გიგი წერეთელი
გიორგი (გიგი) წერეთელი (დ. 23 თებერვალი 1964, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის (1999, 2003, 2008, 2012, 2016) წევრი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2017 წლიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე.[1]
გიორგი (გიგი) წერეთელი | |
გიგი წერეთელი ეუთო-ს შეხვედრაზე, ჟენევაში, 2014 წელს | |
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2017 – 14 დეკემბერი, 2020 | |
წინამორბედი | კრისტინე მუტონენი |
მემკვიდრე | პიტერ ბაუნესი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი, 2004 – 4 მაისი, 2004 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია |
მემკვიდრე | ვლადიმერ ჭიპაშვილი |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ნოემბერი, 2003 – იანვარი, 2004 | |
პრეზიდენტი | ნინო ბურჯანაძე (მ/შ) |
დაბადებული | 23 თებერვალი, 1964 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საარჩევნი ოლქი | მთაწმინდის რაიონი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2001-2017) ევროპული საქართველო (2017-დღემდე) |
შვილები | 2 |
პროფესია | ექიმი-ნევროლოგი |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის წევრი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1980 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის N 55 საშუალო სკოლა და N 8 მუსიკალური სასწავლებელი. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1986-1987 მუშაობდა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში ექიმ-ინტერნად. 1987-1989 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის სრული კურსი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში. 1989-1993 მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად. აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას ნევროლოგიურ დაავადებათა იმუნოლოგიურ ასპექტებზე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო შრომა ამ სფეროში. 1993-1995 წლებში იყო საზღვარგარეთ.
1995 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მერიაში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგლედ. იმავე წელს გადაიყვანეს ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ. 1996-1998 წლებში იყო თბილისის ვიცე-პრემიერი. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური დაცვისა და სპორტის საკითხებს.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბურჯანაძე — დემოკრატები“.
2004 წლის თებერვლიდან მაისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ამავდროულად მთავრობის ვიცე-პრემიერი. იმავე წლის მაისიდან დაუბრუნდა საპარლამენტო საქმიანობას და დაიკავა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2017 წლიდან ეუთო-ს საპარლემენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ჯერ როგორც მოვალეობის შემსრულებელი, 2018 წლიდან კი როგორც არჩეული პრეზიდენტი.[2] 2017 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარი პარტიული კრიზისის შედეგად პარტიიდან ერთი ნაწილი, რომელთა შორის იყო წერეთელი, წავიდა და დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
პირადი და ოჯახური ცხოვრება
რედაქტირებაფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. არის საჭადრაკო კლუბის „NTN“ საპატიო პრეზიდენტი, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; ბავშვთა ბეისბოლის ლიგის პრეზიდენტი, საქართველოს დიაბეტის ფედერაციის წევრი. აქვს ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სერტიფიკატი საერთაშორისო ჯანდაცვის ეკონომიკასა და ფინანსებში (2005).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიგი წერეთელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიგი წერეთელი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)