ვასილ ბალანჩივაძე
ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი], 1867, სოფელი ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 18 მაისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). მელიტონ ბალანჩივაძის ძმა.
ვასილ ბალანჩივაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ვასილ ბალანჩივაძე |
დაბადების თარიღი |
24 აპრილი, 1867 ბანოჯა |
გარდაცვალების თარიღი |
18 მაისი, 1951 (84 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასცენაზე პირველად გამოვიდა 1887 წელს თბილისში ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1887–1890 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890–1891 იყო თბილისის ქართული თეატრის, 1891–1894 — ქუთაისის თეატრის მსახიობი (1921-იდან ხელმძღვანელი), 1924–1929 — თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929–1935 — თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით.
უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი ( ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ბესო ( ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ბენ აკიბა (კარლ გუცკოვის „ურიელ ა კოსტა“), ოტია ჯოლია ( ვალერიან გუნიას „და-ძმა”), იაგო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), გელა (აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ ); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე ( დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“), 1935–1942 „სახკინმრეწვის“ მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (ბაბუა ანტონი), „ქალი გაღმიდან“ (ოსმანი ), „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (სარდიონი) და სხვა. ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების („იმერული სცენები“) ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: „1905“, „გლეხი ივლიანე გობეჩია“, „აჭარელი ქალი ფატიმა“,„მზის სხივები“, „დაუდევრობის მსხვერპლი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1928: „ჯანყი გურიაში“ რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1933: „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (ქისტი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1937: „დაკარგული სამოთხე“ (ბაბუა ანტონი) რეჟ. დავით რონდელი
- 1940: „კოლხეთის ჩირაღდნები“ რეჟ. დავით რონდელი
- 1940: „ქალი გაღმიდან“ (ოსმანი) რეჟ. ლეონარდ (ლეო) ესაკია
- 1940: „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (სარდიონი) რეჟ. დიომიდე ანთაძე
- 1941: „სადარაჯო ჯიხური“ რეჟისორები დიომიდე ანთაძე, ალექსანდრე ჯალიაშვილი
- 1943: „გიორგი სააკაძე“ (გლეხი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1945: „ჭირვეული მეზობლები“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1948: „ქეთო და კოტე“ რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაშხია ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 165-166.
- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 343.