გუდარეხის მონასტერი
გუდარეხის მონასტერი – მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, მარანი, სენაკი I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები და შალვას ეკლესია.
გუდარეხის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°35′29″ ჩ. გ. 44°25′43″ ა. გ. / 41.59139° ჩ. გ. 44.42861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მანგლისისა და წალკის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ჭიჭაფორისძე |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
|
გუდარეხის მთავარი ტაძარი აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს. ნაშენია კარგად გათლილი კვადრებით, მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში; სარკმლის თავზე დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ კი — მოჩუქურთმებული კვადრატები. გარედან ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონია — სამხრეთით კარიბჭე, ჩრდილოეთით ეგვტერი (ამჟამად ორივე დანგრეულია). ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წელს დემეტრე II თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. სამრეკლოს ქვედა სართული ღიაა, ზემოთ რვამალიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა — სადგომი. გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
1917 წელს გუდარეხის მონასტერი მოინახულა მღვდელმა მ. ყანჩაველმა[2].
გუდარეხის მონასტერი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 291.
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 382-384.
- მუსხელიშვილი ლ., ხიდაშელი შ., ჯაფარიძე ვ., გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ., 1954;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13964
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-02.
- ↑ გაზ. „საქართველო“ №42, 23 თებერვალი, 1917