დონი (მხატვარი)

ქართველი მხატვარ-სატირიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან დავით ნაცვლიშვილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დონი.

დონი (ნადვილი სახელი დავით ნაცვლიშვილი; დ. 20 ივნისი, 1899 — გ. 26 ნოემბერი,1971) — ქართველი გრაფიკოსი მხატვარი-სატირიკოსი.

დონი
დაბადების თარიღი 20 ივნისი, 1899(1899-06-20)
დაბადების ადგილი ტობანიერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 ნოემბერი, 1971(1971-11-26) (72 წლის)
საქმიანობა მხატვარი და კარიკატურისტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჟანრი სატირა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით (დათიკო)[1] ნაცვლიშვილი 1899 წლის 20 ივნისს ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). დავითის მამა იყო სოფლის სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ (ლადო) ნაცვლიშვილი, შემდეგში გამოჩენილი ჟურნალისტი და საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ცნობილი ფსევდონიმით ლადო ბზვანელი, დედა — გულენტი მაჭარაძე, წარმოშობით ხონიდან. დათიკო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო და მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის ღირებული განათლება მიეცათ, როდესაც იგი 7 წლის შეიქნა, ლადომ მოითხოვა სამუშაოდ ქუთაისში გადაყვანა, რაც დაკმაყოფილებული იქნა.

1908 წელს დავითი მიაბარეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც 1918 წლამდე სწავლობდა. დავითს ქართულს ასწავლიდა პარმენ ცახელი, ხატვას კი ცნობილი მასწავლებელი ვასილ ბალანჩივაძე, რომელმაც ხელი შეუწყო დავითის მხატვრული ნიჭის ჩამოყალიბებას. გიმნაზიაში სწავლისას დავითი გაწევრიანებული იყო ლიტერატურულ წრეში, სადაც მას ურთიერთობა უწევდა მომავალში სახელმოხვეჭილი პიროვნებების დიდ პლეადასთან: მსახიობი უშანგი ჩხეიძე, რეჟისორი დოდო ანთაძე, კომპოზიტორი ვანო გოკიელი, ქირურგი კონსტანტინე ვეფხვაძე, მომღერალი დავით ბადრიძე, ლიტერატურათმცოდნე ვანო წულუკიძე. დავითი ასევე გატაცებით მუშაობდა გიმნაზიის დრამატულ წრეშიაც.

საზაფხულო არდადეგებს მომავალი მხატვარი მშობლიური სოფლის და დედულეთის გარდა ხშირად ატარებდა ბიძასთან ამბროლაურში, სადაც თავს იყრიდა იმ დროის მოწინავე ქართული ინტელიგენცია. დავითი ბავშვობიდანვე მეგობრობდა მომავალში ცნობილ პოეტ გალაკტიონ ტაბიძესთან.

1918 წელს ნაცვლიშვილი თბილისში გადადის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე ირიცხება, რომელიც 1925 წელს დაასრულა. პარალელურად დადიოდა სამხატვრო აკადემიაში, სადაც იგი მეცადინეობდა იოსებ შარლემანის და ევგენი ლანსერეს კლასებში. ამავე პერიოდში მან დაიწყო მუშაობა რუსთაველის თეატრში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ თეატრში მუშაობისას, თეატრალური ცხოვრების თემატიკაზე შექმნა მან პირველი კარიკატურა, რომელიც 1923 წელს ახლადშექმნილი „ნიანგის“ რედაქტორს, ნოე ზომლეთელს წარუდგინა. დავითის ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა ის პირველივე ნომერში დაბეჭდეს და ჰონორარიც გადაუხადეს.

ამ დღიდან მოყოლებული ათეულობით წლის განმავლობაში დონისთან თანამშრომლობდა არა მხოლოდ „ნიანგი“, არამედ იმ პერიოდში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი,მათ შორის „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, ჟურნალები „შოლტი“, „დროშა“, ასურათებდა სახელგამის გამოცემულ სატირულ-იუმორისტული ხასიათის წიგნებს. სამამულო ომის პერიოდში დონი მუშაობდა სააგიტაციო პოსტერებზე, აქტიურად იყო ჩართული ანტიფაშისტურ კარიკატურულ კამპანიაში. სამხატვრო მუშაობის პარალელურად ასწავლიდა სახვით ხელოვნებას თბილისის 30-ე საშუალო სკოლაში, სადაც ბევრი მომავალში ცნობილი მხატვარი აღზარდა.[2]

1948 და 1951 წლებში დონი მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ სატირის საკავშირო გამოფენებში, 1949 წელს საქართველოს მხატვართა კლუბის გამოფენაში, 1956 წელს იყო ამიერკავკასიის სატირის მხატვართა გამოფენისა და კონფერენციის დელეგატი. იგი იყო თავისი პერიოდის ერთადერთი პროფესიონალი მხატვარი-სატირიკოსი, იყო პირველი ქართველი კარიკატურისტი, ვინც გამოსცა მხატვრული ალბომები სატირულ-იუმორისტული ნახატებისა — „ხუმრობის გარეშე“ (1951), იოსებ გრიშაშვილისა და ვანო წულუკიძის მიმოხილვით, და „ფანქრის წვერზე“ (1956), შალვა კვასხვაძის მიმოხილვით.

დავით ნაცვლიშვილი გარდაიცვალა 1971 წლის 26 ნოემბერს.[3][4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დონი; გრიშაშვილი, იოსებ; წულუკიძე, ვანო (1951). ხუმრობის გარეშე. თბილისი: სახელგამი. 
  • დონი; კვასხვაძე, შალვა (1956). ფანქრის წვერზე. თბილისი: სახელგამი. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გალაკტიონ ტაბიძის დღიური 249 (1950 წელი), galaktion.ge
  2. Николай Онуфриевич Табукашвили, GeorgianArt.ge
  3. დღის კალენდარი — 26 ნოემბერი, medianews.ge
  4. გიორგი ერისთავი და ქართული პროფესიული თეატრი, artpalace.ge[მკვდარი ბმული]