დმანისის საეპისკოპოსო

დმანისის საეპისოპოსოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია ისტორიულ ქვემო ქართლში. მოიცავდა ძირითადად დმანისხევს.

დმანისის ეპისკოპოსის პირველი წერილობითი დადასტურება სავარაუდოდ გვხვდება სომხურ „ეპისტოლეთა წიგნში“, სადაც დვინის 506 წლის საეკლესიო კრების მონაწილე 24 ქართველ მღვდელმთავართა შორის მეოთხე ადგილზე მოხსენიებულია „სამუელ ეპისკოპოსი ტუმასუელი“. VI საუკუნეში დმანისში უკვე ყოფილა ეკლესია, რომლის კვალი გათხრების დროს აღმოჩნდა. შემდგომში იგი, როგორც ჩანს, დანგრეულა და მის ადგილზე IX საუკუნეში ახალი ტაძარი აღუმართავთ.

XVIII საუკუნის სწავლულის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დმანელი ეპისკოპოსის სამწყსო იყო დმანისხევი და მის სამხრეთით მდებარე ტაშირი. დმანისის გაქალაქების შემდეგ (IX საუკუნე) საეპისკოპოსო ტაძარი ციხექალაქის ცენტრში მოექცა და მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა.

დმანელ ეპისკოპოსთაგან ცნობილია თევდოსი მამაი კალნაპეტის ძე, რომელსაც 1214–1222 წლებში დმანისის სიონისათვის მდიდრულად შემკული კარიბჭე მიუშენებია დასავლეთიდან, რაზედაც იქვე ამოჭრილი წარწერა მოგვითხრობს. მეორე, იმავე საუკუნის ცოტა მოგვიანო წარწერაში, დმანელი მღვდელმთავარი გვამცნობს, რომ მას მოუსპია იქ მანამდე შემოღებული უმართებულო წესი, რომლის მიხედვითაც კანონიერი ქორწინებისათვის მღვდლები ოქროს თხოულობდნენ. დმანელი ეპისკოპოსი ელისე XIII– XIV საუკუნეების ერთ ხელნაწერში ჯვრის მონასტრის წმ. დავითნის შემკვრელადაა მოხსენიებული. დმანისის საყდრის მამულები უფრო ხშირად დმანისხევში იყო.

XVI საუკუნის 80-იან წლების ერთი საბუთის მიხედვით, დმანისის საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა სოფლები: ჩინჩხური, მუთავისი, ვარდისუბანი; ყმა-მამული დიდ დმანისში, დმანისის ხეობის თამღის ნახევარი და გუდარეხის ღვთისმშობლის მონასტერი ქციის ხეობაში თავისი ყმა-მამულით. ამ საბუთის განმაახლებლად დასახელებულია დმანელ-მტბევარი მიტროპოლიტი ელისე. XVII–XVIII საუკუნეების საბუთებიდან ჩანს, რომ დმანელს ცალკეული ყმა-მამული ჰქონია დმანისხევის თაგუთსა და ოროზმანში, სომხითის შუა ბოლნისში, ტაშირის ხანძორის სოფელში, ზურტაკეტის სარკინეთს, ქციის ხრამის ნახიდურში და სხვ.

დმანისში ყოფილა მონასტერიც თავისი მეურნეობით. აქვეა შემორჩენილი წმ. მარინეს ეკლესია, რომელიც, წარწერის თანახმად, განახლებულია 1702 წელს. დმანისისავე ტაძართან იყო ორბელიშვილ-ყაფლანიშვილთა მთავარი სასაფლაო, სადაც წარწერიანი საფლავის ქვებია შემორჩენილი. წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, რომ თავისი არსებობის ბოლო ასწლეულშიც კი დმანისის მრევლი მხოლოდ დმანისხევის მოსახლეობით არ იფარგლებოდა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მისი თანადროული ტაშირის სარწმუნოებით სომხური მოსახლეობა დმანისის სამწყსო ყოფილა, ე. ი. დმანისში აღნიშნული მოსახლეობის წინამძღვარი, როგორც ჩანს, იყო სომხურ-მართლმადიდებელი ეკლესია. დმანელ ეპისკოპოსს ხელი მიუწვდებოდა ქციის ხეობის სოფლებზეც, ამიტომ აქაური მრევლის გამო მას ცილობა ჰქონია მანგლელ და ტფილელ ეპისკოპოსებთან.

წყაროებიდან ცნობილი დმანელი მღვდელმთავრები

რედაქტირება
  • სამუელ დმანელი (506)
  • თევდოსი კალნაპეტის ძე (1214–22)
  • ელისე დმანელი (XIII–XIV სს.)
  • იოსებ დმანელი სააკაძე (1595)
  • იოსებ თარხნიშვილი (1662-მდე)
  • ქრისტეფორე ბარათაშვილ-ბეგაშვილი (1698-მდე)
  • ელისე დმანელი მტბევარი მიტროპოლიტი (1698–1748).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ქვემო ქართლი), ნაკვ. 1, თბ., 1979.
  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938.
  • მუსხელიშვილი ლ., დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938.