არყისძირა (ლათ. Leccinum scabrum) — სოკოს სახეობა ლექცინუმის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.

არყისძირა

Leccinum scabrum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ლექცინუმი
სახეობა:  არყისძირა
ლათინური სახელი
Leccinum scabrum (Bull.) Gray, 1821

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, იხმარება თითქმის ყველა სახით. იზრდება ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ივნისიდან ოქტომბრამდე. მიკორიზას ქმნის მხოლოდ არყთან.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1783 წელს როგორც Boletus scaber.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ბრიტანელმა მიკოლოგმა სემიუელ ფრედერიკ გრეიმ 1821 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus scaber Bull. (1783) basionym
  • Boletus albus Gillet (1881)
  • Boletus giletii Sacc. & Cub.) (1888)
  • Krombholzia scabra (Bull.) P.Karst. (1881)
  • Gyroporus scaber (Bull.) Quél. (1886)
  • Suillus giletii (Sacc. & Cub.) O.Kuntze (1898)
  • Krombholzia rotundifoliae (Bull.) Singer (1938)
  • Trachypus scaber (Bull.) Romagn. (1939)

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი 20 სმ-მდე აღწევს. თავიდან ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამოზნექილი და ბოლოს მეტ-ნაკლებად ბრტყელი. ზედაპირი, გლუვი, ხავერდოვანი ან წვრილქეჩისებრი, მშრალი. ნესტიან ამინდში სრიალაა, ოდნავ ლორწოვანი. სხვადასხვა შეფერილობის, მოთეთრო-კრემისფერი, ჩალისფერი და ღია მდოგვიფერი-ქვიშისფერიდან მონაცრისფრო-მოყავისფრომდე და მურა-მოყვითალო-წაბლისფერამდე, ზოგჯერ თხილისფერი, ზეთისხილისფერი, მოწითალო-მეწამული ან აგურისფერი შეფერილობის.

ჰიმენოფორი — ფეხის მიმართ თავისუფალი, მილები გრძელი — 10-25 მმ, წვრილი, მრგვალი ფორებით. თავიდან მოთეთროა, შემდეგ — მონაცრისფრო-ყავისფერი. დაზიანებისას ფერს არ იცვლის.

ფეხის სიგრძე — 4-17 სმ, სისქე — 1-3-5 სმ, მთლიანი, ხშირად ძირისკენ გამსხვილებული, მონაცრისფრო-მოთეთრო, ზოგჯერ ღია ზეთისხილისფერი ან მდოგვისფერი ელფერით, მუქი, ზედაპირი დაფარულია მურა-მოყავისფრო წვრილი ქერცლებით.

რბილობი — მოთეთრო, მოგვიანებით მოთეთრო-ნარცისფერი. ფეხში ყვითელია. ნორჩობაში რბილობი მკვრივია, შემდეგ რბილდება. სუსტად გამოხატული სასიამოვნო სუნითა და გემოთი.[3] დაზიანებისას ფერს არ იცვლის.

სპორების ფხვნილი — ყავისფერიდან ზეთისხილისფერ-ყავისფრამდე. სპორები — გლუვი, თითისტარისებრი, 14-20×4,5-6,5 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

გავრცელების არეალია მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.[4]

იზრდება ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის მხოლოდ არყთან.[5]

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე.[6][7]

მსგავსი სახეობები რედაქტირება

კვებითი ღირებულება რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, შემწვარი, გამხმარი, დამარილებული, დამარინადებული და დამუჟუჟებული. მოხარშვისას შავდება. როგორც წესი ფეხი უხეშია და საჭმელად არ ხმარობენ.[8] საჭმელად უმჯობესია ნორჩი ეგზემპლარები, რადგანაც ასაკთან ერთად რბილდება, წყალწყალაა და არასასიამოვნო გემოს იღებს. იშვიათად ჭიანდება.[9]

ბავშვებში ან მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მცირე მოწამვლა. ამიტომაც, ამ კატეგორიის სოკოები მოხმარებამდე სათანადო მომზადებას საჭიროებენ.[10]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Pierre Bulliard: „Herbier de la France ou, Collection complette des plantes indigenes de ce royaume etc.”, vol. 3, Editura Didot, Debure, Belin, Paris 1783, p. 132
  2. Samuel Frederick Gray: „A natural arrangement of British plant”, Editura Baldwin, Cradock & Joy, Londra 1821), p.647
  3. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  4. {{cite web|url=https://www.discoverlife.org/mp/20m?kind=Leccinum+scabrum&mobile=1%7Ctitle=Leccinum scabrum|publisher=Discover Life|accessdate=23 ოქტომბერი, 2022}
  5. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda: Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL, 1985. ISBN 83-09-00714-0.
  6. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 514-515, ISBN 3-405-11774-7
  7. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 95-96, ISBN 3-426-00312-0
  8. Albert Pilát, Otto Ušák: Mały atlas grzybów. Warszawa: PWRiL, 1977.
  9. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 76, ISBN 99940-856-1-1.
  10. Deutsche Gesellschaft für Mykologie: «Zeitschrift für Mykologie», т. 62–63, Publisher Deutsche Gesellschaft für Mykologie, Берлин, 1996, стр. 37.