ბაგრაშკიოლი,[1] ბოსტენ-ხუ (ჩინ.: 博斯腾湖) — ტბა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინძიანში, ქალაქ კორლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 57 კმ-ში. გაწოლილია აღმოსავლეთ ტიან-შანში, მთათაშუა ქვაბულში, ტარიმის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე, რომელიც დიდ გაუდინარ არეს წარმოადგენს და რომელიც ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ტიან-შანით, ხოლო სამხრეთიდან კუნლუნით. მდებარეობს ზღვის დონიდან 1044,2 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 985-1070 კმ².[2]

ბაგრაშკიოლი
ბაგრაშკიოლის სატელიტური სურათი (2004 წლის 2 ნოემბერი)
ბაგრაშკიოლის სატელიტური სურათი (2004 წლის 2 ნოემბერი)
კოორდინატები: 42°00′ ჩ. გ. 87°00′ ა. გ. / 42.000° ჩ. გ. 87.000° ა. გ. / 42.000; 87.000
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული სინძიანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1044,2 
სიგრძე 65 კმ
სიგანე 15 კმ
ფართობი 985-1070 კმ²
საშუალო სიღრმე 8,8 
მაქსიმალური სიღრმე 16 
აუზის ფართობი 56,000 კმ²
ბაგრაშკიოლი — ჩინეთი
ბაგრაშკიოლი

აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 65 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 15 კმ-ზე. ტბის ფართობი მერყეობს წლიდან წლამდე, ისევე როგორც ტბის დონის ნიშნული. ტბის დონე თავის მხრივ, იცვლება მდნარი წყლის ხარჯის ცვლილებით, ადგილობრივი ნალექებისა და აორთქლების ბალანსის ცვალებადობით. ცნობილია, რომ ტბის დონე 3 მ-ით არის შემცირებული. ყველაზე მაღალი დარეგისტრირებული დონე შეადგენდა 1048,75 მ ზღვის დონიდან (1958 წელს), ხოლო 1986 წლისათვის ეს მაჩვენებელი 1044,2 მ-ით განისაზღვრებოდა. ტბა წააგავს სამკუთხედს.[2]

ბაგრაშკიოლის საშუალო სიღრმეა 8,8 მ, მაქსიმალური სიღრმე 16 მ. ნაპირები უმეტესწილად დაბალია, ადგილ-ადგილ გვხვდება მლაშობები და ქვიშის მასივები. ბაგრაშკიოლი ოდესღაც იყო ჩინეთის უდიდესი მტკნარწყლიანი ტბა, ხოლო ამჟამად ტბა სუსტად მომლაშოა. ერთვის რამდენიმე მდინარე, რომელთაგან აღსანიშნავია: კაიდუხე, ხუანგშუი, ძინგშუი და ვულასიტე.[2] ტბიდან გამოედინება მდინარე კონჩედარია,[3] რომელიც ხან ლობნორის ტბაში ჩაედინება, ხან ტარიმს უერთდება.[4]

ტბის რაიონის საშუალოწლიური ტემპერატურაა 7,9°C, ზაფხულში 22,1°C, ზამთარში –22°C. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 64,7 მმ, ზაფხულში 39,5 მმ, რაც შეადგენს ნალექების წლიური რაოდენობის 60 %-ს. დეკემბრიდან მარტამდე იყინება.[5] ამ ხნის განმავლობაში იფარება 0,8-1 მ სისქის ყინულის ფენით.[6]

ტბის რაიონის ჭაობებში ყოველწიურად აგროვებენ მაღალი ხარისხის ლელქაშის მდიდარ მოსავალს. წლიური გამოშვება 300 ათას ტონაზე მეტი. აქვეა ლელქაშის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზა.[5]

მდიდარია თევზით. 1970-იან წლებამდე კობრისებრთა ორი სახეობა Schizothorax biddulphi და Aspiorhynchus laticeps წლიური თევზჭერის 80 %-ს შეადგენდა. 1962-1965 წლებში ტბაში მოამრავლეს კობრისებრთა სხვადასხვა სახეობა, მათ შორის: ჭრელი სქელშუბლა, შავი ამური, სქელშუბლა, თეთრი ამური, კობრი და ოქროსფერი კარჩხანა. 1970-იან წლებში ეს სახეობები საწარმოო საქმიანობის მთავარ სამიზნედ იქცნენ. 1978 წლიდან თევზჭერის მთავარი წილი ქორჭილაზე მოდის.[7]