რცხილისძირა

(გადამისამართდა გვერდიდან Leccinum griseum)

რცხილისძირა (ლათ. Leccinellum pseudoscabrum) — სოკოს სახეობა ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

რცხილისძირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ლექცინელუმი
სახეობა:  რცხილისძირა
ლათინური სახელი
Leccinellum pseudoscabrum (Kallenb.) Mikšík (2017)

საჭმელი სოკოა. გამოიყენება ყველა სახით. იზრდება ფოთლოვან ტყეში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას უპირატესად ქმნის რცხილასთან, იშვიათად სხვა ფოთლოვან ხეებთან. ვიზუალურად მეტად წააგავს არყისძირას.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა ფრანც კალენბახმა 1929 წელს როგორც Boletus pseudoscaber. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიენიჭა 2017 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი — 7-14 სმ, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრია, შეკეცილი კიდეებით, დაჭმუჭნული ზედაპირით. შემდეგში ბალიშისებრია, დახეთქილი ზედაპირით, კანი მშრალი, მქრქალი, ნესტიან ამინდში მბრწყინავი ზეთისხილისფერ-მურა ან ყავისფერ-ნაცრისფერი ელფერით.

რბილობი — თეთრი, რბილი, ფეხში ბოჭკოვანია, სიბერეში უხეშია, გაჭრისას იღებება მოვარდისფრო-იისფრად, შემდეგ ნაცრისფრად, თითქმის შავამდე. სასიამოვნო სუნითა და გემოთი.[1]

მილაკოვანი შრე — თავისუფალი, ამოკვეთილი ფეხთან. მილები ვიწრო, რბილი, ოდნავ წყალ-წყალა. ფორები წვრილი, მომრგვალო-კუთხოვანი. ზედაპირი თეთრი ან ქვიშისფერ-ნაცრისფერი.

ფეხის სიგრძე — 5-13 სმ, სისქე — 4 სმ-მდე. ცილინდრული ან ძირისკენ თითისტარისებრ გასქელებული. ზედა მხარეს ზეთისხილისფერ-ნაცრისფერია, ქვედა მხარეს — მომურო, ზედაპირი ქერცლიანი. ქერცლები ასაკთან ერთად ფერს იცვლის მოთეთროდან ღია-ყვითლამდე, მოგვიანებით მუქი მურა.

სპორების ფხვნილი — მურა, სპორები — 10-20×5-7 მკმ, თითისტარისებრი.

ცვალებადობა

რედაქტირება

ქუდის ფერი ძლიერ ვარირებს — ყავისფერ-ნაცრისფერი, ჟანგმიწისფერი, ფერფლისფერი, ზოგჯერ ღია, მოთეთრო.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

იზრდება ფოთლოვან ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას უპირატესად ქმნის რცხილთან, იშვიათად სხვა ფოთლოვან ხეებთან — არყი, თხილი, ვერხვი და სხვა.

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.[2]

გავრცელებულია საქართველოშიც.[3] რცხილისძირა შესულია ნორვეგიისა და ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[4]

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე.

გამოყენება

რედაქტირება

საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი, შემწვარი, მოხარშული, გამხმარი, დამარილებული და დამარინადებული. ხშირად ჭიანდება.[5] საჭმელად უმჯობესია ნორჩი ეგზემპლარები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин, М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — გვ. 220, ISBN 5-17-009961-4.
  • Грюнерт Г. Грибы : пер. с нем. — М. : Астрель ; АСТ, 2001. — С. 228. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 126. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
  • Сержанина Г. И., Шляпочные грибы Белоруссии, Минск: Наука и техника, 1984. — გვ. 125—129, 305—308.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pavol Škubla, Wielki atlas grzybów, Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1.
  2. Leccinellum pseudoscabrum. gbif.org. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2022.
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 75, ISBN 99940-856-1-1.
  4. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1.
  5. Грабовик. Wikigrib.ru. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2022.