სუფლიორი
სუფლიორი (ფრანგ. souffleur — კარნახი) — თეატრის მუშაკი, რომელიც თვალყურს ადევნებს რეპეტიციასა და სპექტაკლის მსვლელობას პიესის შემოწმებული ტექსტით (სუფლიორის ეგზემპლარი). აუცილებლობის შემთხვევაში სუფლიორი კარნახობს მსახიობებს როლის ტექსტს სუფლიორის ჯიხურიდან, რომლის ადგილი არის ფარდის ხაზთან, ან ერთ-ერთ გვერდით კულისში (სუფლიორს მაყურებელი ვერ ხედავს).[1]
გადატანითი მნიშვნელობით სუფლიორი მოკარნახეა, ის, ვინც კარნახობს ჩურჩულით.[1]
ისტორია
რედაქტირებასუფლიორების გამოჩენა განპირობებული იყო იმით, რომ სარეპერტუარო თეატრის მოსვლამდე სამსახიობო დასებმა მიზნად დაისახეს რაც შეიძლება მეტი სპექტაკლის გამოშვება წელიწადში. ახალი სპექტაკლის პირველი რეპეტიცია შესაძლოა ორშაბათს გამართულიყო, პრემიერა კი იმავე კვირის შაბათს. ხანდახან პრემიერაზე მსახიობები ხანმოკლე (2–3-დღიანი) რეპეტიციების შემდეგ გამოდიოდნენ სცენაზე და უმოკლეს დროში ვერ ახერხებდნენ ტექსტის დამახსოვრებას. ამან სუფლიორების არსებობის საჭიროება შექმნა.[2]
სუფლიორს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მათ სპეციალური კასტინგის საშუალებით არჩევდნენ. მაღალი ხმის ტემბრი და კარგი მეტყველება სუფლიორისთვის აუცილებელი თვისებები იყო. გარდა ამისა, მოკარნახის ხმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისულიყო მაყურებლამდე, მსახიობს კი მისი სიტყვები გარკვევით უნდა გაეგონა, რასაც სუფლიორის პროფესიის კარგად ფლობა სჭირდებოდა.[3]
სიტუაცია შეიცვალა სარეჟისორო თეატრის მოსვლასთან ერთად სტანისლავსკის სისტემის გავრცელებით, რაც მოითხოვს როლთან შეგუებას. ეს კი შეუძლებელია ტექსტის დამახსოვრების გარეშე. შესამჩნევად გაიზარდა სარეპეტიციო პერიოდი; დამთავრდა ის დრო, როდესაც დასი 50 ან მეტ ახალ სპექტაკლს აწარმოებდა სეზონში. ამასთან დაკავშირებით, სუფლიორის დიდი როლი თეატრებიდან გაქრა.[2]
თანამედროვეობა
რედაქტირებათანამედროვე თეატრებში სუფლიორები მხოლოდ რეპეტიციებზე მუშაობენ, რის გამოც ეს პროფესია განსაკუთრებულ ოსტატობას აღარ საჭიროებს. თანამედროვე თეატრებში სუფლიორების აუცილებლობაზე მსახიობები იშვიათად საუბრობენ, თუმცა ეს თანამდებობა დღემდე არსებობს.
ზოგიერთი მსახიობი სცენაზე მცირე ზომის ყურსასმენით გამოდის, რომლის საშუალებითაც კულისებიდან მას სუფლიორი ეკონტაქტება. პროფესია სუფლიორის ნაწილობრივ გაქრობაზე მოწმობს თანამედროვე თეატრების სცენაც, სადაც სუფლიორისთვის გამოყოფილი სპეციალური კუთხე აღარ არსებობს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 615.
- ↑ 2.0 2.1 Базылюк М., Куда пропал суфлёр? // Новые Известия : газета, М., 2005, დაარქივებულია ორიგინალიდან (5 ოქტომბერი, 2015)
- ↑ პროფესია „სუფლიორი“. itv.ge (2012-05-18). ციტირების თარიღი: 2023-06-05