ლობნორი (ჩინ.: 罗布泊) — დამშრალი, მლაშე გაუდინარი ტბა დასავლეთ ჩინეთში, სინძიანში. გაწოლილია ტარიმის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 780 მ სიმაღლეზე.[1] IX-X საუკუნეებში ტბის ფართობი შეადგენდა 14 ათ. კმ²-ს. სარწყავი მიწების ზრდამ გამოიწვია ტარიმის ხეობაში ჩამონადენის შემცირება. 1931 წლისთვის ლობნორის ფართობი უდრიდა 2375 კმ²-ს, ხოლო 1950-იან წლებში მისი ფართობი 2000 კმ²-ით განისაზღვრებოდა. ტბის სიღრმე აღწევდა 5,2 მ-ს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმული იყო 85 კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 20-45 კმ-ზე.[2]

ლობნორი
ლობნორის აუზის სატელიტური სურათი; მოჩანს დამშრალი ტბის სანაპირო ხაზები
ლობნორის აუზის სატელიტური სურათი; მოჩანს დამშრალი ტბის სანაპირო ხაზები
კოორდინატები: 40°11′ ჩ. გ. 90°27′ ა. გ. / 40.183° ჩ. გ. 90.450° ა. გ. / 40.183; 90.450
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული სინძიანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 780 
სიგრძე 85 კმ
სიგანე 20-45 კმ
ფართობი 2375 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 5,2 
ლობნორი — ჩინეთი
ლობნორი

1970 წლისათვის ლობნორმა შეწყვიტა თავისი არსებობა, მას შემდეგ რაც მდინარე ტარიმზე აშენდა წყალსაცავი. დამშრალი ტბის აუზი დაფარულია 30-100 სმ სისქის მარილის ქერქით, რომლის ფართობია 21,000 კმ², ხოლო იარდანგით დაფარული ფართობი იკავებს თითქმის 3100 კმ-ს².[3] ჰიდროლოგიურად გაუდინარი არეა. ამჟამად მის ადგილზე მხოლოდ სეზონური ტბები და მლაშე მარშებია. ირგვლივ გარშემორტყმული იყო მლაშობითა და ჭაობით. წყალმცირე პერიოდში იყოფოდა რამდენიმე ლუბრმად, ან შრებოდა და იფარებოდა მარილის ფენით. იძგიფებოდა ნოემბრიდან მარტამდე.[1]

ტბის დიდი ნაწილი იყინებოდა ფსკერამდე. ცალკეულ წლებში კალაპოტის მიგრაციის შედეგად მდინარე ტარიმი ვერ აღწევდა ლობნორამდე, იხრებოდა სამხრეთით და ერთვოდა მდინარე ჩერჩენს. ამჟამად მდინარე ტარიმის წყლები დროდადრო ჩადის ლობნორიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 160 კმ-ში მდებარე ტბა ყარაბურანქოლში.[4]

ტბას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ნაპირები, განლაგებული იყო მლაშობებსა და ჭაობებს შორის არსებულ თითქმის ბრტყელ ვაკეზე. 1755 წელს ტბა შეისწავლეს ჩინელმა მეცნიერებმა, 1876 წელს რუსმა მოგზაურმა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ, 1928-31 წლებში შვედეთ-ჩინეთის ექსპედიციამ. ყველა ჩატარებული სამუშაო, აგრეთვე 1941-42 წლების ტოპოგრაფიული აგეგმვა საფუძვლად დაედო ცენტრალური აზიის მოხეტიალე მდინარეებისა და ტბების პრობლემების შესწავლას.[5]

ლობნორის სიახლოვესაა ლოულანის ნანგრევები, რომელიც VII საუკუნეში აბრეშუმის დიდ გზაზე ყვაოდა და რომელიც ჩინეთს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებდა.[5] აქვეა ბრინჯაოს ხანის სიაოხეს სასაფლაო.[6]

ლობნორი 1964-1996 წლებში პერიოდულად გამოიყენებოდა ბირთვული ცდებისთვის და ეს ადგილი 1990-იან წლებში კალიუმის მარილის აღმოჩენიდან მოყოლებული მიიჩნევა სასარგებლო წიაღისეულების მსხვილმასშტაბიან ლოკაციად.[3]

ზოგადი ტერმინი „ნური“ მომდინარეობს მონღოლური სიტყვიდან „ნუურ“, რაც „ტბას“ ნიშნავს.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება