წითური ყანჩა
წითური ყანჩა (ლათ. Ardea purpurea) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 78–97 სმ, ფრთის შლილი 120–152 სმ აღწევს.[1][2] ამხელა ზომების მიუხედავად, 0,5-დან 1,35 კგ-მდე იწონის.[3] შეფერილია მოწაბლისფრო-მურად, ზურგი ნაცრისფერი აქვს. ფრენისას თავი და კისერი წინ მოკლედ აქვს გაშვერილი და ქმნის ჩამოშვებული მარყუჟის სილუეტს. გავრცელებულია ევროპაში (ბუდობისას), სამხრეთ აზიასა და აფრიკაში; გვხვდება საქართველოშიც.[4] ბინადრობს ლერწმნარებში წყალთან ახლოს. ევროპული ყანჩები იზამთრებენ აფრიკის კონტინენტზე, საჰარის სამხრეთით. სხვა მსხვილი ყანჩების მსგავსად, წითური ყანჩა ხეებზე ნაკლებად ჯდება. გრძელი თითების მეშვეობით შეუძლია გახურებულ ქვიშაზე სიარულიც. შეშინებული წითური ყანჩა ლერწმებით გარშემორტყმულ ადგილას იტუზება, ნისკარტს ვერტიკალურად ზევით წევს და ამგვარად ცდილობს დამალვას. ამ ქცევით ძალიან წააგავს ყარაულას. უმეტესად აქტიურია შებინდებისას. უმთავრესად იკვებება 20 სმ-მდე სიგრძია თევზებით, რომლებსაც ყარაულობის შემდეგ იჭერს. დაჭერის შემდეგ მსხვერპლს შებერტყავს, რათა მოაბრუნოს სასურველი პოზიციისაკენ და ყლაპავს თავით წინ. აგრეთვე ჭამს მწერებს, კიბოსნაირებს, ამფიბიებსა და მღრღნელებს. ცუდად ცურავს და ამიტომ ერიდება ღრმაწყლოვან ადგილებს. ბუდეს იკეთებს ზრდასრულ ლერწმებში, ბუჩქებსა და ლელქაშებში. აგრეთვე ხშირად ბუდობს 20-მდე წყვილისაგან შედგენილ კოლონიებში, ახასიათებს სხვა სახეობის ყანჩებთან და ჩვამებთან ერთად ცხოვრება. ამგვარ გაერთიანებებში წითური ყანჩის ბუდე სხვა ბუდეებზე ქვემოთაა განლაგებული. დედალი დებს 3–5 მოცისფრო-მკრთალ კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი. ინკუბაცია 4 კვირა გრძელდება. ბარტყებს კვებავენ ჩიჩახვიდან ამოღებული, უკვე გადამუშავებული საკვებით.
წითური ყანჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ardea purpurea (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697031 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობის არეალი
წლიური არეალი | |||||||||||||||
|
ქვესახეობები
რედაქტირება- A. p. purpurea Linnaeus, 1766 — სამხრეთ და ცენტრალური ევროპიდან აღმოსავლეთით შუა აზიამდე, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა (საჰარის სამხრეთით).
- A. p. manilensis Meyen, 1834 — სამხრეთი და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი.
- A. p. bournei Naurois, 1966 — მწვანე კონცხის კუნძულები.
- A. p. madagascariensis van Oort, 1910 — კ. მადაგასკარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- del Hoyo, J.; Elliot, A.; Sargatal, J., eds. (1992). Handbook of the Birds of the World. 1. Barcelona: Lynx Edicions. p. 407. ISBN 84-87334-10-5.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ali, S. (1996). The Book of Indian Birds. Bombay: Bombay Natural History Society. ISBN 978-0-19-563731-1.
- ↑ Purple heron videos, photos and facts – Ardea purpurea. ARKive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
- ↑ (1992) CRC Handbook of Avian Body Masses. CRC Press. ISBN 978-0-8493-4258-5.
- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.