ახჩა
ახჩა (თურქ. akçe, ოსმ. آقچه — „მოთეთრო“) — ოსმალური ვერცხლის ფულის ძირითადი ერთეული, პირველად სულთან ორხანის დროს მოჭრეს 1326–1327 წლებში.
ევროპაში ახჩა ცნობილი იყო ასპრის ან ასპერის სახელწოდებით (ბერძნ. aspron — თეთრი). ახჩის ავერსზე ეწერა სულთნის სახელი, რევერსზე — კეთილსასურველი ფორმულა, მოჭრის დრო და ადგილი. თავდაპირველად 1,20 გრამს უდრიდა. XVII საუკუნეში მისი მასა 0,19–0,13 გ-მდე შემცირდა, ლითონის ხარისხიც მკვეთრად გაუარესდა. XVIII საუკუნეში ახჩას იშვიათად ჭრიდნენ.
XV–XVII საუკუნეებში ახჩა ფართოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოში და მისი მინაბაძებიც მოიჭრა. ოსმალური ახჩები აღმოჩენილია ლიხაურის, ბათუმთან სამების მთის, ჯიხანჯირის ნასტეფანარის გორის, მურჯახეთის, ზღუდერის, ჭანჭათის, ქორეთის, თერჯოლის ტერიტორიაზე ნაპოვნი განძების შემადგენლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაღონია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Pamuk S., A Monetary History of the Ottoman Empire, Cambridge University Press, 2000.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოსმალური საოკუპაციო მონეტები — ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი