წალკის კანიონი[1], დაშბაშის კანიონი — კანიონი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ დაშბაშის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ზღვის დონიდან 1110–1448 მ სიმაღლეზე.[2] მერიდიანული მიმართულებისაა. სიგრძე 8 კმ,[3] ფართობი 6,69 კმ².[2] წარმოადგენს ქციის მიერ ვულკანურ ლავებში გამომუშავებულ კანიონისებურ ხეობას, რომლის ფერდობებიდანაც დიდძალი უხვდებიტიანი წყაროები გამოედინება და სხვადასხვა ადგილას წყალვარდნილებს აჩენს.[4]

წალკის კანიონის ბუნების ძეგლი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
დაშბაშის კანიონი
მდებარეობა წალკის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი წალკა (ქალაქი წალკა — სოფელი დაშბაში — 3,8 კილომეტრი; ხანგრძლივობა — 15 წუთი)
კოორდინატები 41°35′39″ ჩ. გ. 44°07′27″ ა. გ. / 41.594194° ჩ. გ. 44.124306° ა. გ. / 41.594194; 44.124306
ფართობი 6,69 კმ²
დაარსდა 2016 წელს
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო
ოფიციალური საიტი დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი

კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი. მისი რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ფერდობებს კანიონის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული დახრილობა ახასიათებს. კანიონის ფარგლებში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, რაც ჰავის კონტინენტურობაზე მიუთითებს. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა 4–60°C, ხოლო ივლისის 16–18°C-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათს აღემატება. ნალექების რაოდენობა 700–800 მმ-ია, რომლის შედარებით მცირე ნაწილი (20%) ზამთარში, თოვლის სახით გამოიყოფა. მიუხედავად მცირე რაოდენობისა, თოვლის მდგრადი საბურველი 3 თვის მანძილზე ნარჩუნდება.[3] იშვიათი და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილია.[5]

კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.[2]

კანიონის ფარგლებში და მის სიახლოვეს წარმოდგენილია რამდენიმე ტიპის ლანდშაფტივულკანური კონუსები და პლატოები, ფართოფოთლოვანი (წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი, რცხილნარი) ტყეები და მაღალი მთის სტეპები, კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა და დერივატები, მეორადი მდელოები და ბუჩქნარები. ხეობა მრავალი სახეობის ცხოველის თავშესაფარი და გამრავლების ადგილია. იგი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კორიდორია, რომლის მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ცხოველთა სამყაროს არაერთი სახეობა.[3]

წალკის კანიონში მდინარე ხრამში გვხვდება მურწა, მდინარის კალმახი, მტკვრის წვერა, ჩვეულებრივი ქაშაპი, ხრამული და სხვა.[6] წალკის კანიონი, როგორც ბუნების ძეგლი, დაცული ტერიტორიაა და ალგეთის ეროვნული პარკის ნაწილია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წალკა.[2]

ტერიტორიაზე გამოყოფილია საპიკნიკო და საკარვე ადგილები. 2016 წელს, კანიონის მიმდებარედ, 50 000 ათასი ლარის ღირებულების 6 ფანჩატური მოეწყო.[7] 2022 წელს წალკის კანიონზე გაიხსნა 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა.[8] წალკის კანიონი შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[9]

ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს დაშბაშის კანიონში მდებარე მორევს, რომელიც იმ ეპოქაში თევზით ყოფილა მდიდარი:[10]

ვიკიციტატა
„ეძანს ქვეით და ახალქალაქს ზეით გარდმოდის ქცია მაღლის კლდიდამ, ვითარცა ღარიდამ, ძირს აქუს ტბა დიდი. ამას ზემორ ვერ აღვალს ორაგული და დიდნი თევზნი.“

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. წალკის კანიონი | საქართველოს ეროვნული პარკები დაარქივებული 2024-04-06 საიტზე Wayback Machine. nationalparks.ge
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 დაცული ტერიტორიების სააგენტო | დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
  3. 3.0 3.1 3.2 წალკის მუნიციპალიტეტი. ოფიციალური ვებგვერდი | დაშბაშის კანიონი
  4. აღმოაჩინე წალკა გზამკვლევი ტურისტებისათვის
  5. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია
  6. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თანამონაწილეობითი სათემო გეგმა
  7. დაშბაშის კანიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 10 აგვისტოს დასრულდება
  8. 240-მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
  9. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 340–341.
  10. ვახუშტი ბატონიშვილი. საქართველოს გეოგრაფია. რედაქცია გ. ჯანაშვილისა. თფილისი, 1904