ვარევანი
ვარევანი — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ალასტანის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
ვარევანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალასტანი |
კოორდინატები | 41°30′58″ ჩ. გ. 43°23′34″ ა. გ. / 41.51611° ჩ. გ. 43.39278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1680 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 570[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 88 % ქართველები 12 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ჭობარეთის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1680 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 19 კილომეტრით.
ისტორია
რედაქტირებავარევანი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595) მიხედვით, შედიოდა ხერთვისის ლივის ტყიანი ჯავახეთის ნაჰიეში, სადაც 18 კომლი ცხოვრობდა (ელისა გრიგოლისძე, დემეტრე გოგოლასძე, ყანდურალი მათიასძე, აბისონ კეკელისძე, შირინა ხახუტასძე, სიმონგულ პეტრიას ძე და სხვ.). მათ ჰქონდათ ბოსტნები, მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, იონჯა, სელის თესლი (ზეთისათვის), ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი და იხდიდნენ გადასახადს 8000 ახჩის ოდენობით. 1718–1719 წლებში ვარევანი ექვემდებარებოდა ვინმე იბრაჰიმ მუსტაფას ძეს და შეწერილი ჰქონდა 18500 ახჩა გადასახადი.
1829 წელს, სამცხე-ჯავახეთის ნაწილის რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, ვარევანში არზრუმიდან გადმოსახლებული სომხები ჩაასახლეს. 1944 წელს აქაური მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს.
სოფელში ორი ეკლესია დგას: ქართული — ღვთისმშობლის სახელობისა (1893) და სომხურ-კათოლიკური (1894). ქართული ეკლესია გაქართველებული ბერძნის მიერ აშენებული (გარდადანი) გვიანდელი ნაგებობაა, მისი საფლავის ქვაც იქვეა ქართული წარწერით. ეკლესიის სამხრეთით არის ძველი ქართული ეკლესიის ბუდე, რომლის დასავლეთით დიდი ბალავრის ქვაა. მასზე სამზოლიანი რელიეფური თაღია, რომლის ორივე მხარეს მცირე ჯვრებია გამოსახული, ხოლო ზევიდან ამოღარულია ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისაჲთა დაიდვა ესე ბალავერი ჴელითა ცოდვილის აიოვანეს და გაბრიელისათა, ქორონიკონი იყო სმ“ (240, ე. ი. 1020 წელი). ერთი მოსახლის ყორეში ჩაყოლებულია განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ჯვრიანი ლოდი. აქვე ნიკო ბერძენიშვილს 1933 წელს უნახავს ქვა უცნობი რელიეფური ნიშნებით.
სოფლის მახლობლად არის ვარდისციხის ნასოფლარი, ციხის ნაშთებით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 570 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 779 | 367 | 412 |
2014[1] | 570 | 275 | 295 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ვარევანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 173.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.