ღორისსოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Paxillus involutus)

ღორისსოკო (ლათ. Paxillus involutus) — სოკოს სახეობა პაქსილუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ჩრდილოეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.

ღორისსოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  პაქსილუსისებრნი
გვარი:  პაქსილუსი
სახეობა:  ღორისსოკო
ლათინური სახელი
Paxillus involutus (Batsch) Fr., 1838

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა, თუმცა მოწამლის სიმპტომები ჯოგჯერ თავს არ იჩენს ან მიღებისთანავე არ ვლინდება. მსოფლიოში ღორისსოკოთი გარდაცვალების ბევრი შემთხვევა არის დაფიქსირებული. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში მცირე ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1785 წელს როგორც Agaricus contiguus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus involutus Batsch, 1786 basionym
  • Omphalia involuta (Batsch) Gray, 1821
  • Rhymovis involuta (Batsch) Rabenh., 1844
  • Agaricus contiguus Bull., 1785

ქუდის დიამეტრი — 12-15 სმ, ზოგჯერ 30 სმ-მდეც აღწევს. ხორციანია, თავიდან ოდნავ ამოზნექილი, ღრმად შეკეცილი ქეჩისებრი კიდეებით. შემდგომში ბრტყელი, შუაში ჩაზნექილი და ძაბრისებრი. კიდეები დაშვებული, ხშირად ტალღოვანი. ახალგაზრდა ეგზემპლარების ქუდის ფერი ზეთისხილისფერ-მურაა, სიმწიფეში ნაცრისფერ-მურა ჟანგისფერ-მურამდე. დაჭერისას ან დაზიანებისას მუქ შეფერილობას იღებს. წვიმიან ამინდში ბრწყინავი და წებოვანია.

რბილობი — მკვრივი, მოგვიანებით ფხვიერი. მკრთალ-ყვითელი, მომურო მოყვითალო-ყავისფრამდე. გაჭრისას მუქ ფერს იღებს. ხშირად (განსაკუთრებით მშრალ ამინდში) ჭიანდება. განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე.

ჰიმენოფორი — დაღმავალი, დანაოჭებული, ხშირად აღწერენ როგორც ფირფიტოვანს, თუმცა უფრო სწორი იქნება ფსევდოფირფიტოვანი ვუწოდოთ. ნამდვილი ფირფიტებისაგან განსხვავებით, დანაოჭებული შრე მეტნაკლებად ადვილად სცილდება ქუდის ქვედა ზედაპირს. ფსევდოფირფიტების ფერი — მოყვითალო-მურა ჟანგისფერ-მურამდე, ქუდზე უფრო ღიაა, ხელის დაჭერისას მუქდება.

ფეხის სიგრძე — 9 სმ-მდე, სიგანე — 2 სმ-მდე, მთლიანი, მოკლე. ზედაპირი მქრქალია, გლუვი, ჟანგმიწისფერ-ზეთისხილისფერი ან ჭუჭყისფერ-ყვითელი, ქუდზე უფრო ღიაა ან თითქმის ქუდის ფერი.

სპორების ფხვნილი — მურა. სპორები — ელიფსისებური, გლუვი, მოყავისფრო-იისფერი ან მოყავისფრო-ყვითელი, 8-10 х 5-6 მკმ.[3] [4]

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად, აგრეთვე ბაღებში, პარკებში და გზებთან ახლოს. უპირატესობას ანიჭებს ნესტიან და ჩრდილიან ბალახიან ადგილებს. მიკორიზას ქმნის არყთან, მუხასთან, მურყანთან, ფიჭვთან, კავკასიურ რცხილასთან, ნაძვთან და ა.შ.

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ჩრდილოეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ტოქსიკურობა

რედაქტირება

1970-1980-იან წლებამდე ღორის სოკო კარგ საჭმელ სოკოდ ითვლებოდა. ღორისსოკოს შხამიანობა პირველად 1944 წლის ოქტომბერში აღიწერა: გერმანელი მიკოლოგი იულიუს შეფერი ღორისსოკოს მიღებიდან მე-17 დღეს თირკმლის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.[5][6]

1981 წელს პოლონეთში დასრულდა ათწლიანი კვლევა, რამაც აჩვენა, რომ 109 შემთხვევიდან 93 პაციენტი ჰოზპიტალიზირებული იქნა, ხოლო მათგან 3 გარდაიცვალა.[7]

დღესდღეობით ღორისსოკო შხამიან სოკოდ ითვლება, თუმცა მოწამლის სიმპტომები ზოგჯერ თავს არ იჩენს ან მიღებისთანავე არ ვლინდება.[8]. ღორისსოკოში შემავალი ტოქსინები მოხარშვის შემდეგაც არ იშლება. გარდა ამისა, ღორისსოკო ადვილად იწოვს რადიოაქტიურ იზოტოპებს ცეზიუმს და სპილენძს.

მიუხედავად ყველაფრისა, ღორისსოკო დღემდე იყიდება ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში მას გამხმარი სახით სთავაზობენ.

მოწამვლის სიმპტომები

რედაქტირება

როგორც წესი, ღორისსოკო პირველი ჭამიდან მოწამვლის არანაირ მწვავე სიმპტომს არ ავლენს.[9] თუმცა, განნმეორებითი მიღება შესაძლოა სასიკვდილო შედეგით დასრულდეს.[9]

ღორისსოკო იწვევს მწვავე ალერგიულ რეაქციას.[10] განსაკუთრებით ბავშვებში. მოწამვლის დროს სწრაფად ვლინდება კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა: ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი,[11]. მალევე იკვეთება სისხლძარღვშიდა ჰემოლიზის სიმპტომები: ფერმკრთალობა, სიყვითლე, დიურეზის შემცირება, შარდში ჰემოგლობინის დონის მატება, მძიმე შემთხვევაში, ოლიგოანურია. ჰემოლიზმა შეიძლება გამოიწვიოს რიგი გართულებები, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება.[12][13][14]

მკურნალობა

რედაქტირება

ანტიდოტი არ არსებობს. აუტოიმუნური რეაქციის სიმძიმის შესამცირებლად ანტიჰისტამინური საშუალებები გამოიყენება. დამხმარე მკურნალობა მოიცავს სისხლის მაჩვენებლის, თირკმელების ფუნქციისა და არტერიული წნევის მონიტორინგს.[15]. დამატებითი მკურნალობისათვის შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კორტიკოსტეროიდების მიღება, რადგან იგი იცავს სისხლის უჯრედებს ჰემოლიზისაგან.[16] თირკმლის უკმარისობის სამკურნალოდ ჰემოდიალიზი გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bulliard, J.B.F. (1785). Herbier de la France (fr). Paris, France: Chez l'auteur, გვ. 192–240. 
  2. Fries, Elias Magnus (1838). Epicrisis Systematis Mycologici (la). Uppsala, Sweden: Typographia Academica, გვ. 317. ციტირების თარიღი: 15 July 2011. 
  3. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 464-465, ISBN 3-405-11774-7
  4. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 100, 102, ISBN 3-426-00312-0
  5. Lamaison, Jean-Louis; Polese, Jean-Marie, The Great Encyclopedia of Mushrooms, Cologne, Germany: Könemann, 2005. — 35 გვ, ISBN 3-8331-1239-5.
  6. Beuchat, Larry R., Food and Beverage Mycology, Springer, 1987. — 394 გვ, ISBN 0-442-21084-1.
  7. Белова Н., Псурцева Н., Змитрович И. Свинушка — гриб, который нельзя есть дважды // Наука и жизнь. — 2019. — № 9. — С. 121.
  8. Консультация Министерства сельского хозяйства республики Саха Якутия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-16. ციტირების თარიღი: 2007-10-01.
  9. 9.0 9.1 Белова Н., Псурцева Н., Змитрович И. Свинушка — гриб, который нельзя есть дважды // Наука и жизнь. — 2019. — № 9. — С. 122.
  10. Обращение Министерства здравоохранения Украины от 17 сентября 2007 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-25. ციტირების თარიღი: 2007-10-01.
  11. Winkelmann, M.; Stangel, W.; Schedel, I.; Grabensee, B. (1986). Severe hemolysis caused by antibodies against the mushroom Paxillus involutus and its therapy by plasma exchange. Klinische Wochenschrift 64 (19): 935-38. doi:10.1007/BF01728620. PMID 3784443.(გერმანული)
  12. Bresinsky, Andreas; Besl, Helmut (1990). A Colour Atlas of Poisonous Fungi. თარგი:L., UK: Wolfe Publishing. pp. 126-29. ISBN 0-7234-1576-5.(ინგლისური)
  13. Winkelmann, M.; Borchard, F.; Stangel, W.; Grabensee, B. (1982). „[Fatal immunohaemolytic anaemia after eating the mushroom Paxillus involutus (author’s transl)]“ (in German). Deutsche Medizinische Wochenschrift 107 (31-32): 1190-94. doi:10.1055/s-2008-1070100. PMID 7105997.
  14. Schmidt, J.; Hartmann, W.; Würstlin, A.; Deicher, H. (1971). [Acute kidney failure due to immunohemolytic anemia following consumption of the mushroom Paxillus involutus]. Deutsche Medizinische Wochenschrift 96 (28): 1188-91. doi:10.1055/s-0028-1110104. PMID 5105189.(გერმანული)
  15. Köppel, C. (1993). Clinical symptomatology and management of mushroom poisoning. Toxicon 31 (12): 1513-40. doi:10.1016/0041-0101(93)90337-I. PMID 8146866.(ინგლისური)
  16. Olesen, L. L. (1991). [Poisoning with the brown roll-rim mushroom, Paxillus involutus]. Ugeskrift for Laeger 153 (6): 445. PMID 2000656.(გერმანული)