დმანისხევი
დმანისხევი, დბანისხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, აღმოსავლეთ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ახლანდელი ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე, მაშავერის ხეობის ადრინდელი სახელწოდება.
მდ. მაშავრის აუზი (თავისი შენაკადებით: ფინეზაური, კაზრეთი, გეტისწყალი და სხვ.) ძველი დროიდანვე ცალკე გეოგრაფიულ ერთეულს („ხევს“) ქმნიდა. VII ს. სომხური გეოგრაფის მიხედვით, მას „ქვეშაფორ“ („ქვეშის ხევი“) ერქვა. ეს სახელწოდება ამ ერთეულს, ჩანს, მისი ცენტრის — ქვეშის ციხის — მიხედვით უწოდეს. ეს ციხე სტრატეგიულ ადგილას, გეტის ხევისა და მაშავრის შესაყარში ამოზიდულ კლდოვან მასივზე იყო აღმართული.
ძველი ქართული საისტორიო გადმოცემის თანახმად ტრადიციულად „ქვეშის ხევი“ გაჩიანის ანუ სამშვილდის საერისთავოში შედიოდა. ადრეულ შუა საუკუნეებში აქ საეპისკოპოსოც დაარსდა. აქედანვეა ცნობილი VI–VII სს. ბიზანტიური მონეტების ცალები. VI საუკუნეში ააგეს დმანისის სიონის ტაძარი. „ქვეშის ხევის“ შემადგენელ მცირე ხევებში რელიგიურ ცენტრების არსებობაზე მიუთითებს რეგიონში შემორჩენილი ძეგლები: გეტის ხევში — აკაურთის V–VI სს. ეკლესია, სტელები, დამბლუტის ხევში — უკანგორის ეკლესია (V ს.), კაზრეთის ხევში — VI ს. სტელები და სხვ. საყურადღებოა რელიეფური წარწერები უკანგორიდან (V ს.) და ბალიჭიდან (VI–VII სს.), ასევე VII–IX სს. ბერძნული წარწერა კაზრეთის ხეობიდან.
IX ს-იდან დმანისი იწყებს გაქალაქებას და, როგორც ჩანს, მთელი ხეობის ცენტრი ხდება. აქედან მომდინარეობს სახელწოდება „დმანისხევიც“, რომელიც XIX საუკუნემდე შემორჩა. დმანისის გაქალაქება მჭიდროდ იყო დაკავშირებული დიდი მნიშვნელობის სავაჭრო-საქარავნო გზებთან, რომლებიც აქ იყრებოდნენ: ფინეზაურის ხეობით ერთი გზა ტაშირსა და სომხეთში გადიოდა, მეორე — მაშავრის აყოლებით ჯავახეთისკენ, შემდეგ კი — ტაოსა და ბიზანტიისაკენ მიემართებოდა. დმანისში, გარდა ქართველებისა, ცხოვრობდა ვაჭრობა-ხელოსნობის მიმდევარი სომხური და მუსლიმი მოსახლეობაც, რასაც მოწმობს საფლავის ქვები სომხური და არაბული წარწერებით. არაბობის დროიდან მოკიდებული დმანისს ჰყავდა ამირაც — ქალაქის გამგებელი. ზოგიერთი ამირას სახელი შემორჩა ნარატიულ წყაროებსა და ეპიგრაფიკას.
შუა ფეოდალურ ხანაში ქალაქი დმანისი და დმანისხევის უდიდესი ნაწილი სამეფო მამული იყო, რომელსაც მეფის მოხელენი განაგებდნენ (ზოგიერთი მათგანი ცნობილია ეპიგრაფიკული ძეგლებიდან). გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დმანისხევი „საორბელოდ“, ორბელიშვილების სათავადოდ იქცა, შედიოდა მეწინავე სადროშოში. ამ სათავადოს რეზიდენცია იყო ტანძიაში (გეტისხევი), ხოლო საძვალე — დმანისში.
XVII საუკუნეში საორბელოში ცალკე სათავადოდ გამოიყო საზურაბიშვილო, რომელიც კაზრეთის ხეობაში დამკვიდრდა. ორბელიშვილთა და ზურაბიშვილთა სააღმშენებლო მოღვაწეობა კარგად ჩანს ტანძიის, ქვეშის, დავითგარეჯისა და კაზრეთის ხეობის ტაძართა წარწერებიდან. მომდევნო საუკუნეების ძნელბედობამ დმანისხევის მკვიდრი მოსახლეობა იძულებული გახადა მიეტოვებინა იქაურობა. თითქმის მთლიანად დაცარიელებულ ტერიტორიებზე შემდგომ დასახლდა ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოსული ქართული, აგრეთვე სომხური და თურქულენოვანი მოსახლეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერის ხეობაში, თბ., 1941.
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.