გოკიოსოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ალასტანის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
გოკიო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ალასტანი
კოორდინატები 41°33′59″ ჩ. გ. 43°24′44″ ა. გ. / 41.56639° ჩ. გ. 43.41222° ა. გ. / 41.56639; 43.41222
ცენტრის სიმაღლე 1760
მოსახლეობა 418[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 97 %
ქართველები 3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
გოკიო — საქართველო
გოკიო
გოკიო — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გოკიო
გოკიო — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
გოკიო

მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე გოკიოსწყლის (ჭობარეთის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1760 , ახალქალაქიდან დაშორებულია 24 კმ.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 549 274 275
2014[1]   418 218 200

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

გოკიო მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში. სოფლის მახლობლად, ხევის მარცხენა ნაპირზე, ორი გორაა; დასით მდებარე უფრო ამოზიდული და ყელგადაჭრილია. მისი თხემი (ფართობი დაახლ. 150 მ × 70 მ) გალავნის ნანგრევითაა შემოზღუდული. გალავნის შიგნით სათავსების ნაშთებია. ანაკრეფ კერამიკულ ფრაგმენტებში ჭარბობს გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნატეხები. გალავნითაა გამაგრებული გაღმით მდებარე მეორე გორაც, რომლის შიგნით ასევე მოჩანს სათავსების ნაშთები. ანაკრეფ კერამიკაში აქ წინარეფეოდალურთან ერთად ფეოდალური ხანის ნატეხებიცაა. ამჟამად სოფელში შემორჩენილია ორი ეკლესიის ნანგრევი, ადრე კი უფრო მეტი იყო. მომცრო ეკლესიის საკურთხეველში თავდაყირა დაუდგამთ სამხრეთ შესასვლელის ბალავრის ქვა, რომელზეც აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. აქვე აწყვია ჯვრიანი ქვები და სამთაღიანი ბრტყელი ფილა. მეორე, დასავლეთით მდგარი, მოზრდილი ეკლესიის (20 მ × 12 მ) კედლები უკეთესად არის შემონახული. ნაგებია გათლილი ქვით. არქიტექტურულ დეტალთაგან შემორჩენილია ოთხი პილასტრი. ორივე ეკლესიას გალავანი ჰქონია, რომელთა შიგნით საფლავის ქვებია (ცხენებისა და ვერძების ქანდაკებები). დიდი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან საფლავის ქვაზე გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს წრეში ჩასმული ჯვარი. რელიეფური წარწერის ნაშთზე იკითხება მხოლოდ ორი ასონიშანი – „ე“ და „კ“.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს სოფელ გოკიოში შედიოდა ხერთვისის ლივის ტყიანი ჯავახეთის ნაჰიეში, ცხოვრობდა 18 კომლი: მახარებელი, რუბენ ძე მისი, იოსებ ძმა მისი, ვარაზგულ ესტატეს ძე ქრისტესა, ძმა მისი, იმარინდო ჯვარასძე, ილარიონ ძე მისი, პაპუნა ძმა მისი, გიორგი მახარებლისძე, რევაზ ძმა მისი, ქაქუჩა, ზურაბ ძე მისი, ... ვეფხიასძე, მაზანა, სოზია ძე მისი, იორდანე, ბადურა ბეროზას ძე, ილო ძე მისი. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰქონდათ ბოსტანი, ერთი თვალი წისქვილი, ერთი თვალი ზეთსახდელი; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი და იხდიდნენ 15 000 ახჩას წლიურად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნეში გოკიო იყო: „ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი“.

1917 წელს რევოლუციის შემდეგ აქედან აყრილან ადგილობრივი მცხოვრები თარაქამები (ყარაფაფახები), რომელთაც თავიანთი სახლ-კარი ბორჯომის ხეობიდან ჩამოსული ოსებისათვის მიუყიდიათ. ოსებს ვერ აუტანიათ აქაური ჰავის სიმკაცრე და კვლავ გუჯარეთის ხეობაში დაბრუნებულან. ოსების შემდეგ აქ დასახლებულან სომხები და ახალციხის რაიონიდან მოსული ქართველები. ამჟამად ამ სოფელში სომხური მოსახლეობა ჭარბობს. ქართული მოსახლეობის გვარებია: ტაბატაძეები, ინასარიძეები, ზაზაძეები, ხუციშვილები და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 82.
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941;
  • ჯიქიას., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941; წგ. 3, თბ., 1958.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.