ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჭუ ჩენი (ჩინ. 諸宸, ფინინი: Zhū Chén; დ. 16 მარტი, 1976, ვენჟოუ, ჯეძიანიჩინეთი) — ჩინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი ჭუ ჩენი 1976 წლის 16 მარტი ჩინეთში, ვენჟოუში დაიბადა. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 2001 წელს გახდა და 2004-მდე ფლობდა ტიტულს. 2006 წლიდან ყატარის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის სახელს იცავს[1].

ჭუ ჩენი

ჭუ ჩენი 2011 წელი
ქვეყანა (სპორტი)

ჩინეთის დროშა ჩინეთი,

კატარის დროშა კატარი
ეროვნება ჩინელი
დაბადების თარიღი 16 მარტი, 1976 (1976-03-16) (48 წლის)
დაბადების ადგილი ვენჟოუ, ჩინეთი
წოდება დიდოსტატი (2001)
ფიდე რეიტინგი 2423 (თებერვალი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2548 (იანვარი 2008)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჭადრაკის თამაში ყმაწვილქალობიდან დაიწყო და 1988 წელს 12 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატზე, რუმინეთში ოქროს მედალიც მოიგო. ამით კი გახდა პირველი ჩინელი, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე გაიბრწყინა. 1990 წელს ჩინეთის პირველობებზე გამოდის. იმ წელს მეორე ლიგა პირველზე დაასრულა და უმაღლესში ასპარეზობის უფლება მიიღო. 91-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მომდევნო წელს პეკინში ოქროს. იგივე შედეგი აჩვენა ორი წლის შემდეგ, კვლავ პეკინი და მეორე ეროვნული ოქრო. 1994 წელს გოგონათა აზიის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატები (20 წლამდელები) მოიგო, რის შემდეგაც ჩინეთის ოლიმპიურ ნაკრებში მიიწვიეს და მოსკოვში გუნდთან ერთად ბრინჯაო მოიპოვა. ორ წელიწადში მედელინში ახალგაზრდა გოგონათა შორის კვლავ გაიბრწყინა, მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 პარტიიდან 12 ქულა აიღო და მეორე ახალგაზრდული ოქროც მოიპოვა. იმავე წელს ერევანში ოლიმპიადზე, სადაც მეორე დაფაზე გამოვიდა, ჩინეთის ნაკრებთან ერთად ვერცხლს დასჯერდა, თუმც ინდივიდუალურში ოქრის შედეგი აჩვენა, 13-დან 10 ქულა აიღო. მანამდე კი გაზაფხულზე ჩინური ოქრო ჩაიჯიბა. 1997 წელს ჩინეთის მამაკაცებშიც მოსინჯა ძალები და ვერცხლიც მოიპოვა. პირველი ადგილი დაიკავა 1998 წლის ოლიმპიადაზე, რომელსაც ელისტამ უმასპინძლა და მეორე დაფაზე გამოვიდა. ასევე ოქრო მოიგო კვლავ მეორე დაფაზე 2000 წლის სტამბულის ოლიმპიადაზეც. იმ წელს ჩინელმა ინდივიდუალურშიც იმარჯვა, 11-დან 9 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალიც მიიღო.

მსოფლიოს ჩემპიონატები

რედაქტირება

მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოსვლა 1995 წლიდან დაიწყო. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც კიშინიოვში ჩატარდა, 52 მონაწილეს შორის შვეიცარიული სისტემით გაიმართა. ჩინელმა 13 პარტია ითამაშა, საიდანაც 5 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა ხოლო 4 წააგო, 7 ქულით მე-19 ადგილს დასჯერდა და მომდევნო ეტაპზეც ვერ გავიდა.

წარუმატებელი გამოდგა 2000 წლის შეჯიბრიც, რომელიც ნიუ დელში გამართა. ფიდეს გადაწყვეტილებით პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი 64 მონაწილეს შორის ნოკაუტ-სისტემით გაიმართა და ჩინელი მე-4 ნომრად იყო განთესილი. ჩენმა პირველივე პარტია ამერიკელ ირინა კრუშთან (0,5:1,5) დასთმო და ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა.

სამაგიეროდ მაღალ დონეზე გამოვიდა მომდევნო წელს მოსკოვში. ეს ასპარეზობაც ნოკაუტ-სისტემით წარიმართა. შეჯიბრი 25 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე გაგრძელდა და სულ 64 მონაწილე ჰყავდა. რეიტინგით მეექვსე ნომერად განთესილმა ჩენმა პირველ შეხვედრაში არგენტინელი ელისა მაგიოლო (1,5:0,5) გამოთიშა ასპარეზობას. იგივე დამართა მომდევო ეტაპზე მოლდოველ სვეტლანა პეტრენკოს. მერვედფინალში სერბი ალისა მარიჩი დაამარცხა 3:1, მძიმე ბრძოლა მოუწია მეოთხედფინალში ქართველ ნინო ხურციძესთან, რომელიც 4:3 დასრულდა. ნახევარფინალში ასევე ქართველი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ერგო. დაძაბული ბრძოლაში კვლავ ჩინელმა 2,5:1,5 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც რუს ლამაზმან ალეკსანდრა კოსტენიუკს დაუპირისპირდა. მასპინძელთა იმედმა პირველივე პარტია თეთრებით მოიგო, თუმც მომდევნო ორი წააგო და თვითონ აღმოჩნდა მდევრის როლში. ბოლო პარტიაში თეთრებით მოთამაშე ჩინელს ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნიდა, თუმც წააგო და ტაი-ბრეიკებში გაგრძელდა ბრძოლა. დამატებითში პირველივე თეთრებით მოიგო, მაგრამ მეორე წააგო და კვლავ ორი პარტია დაინიშნა. აქ უკვე კარგად გამოჩნდა მისი მომზადების დონე, თეთრებითა და შავებით ორივე შეხვედრა მოიგო, საბოლოო 5:3 ანგარიში დააფიქსირა და ნანატრი დედოფლის გვირგვინიც დაიდგა. იმავე წელს ჩენმა საპატარძლო გვირგვნიც დაიდგა, ცოლად ყატარელ მოჭადრაკეს მოჰამედ ალ-მოდიაკს გაჰყვა, სამ წელიწადში კი მოქალაქეობაც შეიცვალა, ყატარში ჩაეწერა და ამ ქვეყნის ღირსებას იცავს.

ჩემპიონობის შემდეგ

რედაქტირება

2002 წელს ჩენმა ოლიმპიადაზე მორიგო ოქრო მოიგო. ნაკრების შემადგენლობაში უკვე პირველ დაფაზე იყო. 2004 წლის ივნისში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოსულა, ორსულად იყო და გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. სამაგიეროდ იმ დროს კომპიუტერ Fritz 8-ს ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდა[2].[3] AMD 64 bit 3400+ CPU and 2 GB RAM მონაცემებიანმა კომპიუტერმა ორივე პარტია მოუგო ადამიანს[4]..
2005 წელს ნიუ-იორკში სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის იპირველა. 2006-ში აზიის პირველობაზე ბრინჯაო აიღო, ხოლო ჩრდილოეთ ურალის ტურნირზე მეორე ადგილი. ეს ტურნირი მოდევნო წელს მოიგო.

2006 წლის ჩემპიონატი

რედაქტირება

მსოფლიოს ჩემპიონატზე 2006 წელს მოსინჯა ძალები, თუმც პირველივე ტურში კუბელ მარიცა არიბასთან 0:2 დამარცხდა. ჩემპიონატზე მერვე ნომრად იყო განთესილი.

2010 წლის ჩემპიონატი

რედაქტირება

ორი ეტაპი გაიარა 2010 წლის ჩემპიონატზე, სადაც ყატარის სახელით გამოვიდა და რეიტინგით მე-19 იყო. საწყის ეტაპზე უზბეკი ნაფისა მუმინოვა 2:0 და პოლონელი მონიკა სოცკო 3:1 გამოთიშა ასპარეზობიდან, თუმც მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ ჩინელ ჰოუ იფანთან 1,5:2,5 დამარცხდა.

2012 წლის ჩემპიონატი

რედაქტირება

2012-ში ხანტი-მანსიისკში მე-17 ნომრად იყო განთესილი. პირველ ტურში ბელარუს ნასტასია ზიაზიუკინას 2:0 ბარიერი გადალახა, თუმც მეორეში ანტოანეტა სტეფანოვასთან 0,5:1,5 დამარცხდა.

33-ე იყო თეირანში და მეორე წრეში ჩინელმა ჟუ ვენჟუნმა გამოაგდო 1,5:0,5. მანამდე ჩენმა ინდონეზიელი ირინე ხარისმა სუკანდარი დაამარცხა 1,5:0,5

აზიის შიდა თამაშები

რედაქტირება

2007 წლიდან გამოდის აზიის შიდა თამაშებზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მაშინ ჩენმა სწრაფ ჭადრაკში იპირველა, ხოლო ბლიცში მეორე იყო. 2009-ში სწრაფში ვერცხლს დასჯერდა. 2010-ში მე-8 ადგილზე გავიდა. 2011 წლის დეკემბერში დოჰაში ქალთა პირველობა მოიგო, ასევე პირველი იყო სწრაფში და ბლიცშიც. არის დიდოსტატი, ჩინელებს შორის მე-13. საკლუბო დონეზე ჯეძიანის გუნდში ჩინეთის საკლუბო ჩემპიონატში (CCL) უთამაშია. ფიდეს რეიტინგში ყველაზე მაღალ პოზიციაზე 2008 წელს იანვარში იყო, როცა 2548 პუნქტი ჰქონდა. იგი ასევე სწავლობდა ცინჰუას უნივერსიტეტში, სამაგისტრო ფაკულტეტზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1]. ZHU CHEN – THE (QATARI) CHINESE CHESS PLAYER.
  2. [2]. Chess Queen vs Unisplendour Fritz.
  3. [3]. Women in Red goes down to the Computer.
  4. [4]. Computer scores 2-0 victory over Chess Queen.
წინამორბედი:
სიე ძიუნი
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
2001-2004
შემდეგი:
ანტოანეტა სტეფანოვა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭუ_ჩენი“-დან