოლა, ყამირი მიწების ათვისება და სხვ.). მავნებლებიდან რეგისტრირებულია ერთი სახეობის ნემატოდა და ერთიც — აკანთოცეფალა.[7] სიცოცხლის რეკორდული მაჩვენებელია 41 წელი (ტყვეობაში).[4] ჰყავთ ზოოპარკებში.[7] რაოდენობა თანდათან კლებულობს.[4] შეტანილია IUCN-ის წითელ ნისხაში,[9] შესული იყო საქართველოს სსრ „წითელ წიგნშიც“.[7]

ცნობილია ველის არწივის რამდენიმე ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ევროპული ველის არწივი (A. n. orientalis).[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 350.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 44, თბ., 2002.
  3. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 59.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Коблик Е. А. СТЕПНОЙ ОРЁЛ // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 231-232.
  5. 5.0 5.1 5.2 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  6. 6.0 6.1 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 68, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 41, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  8. 8.0 8.1 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 108–109. 432 с.
  9. BirdLife International (2018). Aquila rapax. IUCN Red List of Threatened Species. 2018. ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)