სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაიძე.

ემანუილ ელისეს ძე აფხაიძე (დ. 29 აგვისტო [ ძვ. სტ. 17 აგვისტო], 1899, ქუთაისი — გ. 8 სექტემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1946), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).

ემანუილ აფხაიძე
დაბადების სახელი ემანუილ აფხაიძე
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1899
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 8 სექტემბერი, 1970 (71 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები ლენინის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი სტალინის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სუფლიორად ქუთაისის თეატრში, შემდეგ მსახიობად ბათუმის (1921–1923), ქუთაისის (1923–1924) და 1924 წლიდან თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. 1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია.

აფხაიძე კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. შექმნა მკვეთრი სცენური ფორმითა და არტისტიზმით აღბეჭდილი მრავალფეროვანი რეალისტური სახეები — საქმისაი (შალვა დადიანის „თეთნულდი"), სოლომონ მორბელაძე (დავით კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები"), ნესტორი (დადიანის „ნაპერწკლიდან"), გონჯა (სანდრო შანშიაშვილის „არსენა“), ბესო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), მირზა (ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), დუდკინი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), პანდოლფო (კარლო გოლდონის „საპატარძლო აფიშით“), დიეგო (ჯონ ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), რაგნო (ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“).

აფხაიძემ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში — კითხულობდა საკუთარ იუმორისტულ-სატირულ ლექსებს. მონაწილეობდა აგრეთვე ქართულ კინოფილმებში („სურამის ციხე“, „ნარინჯის ველი“, „დაკარგული სამოთხე“, „ფიცი“, „გიორგი სააკაძე“, „ჭრიჭინა“, „მაია წყნეთელი“, „განაჩენი“, „დღე უკანასკენლი, დღე პირველი“). შეასრულა სერგო ორჯონიკიძის როლი „მოსფილმის“ სურათში „სექტემბრის ღამე“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ასევე დაკრძალულია მისი მეუღლე თინა კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე-აფხაიძე (დ. 24 თებერვალი, 1904, სოფ. ქვიშხეთი (ხაშურის რაიონი) — გ. 1974, თბილისი) — ქართველი პედაგოგი. მიჰყავდა არფის კლასი. პარალელურად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის, აგრეთვე რუსთაველის თეატრის ორკესტრებში. იყო ცნობილი მთარგმნელის კონსტანტინე ჯაფარიძის ქალიშვილი და ესტრადის გამოჩენილი მომღერლის ქეთევან ჯაფარიძის და.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 34-35.
  • კიკნაძე ვ., ემანუელ აფხაიძე, თბ., 1960;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 64, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება