დიმიტრის ლიაკოსი

ბერძენი მწერალი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიმიტრის ლიაკოსი (ბერძ. Δημήτρης Λυάκος; დ. 19 ოქტომბერი, 1966) — თანამედროვე ბერძენი პოეტი და დრამატურგი,[1] ტრილოგიის — „Poena Damni“ ავტორი. ლიაკოსის შემოქმედება ხასიათდება ლიტერატურის ტრადიციული ჟანრების რღვევითა და თემათა ავანგარდული[2] კომბინაციით, რომელსაც თან ახლავს რიტუალური, რელიგიური, ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ელემენტები[3]. ტრილოგიაში ერთმანეთთანაა შეზავებული პროზაული, დრამატული და პოეტური თხრობა, რომელშიც დასავლური ლიტერატურული ტრადიციის ძირითადი მოტივები ირეკლება.[4][5][6] მიუხედავად მცირე მოცულობისა (სრული ტექსტი ორას გვერდს არ აღემატება), ნაწარმოები ოცდაათი წლის განმავლობაში იწერებოდა,[7][8] მისი ცალკეული წიგნები კი ამ პერიოდში სხვადასხვა რედაქციით რამდენჯერმე გამოიცა. ტრილოგია მოიცავს თემათა და ცნებათა მთელ რიგს, როგორებიცაა — დანაშაულის შეგრძნება, ძიება, მკვდრების დაბრუნება, მონანიება, ფიზიკური ტანჯვა, ფსიქიკური აშლილობა და სხვ. ლიაკოსის პერსონაჟები გარიყულნი არიან საზოგადოებიდან[2], როგორიცაა, მაგალითად, ტექსტის - „Z213: გამოსვლა“ — მთხრობელი, ან გარბიან და დისტოპიურ ადგილს აფარებენ თავს, როგორც იქცევიან ტექსტის „ადამიანებთან ხიდიდან“ პერსონაჟები, ან სულაც უკაცრიელ ადგილას არიან მოტოვებულნი, როგორც „პირველი სიკვდილის“ პროტაგონისტი, რომელიც უდაბურ კუნძულზე ცდილობს თავის გადარჩენას.

დიმიტრის ლიაკოსი
ბერძ. Δημήτρης Λυάκος
დაბადების თარიღი 19 ოქტომბერი, 1966(1966-10-19) (58 წლის)
დაბადების ადგილი ათენი
საქმიანობა დრამატურგი, მწერალი და პოეტი
ენა ბერძნული ენა
მოქალაქეობა  საბერძნეთი
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
Magnum opus Z213: Exit
საიტი lyacos.net

ტრილოგია „Poena Damni“ „უბედურების ალეგორიად“ მოიაზრება, ისევე როგორც გაბრიელ გარსია მარკესისა და თომას პინჩონის ნაწარმოებები[3][9]. დიმიტრის ლიაკოსის ტექსტები პოსტმოდერნიზმის[10] ბრწყინვალე ნიმუშებად და 21-ე საუკუნის გამორჩეულ ანტიუტოტოპურ ნაწარმოებებადაა მიჩნეული[11][12].

ბიოგრაფია

რედაქტირება

დიმიტრის ლიაკოსი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ათენში, სადაც იურისპრუდენციას სწავლობდა. 1988-1991 წლებში ცხოვრობდა ვენეციაში, 1992 წელს კი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ანალიტიკოს ფილოსოფოსებთან — ტედ ჰენდრიხსა და ტიმ ქრეინთან ერთად ფილოსოფიას დაეუფლა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში[13], ეპისტემოლოგიისა და მეტაფიზიკის, ბერძნული ფილოსოფიისა და ვიტგენშტაინის მოძღვრების განხრით. 2005 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში. ამჟამად ცხოვრობს ბერლინსა და ათენში.

შემოქმედება

რედაქტირება

1992 წელს დიმიტრის ლიაკოსმა დაიწყო ტრილოგიის შეკვრა საერთო სახელწოდებით „Poena Damni“, რომელიც მოგვითხრობს იმ უმძიმესი განსაცდელის შესახებ, ჯოჯოხეთში ჩასული დაწყევლილი სულები რომ აწყდებიან, ანუ ღვთის ხილვის უნარის დაკარგვის შესახებ. ტრილოგია ეტაპობრივად იწერებოდა ოცდაათი წლის განმავლობაში.[14] მესამე ნაწილი (პირველი სიკვდილი) ჯერ ბერძნულ ენაზე (Ο πρώτος θάνατος) გამოჩნდა, შემდეგ კი ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე ითარგმნა. მეორე ნაწილი სათაურით "Nyctivoe" პირველად 2001 წელს გამოიცა ბერძნულ და გერმანულ ენებზე, ინგლისური თარგმანი კი 2005 წელს დაიბეჭდა. აღნიშნულმა ნაწილმა 2014 წელს სახე იცვალა და გამოიცა სახელწოდებით ხალხთან ხიდიდან.[15]

 
დიმიტრის ლიაკოსის პორტრეტი, შესრულებული უოლტერ მელხერის მიერ

ლიაკოსის ნამუშევრები საკუთარ შემოქმედებაში ასახა ხელოვნების სხვადასხვა ფორმით, არაერთმი არტისტის მიერ: ავსტრიელმა მხატვარმა სილვი პრიოიდლმა 2002 წელს ვენაში ლიაკოსის ტექსტებზე შექმნილი ნახატების სერია წარადგინა. 2004 წელს მოქანდაკე ფრიც უნეგისა და BBC- ის პროდიუსერის პიერს ბარტონ-ფეიჯის აუდიო და სკულპტურულმა ინსტალაციამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა. 2005 წელს ავსტრიელმა არტისტმა გუდრუნ ბილზმა წარმოადგინა ნიქტივოეს შთაგონებით შექმნილი ვიდეო-არტ ნამუშევარი. ცეკვის კომპანიამ Myia კი Nyctivoe- ს ინტერპრეტაცია თანამედროვე ცეკვაში გამოსახა 2006-2009 წლებში. 2013 წელს ტრილოგიის პირველი ნაწილის - „Z213: გამოსვლა“ - მუსიკალურ-თეატრალური ვერსია შექმნეს ბერძენმა კომპოზიტორებმა მარია ალუპიმ და ანდრეას დიკტიოპულოსმა, რომელსაც Das Neue Ensamble და ბერძენი მსახიობი დიმიტრის ლიგნადისი ასრულებდნენ.[16]

1998 წელს დიმიტრის ლიაკოსი ლეს მარეისთან ერთად საერთაშორისო სტუმარი პოეტის სტატუსით იყო წარმოდგენილი უელსში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე. ამ დროიდან მან საკუთარი ნაწარმოებების არაერთი საჯარო კითხვა და ლექცია ჩაატარა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის - ოქსფორდში, ტრიესტეში, ჰონგკონგსა და ნოტინგემში. 2012 წელს მწერალთა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, იგი აიოვას უნივერსიტეტს სტუმრობდა.[17] დიმიტრის ლიაკოსი ის გამონაკლისი თანამედროვე ბერძენი ავტორია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა[18][19][20], „Poena Damni“ კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე განხილვადი და დიდი გამოხმაურების მქონე თანამედროვე ბერძნული ლიტერატურული ნაწარმოები აღმოჩნდა[21]. ტრილოგიის პირველი ნაწილი Z213: გამოსვლა, თანამედროვე ბერძნული პოეზიიდან შესრულებულ ინგლისურ თარგმანთა შორის დღემდე ბესტსელერია.[7][22]

2017 წელს დიმიტრის ლიაკოსი სტუმარი ავტორის სტატუსით წარსდგა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე[23], 2018 წელს კი საბერძნეთის სახელით მონაწილეობდა ბრიუსელში გამართულ ლიტერატურის ფესტივალში Transpoesie[24]. 2020 წელს მწერალი პრიშტინას საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარ ავტორად სახელდება.[25]

შინაარსი / კონტექსტი

რედაქტირება

ტრილოგია ტრაგიკული პოეზიისა და ეპიკური დრამის კონტექსტში განიხილება, თუმცა ცხადად პოსტმოდერნული ნაწარმოებიცაა.[26][27] მასში წარმოჩენილია ტრაგედიის სტრუქტურის სიღრმე და არა მისი ფორმალური მახასიათებლები, რის გამოც პოსტ-ტრაგიკულ ტექსტად მიიჩნევა.[28] ნაწარმოები მძლავრ რელიგიურ და ფილოსოფიურ ძიებებთან ერთად, ჰომეროსის, ესქილესა[29] და დანტეს[30] შემოქმედებას, რომანტიზმის ეპოქის პოეზიის, სიმბოლიზმისა და ექსპრესიონიზმის მკვეთრ ასპექტებსაც მოიცავს[31] „Poena Damni“, მიუხედავად მისი პოსტმოდერნული განწყობებისა, უფრო მეტად ჯეიმზ ჯოისისა და ვირჯინია ვულფის[32] ამაღლებულ მოდერნისტულ ტრადიციას უახლოვდება. ტრილოგიის პირველი ნაწილი - Z213: გამოსვლა (Z213: ΕΞΟΔΟΣ), გვიამბობს დაცული ქალაქიდან პერსონაჟის გაქცევისა და მისი მოგზაურობის ამბავს სიზმრის მსგავს, ხანდახან კი - კოშმარულ, საზარელ ადგილებში.[33] მეორე ნაწილში „ხალხთან ხიდიდან“ (με τους ανθρωπους απο τη γεφυρα) Z213:-ის პროტაგონისტი გარდაიქმნება მთავარ მთხრობელად, რომელიც მიტოვებული სარკინიგზო სადგურის თაღქვეშ გათამაშებული იმპროვიზაციული დადგმის მაყურებლის როლში წარმოგვიდგება. მესამე წიგნი, პირველი სიკვდილი (Ο Πρώτος Θάνατος) მოგვითხრობს კლდოვან კუნძულზე მიტოვებული კაცის ამბავს და დეტალურად აღწერს მის ბრძოლას გადარჩენისთვის, ისევე როგორც მისი სხეულის დაშლისა და მეხსიერების საცავების განადგურების პროცესს.[34]

განხილვა

რედაქტირება
 
ტრილოგია „Poena Damni“ (სამწიგნიანი ე.წ. ბოქსი. ინგლისური გამოცემა)

ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან იგი სცდება ერთი კონკრეტული ჟანრის ტრადიციულ საზღვრებს.[27][35] Z213: გამოსვლა ახალ კონტექსტს უძებნის ბერძნული ლიტერატურის ტრადიციულ მოტივებს, მათ შორის — გაქცეული გმირისა და თავგანწირული მოგზაურის პარადიგმას.[36] ტექსტი ხშირად ნარატიულ ფორმას მიმართავს, რომელშიც პოეზია და პროზა ერთმანეთთანს ერწყმის.[37] ტრილოგიის მეორე ნაწილი („ხალხთან ხიდიდან“) ხასიათებისა და მდგომარეობების დრამატულ წარმოსახვად გვევლინება, ხოლო მესამე ნაწილი („პირველი სიკვდილი“) უძლიერეს ლირიკულ პოეზიად წარმოგვიდგება, რომელიც სხეულის დაშლისა და საბოლოოდ, მისი აპოთეოზის პროცესს ასახავს.

ნაწარმოებში ოსტატურადაა წარმოჩენილი რეალური და წარმოსახვითი სამყაროების არსებობის ურთიერთსაპირისპირო შესაძლებლობები. მკითხველი მიჰყვება შინაგანი მონოლოგების უჩვეულო ნაკადს, რომლებიც გარესამყაროში მომხდარი მოვლენებიდან აღმოცენდება, მაგრამ საბოლოოდ, პროტაგონისტის შინაგანი სამყაროს აზროვნებითსა და შეგრძნებით ზედაპირებზე აისახება. მეორე მხრივ, კი ტექსტის განსხვავებული აგებულება და სიზმრის მსგავსი ვრცელი მონაკვეთები იმგვარი შოკისმომგვრელი სიცხადითაა აღწერილი,[38] რომ თვალნათლივ გვაჩვენებს ალტერნატიულ რეალობას და სამყაროს დაფარულ განზომილებებს განგვიცხადებს.

ამ თვალსაზრისით, ნაწარმოები განისაზღვრება, როგორც ერთგვარი surfiction (ზედაპირ-ფიქცია)[39], რომელში წარმოდგენილი სამყაროც გვთავაზობს ღია სივრცეს საიმისოდ, რომ მკითხველმა ამ სამყაროს საკუთარი, შინაგანი ვერსია შექმნას.[40]

Z213: გამოსვლა

რედაქტირება

Z213: გამოსვლა ერთგვარ პალიმფსესტად გვევლინება, რომელიც წარმოადგენს ანტიკური და თანამედროვე წყაროებით შექმნილ მხატვრულ ქსოვილს, აგებულს ორი პროტაგონისტის "დიალოგის" საშუალებით.[36] ტექსტი მოიცავს უსახელო მთავარი გმირის წარმოსახვითი დღიურის ფრაგმენტული ჩანაწერების სერიას, რომელშიც უცნობ მიწაზე პერსონაჟის მატარებლით მოგზაურობის გამოცდილებაა აღწერილი.[41] ეს არის ამბავი ადამიანისა, რომელიც გაათავისუფლეს ან გაიქცა გარკვეულხნიანი ტყვეობის შემდეგ, და დღიურში მოკლე ჩანაწერებად იხსენებს საავადმყოფოში, ციხეში, გეტოში თუ სხვა სახის ანკლავში გატარებულ პერიოდს.[42]

მისი შემდგომი ხეტიალი რეალურისა და წარმოსახვითის ზღვარზე არსებულ უდაბურ მხარეებში, რაც დეტალურადაა აღწერილი ნაწარმოებში, გარკვეულწილად კაფკასეულ ატმოსფეროს ქმნის და იმგვარადაა შეკრული, რომ ყველაზე უფრო სიზმარეული მონაკვეთებიც კი ამავდროულად ძალზე რეალისტურია. მოგზაურობისას, პროტაგონისტი ღრმა ძიებაშია, რაც რელიგიურ ძიებას წააგავს, თუმცა მის მზარდ ეჭვს, რომ ვიღაც მოსდევს და უთვალთვალებს, თხრობაში "სასპენსის" ელემენტები და ფილმ-ნუარის განზომილება შემოაქვს.

ამგვარად, ტექსტი ეფუძნება მეტაფიზიკას, თუმცა მოგვაგონებს 1940-იანი წლების ლოსანჯელესურ დეტექტიურ ნოველასაც — პირადი დეტექტივის შესახებ, რომელიც მოულოდნელ აღმოჩენასთან ძალიან ახლოსაა.

Z213: გამოსვლა სრულდება მსხვერპლშეწირვის აღწერით, რომლის დროსაც მთავარი გმირი და „მონადიმეთა მშიერი ბრბო“ შამფურზე წამოაგებენ და წვავენ ჯერ კიდევ ცოცხალ კრავს. შემდეგ კი ცხოველს ანაწევრებენ, ატყავებენ და შიგნეულს აცლიან, ისე თითქოს წმინდა რიტუალში იღებდნენ მონაწილეობას.[43][44]

ხალხთან ხიდიდან

რედაქტირება

ხალხთან ხიდიდან ეფუძნება იესოს მიერ გერგესეველთა მხარეში ეშმაკეული სულების განდევნის ამბავს, რომელიც წმინდა მარკოზის სახარებაშია მოთხრობილი. დემონური სულის ანარეკლი ჩანს ნაწარმოების პერსონაჟში, რომელიც სასაფლაოზე ცხოვრობს, დემონებისგან იტანჯება და საკუთარ თავს ქვებით ამოიქოლავს. პერსონაჟი თავისი საყვარელი არსების სამარხში შედის და ცდილობს გახსნას კუბო, რომელშიც მისი შეყვარებულის გაუხრწნელი სხეულია. ნაწარმოების გმირის ვნების სიმძაფრე მკვდრის სხეულს სულს შთაბერავს და სიცოცხლეში დააბრუნებს, რაც ტექსტში შთამბეჭდავადაა მოთხრობილი[15]. სამარხი კი იქცევა შეყვარებულთა „მშვენიერ პირად სივრცედ“, სადაც მათ ისევ შეუძლიათ ერთმანეთის სიყვარულს მიეცნენ.

ნაწარმოები მკვდრების დაბრუნების მოტივს ეფუძნება და მრავალპერსპექტივიან ნარატივს გვთავაზობს, ოთხი პერსონაჟის მიერ პირველ პირში მოთხრობილი მონაკვეთების საშუალებით: დემონებისგან შეპყრობილი კაცი ცდილობს მკვდრეთით აღადგინოს მისი შეყვარებული, მაგრამ საბოლოოდ თვითონ აღმოჩნდება მკვდრის სამარხში.[45]

მოქმედება ვითარდება ისე, რომ მკვდრების დღესასწაულსა და ვამპირიზმის ეპიდემიას მოგვაგონებს. თვალნათელია ტექსტის მოტივთა კავშირი ქრისტიანულ ტრადიციასა[46] და ესქატოლოგიასთან. ნაწარმოები საყოველთაო გამოხსნის მოტივს ეფუძნება, თუმცა ეს საკითხი ფინალური ნარატივის შემდეგ მაინც გადაუჭრელი რჩება.[21]

პირველი სიკვდილი

რედაქტირება
 
პოეტი ლიაკოსი კეტით. იანის მელანიტისის ნახატი. ზეთი. შესრულებული ხის პანელზე, 104 x 39,2 სმ, 2012-13

პირველი სიკვდილი მოგვითხრობს დასახიჩრებული სხეულის, როგორც ადგილის შესახებ, რომელიც კლდეებს ეხეთქება და განუწვეტლივ ფიზიკური და მენტალური დაშლის პროცესში იმყოფება[47]. მისი მეხსიერების მექანიზმები მოშლილია,[48] თუმცა კავშირი სულსა და სხეულს შორის, რაც სიცოცხლის მანიშნებელია, ჯერ კიდევ არსებობს. „იმ უმატერიო წერტილში კი, სადაც მას სამყარო ეჯახება და შორდება”,[49] კოსმოსის მექანიკური ინსტინქტები ჯერ კიდევ მოქმედებენ და პირველსაწყის მატერიას არსებობისკენ უბიძგებენ, რაც აღდგომის წინაპირობად მოჩანს.

ლიტერატურული კრიტიკა

რედაქტირება

„Poena Damni“ თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის თარგმანებს[50] შორის ყველაზე დიდი გამოხმაურების მქონე[5][41] ტექსტია. საერთაშორისო რეცენზიების რიცხვი 2019 წლის შემოდგომისთვის[51][52] 66-ს შეადგენდა, ნაწარმოები კი „თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო განხილვად და ხმაურიან ნიმუშად“[5] შეფასდა.

მისი საერთაშორისო აღიარება განაპირობა ტექსტში მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის არსებული ზღვარის შემოქმედებითმა რღვევამ და ამავდროულად, დასავლური ლიტერატურული ტრადიცის მტკიცე ბაზისად გამოყენებამ.

კრიტიკოსთა უმრავლესობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კლასიკური და ბიბლიური ლიტერატურის პარაფრაზირებასა და მათზე მინიშნებათა ჩახლართული ქსელის ტექსტში გამოყენების მეთოდს და ამასთან, მაღალ შეფასებას აძლევენ ნაწარმოების უნიკალურ სტილსა და ხასიათს.[27] ტრილოგია იქცა შთამბეჭდავი მოცულობის სამეცნიერო კრიტიკის საგნად და სასწავლო მასალადაა შეტანილი პოსტმოდერნული ლიტერატურის საუნივერსიტეტო კურიკულუმებში,[5][53] თავად ლიაკოსი კი 2019 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატთა სიაში აღმოჩნდა.[25][54]

დიმიტრის ლიაკოსის ტრილოგის მონაკვეთების ქართული თარგმანის წაკითხვა შესაძლებელია ავტორის ოფიციალურ ვებგვერდზე დაარქივებული 2020-09-21 საიტზე Wayback Machine.

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
რჩეული კრიტიკული ნაშრომები
რჩეული ინტერვიუები

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  2. 2.0 2.1 Cha: An Asian Literary Journal - The Precarious Destitute: A Possible Commentary on the Lives of Unwanted Immigrants.
  3. 3.0 3.1 Dimitris Lyacos: Poena Damni: I: Z213: Exit; II: With the People from the Bridge; III: The First Death. Review by Chris Hartman. Pangyrus, July 2019, Cambridge, MA. http://www.pangyrus.com/pangyrus/dimitris-lyacos-poena-damni-i-z213-exit-ii-with-the-people-from-the-bridge-iii-the-first-death/
  4. Andrew Barrett. Melting Among Echoes: The Elusive Narrative Voice of Z213: Exit. Aquifer - The Florida Review, August 2019. https://floridareview.cah.ucf.edu/article/melting-among-echoes-the-elusive-narrative-voice-of-z213-exit/
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 https://www.asymptotejournal.com/blog/2019/03/27/grab-the-nearest-buoy-on-dimitri-lyacos-poena-damni
  6. Nota Benes, March 2017.
  7. 7.0 7.1 Paul B. Roth, Preface to Dimitris Lyacos, Special Feature, The Bitter Oleander Journal. The Bitter Oleander Journal, Volume 22, No 1, Spring 2016, Fayetteville, NY.
  8. The Ofi Press Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-04-03. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  9. Williams, Mukesh. Representations of Self-Actualizing Women in Haruki Murakami and Leo Tolstoy. Studies in the English Language & Literature No. 77 2015 page 34
  10. Shaw, Philip. (21 April 2017) The Sublime. Routledge.
  11. Historical Dictionary of Utopianism.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-26. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  13. UCL. (26 July 2018) Careers & Destinations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2020.
  14. Paul B. Roth, Preface to Dimitris Lyacos, Bitter Oleander Journal Feature. The Bitter Oleander Journal, Volume 22, No 1, Spring 2016, Fayetteville, NY.
  15. 15.0 15.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-22. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  16. Z213:EXIT - Chapter 8 [part 33-end].
  17. Dimitris Lyacos | International Writing Program. Iwp.uiowa.edu (2013-07-17). ციტირების თარიღი: 2013-07-27.
  18. A review of Z213: Exit. Mark King. The Literary Nest, Issue 1, April 2017.
  19. John Taylor interviews Dimitris Lyacos. New Walk Magazine, Issue 12,Spring/Summer 2016, Leicester UK.
  20. Eleni Sakellis, Some works of world-renowned poet Dimitris Lyacos. The National Herald, New York. Feb 20-26 2016, page 9.
  21. 21.0 21.1 Eucharist: Dimitris Lyacos's “With the People from the Bridge” (7 March 2016).
  22. Litteraire, Issue 12
  23. Participants of the Tbilisi 3rd International Festival of Literature. tbilisilitfest.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  24. http://transpoesie.eu/poets/801
  25. 25.0 25.1 https://polipfestival.wordpress.com/authors/
  26. thwack. Cleaver Magazine - POENA DAMNI TRILOGY by Dimitris Lyacos reviewed by Justin Goodman.
  27. 27.0 27.1 27.2 A review of Z213: EXIT by Dimitris Lyacos – Compulsive Reader.
  28. Ilias Bistolas, Poena Damni - Z213: Exit. Southern Pacific Review, January 2017.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-21. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  29. Verlagshaus J. Frank: Quartheft 08 | Der erste Tod | Dimitris Lyacos. Belletristik-berlin.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-14. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  30. Z213: Exit by Dimitris Lyacos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  31. Robert Zaller - Recent Translations from Shoestring Press.The Journal of Modern Greek Studies, Volume 19, 2001/ Johns Hopkins University Press.
  32. From the Ruins of Europe: Lyacos’s Debt-Riddled Greece.
  33. A Review of "Poena Damni, Z213: EXIT" by Dimitris Lyacos, Translated by Shorsha Sullivan «.
  34. Project MUSE - Robert Zaller. Recent Translations from Shoestring Press.
  35. Dimitris Lyacos – Mediterranean Poetry.
  36. 36.0 36.1 Review of Z213: Exit. Will Carter, Ezra Journal of Translation, vol. 12, Spring 2017.
  37. Z213: EXIT: Poena Damni.
  38. Z213: Exit (Poena Damni) by Dimitris Lyacos.
  39. ARCHIVE - Surfiction - monstrouspossibility.
  40. Fran Mason, Historical Dictionary of postmodern Literature and Theater, Dimitris Lyacos pp. 276-77. Second Edition, Rowman and Littlefield 2016.
  41. 41.0 41.1 A review of Z213: Exit. Mark King. The Literary Nest, Vol. 3, Issue 1, April 2017.
  42. Decomp Magazine. Spencer Dew, Dimitris Lyacos' Z213: Exit. July 2011.
  43. Cha An Asian Literary Journal, Issue 13, February 2011. Michael O' Sullivan. A philosophy of exits and entrances: Dimitris Lyacos' Poena Damni, Z213 Exit
  44. Poena Damni, A Review Essay by Toti O'Brien. Ragazine Magazine, May 2019, Los Angeles. https://www.ragazine.cc/poena-damni-poetry-review/
  45. Lyacos, Nyctivoe Libretto 5. Ctl-presse.de. ციტირების თარიღი: 2013-07-27.
  46. „With the People from the Bridge by Dimitris Lyacos. Review by John Howard“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  47. Tony Malone, Poena Damni - The First Death by Dimitris Lyacos. Tony's Reading List, Melbourne, September 2019. https://tonysreadinglist.wordpress.com/2019/09/19/poena-damni-the-first-death-by-dimitris-lyacos-review/
  48. THE ART OF TRANSLATING. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  49. The First Death, Poena Damni, Translated by Shorsha Sullivan, Shoestring Press, Nottingham 2000, page 32.
  50. Dimitris Lyacos - Dimitris Lyacos - Greece/Italy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  51. http://www.lyacos.net/reviews
  52. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-19. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  53. hec.gov.pk (pp. 187-188). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-14. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
  54. https://morose-mary.blogspot.com/2019/08/nobel-prize-for-literature-2019.html
  55. The Bitter Oleander, Volume 22, No 1, Spring 2016, New York
  56. An Interview with Dimitris Lyacos - Gulf Coast: A Journal of Literature and Fine Arts.
  57. Lyacos, Nyctivoe Libretto 5.